დღეს შეგახვედრებთ იმ პიროვნებებს, რომელთა შემოქმედებაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი თქვენგანისთვის. ამისთვის, ჩემო მეგობრებო, შეგიძლიათ საქართველოს დედაქუჩაზე, ოპერისა და ბალეტის თეატრთან ჩაბრძანდეთ მიწისქვეშა გადასასვლელში. თითქმის ყოველდღე, დღის განმავლობაში იქ დაგხვდებიან ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც ორი ელექტრო-გიტარისა და ვოკალის თანხლებით ვირტუოზულად ასრულებენ ქართულ თუ უცხოურ (ძირითადად როკის კლასიკას) კომპოზიციებს. მათი სახელებია: პაატა ყიფშიძე, ლევან დათიაშვილი და დიმა მაღრაძე. 18 საათიდან შეგიძლიათ მოუსმინოთ შესანიშნავ ფლეიტისტს, რეზო მამაგულაშვილს. მის რეპერტუარშია კლასიკური ქართული და თანამედროვე მუსიკა. ისინი ყველანი თავს ერთი „სასტავის“ წევრად მიიჩნევენ. აქ, თურმე, კიდევ დადიან ბიჭები მუსიკის შესასრულებლად. საინტერესოა, როგორ ცოცხლობს საქართველოს ჭეშმარიტი ანდერგრაუნდ მუსიკალური კულტურა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მიწისქვეშა ქუჩის მუსიკოსებთან გასაუბრება. ესაა ამონარიდები ამ საუბრიდან ყოველგვარი კითხვების გარეშე.
* * *
![]() |
| ლაშა გაბუნია და რეზო მამაგულაშვილი. გადაღებულია: 25.09.2005 |
მინდა ჩვენს შესახებ ჰქონდეთ სწორი შეხედულება. ჩვენ ქართული კულტურის მართლაც კარგი ნაწილი ვართ. აქ ერთგვარი აკადემიაა, რადგან უამრავი ბავშვი გაგვიზრდია, რომლებიც 3 წლის წინ „ასეთი ქურდი კაცის ბედს“ უსმენდნენ, დღეს კი გლუკსა და მოცარტს მიკვეთავენ. ქრისტე, სოკრატე, შექსპირი, მენესტრელები, – რომელთა კულტურა დღესაც არსებობს, – გალაკტიონი ქუჩაში იყვნენ. მიწისქვეშა და ქუჩის კულტურის გარეშე დიდი კულტურა არ არსებობს. ამიტომ დადიოდა გალაკტიონი ვარდით ჯიბეში. ის ყველა ჩვენგანზე დიდია და ეს ყველაფერი კარგად ესმოდა.
აქ, ჩვენთან ყველანაირი მუსიკა იკვრება: დაწყებული ქართული ხალხური სიმღერებით, დამთავრებული ავანგარდით (როკ, ჯაზი, რეპი და ა.შ.).
პაატა ყიფშიძე – მე-3 თვეა, რაც აქ ვარ ეკონომიკური პრობლემების გამო. შესაძლებლობა მეძლევა, აქ, დაკვრის მერე ნოტები ან წიგნები ვიყიდო. არ მინდა, ვინმეს კისერზე ვიჯდე. მე თვითნასწავლი მუსიკოსი ვარ. ვსწავლობ თეატრალურში სარეჟისოროზე. აქ ყველა ერთმანეთის ვიცნობთ და უპრობლემოდ ვუკრავთ ერთად, ძალიან მეგობრულები ვართ.
კარგი იქნებოდა, ამ ახალგაზრდებისათვის, ვინც აქ ვიკრიბებით, სამუშაო მოეძებნათ, მაგრამ რას იზამ, ასეთი ბედი გვერგო წილად. თუ პარლამენტში მამიკო არ გყავს, ქუჩაში უნდა დაუკრა. სწავლის დამთავრების შემდეგ სერიოზულად ვაპირებ ჯგუფის ჩამოყალიბებას. ცოტა ხანში წასვლა გვიწევს საზღვარგარეთ, რადგან ეკონომიკურად ცოტა თუ არ მოვმაგრდით, აქ არავინ მოგაქცევს ყურადღებას, ვიმეორებ, თუ მამიკო არ გყავს სადმე მაღლა. ჩვენი მშობლები ძლივს შეეგუვნენ ამ ფაქტს.
რეზო მამაგულაშვილი – ჩვენში ბევრმა არ იცის, ფორტეპიანოს გარდა, როგორია სხვა ინსტრუმენტი. ზოგიერთმა სკოლის თუ ინსტიტუტის დირექტორმა არ იცის, რა არის ფაგოტი, ვალტორნა. აი, ასეთი „ინტელიგენტებიც“ არსებობენ. აქ 6 წლის ბავშვებიც დადიან, უყურებენ ამ ფლეიტას, ხელში იღებენ, უსმენენ. მუსიკის, თეატრისა და ხელოვნების დანიშნულება ის არის, რომ მან უნდა გაგაოცოს. ისე უნდა იმღერო, მე რომ ვერ შევძლო, ისეთი ფილმი უნდა გააკეთო, მე ვერ გადავიღო და ა.შ.
მე მყავს ვარსკვლავი მოსწავლეები, რომლებიც გერმანიაში გავიყვანე ვედეკინდის დახმარებით. ჩემს ერთ-ერთ მოსწავლეს „ქართველი მოცარტი“ შეარქვეს. მყავს 7-8 წლის მოწაფეები.
ჩემი ქმნილებები აქ არ ჟღერს. რაღაც იმპროვიზაციებს ვასრულებ აქ ბიჭებთან ერთად და ის ხდება ჩემი. ჩვენ ხშირად ვუკრავთ ქართულ ჰარმონიებს. მომავალში შესაძლოა ჩემთვის საინტერესო ჯგუფში დავუკრა.
პაატა ყიფშიძე – აქ ორი გიტარის საშუალებით რაც კი სიმღერები დაგვიწერია, მათი შესრულება რთულია. ამას სრულყოფილი ჯგუფი სჭირდება. მე ახლა ქართული მუსიკით უფრო ვარ დაინტერესებული, ვიდრე, ვთქვათ, როკით. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ლამაზი და საინტერესოა. ჩემს ნამუშევრებში არ მინდა, იყოს ტექსტი. ახლა, ვინც სცენაზეა, ღმერთმა წინსვლა მისცეს. მათ, ალბათ, აქვთ ფული, ანუ ვინმე აფინანსებს, შესაძლოა, მეც მყავს ვინმე მაყუთიანი, მაგრამ არ ვაწუხებ, რადგან თავად არ ინტერესდება. იმედი მაქვს, ოდესმე რაღაც იქნება. არასდროს მსურდა სადმე წასვლა, რისი გაკეთებაც მე მინდა, აქ უნდა გაკეთდეს ქართულ მიწაზე. სხვაგან ვერ გავაკეთებ, სადაც უნდა ვიყო. ჩვენ აქ უნდა ვისუნთქოთ და ქართველ ხალხთან უნდა ვიყოთ ურთიერთობაში. ჩვენ როკს მხოლოდ სხვების საპატივცემულოდ ვუკრავთ და ეს ჩვენი პრინციპი არ არის. მომავალში სურვილი მაქვს, მქონდეს კომპიუტერი და ვიმუშაო ქართულ, არაჩვეულებრივ მუსიკაზე. ამისთვის მე ფინანსები მჭირდება. არავინ თქვას, რომ მშივრები რამეს აკეთებენ. არავინ არასდროს მშიერი არაფერს არ აკეთებდა, მე არ ვარ მშიერი, მაგრამ... არაჩვეულებრივი მშობლები მყავს, კვების პრობლემა სახლში არა მაქვს, მაგრამ ადამიანის გონებას, თუნდაც, წიგნი სჭირდება. სულ პედაგოგს ხომ არ თხოვ წიგნს? აი, ასეთი წიგნებისთვის მჭირდება ეს შემონაწირი თანხა.
მადლობა უფალს, ბედნიერი კაცი ვარ, რომ ისეთ პიროვნებებთან ვიზრდები და მაქვს ურთიერთობა, როგორებიც არიან: რეჟისორი გელა კანდელაკი, ფილოსოფოსი მიხეილ ნანეიშვილი, ლატა რუდუნაია. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ საქართველოში ასეთი ხალხი კიდევ არსებობს.
ლევან დათიაშვილი – საქართველო არავისზე ნაკლებად მიყვარს, მაგრამ აქედან საზღვარგარეთ წასული ხელოვანების, თუნდაც ლოთების პერსონალურ სადღეგრძელოს ყოველთვის ვსვამ ხოლმე. ისინი არ არიან მოღალატეები. ჩვენც პოტენციური წამსვლელები ვართ. თავიდან ყველაფერი მიხაროდა. ახლა 28 წლის, უკვე დაბერებული ბიჭი ვარ. 10 წელია აქა ვარ. არ უნდა გავჩერებულიყავი, შეცდომა დაუშვი და უნდა წავსულიყავი, რადგან ქუჩას კარგი არ მოაქვს ვინმესთვის. ყველაფერში გათვითცნობიერებისთვის საჭიროა ქუჩაც, სკოლაც, უნივერსიტეტიც, მაგრამ ფული მაინც აუცილებელია. ჩვენ, ადამიანები, მზის ენერგიაზე მიერთებულები არა ვართ. ჭკვიანია, ვინც აქედან წავიდა. ხელოვნება მარტო აკორდების ერთმანეთზე გადაბმა არაა. ეს ნიშნავს, რომ იცი, რაც გინდა. ცხოვრებაში რაღაც უნდა გააკეთო, რათა უკან მოხედვისას თქვა, რომ, მართალია, დრო სწრაფად გავიდა, მაგრამ მე რაღაც გავაკეთე. მე ამ სადღეგრძელოს გურულ მშვიდობის სადღეგრძელოს ნაცვლად ვსვამ. გაიჭირვეთო, – გვეუბნებიან, მაგრამ ამ გაჭირვების გამო თუ ჩაიფუშე, რაღა გამოვიდა?
![]() | |
|
დღევანდელი მუსიკა ჯანსაღი ახალგაზრდების მუსიკაა. ჯანსაღი და მოძრავი თუ არა ხარ, რეპსა და ტექნოს ვერ იცეკვებ, რომელიც განტვირთვის მუსიკაა. ტექნოს ერთგვარი მისტიკური ძალა აქვს, მისი მოსმენისას, თუნდაც სექსუალური ენერგია ძლიერდება. აბა, მძიმე მუსიკაზე კაცი მოცეკვავე გოგონასთან ერთად ვერ იცეკვებს. ჩვენ უკან ყოველთვის ისინი გვწევდნენ, ვინც ახალ მუსიკას უარყოფდნენ. დედა გვიტირეს. 30 წლის წინ იცით, რა მძლავრად შემოვიდა ახალი მუსიკა? ის ფილარმონიის მარიფათიანმა მესვეურებმა გამარჯობა მოკლეს. მე ძალიან ბევრ მომღერალს ვიცნობ, მაგრამ ფილარმონია რაღაც ერთ სასტავს ჰყავს ხელში ჩაგდებული. აქ ზოგი ცუდად იქცევა და ისე გადის სცენაზე, მაგრამ უამრავი კარგი მუსიკოსი არსებობს, რომელიც სცენაზე არ არის. მათ თავის დროზე ახალი მუსიკის მაგივრად რომანსი შემოიტანეს აქ და სწორედ რომანსმა დაგვღუპა ჩვენ. ჩვენ გენში გვაქვს ყველა რითმი, რაც აფრიკიდან ამერიკაში შევიდა. თავად ქართული საკომპოზიციო სკოლა გენიალურია. ნებისმიერი ჩვენი სტუდენტი ამ ნიჭს ბუნებრივად ფლობს.
ჩემი კუმირი ფრენკ ზაპა იყო, რომელსაც დღეს თითქმის არავინ იცნობს ახალი თაობიდან. მან თავის მუსიკაში იწინასწარმეტყველა თითქმის ყველა დღევანდელი მიმდინარეობა, თუნდაც რეპი. კიდევ „ფარფლები“, „ზეპელინები“, „ჯეთრო ტალი“ მიყვარს. ქართველებიდან გამაოცა ირაკლი ჩარკვიანმა.
პაატა ყიფშიძე – ალტერნატივა, ჩემი აზრით, არჩევანია. დღეს რატომღაც მხოლოდ კლასიკურ მუსიკას ეძახიან სერიოზულს, მაგრამ თუკი ყველაფერს ჩავუღრმავდებით, ძნელია, დავაკონკრეტოთ, ეს სერიოზულია თუ არა და ეს – არასერიოზული. მუსიკის ჩაწვდომაშია საქმე, თორემ ბოდიში, მაგრამ ნაგავი მართლაც არსებობს ყველაფერში. რაც კი დღეს საქართველოში ჟღერს, უმრავლესობა გამრყვნელია, რაშიც რამდენიმე წელიწადში დავრწმუნდებით. ის პრინციპები, რაც ქართველ ერს გააჩნდა, რაც აქვს, ის არ უნდა დაიკარგოს, თორემ ეგრევე დავიშლებით და დავიკარგებით. მე, პირადად, ისევ ქუჩურად რომ ვთქვა, ნაღდ კაცებს ვუსმენ მამების თაობიდან. ესენია: „ფარფლები“, „პინკ ფლოიდი“, „ლედ ზეპელინი“. სვირინგებზე გართულება არა მაქვს, მაგრამ ისინი იყვნენ ნორმალური პიროვნებები. სცენაზე გამოვიდოდნენ, დაუკრავდნენ და გადიოდნენ. ისინი გარეთ გადმოგდებულ ენებს არ ატრიალებდნენ, არ ხაოდნენ. დღევანდელმა მძიმე მეტალმა, შესაძლოა ჩემი სიძლიერის გამო, ჩემზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება ვერ მოახდინოს, მაგრამ იცით, ბავშვებზე როგორ მოქმედებს? ლანძღვა-გინება სცენიდან ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს.
რეზო მამაგულაშვილი – ეს შემოწირული თანხა გადანაწილებული მაქვს ოჯახის წევრებზე, ძირითადად ჩემი 6 წლის ბიჭისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ კმარა. დღეს, მაგალითად, ბავშვი უწიგნოდ მყავს. არა აქვს სათამაშოები და კომპიუტერი, რადგან მე ვარ ღატაკი. მიუხედავად იმისა, რომ სახლში 3-5 ლარი მიმაქვს. ეს უსუსური თანხებია და ძალიან მიჭირს, მაგრამ 5 ლარი მიმაქვს და, შეიძლება ითქვას, მყოფნის კიდეც. საჭმელს ვჭამთ. ჩემს ბავშვს რძე, კარაქი და თაფლი აქვს.
პაატა ყიფშიძე – ალკოჰოლთან არავითარი ურთიერთობა არა გვაქვს. აქ ბევრი მანდილოსანი ჩამოდის და ჩვენ საკუთარ თავს უფლება არ უნდა მივცეთ, რომ ღორივით მთვრალი დავდგეთ. მართალია, დალევა ვიცით, მაგრამ დაკვრის შემდეგ ჩუმად მივდივართ და არავის ვაწუხებთ. აქ ყველაფერი ფხიზლად ცოცხლობს.
რეზო მამაგულაშვილი – 30 წელია, რაც ფიზიკურად ვვარჯიშობ. არა ვსვამ, არც ვეწევი. ზოგჯერ ვსვამ ნორმაზე. არანორმალური სმა ქართველისთვის არასოდეს ყოფილა მიღებული. როდის იყვნენ ქართველები მსმელები და ლოთები? ქართველი ყოველთვის შრომობდა და შესვენებისას აწევდა ხოლმე 1-2 ჭიქა ღვინოს. ვაჟკაცობა სიკეთის გაკეთებაა და არა ის, თუ რამდენი ლიტრი ღვინო ჩავა მუცელში.
პაატა ყიფშიძე – იმას არ ვისურვებ, რომ ხვალიდან აქ არცერთი მუსიკოსი არ მენახოს. აქ ადამიანი დაკვრის სურვილის გამო უნდა დადგეს. მაგრამ არავის ვუსურვებ, აქ პურის ფულის შოვნის გამო დადგეს. „ვარსკვლავების“ მკითხველებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობასა და ფულს ვუსურვებ. ვინც ზემოთ სცენაზე არიან, იმათაც იმავეს ვუსურვებ და ერთ რამეს ვთხოვ. ზოგჯერ წელიწადში ერთხელ მაინც მოგვცენ საშუალება, მათ გვერდით დავუკრათ. ჩვენ ერთი მთელის ნაწილები ვართ, თუნდაც უბნებში ერთად ვიზრდებოდით.
რეზო მამაგულაშვილი – თინეიჯერებს ვენაცვალე! ისინი ადრე დაუცველები იყვნენ. ახლა ამ ტერმინით ერთი ორგანიზმი შექმნეს და დაცულები არიან. ამიტომ თამამად შეუძლიათ, საკუთარი იდეები განახორციელონ. როდესაც ახალი მიმდინარეობა იქმნება, მათი დამსახურებაა. მათ ახლის სწავლება არ სჭირდებათ, რადგან ყველაფერი მათშია. თინეიჯერი ხვალინდელი დღეა. ყველანი სიგიჟემდე მიყვარს. არავინ თქვას, ჩვენ უფრო კარგები ვიყავითო. მათი აზრი ყოველთვის პროგრესულია.
ლია ბეროშვილი (პოეტი) – მინდა ორი სიტყვა ვთქვა ჩემს ბიჭებზე. პოეტი ლია ბეროშვილი აქ გადის და გამოდის, უსმენს ამათ. უყურებს ამ გაშლილ ბოხჩას და ფულის დაგდების კი არა, სიყვარულის საშუალება არა აქვს, რადგან ჩემი, ჩვენი საქართველო დღეს ასეთ დღეშია. მე კლასიკაზე ვარ გაზრდილი და ჩემს ყურს არაფერი გაეპარება. ესენი უნიჭიერესები არიან. ჩემი შვილი თამუნა აქუბარდია ლადო ბურდულთან უკრავს ბას-გიტარაზე, ერთადერთი გოგო ბასისტია მთელ საქართველოში. ჩვენს საქართველოში ამ ნიჭიერ ხალხს, ალბათ, აქ უნდა ჰქონდეთ ადგილი მიწისქვეშ. როგორც ამბობენ, წყარო სათავეში იმღვრევაო. თევზი თავიდან ყროლდებაო. თუკი სათავეში წყალი აიმღვრა და თევზი თავიდან აქოთდა, მე იმედი მაქვს, რომ აი, ეს მიწისქვეშა საქართველოს ჩემი ბიჭები გადაარჩენენ სამშობლოს. მე ამათთან ჩავიმუხლები და ზოგჯერ ლექსს ვიტყვი, მაგრამ უფლება არა მაქვს, მათ გვერდით ვიდგე.


No comments:
Post a Comment