ბოლო წლებში თბილისი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ხელოვანთა ერთგვარ ცენტრად იქცა. ასეთი მოვლენა საქართველოსთვის უცხო არ არის, მაგრამ დღეს ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია. ბოლო წლებში საქართველოს დედაქალაქში თანამედროვე მუსიკით ბათუმი ყველაზე თვალსაჩინოდ ნინო ქათამაძემ და ჯგუფმა „ინსაითმა“ წარმოაჩინა, თუმცა ქართულ ზღვისპირა ქალაქში ბევრი სხვა ჯგუფიც მოღვაწეობს. მათ შორისაა: „მუტაბორი“, „მეტალოიდი“, „ჩვენ“ და სხვა. დღეს ამ უკანასკნელზე ვისაუბრებ.
ჯგუფი „ჩვენ“ ბათუმელმა მსახიობმა მალხაზ აბულაძემ ჩამოაყალიბა. იგი ვოკალისტობასთან ერთად რიტმ-გიტარისტობასაც ითავსებს. მალხაზი სიმღერების მელოდიებსა და ტექსტებს თვითონ წერს. „ჩვენ“-ის სოლო-გიტარისტი და ბასისტია ლაშა აბაშმაძე, რომელიც, ამავე დროს, ჯგუფის ინსტრუმენტალური კომპოზიციებისა და არანჟირებების ავტორიცაა. დასარტყამებზე ნიკა აბაშმაძე უკრავს, ხოლო ჯგუფის მენეჯერია ნანა ცინცაძე. მალხაზი ამბობს: „ჯგუფის წინაშე ნანა ცინცაძეს, ალბათ, ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. იგი ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და კოლექტივისთვის ძალიან ბევრს აკეთებს.“
ჯგუფის ფრონტმენის ინფორმაციით, „ჩვენ“-ს თბილისში უფრო იცნობენ, ვიდრე ბათუმში, სადაც აჭარის ხელისუფლება როკ-მუსიკას არც ხელს უშლის და არც ეხმარება, ამიტომ რეგიონის დედაქალაქში ამ მხრივ, უძრავი სიტუაციაა. „2000 წელს, როდესაც ჯგუფი ჩამოყალიბდა, ჩვენი ინიციატივით ბათუმში არსებული თითქმის ყველა მოქმედი როკ-ჯგუფი შეიკრიბა და კინოთეატრ „კომკავშირელში“ ერთგვარი აქცია გავმართეთ. ეს ჩვენი პირველი კონცერტი იყო“ – იხსენებს ლიდერი. დღევანდელი ბათუმური კოლექტივებიდან მალხაზს ერთგვარი პანკ-პოპ ჯგუფი „აბი გლუკოზა“ მოსწონს.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მალხაზ აბულაძე ჯგუფთან ერთად სხვადასხვა ფესტივალებსა და კონცერტებში იღებს მონაწილეობას. ამჟამად „ჩვენ“ საკლუბო მოღვაწეობას ეწევა, რაც მისი ფინანსური შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ღამის კლუბ „იზიდაში“ ჯგუფის წევრები მამუკა ბერიკასთან და ნიკა წერეთელთან ერთად ეთნო-მუსიკას ასრულებენ.
„ჩვენ“ საკმაოდ პროტესტულ მუსიკას უკრავს, რომელშიც ბევრი მუსიკალური სტილია თავმოყრილი. მალხაზს მიაჩნია, რომ იგი რეალური ყოფიდან გამომდინარე ნატურალისტურ ტექსტებს წერს. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის საფუძველს როკ-ენ-როლი წარმოადგენს, ყოველი წევრი შინაგანად ქართულ მუსიკას ატარებს, რაც „ჩვენ“-ის შემოქმედებას ეტყობა კიდეც. მალხაზი უდიდეს პატივს სცემს ლადო და ბაკურ ბურდულებს. მიაჩნია, რომ თანამედროვე ქართულ მუსიკაში რობი კუხიანიძე (ჯგუფი „აუტსაიდერი“) ყველაზე დიდი ნოვატორია. მას ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს „33ა“-ს, „ზუმბას“ და სხვა ქართული ჯგუფების მუსიკოსებთან.
სულ მალე „სანო რეკორდსი“ ჯგუფის სადებიუტო ალბომს „ურთი+ერთობას“ გამოსცემს. დღეისათვის „ჩვენ“-ის ორ კომპოზიციაზე – „მოვიდა ისევ“ და „ისე თუ მასე თუ ასე“ – აჭარის ტვ-ში კინორეჟისორმა ზაზა ხალვაშმა კლიპები გადაიღო. ჯგუფის საკონცერტო ჩანაწერი კი „პირველი სტერეოს“ ტელეეთერში ხშირად ტრიალებს. მალხაზმა გამიმხილა, რომ კინომსახიობთა თეატრის რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან ერთად ძალიან საინტერესო პროექტი დაიგეგმა. დრამატურგ ეფემია ლორიას დადგმულ სპექტაკლში მალხაზ აბულაძე მთავარ როლს შეასრულებს, ხოლო ლაშა აბაშმაძე მუსიკალურად გააფორმებს.
No comments:
Post a Comment