Tuesday, March 12, 2002

რომელ ქართველ მუსიკოსს უყვარს ლიტერატურა ძალიან

ქართული თანამედროვე მუსიკა, როგორც ამბობენ, მრავალფეროვანია. შესაბამისად, ჭრელია ქართულ სცენაზე მოღვაწე შემსრულებელთა ნუსხაც. ალბათ, საინტერესოა იმ მუსიკოსთა ლიტერატურული გემოვნება, რომელთა სიმღერებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ელექტრონული მედიის საშუალებებით. ამასთან დაკავშირებით ქართული მუსიკალური სცენის სხვადასხვა სტილისა და თაობის წარმომადგენლებს გავესაუბრე. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ლიტერატურა ძალიან ბევრს უყვარს, თუმცა თუკი ე. წ. ესტრადის შემოქმედებას გადავხედავთ, შეიძლება ბევრი დააეჭვოს ქართველი მომღერლების ერუდიციამ, თუნდაც სიმღერების ტექსტებიდან გამომდინარე. რესპოდენტებს შორის არიან მუსიკოსები, რომლებსაც ლიტერატურა არ უყვართ ან პრინციპულად არ ეცნობიან. მაგალითად, ალტერნატიულმა ლადო ბურდულმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ბიბლიის გარდა არანაირ წიგნებს არ კითხულობს.

ქართული ალტერნატივის მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი ადრე „რეაქტიული პოეზიის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი იყო და ლექსებსაც წერდა. ამას წინათ სატელევიზიო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ თავის დროზე ქართულ პოეზიაში მან და მისმა მეგობრებმა ქართულ პოეზიაში კანალიზაცია გაიყვანეს.

ქართველ ბარდად წოდებულ ოთარ რამიშვილს განსაკუთრებით პოეზია უყვარს. მას ძალიან მოსწონს რუსი პოეტი სერგეი ესენინი, მწერლებიდან – მაქსიმ გორკი. პირველი წიგნი, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა „ვეფხისტყაოსანია“. ქართველი მწერლებიდან მას მოსწონს: ილია, აკაკი, გამსახურდია, ვაჟა, ტერენტი გრანელი. „უცხოური ლიტერატურა არ წამიკითხავს, რადგან მხოლოდ რვა კლასი მაქვს დამთავრებული“ – ამბობს ოთარ რამიშვილი. ძალიან მოსწონს თანამედროვე ქართველი პოეტები: ზურაბ გოშაძე, ჯემალ ქათამაძე და სხვები. აგრეთვე, გენო კალანდია, რომელიც მისი აზრით, ბრწყინვალე სოხუმელი პოეტია და დოდო გვიშიანი. ოთარ რამიშვილის აზრით, დღეს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები წერენ ლექსებს. სულ მალე მისი ახალი ლექსების კრებული „გული უმღერის გულს“ გამოვა. ამჟამად ბარდი რაჟდენ გვეტაძის წიგნის წაკითხვას აპირებს.

გიტარისტი კაკო ვაშალომიძე აცხადებს, რომ მას წიგნები კი არა, ბიბლიოთეკები აქვს წაკითხული. ბავშვობისას მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხთა ზღაპრები წაიკითხა. ძალიან ჰყვარებია სათავგადასავლო და ფანტასტიკური ლიტერატურა, განსაკუთრებით მოსწონდა რეი ბრედბერი, ჟიულ ვერნი. კაკო ვაშალომიძე მამაკაცად არ მიიჩნევს იმას, ვისაც „სამი მუშკეტერი“ არ წაუკითხავს. პირველი სერიოზული ნაწარმოები არის ვიქტორ ჰიუგოს „საბრალონი“. ძალიან მოსწონს კაფკა, კობო აბე, ბულგაკოვი, მარკესი, ჰემინგუეი, ტოლსტოი, დოსტოევსკი (განსაკუთრებით, „ძმები კარამაზოვები“), ბალზაკი. ქართველი მწერლებიდან ძალიან აფასებს დოჩანაშვილსა და დუმბაძეს. ამბობს, რომ სამწუხაროდ, დღევანდელ ქართულ მწერლობას ვერ ეცნობა. „როდესაც ჩემი ოჯახის წევრები დასასვენებლად მიდიოდნენ, სახლში ვრჩებოდი, რათა ბიბლიოთეკაში შევსულიყავი, მისი სუნიც კი ნათლად მახსოვს. საერთოდ, ლიტერატურა ჩემთვის ყველაფერია. რა ზემოქმედებასაც წიგნები ჩემზე ახდენდნენ, მუსიკაში გადამქონდა. წიგნის დაწერის სურვილი მქონია, მაგრამ ყველაფერს მუსიკაში ვაჟღერებდი“ – გამანდო კაკო ვაშალომიძემ. მისი აზრით, დღეს არა მარტო მუსიკოსები, არამედ საზოგადოების უმრავლესობა წიგნებს აღარ კითხულობს. ის ამბობს, რომ მხოლოდ ორ-სამ კარგად ნაკითხ მუსიკოსს იცნობს. მისივე აზრით, ყველანაირი ხელოვნება ერთმანეთშია შერწყმული, უბრალოდ, ემოციებისა და განწყობილებების გამოხატვის სხვადასხვა ფორმები არსებობს.

ქართული პოპ-მუსიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელს კახა ცისკარიძეს (კახუჩელას) ვაჟა-ფშაველა ბავშვობიდანვე ჰყვარებია. მისი შეხედულებით, საქართველოში, ალბათ, არ არის კაცი, ვისაც ვაჟა არ დაამახსოვრდა. „ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, როდესაც ძალიან დიდხანს სახლში ვიჯექი და სულ ვკითხულობდი. ძირითადად, ბალზაკს, რომელიც კარგად დამამახსოვრდა. მერე წავიკითხე ნიცშე და გოეთეს „ფაუსტი“. ძალიან მომწონს ნოდარ დუმბაძე. ვცდილობ ყველანაირ მუსიკას მოვუსმინო და, ამავე დროს, ლიტერატურის სხვადასხვა მიმართულებებსაც გავეცნო. კონკრეტულად ვერავის დავასახელებ მწერალთაგან, რადგან ვიღაცეები რომ ჩამოვთვალო, მერე შეიძლება შთაბეჭდილება დარჩეთ, რომ სხვებს არ ვიცნობ“ – ამბობს კახა. ახალ წიგნებს დღეს იგი ნაკლებად ეცნობა, რადგან დრო აღარ რჩება. როცა ახერხებს, ძველი, ნაცნობი წიგნების გადაკითხვა უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებს ნაკლებად ეცნობა, ძალიან მოსწონს აკა მორჩილაძის მოთხრობების ახალი კრებული. უკვე მეორე თვეა კახა ახალ ალბომზე მუშაობს, ამიტომ წიგნის წასაკითხი დრო აღარ რჩება. კახა ცისკარიძეს საკუთარი პროზაული ნაწარმოები ჯერ არაფერი დაუწერია, მიაჩნია, რომ წიგნს დღეს ვერ დაწერს. თუმცა, დიდი სურვილი აქვს, ადამიანების ურთიერთობებზე წეროს; თუნდაც ქართველებსა და სხვა ეროვნებებს შორის არსებულ განსხვავებებზე, რადგან ჰქონია მათთან შეხების წერტილები. თურმე სულ აინტერესებდა სხვა ეროვნების ადამიანების ფსიქოლოგური პორტრეტები. კახა თვლის, რომ ზედმეტად ერუდირებული და განათლებული არ არის, მაგრამ, მისი აზრით, მუსიკოსს მაინც მოეთხოვება ლიტერატურის ცოდნა, ალბათ, უფრო პოეზიის. კახას შეხედულებით, როგორც მწერალსა და პოეტს არ მოეთხოვება მუსიკალური ინსტრუმენტების კარგი ცოდნა, ასევე, შესაძლოა მუსიკოსიც კარგად არ ფლობდეს ლიტერატურულ ხერხებს.

გასული წლის საქართველოს ოფიციალურ ქართულ ჰიტ-აღლუმში გამარჯვებული ჯგუფის „მწვანე ოთახის“ ფრონტმენს აჩიკო გულედანს კითხვა ბავშვობიდან უყვარს. მაშინ მას სათავგადასავლო ლიტერატურა ხიბლავდა; მესამე კლასში მაინ რიდსა და ჟიულ ვერნს კითხულობდა. „პირველი სერიოზული წიგნი, რომელიც მეხუთე კლასში წავიკითხე და დღემდე მიყვარს გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველია“. თანამედროვე ქართველი მწერლებიდან გიო ახვლედიანი (აკა მორჩილაძე) ძალიან მომწონს. მიყვარს მარკესი და ბულგაკოვი. სამწუხაროდ, საკმაოდ იშვიათად ვკითხულობ და ვეცნობი ახალ ნაწარმოებებს, უფრო ძველების გადაკითხვას ვახერხებ. ეს ალბათ, დროის უქონლობის ბრალია. ყველაზე მეტად „ოსტატი და მარგარიტას“ გადაკითხვა მიყვარს. ნებისმიერი გვერდიდან გადავშლი და ისე ვკითხულობ“ – მითხრა აჩიკომ. მას მიაჩნია, რომ მასა ნაკლებად ერუდირებულია. დარწმუნებულია, რომ ეს მუსიკოსის შემოქმედებას, მის გემოვნებასა და შესრულების მანერას ეტყობა. „ჩემი სურვილი რომ იყოს, დოჩანაშვილის მოთხრობის კარცერ-ლუქსებს ჩავდგამდი ქალაქში და მათში ადამიანების მცირე ხნით ჩასმა ძალიან კარგი იქნებოდა. მეც სიამოვნებით ჩავჯდებოდი“ – ამბობს აჩიკო გულედანი.

ქართული ესტრადის პატრიარქი რობერტ ბარძიმაშვილი ფრანგული ლიტერატურის მოყვარულია. სწორედ ამის გამო ჩააბარა ფრანგული ენის ფაკულტეტზე უცხო ენათა ინსტიტუტში. განსაკუთრებით ჰიუგო და დიუმა მოსწონდა. თვლის, რომ კაცმა წიგნის კითხვა სკოლის ასაკში უნდა დაამთავროს, რადგან თავად, რაც წასაკითხი იყო, თურმე სულ ამ პერიოდში წაუკითხავს. მისი საყვარელი მწერლებია: ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი და ვაჟა-ფშაველა. ბავშვობაში ჟიულ ვერნი ჰყვარებია. „კარგა ხანია, წიგნი სერიოზულად არ წამიკითხავს. არც მახსოვს, ბოლოს რა წავიკითხე. გამორჩეულად ვკითხულობ საჭირო, სხვადასხვა სახის არამხატვრულ ლიტერატურას, თუნდაც კრიტიკას. უბრალოდ, წიგნის კითხვის დრო აღარ მრჩება. ახალგაზრდა ქართველ მწერლებს, სამწუხაროდ, არ ვიცნობ“ – დანანებით ამბობს იგი. რობერტ ბარძიმაშვილს პროზაული ნაწარმოები არასოდეს დაუწერია, თუმცა, როგორც ქართველი, ლექსის წერას წათამაშებია. ერუდიციის საკითხში მას ახალ თაობასთან პრეტენზიები აქვს, რომლებიც სიმღერებში ლექსს აბსოლუტურად არ აქცევენ ყურადღებას. ფიქრობს, რომ მუსიკოსი აუცილებლად განათლებული, ერუდირებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წარმატებას ვერ მიაღწევს. მიაჩნია, რომ მუსიკალურ ნიჭთან ერთად ინტელექტიც აუცილებელია.




















Soft Eject-ის ფრონტმენ ვახო ბაბუნაშვილს ბავშვობიდან ყველაზე მკაფიოდ „რობინზონ კრუზო“ დაამახსოვრდა. ქართველი მწერლებიდან ვაჟა-ფშაველას, გურამ დოჩანაშვილის, ჯემალ ქარჩხაძის ტრფიალია, უცხოელთაგან განსაკუთრებით ხულიო კორტასარი, კნუტ ჰამსუნი მოსწონს. ამჯერად ვახო უკვე მეათედ კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსს“ კითხულობს. ახალგაზრდა ქართველი ლიტერატორებიდან ძალიან მოსწონს ბასა ჯანიკაშვილი. ადრე მოსწონდა ლაშა ბუღაძე, მიაჩნია, რომ მისი პირველი ნაწარმოებები საინტერესო იყო. „წიგნიერების მხრივ, სამწუხაროდ, ძალიან დაბალი დონეა. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ, ჩემი აზრით, საერთო სურათია“ – დასძინა ბოლოს ვახომ.

ალბათ შენიშნეთ, წიგნისთვის ქართველ მუსიკოსებს ნაკლები დრო რჩებათ. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ უცხოელ პოპ-ვარსკვლავებთან შედარებით, ქართველები „არაშოუბიზნესურად“ ინტელექტუალებად გამოიყურებიან – იოკო ონოც გაუგიათ და რუკაზე ავსტრალიასაც პოულობენ (იხილე სვეტი "კონვეიერული მუსიკა").

No comments:

Post a Comment