დარჩით ჩვენთან და ღმერთთან – ნუ მიეცემით სასოწარკვეთას
ადამიანს სიკვდილთან მიახლოება ძალზედ აშინებს. საინტერესოა, რომ ქართულ ენაში სიტყვა „სიკვდილთან“ ერთად არსებობს „გარდაცვალებაც“,რომელიც სულის უკვდავების შინაარსს იტევს. სამწუხაროა, რომ უკიდურესი გაჭირვებისა და დეპრესიისას ადამიანი ზოგჯერ სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. შეიძლება თუ არა თვითმკვლელობის შემთხვევები რამდენიმე კატეგორიად დავყოთ, ანუ აქვს თუ არა მას გამართლება? არის თუ არა ცხოველის უმიზეზო კვლა და ბრაკონიერობა სასიკვდილო ცოდვა? ამ სხვა კითხვებს პასუხობს წმ. მოციქულთა, პეტრე და პავლეს ტაძრის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძე.
„დაე მკვდრებმა დაფლან საკუთარი მკვდარი“
– მამა თეოდორე, არის თუ არა განსხვავება სიკვდილსა და გარდაცვალებას შორის?
– ამ ტერმინებს შორის სიღრმისეული განსხვავებაა. სიკვდილში, ქრისტიანული გაგებით, არა მარტო ხორციელი გარდაცვალება იგულისხმება, არამედ ადამიანის მდგომარეობაც, როცა იგი ღმერთთან ურთიერთობის უნარს კარგავს. ხორციელად მკვდარია ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს. სახარებაში არის ადგილი, როცა ქრისტესთან მისი მოწაფეობის მსურველი მიდის და ეუბნება: ჯერ მამაჩემს დავმარხავო. მაცხოვარმა მას მიუგო: დაე, მკვდრებმა დაფლან საკუთარი მკვდარიო. ამ შემთხვევაში, ხორციელად ცოცხალ ადამიანს უფალი მკვდრად მოიხსენიებს. ქრისტე მკვდარს იმ ადამიანს უწოდებს, რომელიც სიცოცხლეშივე ვერ ჭვრეტს ღმერთს.
იმ დროს, როდესაც გარდაცვლილს წესს ვუგებთ და მისი ჭირისუფლები ურწმუნონი არიან, აშკარად იგრძნობა, როგორ უჭირთ მათ დგომა. ისინი ვერ ხვდებიან, რა ხდება, ლოცვას ვერ უსმენენ და სულით იქ არ არიან. ხშირად ვამბობთ, რომ გარდაცვლილი ადამიანი უფრო ცოცხალია, რადგან მისი სული ლოცვის სიტყვებს გრძნობს, ხოლო იქ მდგომი ადამიანები ამას ვერ გრძნობენ. არსებობს პირველი სიკვდილი, როცა ადამიანი გარდაიცვლება და არსებობს მეორეც, როდესაც პიროვნება კარგავს ღმერთს. მეორე სიკვდილი საშინელებაა, რადგან ადამიანი საბოლოოდ ღმერთს უარყოფს.
თვითმკვლელობით ადამიანი ღმერთს უარყოფს
– შეიძლება თუ არა თვითმკვლელობა კატეგორიებად დავყოთ?
– როდესაც ადამიანი აკეთებს არჩევანს – „ღმერთო, მე შენ არ მსურხარ“ – და ეს რაღაც ქმედებით ფიქსირდება, ამის გამოსწორება აღარ შეიძლება. ეს ქმედება ღვთის წინაშე ითვლება თვითმკვლელობად. თვითმკვლელებს, როგორც ღვთის უარმყოფელებს, წესს არ უგებენ. თუ ადამიანი ღმერთს მოწყვეტილია, იგი სასოწარკვეთაში ვარდება, ანუ იმედს კარგავს. ღმერთი კი იმედის წყაროა. თვითმკვლელობისას ადამიანის გულში ღმერთის ადგილი არ არის. თვითმკვლელობისას ადამიანი აფიქსირებს „ღმერთო, მე შენ არ მსურხარ“, რისი მანიშნებელიცაა მისი სასოწარკვეთა.
თუ ადამიანი თავს იკლავს იმისთვის, რომ სხვისი სიცოცხლე გადაარჩინოს, მაშინ ეს თვითმკვლელობად არ ითვლება. მაგალითად, როდესაც ორი ალპინისტი ერთ თოკზეა დაკიდებული და თოკის ქვედა ნაწილში მყოფმა იცის, რომ სიმძიმის გამო, შესაძლოა, ბაგირი გაწყდეს, რის გამო მეორე ალპინისტიც მასთან ერთად დაიღუპება და ამიტომ თოკს გადაჭრის, არაა თვითმკვლელობა. ერთი შეხედვით, იგი თვითმკვლელია, მაგრამ სინამდვილეში მან მოყვასი გადაარჩინა. შეიძლება მე იმ ტყვიას გადავეფარო, რომელიც სხვას უნდა მოხვედროდა. არც ამ შემთხვევაში ვარ თვითმკვლელი.
– ამბობენ, რომ თუ ქალწული ფიზიკური ძალადობისას თავს მოიკლავს, არც ეს შეიძლება თვითმკვლელობად ჩაითვალოს.
– სხვათა შორის, ეს შემთხვევა ზემოთ მოყვანილი მაგალითებისგან განსხვავდება. ადრე, როდესაც მონასტრებს თავს ესხმოდნენ, აწიოკებდნენ და მონაზვნებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ისინი უფსკრულში ხტებოდნენ და თავს იკლავდნენ. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ არის თვითმკვლელობა, მაგრამ მაინც მოსაფრთხილებელი საკითხია, რადგან, ბოლო-ბოლო, ძალადობა ხომ მისი ბრალი არ არის? გასაგებია, რომ ეს მისი შეურაცხყოფაა, თუნდაც ქალწულობის აღქმის დარღვევა, მაგრამ ეს ხომ მისი არჩევანი არ არის? ცოტა არ იყოს, საჭოჭმანო საკითხია.
– რატომ არ შეუძლია მოძღვარს თვითმკვლელის სულზე ლოცვა?
– აზრი არა აქვს და იმიტომ. ეკლესია თვითმკვლელზე მისი საქციელის გამო შურს კი არ იძიებს, არამედ ძალადობას გაურბის, რადგან იმის სულზე ლოცვა, ვინც ღმერთი უარყო, უკვე ძალადობაა. ძალადობაა ადამიანის ეკლესიაში ძალით მიყვანა, თუ მას არ უნდა. ეს ამ უკანასკნელს სიკეთეს არ მოუტანს, რადგან ძალადობა მას გააბოროტებს და გააუბედურებს კიდეც. თვითმკვლელის ცოცხალი სულისთვის იგივე ძალადობა იქნება მასზე ლოცვა.
– რამდენად დარწმუნებულია ჩვენი ეკლესია, რომ თვითმკვლელის სული პირდაპირ ჯოჯოხეთში ხვდება?
– ეკლესია ამ შემთხვევაში დარწმუნებული არ არის თვითმკვლელის არც ცხონებაზე და არც ჯოჯოხეთში მოხვედრაზე. ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ უყვარს, ამას თავისი ცხოვრებით გამოხატავს: არ ინათლება; როდესაც მოუწოდებს დაიწყოს ქრისტიანული ცხოვრება, ყურად არ იღებს; იცის, რომ უმძიმეს სასიკვდილო ცოდვებს ჩადის და არ ინანიებს; სასოწარკვეთაში ვარდება და თავს იკლავს.
სიბნელე იმის ნიშანია, რომ იქ სინათლე არ არის. მატერიალურად სინათლეს კორპუსკულარული და ტალღოვანი თვისება აქვს და იგი სიბნელეში არ არსებობს. ასევე, სასოწარკვეთა იმის ნიშანია, რომ ადამიანში ღმერთი არ არსებობს, რომელიც იმედის, სიხარულის წყაროა. სასოწარკვეთის მსგავსად, მწუხარება და დეპრესიაც ცოდვაა, ოღონდ – არა სასიკვდილო, თუმცა დეპრესია სასოწარკვეთის წინაპირობაა, რომელიც, თავის მხრივ, სრული უღმერთობაა.
ხშირად იკითხავენ ხოლმე, რომ თუ ღმერთი სიყვარულია და მამაა, რატომ უშვებს იგი სულს ჯოჯოხეთში. ამაზე პასუხი აქვს წმ. იოანე ოქროპირს, რომელიც ამბობს, რომ ჯოჯოხეთი ადამიანისადმი ღმერთის სიყვარულის გამოვლინებაა, რადგან ის არის ადამიანის არჩევანი და იმის ნიშანი, რომ მის სულზე ძალადობას არ ჩადის. ძალადობით ადამიანის სული ყოველთვის იტანჯება. ჯოჯოხეთის არსებობა ადამიანს სიცოცხლეში ორ მთავარ მოტივს უნარჩუნებს: ეს არის არსებობის სურვილი და თავისუფლებისადმი ლტოლვა. ღმერთი ადამიანს არც არსებობას, არც თავისუფლებას არ ართმევს. ადამიანი, რომელიც ღმერთს კარგავს, გარდაცვალების შემდეგ დემონს ემსგავსება. მორწმუნე ადამიანის მიზანი კი ქრისტეს სიყვარულია. თუ მე მარხვით, აღსარებით, ზიარებით ის არ შევიყვარე, მისი ჯვარზე გამკვრელი გამოვდივარ. შეიძლება ადამიანი ყველა ამ საიდუმლოს აღასრულებდეს, მაგრამ მან ღმერთი დაკარგოს. ქრისტიანობა ადამიანს საშუალებას აძლევს, კავშირი ჰქონდეს ცოცხალ ღმერთთან. თავის მხრივ, ამ საიდუმლოებების გარეშე ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა შეუძლებელია.
– რა ნუგეში შეიძლება მივცეთ თვითმკვლელის ახლობლებს?
– ეკლესიამ თვითმკვლელების სახელზე სიკეთის კეთება დაგვიწესა. მათ არც პიროვნულ, არც საეკლესიო ლოცვებში არ ვიხსენიებთ, მაგრამ ვამბობთ: „ღმერთო, შეუმსუბუქე მდგომარეობა“. ხოლო თუკი ფსალმუნების წარმოთქმისას და საეკლესიო ლოცვებში მოვიხსენიებთ, მაშინ მის სულზე ძალადობას ჩავდივართ.
არც ერთ ადამიანს სიკეთე არ ეკარგება – თვითმკვლელსაც კი. ეს არ ნიშნავს, რომ მისი სული ღმერთთან იქნება, მაგრამ ის სიკეთე არ დაეკარგება, რაც ჩაუდენია და სიკეთისთვის სიკეთით მიეგება, თუნდაც ჯოჯოხეთში. ჩვენ თუ ასეთი ადამიანის სახელზე სიკეთეს გავაკეთებთ, ე. ი. მას სიკეთის კეთების სურვილი ჰქონდა და ამის აღქმა მას იქაც შეუძლია. მიუხედავად ამისა, ღმერთის აღქმა მას არ შეუძლია, რადგან არ სურს. ამიტომ ჩვენ მისთვის სიკეთე უნდა ვაკეთოთ და ღმერთს მისი მდგომარეობის შემსუბუქებაზე უნდა ვევედროთ.
ვეგეტერიანელი თუ ხორცთმოძულეა, სასიკვდილო ცოდვას ჩადის
– მამაო, ეკლესია როგორ უყურებს ცხოველთა კვლას, თუნდაც ბრაკონიერობას?
– ბუნების განადგურების მიზეზი სიყვარულის არქონაში უნდა ვეძებოთ. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სასიკვდილო ცოდვაა. წარმოიდგინეთ ისეთი ადამიანი, რომელიც ტყეს შეგნებულად ჩეხავს, საქართველოდან ვაგონებით გააქვს, რადგან კიდევ ერთი მანქანა იყიდოს, კიდევ ერთი კარგი ქურქი უყიდოს მეუღლეს და საზღვარგარეთ კიდევ უფრო კარგ სასტუმროში მოეწყოს. მე არ ვამბობ, რომ მანქანის ყოლა და საზოგადოებაში კარგი მდგომარეობა ცუდია, მით უმეტეს, თუ ეს პატიოსანი შრომითაა მოპოვებული. თუ შენი სამშობლოს მცენარეებსა და ცხოველებს შეგნებულად ანადგურებ, სასიკვდილო ცოდვას ჩადიხარ. იგივე კაცის, სამშობლოს მკვლელი ხარ, რადგან სამშობლო ადამიანებთან ერთად მისი მიწა, ბუნებაცაა.
ასეთივე ცოდვას ჩადის ადამიანი, რომელიც ცხოველებს აწვალებს, ან ბავშვობაში აწვალებდა. ზოგ ბავშვს მანიაკური გადახრები აქვს, ხოლო ადამიანს ბავშვობის ცოდვებიც მოეკითხება. ცხოველებისადმი ამგვარი დამოკიდებულება და ბრაკონიერობა სასიკვდილო ცოდვებია.
– საინტერესოა, არის თუ არა ვეგეტარიანელობა ცოდვა?
– ვეგეტარიანელობაში თუ ხორცის მოძულეობა იგულისხმება, მაშინ უმძიმესი, სასიკვდილო ცოდვაა. სჯულის კანონში წერია: ის, ვინც ქორწინებაზე, ღვინის სმასა და ხორცის ჭამაზე იტყვის, რომ ბოროტებაა, ეკლესიიდან უნდა განიკვეთოსო. თვით ქრისტე ჭამდა ხორცს, სვამდა ღვინოს და ქორწილში თანამეინახე იყო. მხოლოდ ზოგიერთი ბერი ამბობს უარს ხორცის მიღებაზე. გამონაკლისია, აგრეთვე, მკურნალობის მიზნით ხორცის ჭამაზე უარის თქმა.
No comments:
Post a Comment