ორიოდ სიტყვით ჰუმანოიდისა და მელომანის უნიჭო ნაჯღაბნის შესახებ
სადაა პატრონი, თორემ თქვენ ერთი გემოზე უნდა მიგბერტყოთ კაცმა, ხოლო თქვენი სტატიები ცეცხლს უნდა მიეცეს.
რატომ?
ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ასე თავზეხელაღებით ლაფში სვრით ქართული ესტრადის ვარსკვლავებს? თქვენ ამბობთ, რომ მათ სიმღერებს აკრიტიკებთ, მაგრამ ამ ჰიტების ასე დაუნდობლად გამასხარავებით ხომ მათ ავტორებსაც ჩირქს სცხებთ, აბუჩად იგდებთ და ლანძღავთ! არადა, რას აშავებენ? ნუთუ იმას, რომ ისინი მსმენელის გულისთვის საკუთარ ფულს ხარჯავენ (თავიანთ ოჯახებს აკლებენ) და წერენ ფონოგრამებს, აწყობენ გრანდიოზულ კონცერტებს, გამოდიან ტელე-რადიო გადაცემებში და ა. შ.? განა საამაყო არ უნდა იყოს ჩვენთვის მათი შემოქმედება? განა ამ მომღერლებმა (გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან მათ ჩვენი წარდგენა არ სჭირდებათ) არ შეძლეს ქართული მუსიკალური ბაზრიდან გაედევნათ უშინაარსო რუსული ესტრადა? რა, ეს არ არის ის დიდი გამარჯვება, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ველოდით? აბა, გაიხსენეთ 15, ან თუნდაც 10 წლის წინანდელი სინამდვილე. წარმოიდგენდით მაშინ, როცა ქართულად სიმღერა სირცხვილად ითვლებოდა და ქართველი თინეიჯერები რუსული და იტალიური ესტრადის მეტს არაფერს უსმენდნენ, რომ ქართული ენა ასე მყარად დამკვიდრდებოდა მშობლიურ სცენაზე.
ამას წინათ, ჩვენს ახალგაზრდა, ნიჭიერ მომღერალ თამუნა ამონაშვილთან სტუდია „მაესტროს“ ერთ-ერთ გადაცემაში სატელევიზიო ინტერვიუს დროს გაიჟღერა კითხვამ – ეძახიან თუ არა ქართულ ესტრადას რუსეთში „შავ მუსიკას“, რაზეც მოსკოვიდან ახლად დაბრუნებულმა ვარსკვლავმა დაახლოებით უპასუხა – ეს მართლაც ასეაო. თამუნამ საოცრად ზუსტად შენიშნა „ეს მართლაც ასეაო“. ალბათ, ხვდებით, რატომ ეძახიან რუსი მომღერლები „შავ მუსიკას“ („შავ ესტრადას“) ჩვენს ესტრადას – მათ დღემდე ვერ მოუნელებიათ თავიანთი მარცხი ქართულ მუსიკალურ ბაზარზე.
ნუთუ თქვენ, ჰუმანოიდო და მელომანო, ასე ადვილი გგონიათ დღეს ქართულ შოუბიზნესში მოღვაწეობა? ქართული შოუბიზნესი არსებობს! ამას ხმამაღლა ვაცხადებთ და ნურავინ შემოგვედავება. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ლანძღავს ფონოგრამებს. ბოლოს და ბოლოს, რას გადაეკიდეთ? რა ქნას მომღერალმა, როდესაც საკონცერტო აპარატურა არ არის და რაც არის, ისიც ხელებსა და ტუჩებზე დენს ურტყამს? ან, რა ქნას მომღერალმა, თუ კონცერტზე გამოსვლის წინ ხმა წაუვიდა? რა, გადადოს კონცერტი? მსმენელისთვის ხომ სულ ერთია, იმ წუთას ნამღერს მოუსმენს თუ ჩანაწერს? მთავარია, ხარისხიანად მოისმინოს! თქვენ რა იცით, რა ენერგია და სახსრები მიაქვს ფონოგრამის ჩაწერას, ვოკალის კომპიუტერით გასწორებას, საკონცერტო ჩაცმულობაზე ზრუნვას და სხვა? მათი ამაგი თვით საქართველოს პრეზიდენტმაც დააფასა და ზოგიერთები „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა.
თქვენთვის ადვილია ამ ყველაფერზე შორიდან ქილიკი, რადგან არ იცნობთ ვარსკვლავთა სამზარეულოს. რა გააწყალეთ გული ამ ცოცხალი მუსიკით? ცოცხალი მუსიკა, იცოცხლეთ, კარგია, მაგრამ აბა რა მოგება უნდა დარჩეს ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მომღერალს, რომელმაც ამდენი ფული უნდა გადაუხადოს ინსტრუმენტალისტებსა და ბექ-ვოკალისტებს. როგორ არ გესმით, რომ ამგვარი ვაიკრიტიკით თქვენ ახლად ფეხადგმულ ქართულ ესტრადას გამოუსწორებელ, უმძიმეს დარტყმას აყენებთ – მსმენელს ართმევთ და ამით ჩვენს საყვარელ მომღერლებს საარსებო პირობებს უსპობთ.
ვინ მოგცათ ამის უფლება, ვინ? ვინ არის ამ მავნებლური სტატიების დამკვეთი? ვინ დგას თქვენს უკან? ალტერნატიული როკის მამები? მათ ურჩევნიათ მატრაკვეცობას თავი დაანებონ და ფონოგრამებზე სიმღერა დაიწყონ. იქნება ერთი-ორი თეთრი იშოვონ მაგ საცოდავებმა. ან იქნებ რუსული სპეცსამსახურებია თქვენი დამკვეთი? ისიც საინტერესოა, რომელი პოლიტიკური ძალა მოიაზრება თქვენს უკან? ქართულ ესტრადასთან ბრძოლით თქვენ ხომ თვით საქართველოს, მის თვითმყოფადობას ებრძვით! გაიხსენეთ, საქართველოს მტრებმა თავის დროზე ტყვია ესროლეს ილიას და აკაკის.
რა ძალებსაც არ უნდა ემსახურებოდეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის მოიძებნება შეუბღალავი ავტორიტეტის მქონე პიროვნებები, რომლებიც მტყუანსა და მართალს გაარჩევენ.
ასე რომ, ამჯერად მეგობრულად გირჩევთ, სანამ დროა, გონს მოეგეთ. საქართველო პატარაა, მას კრიტიკა კი არა, მოფერება და გაფრთხილება სჭირდება. იმაზეც დაფიქრდით, რომ ამ პატარა ქალაქში ერთმანეთს შეიძლება სადმე სუფრაზეც შევხვდეთ (ახლობლის ოჯახში ან რესტორანში). ისე ნუ ვიზამთ, ერთმანეთს თვალი ვეღარ გავუსწოროთ.
თუკი ჩვენს ესტრადას მართლა უჭირს, ამ სისულელეების ჯღაბნის მაგიერ არ ჯობს ჩვენს სათაყვანებელ მომღერლებს ერთი-ორი ტკბილი ლექსი შევაშველოთ. თუნდაც ასეთი:
გიჟი ვნებები
მიყვარს ზამთარი და გაზაფხული,
ზაფხულიც მომწონს და შემოდგომაც.
ფიფქი, ფოთოლი, წიწვი თუ ხის რტო
შენს თავს მაგონებს ყოველწლიურად.
მე გაგიჟებას ვიწყებ ზამთარში
და გაზაფხულზე სულ მთლად ვირევი,
ზაფხულში ხშირად განვმარტოვდები
და შემოდგომით მხიბლავს ვირები.
(მისამღერი):
გიჟი ვნებები, გიჟი ვნებები,
ოოო, გიჟი ვნებები მოიაზრება (2-ჯერ).
დალოცვილია ეს საქართველო,
მიდი-მოდიან ნაზი მისები,
აჰა, ერთი დღეც გადავაგორე
და სიყვარულით ისევ ვივსები.
ხელში მიჭირავს მე მიკროფონი,
შენ კი არ გესმის ჩემი გოდება,
აჰა, კასეტა, შინ მოუსმინე
და ყველაფერი დაგავიწყდება.
მოგაგონდება ჩემი ტუჩები
და ჩემი სახე ბავშვივით სუფთა,
ლიზა დეიდას სასადილოში
გამოტანილი ცხელ-ცხელი გუფთა.
(მისამღერი იგივე)
გახსოვს, კაბა რომ შემოგახიე?
თმებს გიწეწავდი, მთლად გიჟებს ვჰგავდით,
მერე „დედის დღის“ აღსანიშნავად
ჩვენ ვარკეთილში გაზონებს ვრწყავდით.
უკვე წავიდა ის აღმაფრენა,
და სიყვარულიც მალე გაქრება,
იმ შენი ნაზი ამბორის მიღმა
გიჟი ვნებები მოიაზრება.
(მისამღერი):
გიჟი ვნებები, გიჟი ვნებები,
ოოო, გიჟი ვნებები მოიაზრება.
მაინც მიყვარხარ, მაინც მიყვარხარ,
ოოო, გიჟი ვნებები მოიაზრება.
აი, ასე. პატივისცემით, თქვენი ერთგული ჩვენ: ჰუმანოიდი და მელომანი.
© ჰუმანოიდი და მელომანი
No comments:
Post a Comment