Tuesday, March 26, 2002

როკ-ბალადა


ეს მოხდა შავ შაბათს, როდესაც საავდროდ გამზადებულ ღრმა მეწამულ ცაში მონარნარე ტყვიის დირიჟაბლი ჰორიზონტს მიეფარა, ხოლო ხანმოკლე წვიმის შემდეგ გამოიდარა და უდაბნოს თავზე გადაჭიმული ცისარტყელისკენ აფრინდნენ ვარდისფერი ფლამინგოები. ტენით გაჟღენთილ კლდეს უზარმაზარი ლოდები მოსწყდა და მეწყერი ჩამოწვა. დაგორებულ ქვებს შეშინებული თეთრი გველები ძლივს გადაურჩნენ. როდესაც სტიქია ჩაწყნარდა, ხოჭოები ჰაერში აიჭრნენ და ისე აღტაცებულები დაფრინავდნენ, თითქოს მთელი საუკუნე მიწის ქვეშ გაატარესო.

კლდის ხრიოკ ფერდობზე, როგორც ოაზისი, მაღალი, პირქუში ციხეკოშკი აღმართულიყო, რომლის გალავანზე ქვის ციხესიმაგრის მფრინავი ბიჭები დელტაპლანით აპირებდნენ გადმოხტომას. მათ სურდათ დასწეოდნენ ტყვიის დირიჟაბლს, თუმცა ძალიან ეშინოდათ. „რა საოცარი ადგილია“, – გაიფიქრა ერთმა – „აქ მკვდარსაც შეუძლია ცეკვა“. მეორეს ცივად მოთამაშე ქარისთვის შეეშვირა სახე. მას მოყირჭდა ამ უძველეს კოშკში ცხოვრება, რომელსაც ის რატომღაც „ბაბილონის ზოოპარკს“ ეძახდა. ალბათ, იმიტომ, რომ მათთან ერთად იქ ცხოვრობდნენ ზემოთხსენებული თეთრი გველები, ხოჭოები, აგრეთვე, მორიელები, ხვლიკები, ღამურები, აკვარიუმის თევზი ალისა და ყვითელი ძაღლი (რომელსაც პავლოვის ძაღლს ეძახდნენ). „ჩვენ ზოომაღაზიის ბიჭები ვართ“ – ეუბნებოდა ხოლმე მეორე პირველს.

ქვის ციხესიმაგრის მფრინავ ბიჭებს წლიდან წლამდე თავი ძლივს გაჰქონდათ. ისინი ხორბალს სთესდნენ, მაგრამ ქვა-ღორღში ძალიან ცოტა თუ იხარებდა. ამას ისინი უნაყოფო მიწას კი არა, უვარგის თესლებს აბრალებდნენ. სამაგიეროდ პილპილის მოსავალი იყო ბარაქიანი. წითელი ცხარე ჩილის პილპილით ბიჭები თითქმის ყოველდღე იკვებებოდნენ, ხოლო ცოტაოდენ პურს „ბაბილონის ზოოპარკის“ ბინადართაც უნაწილებდნენ. ტრაპეზის შემდეგ, ისინი ციხესიმაგრეში ისხდნენ და საათობით შესცქეროდნენ კარებებს იმ იმედით, იქნებ ვინმე ღვთისნიერი შემოვიდეს და აქედან წაგვიყვანოსო. მათ ეშინოდათ უდაბნოში მარტოკა ხეტიალი და სხვა მიწების ძიება. ისე დიდხანს უყურებდნენ ხოლმე კარებებს, რომ ნირვანაში ვარდებოდნენ და აზრიანი ჰალუცინაციები ელანდებოდათ. ეჩვენებოდათ, რომ თავიანთ ქვის ციხესიმაგრეს როგორც იქნა თავი დააღწიეს და სადღაც შორს, ტბასთან სიმწვანეში ჩაფლულ მარწყვის მინდვრებში დასახლდნენ თავიანთ საყვარელ ვარდისფერ ფლამინგოებთან. იმ აღთქმულ მიწაზე, მწვანე ოთახში მათ გართობის განყოფილების გახსნა სურდათ, სადაც უფასოდ დაარიგებდნენ ღიმილს, სიყვარულს, ბედნიერებას, კეთილ ზღაპრებსა და სიხარულს. ამ ხილვებში ბიჭებს თავს აღამდებოდათ და იძულებულები იყვნენ დასაძინებლად წასულიყვნენ.

ძილის წინ ისინი რადიომიმღებებს რთავდნენ. სხვადასხვა სიხშირეებზე აწყობილ მათ რადიოს თავებში უამრავი ფიქრი ირეოდა. დარში ისინი გალავანზე წვებოდნენ, ღამის მნათობებს აჰყურებდნენ და გაფრენაზე ფიქრი არ ასვენებდათ. მუსიკის ბგერების ბაღნარში სეირნობდნენ და დროის მანქანასაც ნატრობდნენ, რათა შორს წასულიყვნენ, სადაც ახალი კანონებით იცხოვრებდნენ. მათ არ იცოდნენ, რა იყო ხავერდოვანი იატაკქვეშეთი, კინო, როგორ გამოიყურება ყვითელი წყალქვეშა ნავი, ტირანოზავრ რექსის ჩონჩხი, საბრძოლო გამანადგურებელი თვითმფრინავი U2, იარაღები და ვარდები ერთად, როგორი გემო აქვს ტეკილას მაშინ, როდესაც ირგვლივ ჯაზი უკრავს, სად ცხოვრობდა ხვლიკების მეფე, რას ნიშნავს იყო აუტსაიდერი, მარად ახალგაზრდა, მუდამ ნასვამი და ა.შ. გულგატეხილები და პილპილნაჭამები ძილში ხშირად ბორგავდნენ და აბოდებდათ.

სამაგიეროდ, ბევრი შრომის შემდეგ, როგორც იქნა დელტაპლანი ააგეს და სწორედ ახლა, ემზადებოდნენ მის გამოსაცდელად. პირველმა თავი მაღლა ასწია და ტანდემ-დელტაპლანს ნაზად უბიძგა. მეორე ჯერ შედგა, შეშინებულმა ირგვლივ გამეფებულ ხრიოკს თვალი მოავლო, მერე კისერი დაიგრძელა და პირველს უკან მიჰყვა. ისინი გალავანს მოწყდნენ და მალე ჰაერში აღმოჩნდნენ. თავდაპირველად, დელტაპლანი უდაბნოს ქარის დინებაში მოჰყვა, დიდი სისწრაფით ძირს ვარდნა დაიწყო, მაგრამ ბიჭებმა იგი მალე დაიმორჩილეს და გეზი იმ მხარეს აიღეს, სადაც, ტყვიის დირიჟაბლი გაუჩინარდა.

„ხედავ? არც ისე რთული ყოფილა!“ – წამოიძახა პირველმა მფრინავმა.

„ჰო“ – დაეთანხმა მეორე.

და ეს მოხდა შავ შაბათს.

No comments:

Post a Comment