Wednesday, March 6, 2002

საყალბეთი

ჩემო მეგობარო, დადგა გაზაფხული, სიყვარულის ჟამი. სხეულში სითბოჩამდგარი ახალგაზრდები ქუჩებში გამოეფინენ. თვალშისაცემია, როგორ ჩუქნიან პატარა გოგონები საკუთარ თავებს პაწაწინა იების კონას. ირგვლივ ჟრიამულია. ალკოჰოლით, მოსაწევითა და აბებით გაბრუებული (და გაუბრუებელი) „შავი გაგების“ ბიჭუნები ერთმანეთს „ალერსით“ დედას აგინებენ, მერე საკუთარ დედიკოებსაც საროსკიპოებში აგზავნიან და მონადირის ალღოთი მხიარულ გოგონებს ეტორღიალებიან. ღამ-ღამობით ყური წაიღო კატების გაბმულმა კნავილმა. ბუნება იღვიძებს. ჰაერიც უფრო გამჭვირვალეა და ხასხასა. მანქანები და სამარშრუტო ტაქსები სექსუალურად შეჭირვებული ცხოველებივით დარბიან და ამ თავაწყვეტილი სრბოლით პატრონთა შინაგან, საგაზაფხულო განწყობილებას ამჟღავნებენ. მეძავებს საქმე გაუორმაგდათ.

მალე კონცერტების სეზონი გაიხსნება. ყალბი სახელმწიფოს ესტრადის ყალბი ვარსკვლავები ყალბ კონცერტებსა და ფესტივალებს გამართავენ. მერე კი, სცენიდან ყალბად გაგვიღიმებენ.

არ გეგონოს, ჩემო მეგობარო, ჩვენს ესტრადაზე ვსაუბრობდე. უბრალოდ, მინდა გაუწყო, რომ დედამიწის ზურგზე არსებობს ერთი ყალბი ქვეყანა, რომელსაც საყალბეთი ჰქვია. რა თქმა უნდა, საყალბეთს ყალბი სახელმწიფოს მეთაური და ხელმძღვანელობა ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ საყალბეთს ადრე ეს სახელი არ ერქვა და მას უნიკალური მუსიკალური კულტურა ჰქონდა, დღეს, ამ ქვეყანაში, მხოლოდ ყალბ მუსიკოსებსა და ყალბ სიმღერებს აღმერთებენ. ყალბ ვარსკვლავებს კი თავისუფლად შეუძლიათ, სცენაზე ყალბ მიკროფონებში, ყალბი სიმღერები ყალბად შეასრულონ. დღეს იქ მათი კულტია.

მართალია, საყალბეთში მთლად ყალბი ხალხი არ ცხოვრობს, მაგრამ მას ერთი დიდი ნაკლი აქვს (სხვებთან ერთად). იქაური ადამიანები ყალბებს თავს ატყუებინებენ, რომლებიც მათ ხელში რაღაც ყალბს, არაბუნებრივს აჩეჩებენ. რაც ყველაზე საშინელია, ისინი ამ სიყალბეს დღითიდღე ეჩვევიან. აუცილებლად უნდა გითხრა, რომ საყალბეთის პოპ-ვარსკვლავებს ძალიან უყვართ შექება, ამიტომ მათ, რატომღაც, ყველა აქებს და ადიდებს. ისინიც, წელგამართულები დაიჯგიმებიან ტელევიზიიდან ტელევიზიაში, რადიოდან – რადიოში. აბა, ვინმემ გაბედოს მათი გაკრიტიკება! ყალბი ვარსკვლავუნები (კუდიანი კომეტები) კრიტიკას, რატომღაც ლანძღვას ეძახიან და პირად შეურაცხყოფად იღებენ. მერე ცდილობენ აამოქმედონ მათ ქვეყანაში ტრადიციული ნაცნობობ-ნათესაური მანქანა და ამით ზემოქმედება მოახდინონ კრიტიკოსზე, რათა ამ უკანასკნელმა, საქვეყნოდ ბოდიში მოუხადოს მათ პატივსაცემ გვამებს. თუ ამ ხერხმა არ გაჭრა, საყალბეთის ყალბები მიმართავენ ე.წ. „შავ“ სამყაროს, რათა კრიტიკოსი დააშინონ.

ჩემო მეგობარო, ალბათ, უკვე ხვდები, ასეთი მომღერლები რა ყალბად იმღერებენ სიყვარულზე, რადგან სიყვარული მათთვის გრძნობა კი არა, ხელობაა მხოლოდ. საყალბეთში უამრავი სიყვარულის ხელოსანია. მათ მხოლოდ სხვების დასანახად უყვართ.

მიუხედავად ყველაფრისა, ღმერთს საყალბეთელები უყვარს. იქნებ იფიქრო, აქ ღმერთი რა მოსატანი იყოო, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ყალბები მას ხშირად მიმართავენ და, როგორც წესი, სხვების დასანახად. საყალბეთელები ღმერთის სახელით, სხვა ღვთის შვილებს ქოლავენ, თითქოს თავად უცოდველები იყვნენ. საყალბეთელებს, ამასთან ერთად, წარსულის, ისტორიის გაფეტიშება უყვართ. ისინი მხოლოდ წარსულით ცხოვრობენ და მისტირიან იმ დროს, როდესაც მათი ქვეყანა საყალბეთი არ იყო. მთელი ისტორია ქვასა და ბრინჯაოში ჩაყინეს, გააძეგლეს. ფესვებს უბრუნდებიან, რათა ისინი საკუთარი ხელით გადაჭრან. როგორც აღვნიშნე, საყალბეთელები შეეგუენ ყალბ აწმყოს და საერთოდ არ იყურებიან მომავალში, რადგან ის ბუნდოვნად ესახებათ. მინდა ისიც გითხრა, რომ ყალბები ბებრებად იბადებიან და ბავშვებად იხოცებიან.

შენ კი, მშვიდად იყავი, ჩემო მეგობარო, რადგან იმ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. ჩვენთან გაზაფხული შემობრძანდა. ჩვენს საყვარელ ქალაქში კი, გაზაფხულობით სიყვარული ზეიმობს. ტყეებში ამ დროს ირმების მყვირალობა იწყება.

ქალაქში კი, უკვე კარგა ხანია, მყვირალობა დაიწყო, მაგრამ მარტოოდენ მყვირალობა.

No comments:

Post a Comment