Monday, March 25, 2002

პროფესიონალ მუსიკოსებს დილეტანტების მოზღვავება თრგუნავთ

ოთარ ტატიშვილი – კომპოზიტორი, რომელსაც საუკუნის ნოსტალგია აქვს, მაგრამ არ უყვარს „საუკუნის ნოსტალგია“

დღეს ქართულ მუსიკალურ სცენაზე ძირითადად ერთი და იგივე მუსიკოსები ტრიალებენ, რომლებიც ხშირად, ერთსა და იმავე, მოდური (თუ შეიძლება ასე ითქვას) კომპოზიტორების სიმღერებს ასრულებენ. მიუხედავად ამისა, საქართველოში უამრავი ნიჭიერი, პროფესიონალი მუსიკოსია, რომლებიც დღეს ერთგვარად ჩრდილში დგანან. მათ, რატომღაც ნაკლებად უფასდებათ შრომა, მაგრამ საკმაოდ ბევრი გულწრფელი თაყვანისმცემელი ჰყავთ.

წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს – ოთარ ტატიშვილს, რომელმაც ჩემთან საუბარი 70-იანი წლების გახსენებით დაიწყო.

----------------------------
მცირე პრეს-დოსიე
----------------------------
ოთარ ტატიშვილი დაიბადა თბილისში 1955 წელს. თბილისის კონსერვატორიაში დაამთავრა ორი ჯგუფი: საფორტეპიანო და კომპოზიციის.
მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ხელოვანია – ერთდროულად არის კომპოზიტორი, პიანისტი, მომღერალი, პედაგოგი, მხატვარი. უამრავი სიმღერის, საფორტეპიანო კონცერტებისა და მიუზიკლის ავტორია. მისი სიმღერები რეპერტუარში შეტანილი აქვთ: ნანი ბრეგვაძეს, მერაბ სეფაშვილს, ეკა კვალიაშვილს, სოსო პავლიაშვილს, თამარ გვერდწითელს, ია ჩანტლაძეს, ქეთა თოფურიას და სხვებს.
70-იანების მიწურულსა და 80-იანების დასაწყისში ჰყავდა ანსამბლი „მერანი“. იყო ტელევიზიის საესტრადო სიმფონიური ორკესტრის დირექტორი. მას დიდი აღიარება ჰქონდა ინგლისშიც. ჰყავს მეუღლე და ოთხი წლის ვაჟი.
--------------------------------------------------------------------------

ოთარ ტატიშვილი: – 70-იანი წლები მუსიკალურად უმდიდრესი წლები იყო. როკმა რევოლუცია მოახდინა საერთოდ მუსიკაში. საბჭოთა წყობაში პოპულარულ მუსიკას კლასიკოსები ცოტა ამრეზით უყურებდნენ. კონსერვატორიაში სწავლისას ჩვენ ვაკვირდებოდით ახალ მუსიკას. ვუკრავდით ჯაზურ იმპროვიზაციებსაც. ჩემთან ერთად კურსზე სწავლობდნენ: რომა რცხილაძე, ირმა სოხაძე, ხათუნა ხუციშვილი (გიო ხუციშვილის და, რომელიც ახლა ამერიკაში ცხოვრობს) და სხვები. ჩვენ ერთად დავდიოდით კონცერტებზე, ვუკრავდით. უკვე ის პერიოდი იყო, როდესაც დასავლეთიდან შემოდიოდა ფირფიტები. მათ ვიწერდით და ვუსმენდით. მახსოვს, ძალიან მომეწონა ბრიტანული ჯგუფი „Genesis“. ამ დისკებს შორის იყო ელტონ ჯონის „ჰონქი შათ“, რომელმაც ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ალბომი სიახლე იყო მუსიკაში. მომხიბლა ფორტეპიანოს მიმართ მისმა ნოვატორულმა მიდგომამ. თვით ბილი ჯოელი ამბობდა – ელტონ ჯონმა ფორტეპიანოს დასარტყამის ფუნქციაც მისცაო. თანაც მის შემოქმედებაში გამორჩეულად იგრძნობა კლასიკური მუსიკის შეჭრა.

„პინკ ფლოიდი“ ყოველთვის მაოცებდა, რადგან მისი მუსიკოსები ზოგჯერ სამ აკორდში ახერხებდნენ უდიდესი მუხტისა და სულიერების ჩადებას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მნიშვნელობა არა აქვს მუსიკის გადმოცემის საშუალებას, მაგრამ პროფესიონალი მუსიკოსები მაინც ჯაზს, ჯაზ-როკს ვეტანებით, სადაც, ჩემი აზრით, ჰარმონიული პალიტრა უფრო მდიდარია, ხოლო გლობალურ როკში წინა პლანზე უფრო გულახდილობა, ემოციაა წამოწეული. მიუხედავად ამისა, თუნდაც „ლედ ზეპელინის“ „ქაშმირზე“ ვაფრენ.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე ხელოვნური დღევანდელ ქართულ თანამედროვე მუსიკაში?

– ფალიაშვილი ამბობდა: თუ ქართულ მუსიკას სისხლში რამე არ შეერია, ისე არ განვითარდებაო. მოდით, ფოლკლორს თავი დავანებოთ, რადგან იგი თვითმყოფადია. ხელოვნურობა ის იქნება, თუ გავლენის ქვეშ არ მოვექცევით. თავის დროზე ჩვენ პატარა ექსპერიმენტების გამო ლამის მტრებად გვაცხადებდნენ, მაგრამ, თუნდაც მე, საათობით ვიჯექი და რაღაც ახალს ვეძებდი – ბუნებრივი რომ ყოფილიყო.

საინტერესოა, რა გაგვიჭირდა ასეთი, რომ უკვე ორი წელია „საუკუნის ნოსტალგიას“ გვახვევენ თავს. რატომ ვუსმინო შეთითხნილ ტექსტებს, როდესაც შემიძლია დავჯდე და თავად „ბი ჯიზს“ ან სხვებს მოვუსმინო. ეს სამარცხვინოა. ბევრმა მართლა არ იცოდა, ამ სიმღერებს სინამდვილეში ვინ ასრულებს, ამიტომ, ერთი მხრივ, ეს შეიძლება კარგია, მაგრამ რომ დაფიქრდე, მაინც მარაზმია. ზაზა ხუციშვილს ეს პირდაპირ ავუხსენი, მაგრამ მან მომიგო – იყიდება და რა ვქნაო. საქართველო იყიდება! ბევრი შაბლონებით კარიერას იკეთებს. ისინი ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, პირდაპირ იღებენ უცხოურ მუსიკას. გადმოაქვთ ამ „ბექსტრიტ ბოისების“ მელოდიები და ქართულ სიტყვებს უხამებენ. გული მწყდება – ასე ბრმად ხომ არ უნდა გადმოიღო ყველაფერი? ბევრი დილეტანტი ნიჭიერია, მათ ყურიც, სმენაც, ტემბრიც აქვთ, მაგრამ მათი ნიჭი სწორად არ არის მიმართული.

დღეს საშინლად აქებენ არამუსიკოსებს, რაც ძალიან თრგუნავს პროფესიონალებს. გული მწყება, რომ მსოფლიოს დონის მუსიკოსები გვყავს, რომლებსაც არ იცნობენ. შეიძლება კაცი ნიჭიერი დილეტანტი აღმოჩნდეს, რომელსაც გზას დავულოცავ, მაგრამ სცენაზე 70% მაინც ხომ უნდა იყოს პროფესიონალი? ხომ არ შეიძლება ასივე პროცენტი დილეტანტი იყოს? რატომ უნდა მართოს საკონცერტო დარბაზები მეტალურგმა? რატომ უნდა იყოს მთავარი რეჟისორი ზოოვეტი? ამ შემთხვევაში ხომ ყველაფერი უფასურდება, ანუ რატომ გვისწავლია და გვიწვალია? გამოდის გრიბოედოვის „горе от ума“, რადგან ამდენმა ცოდნამ და ინტელექტმა დღეს ჩვენ შეგვბოჭა.

– როგორ ფიქრობთ, ვინ არის საქართველოში საინტერესო კომპოზიტორი, მომღერალი ან ჯგუფი?

– როდესაც ქართულ მუსიკას ვუსმენ, ვატყობ, რომ ბევრს კარგი გემოვნება აქვს, მაგრამ ზედმეტად დიდი ზეგავლენა იგრძნობა. მაგალითად, „მწვანე ოთახის“ მუსიკაში დიდი დოზით მესმის მაიკლ ფრენკსი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ჯგუფი მაინც ინტელექტუალურ მუსიკას ეყრდნობა. მართალია, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა არ არის ჩემი სტიქია, მაგრამ ბევრ მომენტში ის კარგ შთაბეჭდილებას ახდენს და მომწონს მისი შემოქმედება.

– ინგლისში როგორ აღმოჩნდით და როგორ დააინტერესეთ იქაური მსმენელი?

– BBC-ის რადიოში აღვმოჩნდი, როგორც რადიოჟურნალისტი (მაშინ რადიო „ევრიკაში“ ვმუშაობდი). ერთხელაც იქ რადიო-სტუდიაში სინთეზატორზე ჩემთვის ვუკრავდი. როდესაც პაუზა გავაკეთე, ტაშმა იქუხა, თურმე სტუდიაში მიკროფონები ყოფილა ჩართული. ერთ-ერთმა მუსიკალურმა წამყვანმა იქვე პირდაპირ ეთერში მიმიწვია. ინგლისში წაღებული მქონდა ჩემი ინგლისურენოვანი ალბომი. ორი სიმღერა ეთერში გაუშვეს, თან ცოცხლადაც დამაკვრევინეს. საოცრად ბედნიერი ვიყავი. შევხვდი რუსული „ბი-ბი-სის“ ლეგენდარულ მუსიკალურ წამყვან სევა ნოვგოროდცევს. გავწევრიანდი ელტონ ჯონის ფან-კლუბში, რომლის ქსელი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მათ გავუგზავნე ჩემი კასეტა.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ 1997 წელს ფან-კლუბიდან მივიღე მოწვევა და ძალიან თბილი გამოხმაურება. იმ წელს აღნიშნავდნენ ელტონ ჯონის დაბადების 50 წლისთავს. ამ დღისთვის სიმღერაც მოვამზადე. ინგლისში ამ თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დავუკარი ჩემს მოწაფესთან, მომღერალ კოტე ჩუმაშვილთან ერთად. ფინური პრესა ჩვენს გამოსვლაზე წერდა: ქართველებმა ყველას გული აუჩუყესო. როგორც გამონაკლისს, შემომთავაზეს კომპაქტ-დისკის გამოშვება, რომელშიც ნაწილობრივ ელტონ ჯონის და ნაწილობრივ საკუთარ სიმღერებს შევასრულებდი. სწორედ მაშინ გარდაიცვალა პრინცესა დიანა. ფან-კლუბიდან შემატყობინეს, რომ ეს დისკი შესაძლოა პრინცესას მივუძღვნათო. შევთავაზე, რომ მასზე სიმღერას დავწერ მეთქი, მაგრამ მათ უარი შემომითვალეს, რადგან თავად ელტონმა მიუძღვნა სიმღერა და უხერხულიაო. მაინც დავწერე და მათ გავუგზავნე, იქიდან ფაქსი მივიღე, სადაც ისინი აღრფთოვანებას გამოხატავდნენ და ეს სიმღერა დისკზე დაიტანეს. დეკემბრისთვის ლონდონში შედგა ფირფიტის პრეზენტაცია, სადაც დიდი პატივით მიმიღეს. სამწუხაროდ, თავად ელტონ ჯონს ვერ შევხვდი. როგორც შემდეგ შემატყობინეს, ჩემი მასალები „ეი-ბი-სი“-ში სამჯერ გავიდა, ლონდონის სხვა რადიოებშიც დაატრიალეს და ელტონ ჯონსაც ძალიან მოსწონებია. ეს დისკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც გაიგზავნა. ისიც მითხრეს, რომ ალბომში შესული სიმღერა „Sometimes“ ელტონს რომ დაეწერა, ჰიტი გახდებოდაო.

– ქართულ თანამედროვე მუსიკაში როდის გამოსწორდება სიტუაცია?

– მინდა გულახდილად გითხრათ, რომ თამამი და პროტესტული მუსიკალური კრიტიკა მხოლოდ თქვენს გაზეთში იბეჭდება. მუსიკათმცოდნეები კი გვყავს, მაგრამ ამ სფეროს მარტო კონსერვატორიული ცოდნა არ უშველის. სამწუხაროდ, მუსიკალური ჟურნალიც არა გვაქვს. მე იმ უსახურობას ჟურნალებს ვერ დავარქმევ, რომლებიც შოუბიზნესის გაშუქებას ჩემულობენ. მათში თქვენი სტატიისა არ იყოს, მხოლოდ იმაზე წერენ, ვინ ვისთან წევს და ა. შ. მთელს ქალაქში ისეთი გოგონების მაიმუნურ პოსტერებს ავრცელებენ, ელემენტალური ნოტი რომ არ იციან და ამ დროს, დიდი პრეტენზიები აქვთ. მართალია, ვისაც სურვილი აქვს, ყველამ უნდა იმღეროს, მაგრამ დავიცვათ სუბორდინაცია, ზომიერება.

შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ყველაფერი კორუმპირებულია, მათ შორის, ესტრადაც. დიდ კომპრომისებზე უნდა წახვიდე, რომ აქაურ კანონებს დაექვემდებარო. მეც შემიძლია ბევრ ადგილას საქმეები ჩავაწყო, რადგან გავლენიანი ნათესავები და სამეგობრო მყავს, მაგრამ ამას არ გავაკეთებ.

No comments:

Post a Comment