Tuesday, January 21, 2003

გადამშუშველები

ნაღდი ხელოვნება და შემოქმედება მრავალფეროვანია. არ შეიძლება ხელოვნების თუნდაც ერთ მიმდინარეობაში ერთგვაროვანი პროდუქცია იქმნებოდეს, თუკი მას ნამდვილი შემოქმედები ქმნიან. ყველაზე მეტად ხელოვნებას ერთგვაროვნება და მიმბაძველობა არ უხდება, რაც საბოლოოდ ე. წ. პლასტმასის ხელოვნებაში გადაიზრდება. „ხალტურა“ და „ასლირება“ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მასკულტურას თუნდაც იმიტომ, რომ მასკულტურაში კულტურაც იგულისხმება. შესაძლოა კულტურა იყოს იაფფასიანი (თავისი შინაარსით), მაგრამ მისი შექმნისთვის მაინც დიდი ძალისხმევაა საჭირო და იგი თვით ექსპერიმენტებსაც არ გამორიცხავს.

საქართველოში ადამიანს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ჩვენს მასკულტურას მხოლოდ შავი ფერი აქვს. ფიზიკის კანონებით კი შავი ფერი ყველანაირ სხივს შთანთქავს და არაფერს ირეკლავს, განსხვავებით სხვა ფერებისგან. ზოგიერთი ხელოსანი (ვითონ ხელოვანი) ქართველი ყველაფერს სიშავესავით შთანთქავს, ანუ იგი ძალიან ბევრ ასლირებას აკეთებს თუნდაც დასავლური მასკულტურიდან. თანაც ისე, რომ მას საკუთარ თავში არ გადახარშავს, უკან კი სიმახინჯეს აბრუნებს. მოკლედ რომ ვთქვა, შთანთქავს და აღარაფერს აბრუნებს, რადგან აბსოლუტურ სიგონჯეს აღარ შეიძლება მასკულტურა ვუწოდოთ.

საქართველოში ყველა სტუმარს თვალში ხვდება ჩვენი უსაზღვრო სიყვარული შავი ფერისადმი, რომელიც თუნდაც ჩვენს ჩაცმულობაში ვლინდება. ეტყობა, გაუსაძლის ყოფაში გადაგვავიწყდა, რომ ამ ქვეყნად შავი და მუქი ფერების გარდა ცისარტყელას ნათელი ფერებიც არსებობს. ჩვენი მასობრივი შემოქმედებაც, მიუხედავად ვითომ მრავალფეროვნებისა, მაინც მუქი, ნაცრისფერი და ერთგვაროვანია. სამწუხაროდ, არამასობრივი კულტურაც ფერთა სიმრავლით ვერ დაიტრაბახებს.

რა თქმა უნდა, ფერთა სიჭრელე თვალისმომჭრელია, მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანი უკრავდეს თუნდაც ლურჯ, მწვანე, იისფერ, ყვითელ, წითელ ან სტაფილოსფერ მუსიკას. ღმერთმა ყველა ფერი თანაბრად მოგვცა და ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ფერი, ამ შემთხვევაში თუნდაც მუსიკალური ბგერა სურვილისამებრ გამოვიყენოთ.

ამას წინათ ჩვენმა ამერიკელმა მეგობარმა, ჩიკაგოელმა ბლუზმენმა პოლ (პავლე) რიმპოლმა აღნიშნა, რომ ერთი შეხედვით ერთფეროვან ბლიუზშიც კი არსებობს რამდენიმე ფერის განშტოება: „შავი“, „თეთრი“ და „ციფერი“ (ანუ სევდიანი). ფერთა სიმრავლეა მუსიკის თითქმის ყველა სტილსა და მიმდინარეობაში, როდესაც მუსიკას ნამდვილი შემოქმედი ქმნის და არა ვინმე პლაგიატი. უცხოეთის მასკულტურაში თვით დალტონიზმით დაავადებული ჯორჯ მაიკლი ძალიან მრავალფეროვან მასობრივ მუსიკას აკეთებს, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვა.

მეკობრე მუსიკოსი ფერად მუსიკას ვერასოდეს შექმნის. ვისაც „გეპეიში“ უსწავლია, მან კარგად უწყის, რას ნიშნავს სიტყვა „გადაშუშვა“. ეს არის პროცესი, როდესაც ღამის სანათურზე დადებულ მინაზე ასლის ქაღალდით შენს ვატმანის ქაღალდზე სხვისი ნახაზის კონტურები გადაგაქვს და მერე მას საკუთარ ნამუშევრად ასაღებ. სწორედ ასეთი „გადამშუშველებითაა“ პირთამდე სავსე დღევანდელი ქართული მუსიკალური მასკულტურა. კონტურებს კი, მოგეხსენებათ, არა აქვს ფერი, ამიტომ მოპარული სიმღერები იმის საცოდავი ასლია, რაც დასავლეთში შექმნილა.

ჩემი აზრით, საშინელებაა ერთფეროვანი, მკვეთრად მუქი ფერის, თანაც მოპარული სიმახინჯის ყოველდღე გაგონება (აბა, მისი მოსმენა როგორ შეიძლება?). ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ მუსიკის მოსმენა და გაგონება. რადგან მოსმენას, ისევე, როგორც მის შექმნას, ცოდნა, ფანტაზიის ქონა და ფერების შეგრძნება უნდა, ხოლო გაგონებას მარტო ყურებიც ყოფნის.

აბსოლუტურად ყრუ ბეთჰოვენი საოცრად მრავალფეროვან გენიალურ მუსიკას ქმნიდა, მაგრამ ჩვენი „ყურებიანი“, მაგრამ სმენა და ხედვადაკარგული „კომპოზიტორები“ საშინელ ე. წ. „შლიაგერებს“ წერენ (შლიაგერი ძალიან მაგარი რუსული სიტყვაა არა?). ბევრი ბრმა შემოქმედი უკეთ შეიგრძნობს მუსიკალურ მრავალფეროვნებას, ვიდრე თვალისჩინის მქონე, მაგრამ სინამდვილეში ბრმაზე უფრო ბრმა მომღერალი. ისევე, როგორც მუსიკას, ფერებსაც გულით აღქმა სჭირდება და არა მარტო დანახვა.

მუსიკალური ენერგეტიკა აუცილებლად მრავალფეროვანებასა და ფერების ერთმანეთისგან გარჩევას ითხოვს, თორემ „ხალტურშიკი“ ყოველთვის უფერო იქნება, როგორც ბრბო, როგორც მასა, რომელსაც ვირის ჭკუაც არ მოეკითხება. მუსიკას არა მარტო ყურებით, გულით უნდა ვუსმინოთ.

No comments:

Post a Comment