Tuesday, January 28, 2003

უიუმორობა

„ვისაც იუმორის გრძნობა არა აქვს, იმის გრძნობა მაინც უნდა ჰქონდეს, რომ იუმორის გრძნობა არა აქვს,“ – ეს გამონათქვამი ალბათ კარგად ესადაგება იმ სიმღერებს, ვიდეოკლიპებს, თუ სარეკლამო რგოლებს, რომლებიც დღეს ქართული ელექტრონული მედიის საშუალებით ეთერში გადაიცემა. მუსიკაში იუმორი, ალბათ არავისთვისაა უცხო და თვით კლასიკოსებიც კი ხუმრობდნენ. მაგალითად, ერთ-ერთმა ცნობილმა კომპოზიტორმა მეტად ორიგინალური სიმფონია დაწერა, რომელშიც ძალიან ხშირად, მშვიდ ნაწილებში მოულოდნელად დაფდაფების ცემა ატყდებოდა. როდესაც ჰკითხეს, რატომ დაწერეთ ასეთი კონტრასტული მუსიკალური ნაწარმოებიო, კომპოზიტორმა ღიმილით უპასუხა: იმიტომ, რომ დარბაზში არავის ჩაეძინოსო. ასეთი თვითკრიტიკულები იყვნენ და არიან დიდი ადამიანები, ანუ ისინი, ვისაც იუმორის გრძნობა აქვთ.

ჩვენს ქვეყანაში რამდენჯერმე ეცადნენ ვიდეოკლიპებში რამდენიმე იუმორისტული შტრიხი მაინც შეეტანათ, მაგრამ ჯამში, ამის არც ერთი ნორმალური ნიმუში არა გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ეს მცდელობა უფრო ფსევდოხუმრობაა, რომელზეც არამც თუ გაგეცინებათ, ვერც გაიღიმებთ. დღეს ქართულმა ბოიბენდებმა მოდაში შემოიღეს პლაჟზე გადაღებული კლიპები, სადაც ვითომ საყვარელი ბიჭები, ასევე „საყვარელ“ გოგონებს „მხიარულად“ ეტიგლიცებიან და საბოლოო ჯამში, კლიპის ნახვისას ალბათ მხოლოდ თავად იფხრიწებიან სიცილით. ჰა-ჰა-ჰა, რა სასაცილოა – როდესაც მომღერალი ბიჭი ვიღაც არამომღერალ გოგონას მისდევს (თუნდაც ის რომელიმე პირველყოფილი ტომის ფორმაში იყოს ჩაცმული), ფეხი უცურდება, ცხვირ-პირი სილით ესვრება! არა, დედას გაფიცებთ, ხო მაგარია? პირდაპირ „დავოსდი“ სიცილისგან!..

ღმერთმა საკისკისოდ და სახარხაროდ მოგვცეს საქმე, მაგრამ რასაც ჩვენი „დიდი შოუბიზნესის“ მესვეურები ვითომ ხუმრობით აკეთებენ, სასაცილო კი არა, სატირალიც კია. სატირალია, როდესაც ვინმე სცენაზე ამხედრებული არამუსიკოსი ცდილობს თავისი უნიჭობით გაგაცინოს ან გაგაღიმოს და „ხუმრობს“. უფრო სწორედ, ამას ცდილობს, მაგრამ რა უნდა ქნა, როდესაც არაფერი გამოსდის? ზრდილობისთვის უნდა გავიცინოთ? ზრდილობისთვის შეიძლება კაცმა მაშინ გაიცინოს, როდესაც მეორე მისი თანდასწრებით უკბილოდ ხუმრობს, თორემ ტელევიზორში ან სცენაზე ასეთ სისულელეზე გაცინება უკვე უზრდელობაა, ან კიდევ იუმორთან მწყრალად გვქონია საქმე.

„სასაცილოა“ ჩვენი სატელევიზიო სარეკლამო რგოლებიც, რომლებშიც იუმორის გარდა თითქმის ყველაფერია (რა თქმა უნდა, ქართულ სატელევიზიო რეკლამებს ვგულისხმობ) – ძაღლების ყმუილით დაწყებული, ვითომ ბედნიერი ოჯახის წევრების სიფათებით დამთავრებული. თუმცა ამ ფრონტზე მეტი იუმორი შეიმჩნევა, ვიდრე საესტრადო ბაზარზე. ყველაზე საშინელი მაინც კბილის პასტებისა და სარეცხი ფხვნილების ყოვლად იუმორსა და შინაარსს მოკლებული უაზრო რგოლებია. გაუგებარია, როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს იმ დოზის ბედნიერება მიანიჭოს სარეცხმა ფხვნილმა, ქალის ტამპონმა, კბილის პასტამ, როგორც ეს ამ რგოლებშია ნაჩვენები.

მას, ვინც იუმორისტულად უდგება კლიპებისა და სარეკლამო რგოლების გადაღებას, ყოველთვის ავიწყდება, რომ ნებისმიერ სატელევიზიო პროდუქციაში აუცილებლად უნდა ჩანდეს მწარმოებლის მახვილგონივრულობა და ორიგინალურობა. საქართველოში კლიპებში ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ ე. წ. ელიტურ კლიპმეიკერებთან, მაგრამ ეს კლიპები ტელემაყურებელს მხოლოდ ორი-სამი თვე თუ ახსოვს. მერე ავიწყდება და ეს ბუნებრივია, რადგან იმას, რაც არ არის ღირებული, ხალხი მალე ივიწყებს და სანაგვეზე აგდებს.

ორიგინალური კლიპი ან მუსიკალური ფილმი შეიძლება საყოფაცხოვრებო ტექნიკაზეც გადაიღოს ნიჭიერმა ადამიანმა, როგორც ეს 80-იან წლებში გააკეთა ბრიტანულმა პოპ-ჯგუფმა „დეპეშ მოდმა“, რომელმაც თავისი პროექტი სამოყვარულო კინოკამერით გადაიღო. თუმცა ამ პროექტს დიდი სიამოვნებით უყურებენ დღესაც. რა თქმა უნდა, კლიპის მაღალი ბიუჯეტი მისი ხარისხის გარანტიაა, მაგრამ ტექნიკურ ხარისხთან ერთად მთლიანად პროდუქტიც ხომ უნდა იყოს თუ მახვილგონივრული არა, ორიგინალური მაინც.

აი, მერე უკვე შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ ამა თუ იმ კლიპის ავ-კარგიანობასა და ორიგინალურობაზე. დღეს კი, როდესაც საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ვიდეოპროდუქცია, რომელიც მართლაც წააგავს კლიპს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ არადა, მაშინ უნდა ვთქვათ ის, რასაც მათი უმრავლესობა იმსახურებს. ხმამაღლა უნდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი ქართული კლიპების აბსოლუტური უმრავლესობა სატელევიზიო ნაგავია, რომელიც რეალურად ასახავს იმ უზნეობასა და ეროვნული ცნობიერების გადაგვარებას, რაც საერთოდ ჩვენს მშობლიურ ესტრადაზეა გამეფებული, ანუ არც სიმღერა, არც ტექსტი და არც კლიპი, მხოლოდ – ყოველგვარ იუმორსა და გონებამახვილობას მოკლებული მარაზმი.

No comments:

Post a Comment