Monday, January 13, 2003

გიზანდლი

ჩემო მეგობარო, ალბათ, ხშირად გაგიგონია, რომ ქართული სუფრა აკადემიაა. თუ ასეა, მაშინ ქართული სუფრის წევრები აკადემიკოსები ყოფილან. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, გარუსებამდე, ანუ სანამ საქართველოს რუსები დაიპყრობდნენ, ქართულ სუფრა მართლაც სანიმუშო ყოფილა თავისი ტრადიციებითა და ადათ-წესებით. და რაც მთავარია, ქართულ სუფრაზე ყოველთვის ჟღერდა ქართული მრავალხმიანი სიმღერა, რომელთა უმრავლესობაც, სწორედ იქვე იწერებოდა და მერე ვრცელდებოდა. ქართველები თავიანთ სიმღერებში რას აღარ უმღეროდნენ, – ვაზით და სამშობლოთი დაწყებული, ლამაზი ქალით დამთავრებული.

შენ ალბათ უკვე მიხვდი, რაზეც იქნება დღევანდელი ჩვენი სვეტი. იქნებ მირჩიო, რა დავარქვა ქართველთა დღევანდელ საზეიმო თავყრილობებს: სუფრა, ქეიფი, ღრეობა თუ ღრიანცელი? თავისთავად ცხადია, ქართული სუფრა არ არის შვედური მაგიდა. მკარნახობ, რომ დღევანდელი ქართული სუფრა უფრო ღრეობაა, ვიდრე სუფრა ან ქეიფი მაინცო. ყველაზე თვალშისაცემი დღევანდელ ქართულ ღრეობაში, მაინც მისი მუსიკალური ფონია. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა რესტორანში ან მსგავს დაწესებულებაში, ან თუნდაც, ვინმესთან სახლში, უნახავს, რომ მუსიკოსები უმრავლეს შემთხვევაში ფსევდო ქართული ხმებით ათასგვარ სისულელეზე მღერიან. ისიც უნდა ითქვას, რომ რესტორნებში, ხშირ შემთხვევაში, იმაზე უკეთესი მომღერლები არიან, ვიდრე თანამედროვე ქართულ ესტრადაზე (ცოცხლად მაინც მღერიან). თუმცა მათი ბრალი მხოლოდ ისაა, რომ რესტორნის კლიენტურას მაინც იმ სიმღერების „დაზაკაზება“, ანუ შეკვეთა უყვარს, რაც დღეს მოდაშია ესტრადაზე. აქედან გამომდინარე კი, რესტორნის მუსიკოსები მღერიან იმას, რაც კლიენტს აინტერესებს.

სწორედ ამიტომ გაქრა ქართული სუფრიდან სამხმიანი ხალხური და გიტარაზე დამღერებული ქალაქური სიმღერები. ქართულ სიმღერებს პირველი დარტყმა რამდენიმე საუკუნის წინ ირანულმა, აშუღურმა ერთხმიანმა სიმღერამ მიაყენა. მათმა „შემოქმედებამ“ ძალიან შეავიწროვა ნამდვილი ქართული ჰარმონია და თბილისში დღესაც უყვართ ზურნა-დუდუკზე ქეიფი და ამას რატომღაც ქალაქურ მუსიკას ეძახიან. თუმცა, აშუღურმა მუსიკამ ქართულს ისე ძლიერ მაინც ვერ ავნო, როგორც ჩვენი ესტრადის სიმღერებმა.

ჩემო მეგობარო, შენ ალბათ უკვე მოისმინე „რადიო 101“-ის ერთ-ერთი არტი, სადაც მთვრალი „ახალი ქართველი“ ერთ-ერთი პოპსა სიმღერის ტექსტის პერიფრაზირებით ღიღინებს (ღმუცუნებს): „მითხარი, კიდევ მითხარი, რომ ეს არ ყოფილა შიმალი... თუ გიზანდლი... თუ ნისკარტი... თუ როგორ არის ეგა?“. და როგორც ეს არტი მთავრდება, ეს, მართლაც ეგრეა – ქართულ სუფრას თავის სიმღერებიან-სადღეგრძელოებიანად დღეს, შეიძლება „გიზანდლი“ ვუწოდოთ. ჩვენ, ქართველები, სუფრაზე სულ მთლად გამოვშიმალდით.

ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ „ერთმანეთის სიყვარულით“ გულანთებულები ხშირად მისაალერსებლად, ამ დამადეგენერატებელი სიმღერების ფონზე, მთვრალები ვატრიალებთ ცივ, ცხელ თუ თბილ იარაღებს, საკუთარ დედებს ვაგინებთ და მერე უკიდეგანო სამშობლოს სადღეგრძელოებს ვსვამთ, მაგალითად, ასეთს: „საქართველო მთაგორიანია და ამიტომ დაკუჭული, მარა თუ გავშალეთ, ჩვენხელა ქვეყანა არავის ექნება“!

მართლაც, გიზანდლი, შიმალი და ნისკარტია ეს ყველაფერი. „უკიდეგანოსი“ კი, რა მოგახსენოთ! ადრე, საბჭოთა კავშირის დროს მოდაში იყო ეს სადღეგრძელო, მაგრამ დღეს, როდესაც ტერიტორიები გვაქვს ჩამოჭრილი, ნეტა, რას უნდა ნიშნავდეს?

ერთმა ახლობელმა მომიყვა, რომ ამ საახალწლოდ, ერთ-ერთ თბილისურ რესტორანში თანამედროვე დიჯეები მოუწვევიათ. რესტორნის მეპატრონეს უფიქრია, საახალწლო ღამეს ხალხი თანამედროვე ელექტრონული საცეკვაო მუსიკით გაერთობა და იცეკვებს კიდეცო. ახალმა ქართველებმა ცოტა ხანს ითმინეს და მერე რესტორნის მეპატრონეს, თურმე, იარაღით მიუვარდნენ: სასწრაფოდ მუსიკოსები მოგვიყვანე, თორემ ამ დიჯეებს აქედან ცოცხლებს არ გავუშვებთო. მეტი რა ჩარა იყო, რესტორნის მეპატრონე გაქცეულა და მუსიკოსები (იგივე „მუზიკანტები“, „ჯუზიკანტელები“) მოუყვანია. ჰოდა, დაწყებულა ტრადიციული „ქართული“ გიზანდლობა, შიმალობა და ნისკარტობა. გაიხარა თურმე „ქართველობამ“, – წამოსულა და წამოსულა მერე ყანწები, ე.წ. განსხვავებულები და „წავიდა ჰეე, ის ცხოვრება აღარ არის“...

შენ ალბათ მეტყვი, ჩემო მეგობარო, რომ ქართულ სუფრულ სიმღერებს შველა ჭირდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ, თავად უნდა ვუშველოთ საკუთარ თავს და არა იმას, რამაც საუკუნეები გამოიარა. ქართული სიმღერა, თუნდაც, სუფრული, მაინც გადარჩება, მაგრამ შეიძლება დღევანდელი თაობა გამოგვიშიმალდეს და ქართული სუფრის ნაცვლად თავი ამოჰყოს რაღაც გიზანდლზე, რომელსაც ვერც ერთი ესტრადის „ვარსკვლავი“ ვერ უშველის.

No comments:

Post a Comment