ამბობს ხატმწერი, რომელიც ბზაზე გამოკვეთილ ხატს მოსკოვში ფეხით მიაბრძანებს
საქართველოში ბზაზე კვეთა ისტორიული ხელობაა. თუმცა ეს ტრადიცია, სამწუხაროდ, თითქმის დავიწყებას მიეცა. ქართველი ბზაზე მკვეთელი სერგო ბოგდანოვი აპირებს, საკუთარი ხელით გამოკვეთილი ერთ-ერთი აღთქმული ხატი თბილისიდან მოსკოვში ჩაიტანოს, რათა ამ ორ ქვეყანას შორის მშვიდობა დამყარდეს.
ხატმწერი 14 წელი ციხეში იჯდა. მას აღთქმა აქვს დადებული, რომ ხეზე 12 ხატს გამოკვეთს და ტაძრებს შესწირავს. სერგო ბოგდანოვმა უკვე მიიღო კურთევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან, რომ ხატი სააღდგომოდ მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში ფეხით ჩაიტანოს, შესწიროს მას და შეხვდეს სრულიად რუსეთის პატრიარქს. მას სურს, რუსეთის სულიერი მწყემსთავრისაგან აიღოს კურთხევა იმ ხატის დამზადებაზე, რომელსაც თბილისში მშენებარე საკათედრო სამების საკათედრო ტაძარს შესწირავს. ბოგდანოვის ვარაუდით, 2000 კილომეტრს ის 100 დღეში მეუღლესთან ერთად გაივლის.
სერგო ბოგდანოვი თვითნასწავლი ხეზე მკვეთელია. მას ჰყავს მეუღლე, ჟურნალისტი ქეთევან მინაძე და ორი შვილი (თეა და ბესო). ჩვენი გაზეთი თხოვნით მიმართავს ყველა ბიზნესმენსა თუ მეცენატს, დააფინანსოს მისი მგზავრობა.
ოსტატის თავგადასავალი და მის მიერ გაკეთებული ხატების ისტორია
სერგო ბოგდანოვი: 14 წლის განმავლობაში ციხეში ვიჯექი. ოთხჯერ მოვიხადე სასჯელი და ყოველთვის მაშინ მიჭერდნენ, წინა დღეს ეკლესიაში რომ სანთელს დავანთებდი. ერთხელ ციხეში ახლობელი გარდამეცვალა და ტაძარში წავედი. მეორე დღიდან ბზაზე კვეთა დავიწყე. არასოდეს დამიხატავს რამე, არც მაინტერესებდა. მაშინ ღმერთს აღთქმა მივეცი, 12 ხატს გავაკეთებ-მეთქი. პირველი ხატი 17 დღეში გამოვკვეთე. მაშინ სასჯელის მოსახდელად 4 წელი მქონდა დარჩენილი და ვიფიქრე, ამ დარჩენილ დროში თორმეტივეს გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ მეორე ხატს ოთხი თვე დასჭირდა, მესამეს – ხუთი, მეოთხეს – ექვსი და რაც დრო გადიოდა, ხატებზე მუშაობას უფრო მეტ დროს ვანდომებდი. თუ რაზე უნდა ვიმუშაო, ღმერთი მკარნახობს ხოლმე. ჩემი მეექვსე ხატი იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარს შევწირე. იგი იერუსალიმში საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ჩააბრძანეს.
საქართველოს 8 ეკლესიას შევწირე ჩემი სხვადასხვა ხატი: პირველი ხაშურის ატოცის ეკლესიას, მეორე – ხონის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, მესამე – ერთ-ერთ საავადმყოფოს, მეოთხე – მცხეთის ჯვრის მონასტერს, მეხუთე – იერუსალიმს, მეექვსე – ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს (შემდეგ ეს ხატი ავჭალის ციხის ქვის ეკლესიაში გადმოაბრძანეს), მეშვიდე – ხონის წმინდა საბას სახელობის ახლადგახსნილ ტაძარს, მერვე – ლეჩხუმის წმ. გიორგის სახელობის ასევე ახალ ტაძარს, მეცხრე – კოჯრის უძოს სალოცავს, მაგრამ ამ უკანასკნელს შეწირულად არ ვთვლი. ეს არის დაბრუნებული ხატი...
ბავშვობაში, როდესაც 12 წლის ვიყავი, ეშმაკი შემიჩნდა და ზემოთ აღნიშნული ტაძარი გავტეხე და იქიდან ხატი მოვიპარე, რომელიც ორ დღეში დავკარგე. იმის მერე მე ფული პატიოსანი შრომით არ მიშოვია. არადა, სულ მინდოდა ტაძრისთვის რაღაც შემეწირა, მაგრამ მოპარული ფულით არ მინდოდა შესაწირის შეძენა. ერთმა მირჩია, ცხვარი მაინც შეწირე ტაძარს, ასე როგორ შეიძლებაო. მაგრამ არაპატიოსანი გზით ნაშოვნი ფულით რომ ცხვარი მეყიდა, უარეს ცოდვას არ ჩავიდენდი? ამ ტაძრისთვის პირველივე ხატის შეწირვას ვაპირებდი, მაგრამ არ გამოვიდა. ყოველ მომდევნო ხატზე ვაპირებდი, მაგრამ ვერც ერთი ვერ შევწირე. ბოლოს მეცხრე ხატს ღამის 12 საათზე (მაშინ დოლიძეზე ვცხოვრობდი) დავავლე ხელი, უცებ წამოვხტი და ტაძარში წყნეთის გავლით ფეხით გავაქანე. სხვათა შორის, მოხდა სასწაული, რა ბილიკითაც ჩამოვიტანე ბავშვობაში მოპარული ხატი, სწორედ იმ ბილიკით ამიყვანა ღმერთმა ტაძართან. იქაურობა რომ ნახოთ, 28 წლის წინანდელ ბილიკს კი არა, ვერაფერს გაარჩევთ. მივედი შუაღამისას, ხატი დავტოვე და უკან წამოვედი ისე, რომ არავისთვის შემიტყობინებია. თუ ვინმემ წაიღო ის ხატი, ალბათ იმასაც 12 ხატს გააკეთებინებს ღმერთი.
მეთერთმეტე ხატს, ღვთის ნებით, „სამების“ ტაძარს შევწირავ. მსურს, მე-12 ჯვარცმის სახელობის ხატი ამერიკაში გავაგზავნო. როგორც ჩემთვის ცნობილია, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დანგრეულ „ტყუპებთან“ ახლოს მართლმადიდებლური ტაძარი ყოფილა და იმას მინდა საქართველოს სახელით შევწირო გარდაცვლილი სულების მოსახსენიებლად. ქართული მიწის ნათელი ამერიკაში ჩავა, რადგან ბზა, რომლისგანაც ეს ხატი უნდა გაკეთდეს, ჩვენს მიწაზე გახრდილი იქნება.
ღვთისმშობლის ერთ-ერთმა ჩემმა ხატმა ბულგარეთის მსოფლიო გამოფენაზე მეორე ადგილი აიღო. ამჟამად დამზადებული მაქვს მაცხოვრის ხატი, რომელიც ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით გამოვკვეთე. ჩემი მოძღვარია ხონის ეპარქიის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი იოანე.
რწმენა და რელიგია ადამიანში სიკეთეს აღძრავს. აქედან გამომდინარე, ის ქრისტიანი, ვინც ეკლესიაში დადის, გაკეთილშობილებულია. თუნდაც 51 პროცენტი სიკეთის მქონდე ადამიანიც კი კეთილია, რადგან მასში ბოროტი არ ჭარბობს. სამწუხაროდ, კეთილ ადამიანებს ამ ქვეყნად ძალაუფლება არა აქვთ, მორწმუნე ადამიანი არ კადრულობს ისეთ სიბინძურეს, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსი. ორ ერთმორწმუნე ქვეყანას – საქართველოსა და რუსეთს ეშმაკი ებრძვის და ერთმანეთს გვაშორებს. ჩვენ შეგვიძლია მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობის დამყარებაში.
თუკი ფეხით წავაბრძანებ ხატს, უფლება მომეცემა, რუსეთის პატრიარქ ალექსეი II-ს შევხვდე. აქედან მოსკოვამდე 2000 კილომეტრია. როდესაც ასეთ მანძილს ფეხით გაივლი, რა თქმა უნდა, პატრიარქს შეგახვედრებენ. ეროვნებით რუსიც ვარ და ქართველიც. მიუხედავად იმისა, რომ აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ, ძალიან მინდა, საქართველო და რუსეთი ერთმანეთთან მართალი იყოს. თან ამ ხატს ქართველი პატრიარქის კურთხევით ვწირავ რუსეთის საკათედრო ტაძარს. ასევე მინდა, რუსეთის პატრიარქის კურთხევით დავამზადო ხატი „სამების“ მშენებარე საკათედრო ტაძრისთვის. ეს იქნება ჩემი რიგით მეთერთმეტე ხატი.
გადავწყვიტე, მოსკოვში სამაჩაბლოდან, ჩრდილოეთ ოსეთის გავლით წავიდე. საქართველოს ტერიტორიაზე არ გამიჭირდება ღამის გათევა, ალბათ – არც რუსეთში, მაგრამ ამისთვის ათასი დოლარი მაინც უნდა მქონდეს, რომ ამხელა ტერიტორია გადავკვეთო.
კაცობრიობის კულტურას თუ გადავხედავთ, თუნდაც სკულპტურაში არსებობდა ძველი ბერძნული, ლათინური რენესანსი. ყველა რენესანსს თავისი სამუშაო მასალა ჰქონდა. მაშინ ყველაზე დახვეწილად თაბაშირი და მარმარილო ითვლებოდა. ვერც თაბაშირი და ვერც მარმარილო დროს ვერ უძლებს. ესპანეთში მეფის კარის ტაძარი 230 წლის წინ ბერნინმა მარმარილოში მოაპირკეთა. ისე დღესაც უბადლო ოსტატად ითვლება. მიუხედავად ამისა, მისი ნამუშევრები თანდათან იშლება. ბევრი მისი ნაკეთობა საჰაერო ბალიშებზეა, რომ მცირე მიწისქვეშა ბიძგებმა ვერ დაანგრიოს, თუმცა მაინც იშლება. ბზას კი ისეთი სტრუქტურა აქვს, საუკუნეებს თავისუფლად უძლებს.
ნებისმიერ კვეთაში ამობურცულობები და ჩრდილები ვიზუალურ ეფექტს ქმნიან. ამობურცულობების პრიალი კიდევ უფრო ააშკარავებს ოსტატობასა და ნაკეთობის ეფექტს. სწორედ ბზაა ის ერთადერთი ხე, რომელსაც ზედაპირი ბუნებრივად უპრიალდება. ამგვარ ბზვინვარებას თვით მარმარილოც ვერ იღებს. ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. ბზის რენესანსის დრო ჯერ არ დამდგარა. საქართველოდან შეიძლება ბზამ მსოფლიო აღიარება მოიპოვოს.
ამავე დროს, ვზის გადანაჭერს საოცარი სტრუქტურა აქვს. როდესაც ბზას გადაჭრი და გადანაჭერს გააპრიალებ, აუცილებლად გამოჩნდება საოცარი ნიშნები. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თითოეული ბზის გადანაჭერს გალაქტიკისა და გენეტიკური დნმ-ს სპირალური სტრუქტურა აქვს. კარგად რომ დააკვირდე, მასზე თითქოს პლანეტებიც ჩანან, რომლებიც პატარა მანათობელი წერტილის ირგვლივ მოძრაობენ. თუ ამ წერტილს გამადიდებელი შუშით დახედავ, აუცილებად ჯვარი გამოჩნდება.
საქართველოში ბზას ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. მაცხოვრის იერუსალიმში შესვლას ქართველებმა ბზობა შეარქვეს. ჩვენს ქვეყანაში ბზაზე კვეთის უძველესი სკოლა არსებობდა, განსაკუთრებით სვანეთში. ციხეში ერთი ხატის კეთებისას ერთმა პატიმარმა ბზაზე კვეთა ისწავლა, მეორეს კეთებისას – მეორემ. ჩვენი „ზონიდან“ პატიმრებმა სხვადასხვა ეკლესიას 12 ხატი შესწირეს. ქსნის კოლონიაში (სადაც ვიჯექი) ბოლოს 60 ადამიანი კვეთავდა ბზაზე. დარწმუნებული ვარ, ათ ბავშვს მაინც რომ ვასწავლო, მერე უფრო და უფრო მეტი ისწავლის. შეიძლება მომავალ საუკუნეში საქართველოში ბზაზე კვეთის ისეთი გენიოსი დაიბადოს, რომ მსოფლიო გააოცოს. სხვათა შორის, ბზაზე კვეთა არ არის მხატვრული ნიჭი. ის შეიძლება მოთმინებით შეიძლება კაცმა შეისწავლოს. ქრისტიანობა, თავის მხრივ, მოთმინებას გვასწავლის.
ქუჩაში ბევრი უპატრონო ბავშვია. თავის დროზე მეც ქუჩაში გავიზარდე. მერე ღმერთის სურვილით ბზაზე კვეთა ვისწავლე. ხომ შეიძლებოდა, სხვა გზას დავდგომოდი და საერთოდ არაფერი გამეკეთებინა? რა თქმა უნდა, ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩემს სულს დააკლდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ყველანი მოკვდავები ვართ. ჩემი სურვილია, ამ აღთქმული ხატების გამოკვეთის შემდეგ, უპატრონო ბავშვებს ბზაზე კვეთა ვასწავლო, რადგან ეს მადლი ღმერთმა მიბოძა.
სახელოსნო საერთოდ არა მაქვს. საჭრეთელებს საკუთარი ხელით ვაკეთებ. სხვათა შორის, ერთხელ გამოფენაზეც წავიღე ისინი და ყველა გაკვირვებული მეკითხებოდა, ამით როგორ კვეთ რამესო. საჭრეთელებს საკუთარი „ტექნოლოგიებით“ ლურსმნებითა და რკინის ნაჭრებით ვაკეთებ. სხვათა შორის, არც ერთი ჩემი ხატის მასალა ელექტროხერხზე გატარებული არ არის. მატერიალურად რომ არ მიჭირდეს და სახელოსნო მქონდეს, მაშინ მთელი დღე ვიმუშავებ. შემიძლია მთელი დღე ერთ წერტილს ვუყურო და ვიფიქრო, როგორ გავაკეთო. მე მგონი, ესეც ღვთის ნებაა.
ბზაზე კვეთა ძირითადად ხედვაა. თუ ვერ დაინახე, ვერ გამოკვეთავ. ახლა უკვე, როდესაც მეათე ხატამდე მივედი, პრაქტიკული ცოდნაც გამაჩნია. არადა, მინდა ხედვით ვაკეთო, რადგან უფრო სათნო ნამუშევარი გამოდის, ვიდრე ცოდნით გაკეთებული.
ჩემს რუსეთში ფეხით ჩასვლას მატერიალური მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ მჯერა, გამოჩნდებიან ღვთისნიერი ადამიანები. ღმერთი ზოგს ხეზე კვეთის ნიჭს აძლევს, ზოგს – ფულს. დაფინანსება თუ არ იქნა, მსვლელობა ძალიან გაჭირდება. ამას ამ ქვეყნებს შორის მშვიდობისთვის ვაკეთებ. ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა.
No comments:
Post a Comment