მამა თეოდორეს თქმით, ამ ხატის ასლებსაც კი დიდძალი მირონი სდის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“ იმ სასწაულთმოქმედ ხატებს შორისაა, რომლებიც მოხდენილი სასწაულებით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს აოცებენ. რამდენიმე ხნის წინ კი ამ ქართული ხატის ასლებმა რუსებიც აღაფრთოვანეს.
გაზეთი „ახალი ვერსია“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძრის დეკანოზის არჩილ მინდიაშვილის ლოცვა-კურთხევით „შენ ხარ ვენახის“ ხატის ფერად ასლს ბეჭდავს (მართლმადიდებლური კალენდრითა და პატრიარქის ფოტოსთან ერთად), რომელიც ჩვენს საშობაო საგაზეთო კომპლექტშია მოთავსებული.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატის შესახებ „ახალი ვერსია“ წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძრის მღვდელი თეოდორე გიგნაძე ესაუბრება.
– როდის დაიწერა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“ და ვინ არის მისი ავტორი?
– ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „შენ ხარ ვენახის“ ავტორი მხატვარი ირაკლი ცინცაძე გახლავთ, რომელიც წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძრის მრევლია. იგი არის დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის სულიერი შვილი. ხატის სულიერი ავტორი თავად მამა არჩილია.
ხატის შექმნის იდეა კაპადოკიაში ჩაისახა. დაახლოებით 9 წლის წინ მამა არჩილ მინდიაშვილის წინამძღოლობით კაპადოკიაში მომლოცველთა ჯგუფი იმყოფებოდა. იქ უამრავი გამოქვაბული და მონასტერია, რომლებიც დღეს არ ფუნქციონერობს, ამიტომ იქაური ხატები და ფრესკები დაზიანებულია, განსაკუთრებით კი წმინდანთა თვალები. ღვთისმშობლის ერთ-ერთი ფრესკიდან ბათქაში იყო ჩამოყრილი, დარჩენილს კი საქართველოს რუკის ფორმა ჰქონდა. ამ გადარჩენილ ფრესკაში მოთავსებული იყო ღვთისმშობლის სახე, კერძოდ – მისი თვალები. მას იმდენად მეტყველი თვალები ჰქონდა, ყველა მნახველი დაატყვევა. მაშინ მამა არჩილმა ირაკლი ცინცაძეს სთხოვა, დაემახსოვრებინა ღვთისმშობლის მზერა, ან ჩანახატი გაეკეთებინა, რომლის მიხედვითაც ახალი ხატი დაიწერებოდა. ამ ხატის დაწერას გარდა გარეგნული (თუ ამას გარეგნული შეიძლება ეწოდოს) წინაპირობისა, კიდევ სხვა წანამძღვრებიც ჰქონდა, რომლის შესახებაც მხოლოდ მამა არჩილმა უწყის.
„შენ ხარ ვენახის“ ხატი ტაძრის ასწლოვან უძველეს დარაბებზე დაიწერა. მისი დასრულების შემდეგ მისი კურთხევა წმ. ბასილი დიდისა და უფლის წინადაცვეთის ხსენების დღეს, 14 იანვარს (ახალი სტილით) ბუნებრივად მოხდა, ამიტომ ხატის ხსენების დღე 14 იანვარია. კურთხევის დღესვე ხატმა პირველი სასწაული მოახდინა. ტაძრის ერთ-ერთი მრევლის ქმარი ათეისტი იყო, რომელიც სარწმუნოებას ყოველთვის ცინიკურად უყურებდა. ერთხელ ცოლმა სთხოვა, გამოჰყოლოდა ტაძარში – ნახე მაინც, სად დავდივარო. ქმარი როგორღაც დათანხმდა. სხვათა შორის, მამაკაცს ორი ისეთი დაავადება სჭირდა, რომლებიც ვერ განკურნეს. ტაძარში მას ძალიან მოეწონა ფრესკები და გალობა... წირვის შემდეგ ხატის პარაკლისი გადაიხადეს. ბევრი ხალხის გამო ეს კაცი გარეთ ვეღარ გავიდა, იძულებული შეიქნა, რიგში ჩამდგარიყო და სხვებთან ერთად ხატისთვის ამბორი ეყო. მან იმწამსვე იგრძნო განკურნება და ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ საოცარი მორწმუნე გახდა.
კიდევ უამრავი სასწაული მოახდინა ხატმა, რომელთა ნაწილის შესახებ წიგნიც კი გამოვიდა და იგი მალე ხელმეორედ დაიბეჭდება. ადამიანები ხშირად ხედავენ, როგორ ბრწყინდება ხატი და მისი ნათელი მწირავ მოძღვარს, მთელ მრევლს, ან მხოლოდ ზოგიერთს ეფინება. ხატი სხვადასხვა დაავადებას კურნავს, მათ შორის, ონკოლოგიურსაც და რაც მნიშვნელოვანია – უშვილობას, მასთან პარაკლისის გადახდის შემდეგ. ჩვენთან ხშირად ბავშვები მოჰყავთ ხოლმე და გვეუბნებიან, ეს ბავშვი ამ ხატმა გვაჩუქაო. გუშინაც მოხდა მსგავსი შემთხვევა. სამი წლის წინ უკურნებელი ონკოლოგიური დაავადებისგან ჩემი ერთი სულიერი შვილი განიკურნა, რომელსაც ხატთან პარაკლისი გადავუხადეთ. ხატს განსაცდელებისგანაც დაუხსნია ადამიანები. იყო შემთხვევა, კაცი წყალში იხრჩობოდა და როდესაც ამ ხატს გადარჩენა შეევედრა, რაღაც ზებუნებრივმა ძალამ ნაპირზე გამოიყვანა. იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანებს საერთოდ არ უნახავთ ის და უმძიმესი დაავადების, აგონიის, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ყოფნის დროს, ამ ხატის სახით ღვთისმშობელი გამოცხადებიათ და განკურნებულან. ამის შემდეგ, როცა „შენ ხარ ვენახი“ უნახავთ, უთქვამთ, სწორედ ამ ხატმა მიხსნაო.
უამრავ შემთხვევაში ხატის ასლები კურნებებს ახდენენ. ორჯერ იყო შემთხვევა, როდესაც უნაყოფო ვაზთან ამ ხატის ასლი გაუბრძანებიათ და ვენახს ყურძენი მოუსხამს. აღნიშნულ წიგნში აღწერილია, როგორ მოექცა მართლმადიდებლად ერთ-ერთი იეღოველი, რომელიც უდიდესი ცინიზმით ეკიდებოდა ყველაფერ მართლმადიდებლურს, მათ შორის, ხატებსაც. ერთხელ მისი მეზობელი, რომელიც ჩვენი მრევლია, ამ ხატის ფოტოასლებს ჭრიდა. ეს რა არისო – ცინიკური ღიმილით უკითხავს იმ იეღოველს და ხატზე დაუხედავს. შეხედვისთანავე მას სახე დაუსერიოზულდა და შეშინებული სახლში შევარდა. თურმე მის თვალწინ ხატი გაცოცხლდა, ღვთისმშობელს თავშალი ჩამოუცურდა, თვალები გაუცოცხლდა, დაახამხამა. ამ სასწაულმა ამ გოგონაზე ისე იმოქმედა, რომ მართლმადიდებლობას დაუბრუნდა.
„შენ ხარ ვენახის“ ხატის ასლები 2002 წლის ზაფხულში რუსეთში წავაბრძანე. ერთ-ერთი ფსკოვის პეჩორის მონასტერში დავუტოვე მამა ვასილს, რომელიც მხცოვანი მოძღვარია (დაახლოებით 90 წლისაა) და წმინდა სერაფიმე ვირიცელის სულიერი შვილია. ერთი ხატი მასთან დავაბრძანე. მამა ვასილის წმინდა ცხოვრების გამო სასწაული მოხდა. მისი ყველა ხატიდან მირონი წამოვიდა, მათ შორის, „ივერიის ღვთისმშობლის“ ხატიდანაც. 200 ლიტრამდე მირონით ბიდონები გაივსო, მაგრამ ყველაზე მეტი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახიდან“ წამოვიდა. მისგან მირონი ისე იღვრებოდა, როგორც ოდნავ მოშვებული ონკანიდან. ეს იყო ხის ჩარჩოში ჩასმული ხატის ფოტოასლი. შემდეგ უხვი რაოდენობით მირონდენა იქ შეწყდა, თუმცა ხატები მაინც დაცვარული იყო. მალე იქ ჩემი სულიერი შვილი ჩავიდა, რომელიც მამა ვასილთან ადრეც იყო ნამყოფი. წასვლის წინ ჩვენ მას „შენ ხარ ვენახის“ პატარა ლამინირებული გულსაკიდი ხატი ვუკურთხეთ, რომელიც ხატის ორიგინალს მივადეთ. როცა რუსეთში ჩავიდა, სთხოვეს, ეს ხატიც დააბრძანე მირონმდინარე ხატების გვერდითო. ცოტა ხანში ნახეს, რომ ამ ლამინირებული ასლის ქვეშ დაფენილი ქსოვილი მირონით იყო გაჟღენთილი. ხატი დიდ თეფშზე დააბრძანეს. რამდენიმე წუთში თეფში მირონით გაივსო. ისე სწრაფად ივსებოდა, რომ ვეღარ აუდიოდნენ მის დიდ ჭურჭელში გადასხმას. საერთოდ ჯამში ამ პატარა ლამინირებული ხატიდან 33 ლიტრზე მეტი მირონი წამოვიდა. მხოლოდ ამის შეგროვება მოახერხეს, რადგან ნაწილი დაეღვარათ. ხატიდან გადმოდიოდა არა მარტო მირონი, არამედ სურნელოვანი, ოდნავ ბლანტი წყალიც.
ამ ხატის ფოტოასლებიდან მირონდენა მანამდეც მოხდა ოღონდ საქართველოში, კერძოდ, ზემო ბეთლემის ტაძარსა და კიდევ ორ ადგილას. ერთ-ერთი ასლიდან ხატის კონტურები მუყაოს ქაღალდზე გადავიდა. ერთმა დაბრმავებულმა მორწმუნემ როდესაც აღნიშნული მუყაო და ხატი სახეზე ერთად მიიდო, ოქროსფერი სინათლე დაინახა.
სულ ახლახან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „შენ ხარ ვენახის“ ორიგინალი ქალაქ რუსთავში წავაბრძანეთ, რომელთანაც უამრავი მომლოცველი შეიკრიბა. იქაურმა მოძღვრებმა სურვილი გამოთქვეს, ეს ხატი ქალაქ რუსთავის მფარველად გამოცხადდეს.
– მირონის დენა, როგორც ცნობილია, ან კარგი, ან ცუდი ამბის მაუწყებელია. საგულისხმოა, რომ ინტენსიური მირონდენა ხატმა მაინც რუსეთში დაიწყო. თქვენ როგორ განმარტავთ ამას და ამასთან დაკავშირებით რუსი მამები რას ფიქრობენ?
– მე ისეთი გამოცდილი ქრისტიანი არა ვარ, რომელსაც შეუძლია რაღაც დასკვნა გააკეთოს. თავად მამა ვასილი სეპციალურად ამ ხატიდან მირონდენას არაფერს უკავშირებს, რადგან მირონდენა აბსოლუტურად ყველა ხატიდან ხდებოდა, თუმცა „შენ ხარ ვენახის“ ხატიდან მირონი უხვად გადმოედინებოდა. მამა ვასილი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, მალე დიდი მსოფლიო ომი უნდა დაიწყოსო. ხოლო მირონდენის დაწყების შემდეგ ამას კიდევ უფრო დარწმუნებით ამბობს. მისთვის ეს საშიშროება იმდენად რეალურია, რომ მონასტერში ამისთვის უკვე ემზადებიან. აღარაფერს აღარ ყრიან; არც პურის ნარჩენებს, არც კარტოფილის ნაფცქვენებს, რომლებსაც რეცხავენ, აშრობენ და ინახავენ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ერთ-ერთმა მხცოვანმა ბერმა სამი წლის წინ, როცა აღნიშნული ხატის ასლი მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში იხილა, იმწამსვე აღნიშნა: ეს ხატი რუსეთში უნდა ჩამოვაბრძანოთო. ამასთან დაკავშირებით რუსეთიდან წერილი გამოგვიგზავნეს, ჩვენს პატრიარქს ილია II-ს და მამა არჩილსაც ტელეფონით ესაუბრნენ. ჯერ სურდათ ორიგინალის წაბრძანება ცოტა ხნით, მაგრამ ამაზე უარი შევუთვალეთ. მაშინ გვთხოვეს, ირაკლი ცინცაძეს მათთვის ამ ხატის შეძლებისდაგვარად ზუსტი ასლი მოეხატა, რაზეც დავეთანხმეთ. „შენ ხარ ვენახის“ ასლი უკვე მოხატულია. ისინი მალე ჩვენთან ჩამობრძანდებიან, მას წააბრძანებენ და, როგორც წერილში აღნიშნეს, ხატს განსაკუთრებულად საპატიო ადგილას დააბრძანებენ.
– მამა თეოდორე, „შენ ხარ ვენახი“ ქართული ხატწერის ტრადიციებზეა შექმნილი?
– აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატი ჭეშმარიტად ქართული ხატია, რომელშიც ნათლად ჩანს ქართული სული, რადგან მასში გადმოცემულია ქართული ხატწერის სიმბოლიკები, თუნდაც – ვაზი, რომელიც მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და მორწმუნე ადამიანის სიმბოლოს განასახიერებს. ხატს დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ, რაც მთავარია, ღვთისმშობელს განსაცვიფრებლად ღრმა ხედვა აქვს. როდესაც ამ ხატს შესცქერიან, მნახველის სული დინამიური ხდება, რომელიც ღვთისაკენ, სინანულისაკენ და სიყვარულისაკენ მიისწრაფის.
უმნიშვნელოვანესი ფაქტია ერთიც: როდესაც წმინდა დამიანემ, ანუ დემეტრე მეფემ (დავით აღმაშენებლის ძემ, რომელიც ბერად აღიკვეცა) დაწერა საგალობელი „შენ ხარ ვენახი“, მას ივერიაში (საქართველოში) მოჰყვა ოქროს ხანის, წმ. თამარ მეფის ხანის დადგომა, ანუ ქვეყნის გაბრწყინება. გავიდა საუკუნეები და ღვთისმშობლის აღნიშნულ საგალობელზე უკვე ხატი დაიწერა, რომელსაც ასევე „შენ ხარ ვენახი“ ჰქვია. მის წინაშეც იკითხება სწორედ იმ საგალობლის ტროპარი. შეიძლება ითქვას, როგორც საუკუნეების მიღმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საგალობელი „შენ ხარ ვენახი“ გახდა საქართველოში „ოქროს ხანის“ დადგომის წინამორბედი, იმედი ვიქონიოთ, რომ ხატი „შენ ხარ ვენახი“, რომელიც ახლახან მოიხატა, იმ ბედნიერი ხანის წინამორბედი გახდება, რომელსაც ივერიის გაბრწყინება ჰქვია. ამინ!
No comments:
Post a Comment