„შოუ-ბიზნესის“ წარმომადგენლები მეწარმეები არიან და რაც უნდათ, ის აკეთონ“
„მთვარის კლუბი“ თბილისში ერთ-ერთი პირველი ჯგუფია, რომელმაც მუსიკალური კლუბი შექმნა, სადაც ძალიან ბევრი ჯგუფი გაერთიანდა. თავად „მთვარის კლუბი“, „ზუმბა“, „ინსაიტი“, „33 ა“, „აუტსაიდერი“ – მცირე ჩამონათვალია იმ ცნობილ თუ ჯერ უცნობ ჯგუფებს შორის, რომლებიც სხვადასხვა წლებში სწორედ ამ კლუბმა გააერთიანა.
ყველაფერი თორმეტიოდე წლის წინ დაიწყო. მანამდე ჯგუფ „მთვარის კლუბის“ დამაარსებელი ლევან ქუმსიაშვილი მისმა ძმამ გიამ გიტარის მასწავლებელ რაფაელთან მიიყვანა, ვისთანაც 5 წელი კლასიკურ გიტარაზე დაკვრას სწავლობდა. მერე მან არქიტექტურის ფაკულტეტზე სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. სწავლისას ისევ ძმამ გააცნო პროფესიონალი კომპოზიტორი გოგიტა მაისურაძე. გოგიტა კონსერვატორიის საკომპოზიციოზე ანდრია ბალანჩივაძის კლასში სწავლობდა. სწორედ მაშინ დაწერა ლევანმა თავისი პირველი სიმღერები: „ღამე მშვიდობისა“, „ოქროს ფოთოლთა ლივლივი“, „მე გაზაფხულზე გეპატიჟები“ და სხვები, რომელსაც რატომღაც სუფრაზე სამღერი სიმღერების სტატუსს აძლევდა. სხვათა შორის, მაშინ ლევანი და გოგიტა „ლურჯ“ მონასტერში ერთად გალობდნენ.
მერე შექმნეს ჯგუფი „მთვარის კლუბი“, რომელსაც სახელი გოგიტას სიზმრის მიხედვით ეწოდა. ლევანი გიტარაზე უკრავდა, გოგიტა – პიანინოზე, დრამერად კი მურმან ლომიშვილი მივიდა, რომელსაც ძალიან კარგი სარეპეტიციო აპარატურა და დარბაზი ჰქონდა. სწორედ მაშინ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ცოცხალი მუსიკის „გულანშაროს ფესტივალი“ ჩატარდა. „მთვარის კლუბმა“ ამ ფესტივალზე გაიმარჯვა. გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს გიტარისტმა ზურა მაისურაძემ და ბასისტმა დათო ტურაშვილმა (არ აგერიოთ მწერალ ტურაშვილში). ჯგუფმა საკმაოდ კარგი რეპერტუარი შექმნა.
ბიჭების სარეპეტიციომ და მერე უკვე სტუდიამ ირგვლივ ძალიან ბევრი მუსიკოსი და ჯგუფი შემოიკრიბა. „მთვარის კლუბს“ მხოლოდ ერთი ოფიციალური ალბომი აქვს გამოცემული, რომელსაც ჯგუფი ნელ-ნელა მთელი ორი წლის განმავლობაში იწერდა. „მთვარის კლუბ“ ამჯერად მეორე ალბომის ჩაწერის პროცესშია. მომავალი ალბომიდან ერთ სიმღერაზე („ფრთებს“) უკვე გადაიღეს კლიპი. ლევანს კლიპის გადაღებაში უანგაროდ დაეხმარნენ: გიორგი ბერიძე (კინოოპერატორი, რომელიც ამავე დროს კლიპის რეჟისორიცაა) და თამუნა მელიქიშვილი, რომელიც „ფრთებს“-ის სცენარისტი და მხატვარია. ლევანი ფიქრობს, რომ ახალი ალბომის ჩასაწერად საკმარისია დასარტყამები, ბასი და გიტარა: „ჩვენი იარაღია ემოცია. ჩვენ არ ვაგინებთ ამ ცხოვრებას, მაგრამ არც ძალიან ვდნებით „მე შენ მიყვარხარებით“. სიმღერაში არის თუნდაც წამიერად გაელვებული აზრი. მე ვცდილობ, რომ რიტმს ერქვას პულსი, სიმღერას – ემოცია და მუსიკა იყოს გრძნობა“.
„ახალი ვერსია“ ესაუბრა ჯგუფის ფრონტმენს, ყველა კახური დადებითი თვისებების მატარებელ ლევან ქუმსიაშვილს.
– საქართველოს გარდა, სად დაგიკრავთ?
– 1993 წელს, როდესაც საქართველოში დიდი არეულობა იყო, თურქეთში წავედით. იქ 7 თვე ძალიან კარგ და საყვარელ ქალაქ ორდუში ვიცხოვრეთ, სადაც ძირითადად ქართველები ცხოვრობდნენ. პლაჟზე ბარში ვუკრავდით. იქვე აკაციის ტყეში კემპინგები ეწყობოდა. ის პერიოდი ძალიან ტკბილად მახსოვს. რაც მთავარია, გვქონდა 24-საათიანი რეპეტიციების საშუალება.
– შენი აზრით, რა მდგომარეობაშია თანამედროვე ქართული მუსიკა?
– ჩემი აზრით, აბსოლუტურად არაფერი ხდება. რა თქმა უნდა, არსებობენ ჯგუფები და მუსიკოსები, რომლებიც არ ჩერდებიან და ბოლომდე საქმის ერთგულნი რჩებიან. ესენი არიან: ნინო ქათამაძე, „ზუმბა“ და ნიაზ დიასამიძე. მათი მუსიკა კიდევ რაღაცას აცოცხლებს, თორემ ისე არაფერი ხდება. ძალიან ბევრი უსაქმური მუსიკოსია, მათ შორის ვართ ალბათ მეც და რობი კუხიანიძეც. ადრე ცოტა რაღაც გაგვიკეთებია, მაგრამ ახლა უმოძრაოდ ვიმყოფებით. ჩვენ არა ვართ არც ზარმაცები და არც უსაქმურები, მაგრამ, ეტყობა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, სადღაც გავიჭედეთ. ეს ჩვენი ნევროზის, უბედურების მიზეზიცაა. თუმცა ძალიან მაგარი ჯგუფები მოდიან, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს საერთოდ არ ჩანან. ძალიან დიდ პატივს ვცემ ჯგუფ „ზეს“. ამ ბიჭებმა ერთი უცნობი ჯგუფის სიმღერა მომასმენინეს, სადაც მღერის ნინო, რომლის გვარიც არ ვიცი, მაგრამ ეს გოგონა „ზეს“ ერთ-ერთი წევრის ნათესავია. ეს იყო შეუდარებელი სიმღერა სოციალურ თემაზე. ძალიან მომწონს „აბი გლუკოზა“. ამათ გარდა, კიდევ ბევრი ღირსეული ჯგუფი არსებობს, რომლებიც, სამწუხაროდ, არ ჩანან. ეს ალბათ ჩვენი ბრალიცაა. რაღაც ქარის წისქვილებს ვებრძვით, თითქოს ნაწყენები ვართ ვიღაც შოუბიზნესმენებზე.
– შესაძლოა, ეს რაღაც პრინციპების ბრალიცაა, რომლებსაც არ გინდათ გადააბიჯოთ?
– სწორედ ამიტომ არ ჩანან ისინი. ხშირად მეკითხებიან: რატომ არ ატრიალებ შენს ახალ კლიპს უფრო ხშირადო, მაგრამ არანაირი სურვილი არა მაქვს, ეს კლიპი იგივე სიხშირით ტრიალებდეს, რა სიხშირითაც ისეთი ადამიანის კლიპი ბრუნავს, რომელიც ამ ტრიალის ხარჯზე გახდა ცნობილი. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა პოპულარობა. იმიტომ მინდა დაკვრა, სიმღერა, რომ ამ პროცესისას ბედნიერი ვარ და მსურს, ჩემთან ერთად ბედნიერები იყვნენ ის თანამოაზრეები, რომლებიც მომისმენენ. მსგავსი ჯგუფები საქართველოში არსებობენ, მაგრამ არ არსებობს საშუალება, მათ სადმე მოუსმინო. სამწუხაროდ, ეს ძალიან დიდი უბედურებაა.
საერთოდ არ ვწუწუნებ, რომ საქართველოში არიან ისეთი უაზრო მუსიკოსები, რომელთა გვარებსაც ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე არ ჩამოვთვლი. ვფიქრობ, მათ არანაირი პრეტენზია არა აქვთ ხელოვნებაზე. ორსიტყვიან „შოუბიზნესში“ საერთოდ არ ურევია სიტყვები „არტისტი“, „მუსიკა“ და თუნდაც „ხელოვნება“. ამიტომ ისინი ჩემი მოწინააღმდეგენი არასოდეს იქნებიან. არც მათი ბაზარია ჩემი. ეს „ვარსკვლავები“ არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, რომლებიც საკუთარი თავის რეკლამას აკეთებენ თავიანთი პროდუქციის გასაყიდად. ისინი მეწარმეები არიან და რაც უნდათ ის აკეთონ. უბრალოდ, საწყენია, რომ იმის შესაძლებლობა არა გვაქვს, სადმე წავიდეთ, დავსხდეთ და თუნდაც „ზუმბას“ მოვუსმინოთ. რაღაც ადგილი უნდა ხომ არსებობდეს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მუსიკას და არა ბიზნესს? არ მიყვარს სიტყვა „თინეიჯერი“, მაგრამ მარტო ის ახალგაზრდები ხომ არ ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც მხოლოდ ამ „შოუ-ბიზნესის“ წარმომადგენლებს უსმენენ. ბევრს მუსიკა, როგორც ხელოვნება აინტერესებს და არა როგორც მხოლოდ გასართობი საშუალება. ხომ არსებობს ისეთი მუსიკა, რომელსაც შეიძლება სერიოზულად მოუსმინო?
ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ მხოლოდ ცალმხრივად განვითარდა (თუ ამას ყველაფერს განვითარებული შეიძლება დაერქვას). ძალიან მინდა, არსებობდეს კლუბი, სადაც მოვლენ ჩემი, შენი მეგობრები, ერთად დავსხდებით და მოვუსმენთ მუსიკას. ამის ნიშნები ერთი-ორი წლის წინ „მთვარის კლუბში“ არსებობდა, მაგრამ ჩვენც დავიშალეთ.
– ფიროსმანსაც ხომ ჰქონდა მსგავსი იდეა სამოვარისა და ფინჯან ჩაის ირგვლივ ადამიანებს ხელოვნებაზე ესაუბრათ?
– და ეგ ხომ ოცნებად დარჩა? მაგრამ რეალური ოცნება კი იყო. მსგავსი რამ პარიზში მონმარტზე განხორციელდა. ჩვენთან არ განხორციელდა და შესაძლოა ჩვენ ეს ვერც მოვახერხოთ, მაგრამ ის ამინდი მაინც უნდა შევქმნათ, რომ მომავალმა თაობამ მაინც შეძლოს.
– ხვალინდელ დღეს როგორ უყურებ?
– ძალიან იმედიანად. ისეთ ახალგაზრდა ჯგუფებს მოვუსმინე, საოცარი ოპტიმიზმი დამეუფლა. საქართველოში ნიჭი არ მოკვდება, მაგრამ ვიღაც ეკონომიურად ძლიერი უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, რადგან ამ ბაზის გარეშე არაფერი გაკეთდება. დღეს ყველაზე მოქმედები ის ბიჭები არიან, რომლებიც ქუჩაში უკრავენ. რატომღაც დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. ალბათ კიდევ რამდენიმე წელი უნდა გავიდეს. ძალიან მინდა ჩვენი სარეპეტიციო სტუდიის განახლება მალე დავასრულოთ და ახალბედა ჯგუფებს საკუთარ თავზე მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ.
No comments:
Post a Comment