შეიძლება
ითქვას, რომ თანამედროვე მუსიკაში ცოცხალი ოქროს ხანა წარსულს ბარდება და მის ადგილს
იკავებს ე.წ. პლასტმასა – უშინაარსო, მხოლოდ ელექტროზირებული მუსიკალური პროდუქცია
(აქ არ იგულისხმება ელექტრონული მუსიკა). საოცარია, მაგრამ ასეთი მუსიკას დღეს თავის
მსმენელი ჰყავს. შეიძლება იკითხოთ, როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანი ხელოვნურმა პროდუქტმა
მიიზიდოს? თუმცა, ასეთი ტენდენცია უკვე გამოკვეთილია და განსაკუთრებით, საქართველოში.
სამწუხაროდ, სიცოცხლე ქართულ სცენაზე თანდათან, წლების განმავლობაში მინავლდა და ძლივს
გაღვივებული ნაკვერჩხალივით, თითქმის სულ ჩაქრა. ძალიან ცუდია ისიც, რომ ჩვენთან იშვიათად
ჩამოჰყავთ ენერგიული უცხოელი მუსიკოსებიც და ამიტომ, ცარიელ ნიშას თანდათან იკავებს
სამამულო წარმოების მუსიკალური ნაგავი, თანაც, ძალიან დიდი დოზებით. ყველაფერს კი,
მუსიკალური აუდიო მატარებლების (კომპაქტ-დისკებისა და კასეტების) საკმაო გაძვირებაც
დაერთო თან.
ხელოვნურობა
არა მარტო მუსიკიდან შემოგვეპარა. ქართული მედია უკვე კარგა ხანია გაჰკივის, რომ ჩვენ
ვიწამლებით არამალეფუჭებადი უცხოური და სამამულო საკვები პროდუქტებით, რომელიც საეჭვოდ
იაფი ღირს. ასევე ქვეყნდება „საწამლავი“ წამლების სიებიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ
თანდათან შევეჩვიეთ ყველაფერ ხელოვნურს და უარს ვამბობთ (რატომღაც საკუთარივე სურვილით)
ბუნებრიობასა და ყოველგვარ ცოცხალზე. თანამედროვე მუსიკაში კი თაყვანს ვცემთ უნიჭო
კერპებს, რომლებიც ისე გავათამამეთ ჩვენი დუმილითა და ფლეგმატურობით, რომ საკუთარ თავს
მართლა მომღერლებს ეძახიან და ჰოლივუდის ვარსკვლავებივით იქცევიან, – აქაოდა, ჩვენა
ვართ ვინცა ვართო.
აბა,
დააკვირდით მათ სატელევიზიო თუ საჟურნალო (საგაზეთო) ინტერვიუებს, ისინი ქედმაღლურად,
და თქვენ წარმოიდგინეთ, დამრიგებლური ტონით გვესაუბრებიან. ზოგიერთი მართლა ჰოლივუდის
ვარსკვლავივით აცხადებს, რომ დღიურად 4 000 დოლარს ხარჯავს, სიამაყით ჰყვება, როგორ
წააგო, ან მოიგო ამერიკის ან ევროპის კაზინოებში. ასეთები თავიანთი ოჯახების წვრილმანებსა
და პოლიტიკურ საკითხებზე უფრო საუბრობენ, ვიდრე მუსიკაზე. მათ მიერ წარმოთქმული რამდენიმე
წინადადებიდანაც კი ნათელი ხდება, რომ ზოგიერთ მათგანს „ბურატინოს თავგადასავალიც“
არა აქვს წაკითხული, ქართულ ზღაპრებს თავი რომ დავანებოთ. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ასეთ
პერსონებს ხელოვნებაზე აქვთ პრეტენზია და სიყვარულზეც კი გვიმღერიან. გვიმღერიან-მეთქი
სიტყვას მოჰყვა, თორემ ისე, ეშმაკმაც არ იცის, მართლა მღერიან თუ არა ისინი. ეს მხოლოდ
ხმისჩამწერ სტუდიაში უწყიან და თუ ძალიან დაგაინტერესებთ, მათ ჰკითხეთ როგორ „მუშაობენ“
ჩვენი ერის „საამაყო“ ვარსკვლავ-მამულიშვილები ამ სტუდიებში და როგორ ასწორებს მათ
ხმებს კომპიუტერული პროგრამა. კომპიუტერს კი არა მარტო ხმის გასწორება, ტონალობის შეცვლაც
შეუძლია. ჰოდა, ჩემო უძვირფასესო მეგობარო, როდესაც ვიღაც მავანზე იფიქრებ, დახე, რა
მაგარი ხმა აქვსო, უბრალოდ, ზოგიერთი ასეთი მომღერლის სტუდიაში მუშაობას დაესწარი და
ყველაფერს თავად მიხვდები.
ხელოვნურია
მათი ნებისმიერი ქცევა და სიტყვა. ზოგჯერ ძნელია დაიჯერო, რომ მათ ფონოგრამის გარეშე,
ლაპარაკიც კი არ შეუძლიათ. ხელოვნურია და სპეციალურად დაყენებული მათი მიმოხვრა, –
ხელების მოძრაობა, წამწამების დაფახულება და ა. შ. მათ მიერ მოყოლილი უცხოეთში გასტროლების
ამბების უმრავლესობაც ხომ, ძირითადად, შეთითხნილია და მათივე ფანტაზიის ნაყოფია. მაგალითად,
თუკი იმღერებენ, სადმე, ნიუ-იორკის ან პარიზის რესტორანში, მერე აქ, ჟურნალისტებს გვაბოლებენ,
რომ თითქოს მთელი ამერიკა ან ევროპა გადარიეს და რა თქმა უნდა, ისევ არიან მიწვეულები.
აი,
ასე ვართ დღეს თავით-ფეხებამდე ხელოვნურობის ბადეებში გახლართულები. თავს ვიმშვიდებთ,
რომ აწი, ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ უკვე ისე ძლიერ ვაგვიანებთ, აღარც კი გვესმის,
ჩვენი ფლეგმატურობის გამო, როგორ მივიდა დაღუპვის პირას ჩვენი პლანეტის ეკოსისტემა.
აქედან გამომდინარე, კი მალე, ზღვის ნაცვლად ნავთობში ვიბანავებთ, ბუნებრივი საკვების
ნაცვლად, ნიტრატებსა და ემულგატორებს მივიღებთ, ადამიანებთან კონტაქტს მხოლოდ კომპიუტერებით
დავამყარებთ და „ხელოვნებას“ მხოლოდ საკუთარ ბინებში გამოკეტილი ადამიანები შექმნიან.
თუმცა, ამ უკანასკნელი ვარაუდის გამართლებას, სულ ცოტა, ელექტროენერგია მაინც სჭირდება,
რაც ჩვენ, დღეს, არ გაგვაჩნია, ამიტომ მისგან ჯერ-ჯერობით დაზღვეულები ვართ. ხელოვნურ
მუსიკას კი ჩვენში ხელოვნური, „პლასტმასის“ ადამიანები ქმნიან.
რატომღაც,
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთები მალე გადაშენდებიან (ისინი დღევანდელობით სარგებლობენ)
და ხვალ, აუცილებლად პლასტმასს მაინც ცოცხალი ბგერა, მუსიკა შეცვლის, მანამდე კი დროებით
იხარონ, რადგან ზეგ, ისინი, უკვე აღარავის ეხსომება.
No comments:
Post a Comment