ნაირა გელაშვილის აზრით, შეუძლებელია ლიტერატურული კონკურსი „საბა“ ობიექტურად ჩატარდეს
„ახალი ვერსიის“ წინა ნომერში გამოქვეყნდა მწერალთა ერთი ჯგუფის განცხადება, რომლითაც ისინი უარს ამბობენ ტელევიზიით ფართოდ რეკლამირებულ ლიტერატურულ კონკურსში („საბა“) მონაწილეობაზე. ისინი აცხადებენ, რომ კონკურსი ორგანიზებულია მწერალთა ერთი კლანის მიერ და ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უკავშირდება არა ლიტერატურას, არამედ პოლიტიკას, კერძოდ კი – არჩევნების წინ ქულების დაწერას.
როგორც დაგპირდით, ამჯერად ამ თემაზე გთავაზობთ ვრცელ სტატიას. დღესდღეობით უკვე ცნობილია ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტები, რომლებშიც მოხვდა „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებული საპროტესტო წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი ალეკო შუღლაძე.
რატი ამაღლობელი: „ძალიან მეწყინა“
როგორც გაირკვა, მწერლებმა – შალვა ბაკურაძემ, ზაზა ბურჭულაძემ, ზურაბ რთველიაშვილმა, დავით რობაქიძემ, დავით ქართველიშვილმა და ალეკო შუღლაძემ „ახალ ვერსიაში“ წერილის გამოქვეყნებამდე მისი დაბეჭდვა გაზეთ „24 საათს“ შესთავაზეს. თუმცა – უარი მიიღეს. ჩვენ ვთხოვეთ გაზეთ „24 საათის“ მთავარ რედაქტორს მამუკა ფაჩუაშვილს განემარტა, რატომ არ დაიბეჭდა ეს წერილი გაზეთში. მისი თქმით, იგი თავად არაა ამ კონკურსის უშუალო ორგანიზატორი და ამიტომ არ იცის, რატომ არ დაიბეჭდა აღნიშნული განცხადება. მან გვირჩია მივსულიყავით ამ საქმეში უფრო ჩახედულ ჟურნალისტ მალხაზ ხარბედიასთან ან მწერალ დათო მაღრაძესთან. ამ უკანასკნელს იმ დღეს მაღალი სიცხე ჰქონდა. მალხაზ ხარბედიამ კომენტარზე უარი გვითხრა და გვირჩია შევხმიანებოდით კონკურსის ერთ-ერთ უშუალო ორგანიზატორს, რატი ამაღლობელს – იქნებ მან განგიმარტოთ ყველაფერიო.
ახალგაზრდა პოეტმა რატი ამაღლობელმა „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებულ წერილზე ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა. თუმცა, რამდენიმე სიტყვით მაინც გამოხატა თავისი პოზიცია.
რატი ამაღლობელი: „ვფიქრობ, რომ მათი წერილი ძალიან ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. მათ ამ მოვლენას არასწორი ანალიზი გაუკეთეს. მე არ გავაკეთებ რამე კომენტარს ამ წერილზე, რადგან დრო გამოაჩენს ყველაფერს. არ მინდა მათთან კონფლიქტი, რადგან ნამდვილად არ არიან ცუდი ადამიანები და მწერლები. მათ შესაძლოა ვერ მიიღონ ეს პრემია, ამიტომ წინ ასწრებენ მოვლენებს და ჯერ არ გაჩენილ ბავშვს ლანძღავენ. ჩემი აზრით, მათი მხრიდან ეს ძალიან არაკორექტულია.
– ხომ არ იცით რატომ არ დაიბეჭდა მათი წერილი „24 საათში“?
– არა, ეს ნამდვილად არ ვიცი. ვნახე „ახალი ვერსია“. ამასთან დაკავშირებით ყველას თავისი მოსაზრება აქვს და სიმართლე რომ გითხრა, ძალიან მეწყინა. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იდეალური დაჯილდოვება, რადგან პირველად ხდება საქართველოში. მე ვთვლი, რომ ეს არის რეფორმა ლიტერატურულ პროცესებში, ანუ საბჭოთა კავშირის დასასრული. ეს იქნება იმ რუდიმენტის დასასრული, რასაც მწერალთა კავშირი წარმოადგენს. ეს არის ლიტერატურული პროცესის, საგამომცემლო საქმიანობის და მთლიანად ყველაფრის ახლებური გააზრება. წერილში არის ამ ყველაფრის მიმართ საკმაოდ პირადული, არამასშტაბული ხედვა. მოყვანილია მასონების, იეზუიტების ზოგადი ფრაზები, რაც ტელევიზიიდან ესმით. ვთვლი, რომ ასე ზედაპირულად არ შეიძლება შეფასება“.
რატი ამაღლობელი დაგვპირდა, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარ აზრს ვრცლად სახალხოდ პრემიის დასრულების შემდეგ „ახალ ვერსიაში“ გამოხატავს.
ალეკო შუღლაძე: „ტელეეკრანებზე ტრიალებს მათი სახეები, ვისი სახელების გამოყენება მოხდება არჩევნებისას“
ახლა კი უფრო კონკრეტულად – რატომ არ სურთ მწერალთა ერთ ნაწილს კონკურსში მონაწილეობა. მათი სახელით „ახალ ვერსიას“ ესაუბრნენ ალეკო შუღლაძე და ზაზა ბურჭულაძე.
ალეკო შუღლაძე: „საერთოდ ლიტერატურული პრემიის შესახებ საკმაოდ გვიან შევიტყვე. არც იმაზე მქონდა წარმოდგენა ამ კონკურსში იღებდა თუ არა მონაწილეობას ჩემი რომანი. კონკურსის არც ერთ ორგანიზატორს ჩემთვის არ შეუტყობინებია ეს ფაქტი. დაუკითხავად აიღეს ჩემი ნაწარმოები. ეტყობა მათ სურთ ე. წ. ფსევდომრავალფეროვნების შექმნა კონკურსზე, რომელიც ერთობ დეკორატიულ ხასიათს ატარებს.
შეიძლება ამ კონკურსზე ღირსეულმაც გაიმარჯვოს, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის, რადგან ყველაფერი საერთო ჯამში პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ამიტომ არ მინდა, ჩემი ნაწარმოები მათი განხილვის საგნად იქცეს. გააკეთონ ჩემი რომანის სერიოზული ანალიზი, თუკი ამის სურვილი ექნებათ, მაგრამ ასეთ გაუგებრობებში არ მსურს მონაწილეობის მიღება. მათ ჩემთან, როგორც ავტორთან, უნდა შეეთანხმებინათ, რომ ჩემს რომანს კონკურსში უპირებდნენ შეთრევას. როცა ეს ამბავი შევიტყვე, ჩვენი განცხადება „24 საათში“ მივიტანე, მაგრამ ყოველგვარი განმარტების გარეშე, უარი განაცხადეს მის გამოქვეყნებაზე.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქართველოში მიმდინარეობს მწერლების ვარსკვლავებად გადაქცევა, რათა ისინი სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა წინასაარჩევნო რუპორებად გამოიყენონ.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ამიტომაც არ მინდა ჩემი ნაწარმოები (მიუხედავად იმისა, რომ ის საფინალო ეტაპზეა გასული) ამ კონკურსის მონაწილე დარჩეს ბოლომდე. ჩემი რწმენით, ლიტერატურა არ არის შოუ-ბიზნესი... დღესდღეობით კი ტელეეკრანებზე ტრიალებს მათი სახეები, ვისი სახელების გამოყენება მოხდება არჩევნებისას“.
ზაზა ბურჭულაძე: „კონკურსის ორგანიზატორებს ვთავაზობ ერთ უფასო იდეას – ტოტალიზატორებში გაკეთდეს ფსონები ნომინანტებზე. პირობას გაძლევთ, რომ ბევრი ლიტერატურის მოყვარული საკმაოდ გაიუმჯობესებს ფინანსურ მდგომარეობას. ამის თქმის უფლებას მაძლევს ისიც, რომ თავად ნომინანტები აკეთებენ ამ კონკურსის რეკლამირებას. არა მგონია, ამის პრეცედენტი მსოფლიო ლიტერატურულ პრაქტიკაში არსებობდეს. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არიან შალვა ბაკურაძე, დავით რობაქიძე და დავით ქართველიშვილი. ისინი კონკურს „საბას“ ნომინანტები არ ყოფილან იმ მიზეზით, რომ 2002 წელს არ გამოუციათ წიგნები, მაგრამ მათ მაინც მოაწერეს ხელი განცხადებას, რადგან მათთვის მიუღებელი იყო და არის ამ კონკურსის ორგანიზატორთა იდეური მხარე“.
ნაირა გელაშვილი: „ვიზიარებ „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებული წერილის პათოსს“
კონკურსთან დაკავშირებით აზრი ვკითხეთ „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელს, ცნობილ მწერალსა და მთარგმნელს ნაირა გელაშვილს.
ნაირა გელაშვილი: „ვიზიარებ „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებულ ახალგაზრდა მწერალთა პათოსს და მიხარია, რომ მათ აღმოაჩნდათ ასეთი ფხიზელი განცდა და გამბედაობა, რათა თავისი პოზიცია გამოეხატათ. ამავე დროს, მათში სულიერ თავმოყვარეობასაც ვხედავ. ადამიანმა ხმამაღლა უნდა გამოხატოს ის, რომ არ ტყუვდება და ტყუილში არ მონაწილეობს.
ვთვლი, რომ საკმაოდ ზუსტი განცხადებაა. ის, რომ ამ კონკურსს ლიტერატურასთან მხოლოდ მსუბუქი შეხება აქვს და სისხლხორცეულადაა დაკავშირებული პოლიტიკასთან, ბიზნესთან და საბოლოო ანგარიშით, წინასაარჩევნო კამპანიასთან, მხოლოდ მათი აზრი არ არის. ასეთი აზრი საზოგადოებაში მაშინვე ჩამოყალიბდა, როგორც კი გაცხადდა ამ პრემიის დაარსების შესახებ.
ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობიდან გამომდინარე, ლიტერატურული პრემია, რომელიც იქნებოდა სრულიად მაღალპროფესიული, მიუკერძოებელი, ობიექტური, თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია. ვინც ლიტერატურულ პრემიას დააარსებს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მას უნდა ჰქონდეს ფული. ამავე დროს, მან უნდა შექმნას უაღრესად მაღალპროფესიული, მიუკერძოებელი და ობიექტური ჟიური, რომელიც ლიტერატურული კრიტიკოსებისგან და ლიტერატურის მცოდნეთაგან იქნება დაკომპლექტებული. დღევანდელ საქართველოში ასეთი ჟიურის არსებობა ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. მით უმეტეს, როდესაც თითოეული ქართველი პირად ურთიერთობებზეა დაქვემდებარებული და ანგარიშს უწევს მთელს სოციუმს. ისეთი ადამიანი არ მეგულება, რომელიც ობიექტურად პირველ პრემიას მიანიჭებდა თუნდაც სრულიად უცნობი პიროვნების ნაწარმოებს და ამ აღიარებული, ბობოლა მწერლებიდან ზეწოლას ან რისხვას აიტანდა. სამწუხაროდ, ასე იყო და დღესაც ასე არის.
საბჭოთა კავშირის დროს არც ერთ ლიტერატურულ პრემიას არ შეიძლებოდა დარქმეოდა ლიტერატურული პრემია. ეს ყველაფერი პოლიტიკის ნაწილი, იდეოლოგია, კონიუნქტურა და ნომენკლატურა იყო. დღესაც იგივე სურათს ვხედავთ, ოღონდ გარეგნულად შეცვლილ ვითარებებში.
ლიტერატურის შეურაცხყოფაა, როდესაც ასეთ მოკლე ვადებში უნდა მოხდეს ლიტერატურული პროცესების, განსაკუთრებით – თარგმანის შეფასება. მაინტერესებს, ვინ არის ის ჟიური, რომელსაც შეუძლია კომპეტენტური აზრი გამოთქვას ნაწარმოების თარგმანზე, რომელიც, დავუშვათ, არაბული, გერმანული, სპარსულიდან და ა. შ. ენიდან არის შესრულებული. ეს ხომ ხანგრძლივი მუშაობის შედეგი უნდა იყოს?
არსებობს კრიტიკოსი და გერმანისტი ლევან ბრეგაძე. მხოლოდ მის საგაზეთო პუბლიკაციებში მინახავს კომპეტენტური აზრი, თუ როგორია გერმანულიდან შესრულებული კონკრეტული თარგმანი. მისი აზრი ყოველთვის მომდინარეობს შედარებითი ანალიზიდან (როდესაც თარგმანი ორიგინალთანაა შედარებული). თარგმანს თუ ორიგინალს არ ადარებ, მაშინ იმის თქმა, რომ ეს კარგი თარგმანია – უმეცრებაა. შესაძლოა ის ქართულად შესანიშნავად ჟღერდეს, მაგრამ ორიგინალთან საერთო არაფერი ჰქონდეს.
როდესაც მთარგმნელობით კოლეგიაში ვმუშაობდი, მევალებოდა გერმანულიდან თარგმნილი ნაწარმოებებისათვის რედაქცია გამეკეთებინა – ერთმანეთისთვის უნდა შემედარებინა ქართული და გერმანული ტექსტი. უმძიმესი შედეგები აღმოვაჩინე. ზოგჯერ ნაწარმოები ქართულად ძალიან კარგად იკითხება, მაგრამ მისი ავტორის აზროვნებასთან საერთო არაფერი ჰქონია. ეს იყო მიახლოებითი თარგმანი ყოველგვარი სააზროვნო აქცენტების გარეშე. ესენი კი ასე სასწრაფოდ რომ აპირებენ ნაწარმოებების შეფასებას, თარგმანისა და ლიტერატურის შეურაცხყოფაა. განა არ გვეყო საბჭოთა პერიოდში რომ მოხდა ლიტერატურის დაკაბალება. ლიტერატორებს ნუთუ თავმოყვარეობა არ უნდა ჰქონდეთ, ამ სფეროს ასე უდიერად რომ ექცევიან. თითქმის ყველა მთარგმნელს ვიცნობ თბილისში და მართლა მაინტერესებს ვის შეუძლია თარგმანის ერთ თვეში შეფასება? ვვარაუდობ, რომ ვერ მოხერხდება აბსოლუტურად ობიექტური შეფასება.
ახალი თაობის ლიტერატურა ძალიან საინტერესოა. მოგწონს თუ არ მოგწონს, ახალგაზრდებმა ლიტერატურაში სერიოზული განაცხადი უკვე გააკეთეს, თუნდაც ამათ, ვინც „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებულ წერილს აწერს ხელს. ეს ნაწარმოებები უნდა გაანალიზდეს. სამწუხაროდ, ასეთ ნაშრომებს ვერ ვხედავ. ჩვენ ამის სტიმულირებას ვახდენდით გაზეთ „ალტერნატივაში“, როდესაც მათ ნაწარმოებებზე რეცენზიებს ვუკვეთავდით. წიგნად დავბეჭდეთ კრიტიკოს მარსიანის ნაშრომებიც, მაგრამ ეს მხოლოდ წერტილოვანი პროცესებია. დღევანდელი ლიტერატურის კარგი მცოდნეები, ვფიქრობ, ცოტანი არიან. არ მგონია ისინი ამ კონკურსის ჟიურში იყვნენ მოხვედრილები.
არადა, ჟიური პროფესიონალებითა და პატიოსანი ლიტერატორებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. თავის მხრივ, თარგმანს თავისი ჟიური სჭირდება, ან რეცენზია უნდა შეუკვეთო სხვადასხვა ენის სპეციალისტებსა და ლიტერატორებს, საიდანაც თარგმნილია ეს ნაწარმოებები. ჩვენთან კი ასეთი ადამიანების საშინელი დეფიციტი შეიმჩნევა. ასეთები ბევრნი რომ იყვნენ, საქართველოსაც მალე ეშველებოდა. ჟიურიმ იმ სტანდარტებით უნდა იმუშაოს, როგორც მუშაობს ამა თუ იმ დიდი ლიტერატურული პრემიის ჟიური დასავლეთში. იქ ჟიური იმდენად მაღალპროფესიულად განსაზღვრავს თუ რატომ აძლევს ამა თუ იმ მწერალს პრემიას, რომ ეს შეფასებები შემდეგ შესულია ხოლმე ლიტერატურულ ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებში. ნორმალურ ქვეყნებში ჟიური მთელი წლის განმავლობაში მუშაობს, რომ წლის ბოლოს საუკეთესო ნაშრომი გამოავლინოს“.
No comments:
Post a Comment