Tuesday, April 22, 2003

„სასაცილოა, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის კაცი, რომელმაც ბრეჟნევის ტუჩების გემო იცის“

გოგა ხაჩიძე პარლამენტის დეპუტატი რომ გახდება, კორუმპირებულებს „ჯაბანა პაპის“ ხმით ეტყვის: გამოექანეთ და...

პოპულარული ჯგუფის „სახეს“ ყოფილმა წევრმა გოგა ხაჩიძემ საბოლოოდ გადაწყვიტა, ბედი პოლიტიკაშიც სცადოს. იგი საპარლამენტო არჩევნებისას აპირებს კენჭი იყაროს ხაშურის რაიონში, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკური კარიერის გაკეთება მომღერალმა, მულტ-სერიალ „დარდუბალას“ რეჟისორმა, „რადიო 101“-ის (მანამდე „რადიო 105“-ის) უცვლელმა თანამშრომელმა. ამ საკითხზე სასაუბროდ გოგა ხაჩიძე „ახალ ვერსიას“ სიამოვნებით დათანხმდა. აქ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – გოგა ხაჩიძე იგივე „ჯაბანა პაპაა“ – „რადიო 101“-ის არტების გმირი, რომელიც თვით ზვიოზე არანაკლებ პოპულარულია რადიომსმენელებს შორის.

------------------------------
მცირე პრეს-დოსიე
------------------------------
გოგა ხაჩიძე დაიბადა თბილისში 1974 წლის 9 თებერვალს, თუმცა გაიზარდა და სკოლა დაამთავრა სურამში. სწავლობდა თსუ-ს ბიოლოგიურ ფაკულტეტზე. ორი წლის შემდეგ ჩააბარა ჟურნალისტიკის მეორად ფაკულტეტზე.
იყო პოპულარული ჯგუფ „სახე“-ს უცვლელი წევრი. მუშაობდა: „იბერვიზიაში“ (აკეთებდა გასართობ პროგრამას „პარანოია“), თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრში, სადაც რამდენიმე ადამიანთან ერთად გააკეთა სატელევიზიო სამხედრო ალმანახი „სპა“, „პირველ არხზე“, „დვრიტა TV“-ში ამზადებდა გადაცემა „ტერმინალს“. მუშაობდა „რადიო 105“-ში. მულტ-სერიალ „დარდუბალაში“ თავიდან კომპოზიტორი და ხმის რეჟისორი იყო, მერე მისი რეჟისორიც გახდა. ამჟამად მუშაობს „რადიო 101“-ში.
არის „გაერთიანებული დემოკრატების“ ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ჰყავს მეუღლე მაკა აბაშმაძე და შვილი – მევლუდი, რომლის სახელი, მამის სახელი, დაბადების თვე, რიცხვი და დღეც კი ზუსტად ისეთივე აქვს, როგორც გოგას მამის.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

– როგორც ყოფილი მუსიკოსი რას ფიქრობ, როგორ მდგომარეობაშია დღეს თანამედროვე ქართული მუსიკა?

– მე არა ვარ პესიმისტურად განწყობილი ქართულ შოუ-ბიზნესში მიმდინარე პროცესების მიმართ. ჩემი აზრით, ის წინ მიდის და ვითარდება. ვერავინ უარყოფს, რომ „სახემ“ ქართული შოუ-ბიზნესის რაღაც ფუნდამენტი ჩაყარა, რომელზეც ყველამ რაღაც თავისი დააშენა. ის, რაც დღევანდელ ქართულ შოუ-ბიზნესში ხდება, ისტორიის მცირე მონაკვეთია. მომავალში ამ ეტაპზე უკვე მოკლედ იტყვიან, რომ ამა და ამ წლებში შოუ-ბიზნესმა საქართველოში დიდი წინსვლა განიცადაო. ეს ადვილი სათქმელი იქნება. უბრალოდ, დღეს ჩვენ გვგონია, რომ რაღაც საშინელება ხდება.

– დღემდე თითქმის სულ ჟურნალისტურ ან მუსიკალურ საქმიანობას ეწეოდი. ჩემთვის ნამდვილად საინტერესოა რატომ გადაწყვიტე პოლიტიკაში წასვლა და პარლამენტის დეპუტატობა?

– აგერ, უკვე ნახევარი წელია, თბილისში ძალიან იშვიათად ჩამოვდივარ. ძირითადად ხაშურში ვარ, სადაც ვხელმძღვანელობ გაერთიანებული დემოკრატების ხაშურის ორგანიზაციას. ვაპირებ ხაშურში მაჟორიტარ დეპუტატად ვიყარო კენჭი. რატომ გამიჩნდა ეს სურვილი? პირველ რიგში მრცხვენია, ცუდ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ. ცხოვრებაში სულ კარგ წრეში ვტრიალებ, გართობა და მხიარულება ნამდვილად არ მაკლია, არც ხელფასით უკმაყოფილო ვყოფილვარ როდესმე. მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ თუ კარგი ადამიანი ხარ, ასეთ ქვეყანაში მსგავს კეთილდღეობის კუნძულს ვერ შეიქმნი. მეორე ვარიანტია, აქედან კარგ ქვეყანაში წახვიდე საცხოვრებლად, მაგრამ იქ ყველა ოჯახის წევრს და სანათესაოს ხომ ვერ წაიყვან? საქართველოს საზღვარგარეთ ვერ მოიწყობ ისე, რომ აქ ვინმე არ მოგენატროს. ბოლოს და ბოლოს, შენი სახლი და ქალაქი მოგენატრება. ანუ ჩვენი გამოსავალია, ამ ქვეყანას თვითონვე ვუშველოთ. მინდა საკუთარ თავთან მართალი ვიყო და შევეცადო, პოლიტიკიდან რაღაცა გავაკეთო. დიდი სურვილი მაქვს, ჩვენს თაობას და ჩემს შვილს კარგი ცხოვრება ჰქონდეს. სწორედ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი.

– კი, მაგრამ საკუთარ თავში თუ გრძნობ ძალას, რომ ამ საქმიანობას წარმატებით მოჰკიდებ ხელს?

– ხაშურის რაიონში მაჟორიტარებად გასვლას აპირებენ ყოფილი და დღევანდელი ფუნქციონერები, ანუ ისეთები, რომლებსაც ძალიან ბევრი ფული აქვთ, უმუშავიათ სახელმწიფო თანამდებობებზე. ხაშურში ახლა პოლიტიკური ამინდის შექმნას აკაკი ჩხაიძის გუნდი ცდილობს და აპირებს კიდეც კანდიდატური გაყვანას. შეიძლება ეს კანდიდატი რაიონის გამგებელიც იყოს. მან ნასვამ მდგომარეობაში გამოავლინა მისი მისწრაფება. შეიძლება მან ჩხაიძის „აბრეშუმის გზა“ გამოიყენოს და საკუთარი თავი ამით გაიტანოს.

– და შენ იმედი გაქვს, რომ გაიმარჯვებ?

– ამის იმედი მაქვს, რადგან ბოროტება არასოდეს გამიკეთებია, ყოველთვის ვთვლიდი, რომ სასარგებლო და კარგ საქმეს ვაკეთებდი. არც კორუმპირებული ვყოფილვარ, არც ქრთამებს ვიღებ, არც სახელმწიფო გამიქურდავს, ვეწევი პატიოსან ცხოვრებას. ამიტომ შემიძლია თამამად გამოვიდე და ყველას პირში ვუთხრა, ვინ ვინაა.

– ამას ჯაბანა პაპის ხმით გააკეთებ?

– არა, ჯაბანა პაპის კი არა, ჩემი ხმით ვიტყვი, თანაც დასაბუთებულად.

– თუ გაიმარჯვებ, კორუმპირებულებს ჯაბანა პაპის ხმით ეტყვი რამეს პარლამენტის სხდომაზე?

– რასაც ვიტყვი, ამას ასე სახალხოდ გაზეთში ვერ დავწერ, მაგრამ პარლამენტის სხდომაზე რომ გავალ, მერე ნახავ, რასაც ვეტყვი... ისე, აუცილებლად ვიტყვი.

– რაიმე პროგრამა თუ გაქვს, რითაც იხელმძღვანელებ?

– ხაშურში ჩემს გარშემო მართლა ნაღები ახალგაზრდობაა შემოკრებილი. ჩვენი უფროსი თაობა ვერ ხვდება, რომ ახალგაზრდებს გზა უნდა მისცენ. პირადად ჩემი და „გაერთიანებული დემოკრატების“ პროგრამის მთავარი თეზისები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენი საკუთარი ნაშრომის, კეთილი საქმეების რეკლამირება ისე ვერ ვისწავლეთ, რომ გამოვიდეთ და თავი მოვიწონოთ. არადა, ამ დროს ხედავ, რომ ადამიანები, რომლებიც არაფერს აკეთებენ ძალიან ბევრს, ლამაზად ლაპარაკობენ და თავი დიდი ვინმე ჰგონიათ.

ჩვენი თაობა ძალიან მაგარია. წინა თაობას ისეთ დროს მოუწია ცხოვრება, როცა უმუშევრობისთვის ადამიანს იჭერდნენ. ჩვენს თაობას კი სახელმწიფოსგან არანაირი ბიძგი არ მიუღია, რომ რაიმე კარგი გაეკეთებინა. ჩვენ საკუთარი ინიციატივით, წვალებითა და ბრძოლით რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ თაობა ზოგადად მაინც ბირჟაზე დგას, სვამს, წამალს იკეთებს, პლანს ეწევა... თუმცა ჩვენ ფიზიკურად მაინც ვარსებობთ, გადავრჩით, უნდოდა თუ არა ეს ჩვენს წინა თაობას.

ხაშურის რაიონში ვინც მამაჩემის დროს წყვეტდა, ვის რა უნდა ეკეთებინა, ისევ ის წყვეტს, რა გზით წარიმართოს ახლა უკვე ჩემი შვილის ცხოვრება. რატომ? ჩვენ ხომ ვარსებობთ? ჩვენ ხომ მათგან განსხვავებული ინფორმაცია გვაქვს და სხვა ღირებულებანი გაგვაჩნია? ესენი გამოდიან და ერთი ხელის მოსმით ამბობენ – უვარგისი, უწიგნური და გაუნათლებელი თაობა მოდისო. ჩვენ კი სინამდვილეში, წიგნიც გვიყვარს, განათლებულებიც ვართ და კიდევ ბევრი რამ ვიცით.

ისე, ჩვენს ქვეყანას რაღაც არანორმალური უკურნებელი სენი სჭირს – დღემდე გვყავს ერთი მამა და მარჩენალი. რაც თავი მახსოვს, სულ შევარდნაძეა ქვეყნის სათავეში. სასაცილოა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი პრეზიდენტია კაცი, რომელმაც ბრეჟნევის ტუჩების გემო იცის... ეს ხომ ფაქტია? ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ მის გვერდით დღესაც იკრიბება ხალხი, რათა მისნაირი მოვიდეს ქვეყნის სათავეში, ანუ ეს პერიოდი უსასრულოდ გაგრძელდეს და აღარ დამთავრდეს. ეს უკვე გულისამრევი სიტუაციაა.

თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ შევარდნაძე საქართველოში რომ არ დაბრუნებულიყო, შესაძლოა ამ ქვეყანას საერთოდ აღარ ეარსება. თავის დროზე ამ ადამიანმა ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა თავისი ავტორიტეტით. კარგია, რომ გააკეთა, ამას მას არავინ დაუკარგავს, მაგრამ დღეს „ვეღარ ქაჩავს“ – გაიყინა. დიდი, გულწრფელი მადლობა მას ყველაფრისათვის, მაგრამ ახლა გზა მიეცი სხვას, წადი!.. ჩვენი რადიოს სიმღერისა არ იყოს.

– ამბობენ პოლიტიკა ბინძური საქმეაო...

– მაგაზეც მიფიქრია (იმიტომ კი არა, ჟურნალისტებს რა პასუხი გავცე მეთქი)... ამას იმიტომ ამბობენ, რომ პოლიტიკას დღეს ბინძურები აკეთებენ. პოლიტიკა ბინძური მაშინ გამოდის, როცა მასში გულს არ დებ, კაცობა და ადამიანობა არა გაქვს. თუ ბინძური არა ხარ, როგორ შეიძლება ბინძური საქმე აკეთო? ზოგიერთები ქვედა დინებებს მიჰყვებიან (ალბათ ეს არის სიბინძურე), ჩახლაფორთებულ საქმეებში არიან ჩაფლულები, ჩუმად ვიღაცეებთან გარიგებებს აწყობენ...

როდესაც ხაშურში ჩავედი, ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა ისიც კი მითხრა – ხაშურში არჩევნების ბედი ორ ოთახში წყდებაო. ხალხი აბსოლუტურად უგულვებელყოფილია. დღემდე სჯერათ, რომ არჩევნებს გამგეობის შენობაში რამდენიმე ოთახი იგებს. ვაცხადებ, რომ ეს ასე არ მოხდება. ყველანაირად ვეცდები, რომ ასე არ მოხდეს. ხალხი არ არის ბრბო. ესენი ისე საუბრობენ, როგორც აწყობთ – ხან ჰყვირიან, ხარხი ბრბოაო, ხანაც ქართველი ხალხი ბრძენიაო. ხალხმა ისინი უნდა დაარწმუნოს, რომ არჩევნები ორ ოთახში არ წყდება.

– ხომ არა გაქვს რამე ისეთი ოცნება, რომელსაც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ აისრულებ?

– ბევრ რამეზე შემიძლია ვისაუბრო. ყველაზე მეტად მინდა, ადამიანს ქუჩაში გამოსვლა უხაროდეს. თბილისში ეს რამდენიმე ქუჩაში მეტნაკლებად ასეა, რადგან მაინც დედაქალაქია. ხაშურსა და სურამში ღამით პირდაპირ ჯოჯოხეთში გამოდიხარ. ყველაფერი ჩაბნელებული და გაუბედურებულია. არაფერი მუშაობს. არ შეგიძლია სადმე გაერთო, წახვიდე, დაჯდე და ყავა ან თუნდაც ლუდი დალიო. კინოთეატრებზე ზედმეტია საუბარი – აღარ არსებობს. ხაშურის ერთ მაღაზიაში ორი ფერადი ნეონის ნათურა თუ შუქია, მთელი ღამით ანათებს. ერთმა ახლობელმა მითხრა – ძალიან მიხარია, როდესაც ამ მაღაზიას გვერდით ჩავუვლი, რადგან ეს ორი ნათურა ძალიან ლამაზიაო. ხალხს მოენატრა ადამიანურ სიტუაციაში ცხოვრება. კარგად მახსოვს, ხაშურში ძალიან კარგი თეატრი იყო. მახსოვს, როდესაც კინოდან ან თეატრიდან ღამით სურამში ჩავდიოდით, სულ განათებული იყო ქუჩები. დიდი სურვილი მაქვს, ამომრჩეველი დავარწმუნო, რომ არც ფული, არც მაქინაციები, არც ქვეშ-ქვეშ ძრომიალი და ვიღაცეებთან კავშირები, არჩევნებს ბედს ვერ გადაწყვეტს. არჩევნებში პატიოსნებამ, ჯანმრთელმა გონებამ და სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს.

No comments:

Post a Comment