Monday, April 28, 2003

მომპარავები

ყველასათვის ცნობილია, რა დიდი პატივით ეპყრობა ახალგაზრდა ბიჭების უმრავლესობა „მომპარავებს“. ეს ცნება ქურდული სამყაროს განუყოფელი ნაწილია. „მომპარავობა“ „გრეხი“ (უკაცრავად, ცოდვა) არ არის. უფრო მეტიც, საზოგადოების ნაწილი „მომპარავებს“ პატივისცემით ეპყრობა. მათზე ხშირად გაიგებთ ასეთ საუბარს, რა ჰქნან, სხვა რა აკეთონ ამ დაქცეულ ქვეყანაშიო. ამიტომ საზოგადოება თვალს ხუჭავს „კარმანშიკებისა“ და ბინის ქურდების ბოლოდროინდელ აღზევებაზე. ადამიანი მაშინაც კი არ გამოთქვამს მათ მიმართ პროტესტს, როცა თვითონ აღმოჩნდება დაზარალებულებს შორის. ამის გამო, „მომპარავები“ უკვე საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში. „კარმანშიკები“ ჯგუფ-ჯგუფად დადიან სატრანსპორტო საშუალებებით და თავიანთ საქმიანობას ზოგიერთი პოლიციელისა და მძღოლის დახმარებით ფრიადზე ასრულებენ. მათთვის არ არსებობს სოციალური თუ ასაკობრივი კლასიფიკაცია და გულმოდგინედ ასუფთავებენ ბავშვების, სტუდენტებისა თუ მოხუცების ჯიბეებსა თუ ჩანთებს. როგორც წესი, ფაქტზე წასწრებისას ხმის ამოღება არ შეიძლება, რადგან ამას ქურდული კანონი კრძალავს. პოლიციის იმედად  ყოფნა კი, დღეს, თითქმის წარმოუდგენელია.

თუმცა, ეს რა გასაკვირია, როცა „მომპარავები“ სახელმწიფოს ხელმძღვანელ თანამდებობებზეც კი არიან მოკალათებულები. ისევე, როგორც „კარმანშიკებს“, მათ უაღრესად დიდ პატივს სცემენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ამიტომ ისინი ძალიან მშვიდად განაგრძობენ თავიანთ „საშვილიშვილო“ საქმიანობას. ხმის ამოღება არც ამ შემთხვევაში შეიძლება, რადგან ამას ქურდული კანონები კრძალავს.

როდესაც თანამედროვე მუსიკოსებმა შეხედეს ყველაფერ ამას, იფიქრეს, – „თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო“ და თავადაც დაიწყეს ამ „კაცური“ საქმის კეთება. თავდაპირველად, ისინი, მხოლოდ სიმღერებიდან ტექსტებისა და მელოდიების ფრაგმენტებს იპარავდნენ, დროთა განმავლობაში ისე „გაბლატავდნენ“, მთელი სიმღერების ასლირებას შეუდგნენ. როდესაც რამდენიმე პატიოსანმა მუსიკოსმა ეს შეამჩნია და ხმამაღლა გააპროტესტა, წამსვე მიუხტდნენ, – რა გაყვირებს, ფულს რატომ გვაკარგვინებ, ეს არაქურდულიაო. აბა, შეიარეთ სტუდიებში და ნახეთ ამ სიმღერების ტექსტებს როგორ აქართულებენ ჩვენი ესტრადის „გენიოსი“ პოეტები.

ახლა, მოკლედ აგიხსნით მუსიკალური „მომპარავების“ მუშაობის პრინციპებს. იკრიბება ბოიბენდი და ფიქრობს, რა გააკეთოს იმისათვის, რომ მათი მომავალი სიმღერა უცებ გაჰიტდეს. როდესაც გამოსავალს ვერ პოულობენ, ან მათთვის ვიღაც ქართველი „კომპოზიტორის“ მიერ დაწერილი სიმღერა ძალიან ცუდია, მიუსხდებიან კომპიუტერს, შედიან ინტერნეტში და ათვალიერებენ სოულ ჯგუფების საიტებს. ყველაზე ხშირად „ბექსტრიტ ბოიზის“, „უესტლაიფის“, „ბლუ“-სა და მსგავსების საიტებს სტუმრობენ. უსმენენ მათ სიმღერებს. როდესაც ნახავენ ისეთ სიმღერას, რომელიც არ არის „ემთივი“-სა და სხვა პოპულარული მუსიკალური ტელეარხებით „დარასკრუტკებული“ (ანუ ხშირად დატრიალებული), მას „აკაჩავებენ“ (იწერენ). ჩაწერილი კომპაქტ-დისკი ან მინი-დისკი მიაქვთ რომელიმე სტუდიაში არანჟირების ავტორთან და სთხოვენ ანალოგიური მელოდია აუწყოს. როდესაც არანჟირების ავტორი ამ სიმღერის მხოლოდ მუსიკალური აკომპანიმენტის ასლს გააკეთებს, „მომპარავები“ იწყებენ იმაზე დავას, თუ ვის მიაწერონ მუსიკის ავტორობა. ეს კამათი ყოველთვის უსისხლოდ მთავრდება და კონსენსუსამდე უმტკივნეულოდ მიდიან.

ამის შემდეგ ბიჭები იწყებენ ტექსტზე ფიქრს. მიდიან ესტრადის რომელიმე პოპულარულ პოეტთან და, რა თქმა უნდა, გასამრჯელოს სანაცვლოდ (50 ან 100 აშშ დოლარი) სთხოვენ ლექსის მორგებას. „პოეტი“ უსმენს სიმღერის, როგორც ინგლისურ, ასევე ახლად გაკეთებულ „მინუსავოი“ ფანერას (იგივე ფონოგრამას). მას, რა თქმა უნდა, ტექსტის მოფიქრება არ უჭირს, რადგან „წვიმიანი სიყვარულებისა“ და „სიზმარში კოცნა-პროშნების“ „პრობლემატური“ თემები დღეს ისევ აღელვებს „ქართულ საზოგადოებას“. ტექსტი სადღაც ორ-სამ დღეში მზადდება. ამ შემთხვევაში, „პოეტი“ თავს იფასებს, სინამდვილეში კი, ტექსტი ნახევარ საათში კეთდება. გახარებული „მომპარავები“ ისევ სტუდიაში გარბიან და ახლა უკვე იწყებენ ხმების ჩაწერა-დადებას, რის შედეგადაც ვიღებთ ახალ ქართულ „ჰიტს“, რომელიც სულ მალე რადიოებსა და „მაესტროს“ ეთერში იტრიალებს და მშვიდობიან მოსახლეობას ტვინს გაუბურღავს.

ისე, მართლაც საოცარია, ამაზე ხმას რატომ არ იღებენ პროფესიონალი მუსიკოსები, ან მუსიკისა თუ ხელოვნების მცოდნეები, თუ ისინიც ქურდული კანონების ზეგავლენის ქვეშ არიან და ამათი მხილება „ეგრეხებათ“? როგორც იტყვიან, არავის უნდა აუტკივარი თავი აიტკიოს. ეტყობა, – არც მე, რადგან კონკრეტულად არავის ვასახელებ და მხოლოდ ზოგადად ვსაუბრობ. თუმცა, არა ვარ პროფესიონალი მუსიკის მცოდნე, მხოლოდ პროფესიონალი მსმენელი ვარ, ოღონდ არა ამათი (ღმერთმა დამიფაროს!).

ჩვენი სიმუნჯის გამო კი, „მარშრუტკების“ ჩართულ რადიოებში „მომპარავი“ მუსიკოსების ჰიტების ფონზე ტრანსპორტში, ბაზრობებსა და ქუჩებში „მომპარავი კარმანშიკები“, ხოლო მთავრობაში „მომპარავი ხელისუფალნი“ ისედაც გამორღვეულ ჯიბეებს გვისუფთავებენ. ჩვენ კი გვიხარია... ოღონდ თავად არ ვიცით, რა. 

გიხაროდენ! გიხაროდენ!

No comments:

Post a Comment