Tuesday, April 29, 2003

რა დანაშაული მიუძღვის ჯგუფ „სახეს“ ქართული მუსიკის წინაშე

დათო ფორჩხიძის აღსარება

ქვემოთ მდებარე სტატიის ავტორს ჯგუფი „სახე“ არასოდეს მოსწონდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პატივს სცემდა (და სცემს) მას იმ უბრალო მოტივის გამო, რომ ეს კოლექტივი ძალიან ბევრ რამეში პირველია. პირველი სკანდალებიც ე.წ. ქართულ შოუ-ბიზნესში სწორედ ამ ჯგუფის სახელთან ასოცირდება. „სახე“ იყო პირველი ქართული კომერციული პროექტი. მსგავსი ფინანსური წარმატება დღემდე არც ერთ ქართველ შემსრულებელს ჰქონია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავსაუბრებოდი ამ უკვე ყოფილი ჯგუფის ლიდერს, დათო ფორჩხიძეს, რომელმაც სიამოვნებით ისაუბრა იმ საესტრადო ნაგვის შესახებ, რაც ჩვენს ირგვლივ ყრია. თუმცა საინტერესოა, მიუძღვის თუ არა წვლილი „გარემოს“ დაბინძურებაში ამ, უკვე ლეგენდად ქცეულ ჯგუფს.

---------------------
მოკლე დოსიე
---------------------
დათო ფორჩხიძე დაიბადა 1974 წლის 28 აგვისტოს ქალაქ ზესტაფონში (ფეროს სამშობიაროში). სწავლა დაიწყო თბილისის I საშუალო სკოლაში. პარალელურად, ამავე სკოლასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ეუფლებოდა ფორტეპიანოზე, გიტარასა და სხვა ინსტრუმენტებზე დაკვრას. გატაცებული იყო ხალხური საკრავებით. დაამთავრა 178-ე საშუალო სკოლა. სწავლა სახ. უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო. იქ აკადემიური მოსწრება და „დასწრებაც“ ძალიან დაბალი ჰქონდა. ამის საკომპენსაციოდ შესთავაზეს „კავეენის“ გუნდში ყოფნა და ასე აღმოჩნდა ლეგენდარული „კავეენშიკების“, – შონზოს, შალვა რამიშვილისა და სხვათა გვერდით. იმღერა „იალტის“ ფესტივალზე, სადაც სამ საუკეთესოთა შორის დაასახელეს. გოგა ხაჩიძისა და შალვა რამიშვილის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, აღადგინა ჯგუფი „სახე“, რომელიც 1990 წლიდან არსებობდა, მაგრამ მაშინ, ძირითადად, აკაპელებს მღეროდნენ როიალთან. „სახემდე“ იყო გოჩა აბაშიას ჯგუფ „ვნების“ წევრი. ამჟამად აქვს საკუთარი სტუდია. ჰყავს მეუღლე ხატია და პატარა გოგონა ნანუკა.
-----------------------------------------------------------------------------------------------------

– დათო, „სახეს“ საქართველოში სოულის მამას ეძახიან. რა რეაქცია გაქვს ამ წოდებაზე?

– უბრალოდ, ჩვენ, პირველები გამოვჩნდით მასაში. ჩვენამდე თბილისში, თუნდაც „ვნება“ არსებობდა. „სახეს“ პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, პროდიუსერის შალვა რამიშვილის ახლებური ხედვა იყო, ანუ ჩვენ, ერთად ვაკეთებდით იმას, რასაც საქართველოში მანამდე არავინ აკეთებდა. გვსურდა ვყოფილიყავით სიახლის შემომტანები. გვქონდა განსხვავებული, მაშინ სარისკო ტექსტები. გაგვიმართლა, რომ ჩვენი შრომა ხალხს მოეწონა. საზოგადოება დავაჯერეთ, რომ ქართველს შეუძლია ესტრადაზე შეასრულოს ისეთი რამ, რომელიც არაა აუცილებელი იყოს რეტრო, ქალაქური ან ხალხური სიმღერა. ეს იყო ქართულ ტექსტიანი ახალი ჟღერადობა და არანჟირება.
– და „დანაშაული“ არ ჩაგიდენიათ რამე?

– გვაქვს ცოდვებიც, რომლებიც ჩვენს „უღირსობაზეც“ მეტყველებს. „სახემ“ ძალიან უღირსი შთამომავლობა დატოვა. ჩვენი ჯგუფის არსებობამ ისეთ ადამიანებს გაუხსნა გზა, რომლებისთვისაც სიმღერა რომ დაგეძალებინა, ხმას ვერ ამოიღებდნენ და თავში რაღაცას ჩაგარტყამდნენ. „სახესთვის“ მთავარი სიმღერა იყო. ეს ფაქტორი ნაკლებად გაითვალისწინეს შემდგომმა კოლექტივებმა და შემსრულებლებმა. მხოლოდ პრომოუშენსა და ყვითელ პრესაში აგორებულ სკანდალებში მოგვბაძეს. უბრალოდ, ისინი სიმღერებს პატიოსნად აღარ აკეთებენ.

– რატომ მოხდა ასე?

– კომუნისტების დროიდან სცენას ძალიან დიდი ფასი ჰქონდა. მაშინ ყოველნაირად ცდილობდნენ საუკეთესოს შერჩევას. ჩვენი გამოჩენა ნამდვილად არ იყო ქართული ესტრადის დამსახურება. რა თქმა უნდა, არ მივტირი კომუნისტურ ეპოქას, მაგრამ მაშინ მუსიკალური სტრუქტურები, მეტ-ნაკლებად, მოწყობილი იყო. ანუ „კომუნისტურ შოუ-ბიზნესს“ მუსიკოსები, პროფესიონალები კურირებდნენ. როდესაც ჩვენ არაფრისგან დავიწყეთ მუშაობა და გამოგვივიდა, გავლენიანმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს ცნობილი ადამიანები საკუთარი დაინტერესებისამებრ გამოეყენებინათ. ჩვენთან ეს არ გამოუვიდათ. ამიტომ მათ იფიქრეს, რატომ მივცეთ „სახეს“ ამდენი უფლება, როცა შეიძლება, ვიღაცეები რაიონებიდან ჩამოვიყვანოთ და ვუხელმძღვანელოთო. ისინი მართლა ვერ ხვდებოდნენ, რომ უნიჭოებით გვცვლიდნენ. შოუბიზნესი შევიდა არამუსიკოსების დაინტერესების სფეროში, რომელთაც, საერთოდ არ ესმით, რა არის მუსიკა. თანაც ეს ყველაფერი, ეტაპობრივად მოხდა. პირველი უხმო და უნიჭო მომღერალი ვიღაცის შვილი იყო. როდესაც ამ უნიჭომ მეორე და მესამე სიმღერა ჩაწერა, უკვე სხვა უნიჭოებსაც, – ასევე ვიღაცის შვილებს, ქმრებსა თუ საყვარლებს, – ანალოგიური სურვილები გაუჩნდათ. ხალხმა კი, ამ დროს, სრული ნიჰილიზმი გამოამჟღავნა.

საერთოდ, მუსიკის მსმენელს, ორი ღვთისგან ნაბოძები უფლება აქვს, რომელსაც ვერავინ აუკრძალავს. მას შეუძლია მოიწონოს და ტაში დაუკრას მუსიკოსს, ან არ მოიწონოს და დაუსტვინოს. სამწუხაროდ, ხალხს არ მიაჩნია, რომ ეს მუსიკა მისთვისაა განკუთვნილი. მსმენელი ვერ ხვდება, რომ მომღერალი, რომელიც არ მღერის, ისევე ატყუებს მას, როგორც ჩვენი მთავრობა, როდესაც მას უმიზეზოდ შუქსა და გაზს უთიშავს და გაყინულ ხელფასსა და პენსიას არ აძლევს. თუმცა, ეს იმიტომ ვერ გაითავისა, რომ ამ მუსიკაში გადამხდელი ძალიან ცოტაა. კონცერტებზე ყველა ან უბილეთოდ, ან დაბალ ფასებში ცდილობს შესვლას. აქედან გამომდინარე, მსმენელი მათ წინაშე ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობს. მსმენელმა თავისი უფლება უნდა გამოიყენოს და უნიჭოს, ვინც არ უნდა იყოს ის (თუნდაც მე), უნდა დაუსტვინოს. დღევანდელ განუკითხაობას ვერანაირი სახელმწიფო კანონი ვერ უშველის. საერთოდ, ხელოვნებაში კანონების დაწესება ძალიან დიდი სისულელეა. სცენაზე, რა თქმა უნდა კარგებიც არიან, თუმცა უმცირესობაში. სამწუხაროდ, ამათი შრომა არ არის დაფასებული.

– როგორ შეიძლება მსმენელი მიხვდეს, რომ ნებისმიერი ბოიბენდი, რომელიც საქართველოში არსებობს, „სახეს“ მიმბაძველია?

– ძალიან უბრალოდ. დააკვირდით მათ. პირველ ეტაპზე ჩვენგან მელოდიებსა და სიმღერის ფრაზებს იპარავდნენ. სამწუხაროდ, მოპარულზე პროტესტის გრძნობა რატომღაც არავის უჩნდება. არადა, დასავლეთში არამც თუ მელოდიების მოპარვა, „აეროსმიტის“ ლიდერს სტივენ ტაილერს მიკ ჯაგერთან სახის ნაკვთებით მსგავსება არ აპატიეს და დააბრალეს, მას ჰბაძავო. იქ, ადამიანებს, საკუთარი სიმღერების განმეორებას არ არჩენენ და აქ, ურცხვად მთელ სიმღერებს იპარავენ.

– ეს ხომ არ არის ჩვენი მსმენელის დაბალი გემოვნების, ან ინფორმაციის ნაკლებობის ბრალი?

– მსმენელები, რომლებიც ტელევიზიებსა და რადიოებში რეკავენ, ძალიან ცოტანი არიან. მასა ამ ნაგავს არ უსმენს, არ აფასებს და უფრო მეტიც, არ ცნობს. ეს იგივეა, არჩევნებზე 20 კაცი მივიდეს და მერე გამოაცხადონ ასი ათასი მოვიდაო. ამიტომ ამ ტელე და რადიო ფანების აზრი არ არის „ხმა ერისა“. სამაგიეროდ, პრესა, ნებისმიერი გაზეთი და რადიო-ტელევიზია ამას, საზოგადოებრივ აზრად ასაღებს. ეს არასწორი მიდგომაა. ბევრ ადამიანს შევხვედრივარ და მათში პროტესტის გრძნობა გაცილებით დიდია, ვიდრე მოწონება იმისა, რაც ჟღერს. დღეს მთელი ესტრადა ვერ ახერხებს საზოგადოების დაინტერესებას.

– მაშინ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი და ვინმემ თქვას, რომ ეს ნაგავია...


– პროფესიონალმა მუსიკოსებმა ან თავი დაანებეს ყველაფერს, ან ამ სახელმწიფოდან წავიდნენ, ან ვიღაცისთვის რაღაც მუსიკას წერენ და ამით არსებობენ. რა ნაგვის შექმნაშიც არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას, ისინი ნამდვილი მუსიკოსები არიან. თითქმის ყველა სტუდიაში არის ნიჭიერი მუსიკოსი და არანჟირების ავტორი და გაცილებით უკეთესად მღერიან, ვიდრე ესენი, ვინც სცენაზე ჩანან. მეც, დღეს, სტუდიაში ვარ, რადგან ეს არის ჩემი საარსებო წყარო. ამ ადამიანებს არავინ უვლის, აფასებს და მათ იყენებენ.

რაც შეეხება სიმართლის თქმას. ამ საქმეში პირადად შენ, მე ან შალვა რამიშვილი თუ პირველები არა, მეორეები მაინც ხომ ვართ, მაგრამ ჩვენ რატომღაც ინტრიგანებს გვიწოდებენ. იმიჯი გვაქვს ისეთი, რომ სიმართლეზე ვსაუბრობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი იცვლება, რადგან გავლენიანი პირების ინტერესებში არ შედის, თანამედროვე ქართული მუსიკა მაღალ დონეზე იყოს. ეს მათ არ სჭირდებათ. ამ მუსიკაში სრული ქაოსი და განუკითხაობაა, რადგან როგორც თავად უნდათ, ისე აკეთებენ და აფასებენ.

– დათო, ქართულ ვიდეოპროდუქციას როგორ უყურებ?

– იგივე ნაგავია, რაც მუსიკაა. ამ ქვეყანაში უკეთესი ჯერ ვერ იქნება, რადგან თითქმის ყველა თვითნასწავლია. სანამ ისინი თავიანთ საქმეს არ ისწავლიან, და თუნდაც, დასავლეთში კურსებს არ გაივლიან, სიტუაცია ვერ გამოსწორდება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველოს მრავალ ტელევიზიაში შესანიშნავი აპარატურაა, მაინც არაფერი იცვლება.

– მუსიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ის უკრავს არა ფულისთვის, არამედ სულისთვის. შენ რას ფიქრობ ამ გამოთქმაზე?


– ეს არის საქმისადმი აბსოლუტურად დილეტანტური, ქართული მიდგომა. როდესაც საკუთარი ნიჭისა და შრომის შედეგად კონცერტის შედეგად პირველი ჰონორარი ავიღე, ჩემი სული ზეიმობდა, რადგან საყვარელი საქმით ვიშოვე ფული და არ მომიწია ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც არ მიყვარს (ვთქვათ, ბანკში ბუღალტრული საქმეების წარმოება). ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე საქმე მეთაკილება. ინგლისელებს აქვთ ძალიან კარგი გამოთქმა: „მე ისეთი მდიდარი არა ვარ, რომ იაფი რამე ვიყიდო“. თუ ფულის გაკეთება არ გინდა, ე.ი. თამაშობ, რომელიც მსმენელს არ სჭირდება. ნიჭიერი რაც მეტ ფულს გააკეთებს, შემოქმედებითად უფრო გაიზრდება. ამის მაგალითები ნებისმიერ სფეროში მოიპოვება. ყველაფერი ფულამდე მიდის, რადგან ამას მარტო შოუ კი არა, ბიზნესიც ჰქვია. თბილისში მიაჩნიათ, რომ თანამედროვე მუსიკა ერთადერთი წამგებიანი ბიზნესია და რადგან მასში ზოგჯერ გასათეთრებელი ფულია ჩადებული, მუსიკა საკუთარ თავს ვერ ირჩენს. საქართველოში ნებისმიერი მომღერალი წაგებაშია.

– აუცილებელია თუ არა მუსიკოსი იყოს წიგნიერი?

– კარგია, როდესაც ადამიანი ორატორული ნიჭითაა დაჯილდოვებული და მას საკმარისი სიტყვათა მარაგი გააჩნია. ჩვენთან არიან მომღერლები, რომლებიც საუბრისას ელემენტარულ სიტყვებს ვერ პოულობენ. მათ ამას ვაპატიებდი, თუ კარგ მუსიკას შემოგვთავაზებდნენ. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ისინი წიგნიერები და მჭერმეტყველები იქნებოდნენ, მაგრამ მთავარი ნაკლი მაინც მათი მუსიკაა.

– ხდება თუ არა ქართულ სცენაზე ბავშვების ექსპლუატაცია? კარგავენ თუ არა ისინი ბავშვობას?


– რაც ბავშვებთან დაკავშირებით ხდება, ეს ცუდია, – ამაზე შევთანხმდეთ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად თავად ბავშვები არიან დამნაშავეები. მათი პირველი მტერი მშობლები და ისინი არიან, ვინც მშობლებს ამისკენ უბიძგებენ. ჟურნალისტებიც სცოდავენ. საბედნიეროდ, მუსიკალური სცენისთვის საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვი იზრდება, მაგრამ მათ გაფრთხილება სჭირდებათ. ბავშვს არ უნდა დაუკარგო ბავშვობა. მუსიკაში სამწუხარო აქსიომა არსებობს, – ყველა წარმატებული ბავშვის პირადი ცხოვრება, შემდეგ ძალიან წარუმატებლად გრძელდება ხოლმე. მშობლებს ვთხოვ, ნუ გამოარჩევენ საკუთარ ბავშვს თანატოლებისგან. ჩემი მეგობარი ლევან ლაზარიშვილი სიმღერაში უნიჭო ბავშვების მშობლებს პირდაპირ ეუბნება ხოლმე, – შესაძლოა, ამ ბავშვის სახით, თქვენ, საქართველოს, ძალიან დიდ ფიზიკოსს, ან მოჭადრაკეს უკარგავთო. ერთი პერიოდი ყველა ბავშვს ფორტეპიანოზე დაკვრა უნდა ესწავლა. დღეს, რატომღაც მიაჩნიათ, რომ ყველა სცენაზე უნდა იდგეს. ადრე, რაღაცას სწავლობდნენ მაინც.

ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მეთაურზე. ეს ქვეყანა რომ ასე დაქცეულია, აბა, ვისი ბრალია? ცუდ ქვეყანაში ხდება ხოლმე ასეთი უკუღმართობები. როცა სამუშაო გვექნება, შუქი და გაზი აღარ გვემახსოვრება, სწორედ მაშინ შევაფასებთ უფრო ხელოვნებას. მუსიკის დონეც აიწევს. ჩვენ, დღეს, ცარიელა ნიჭისა და ქართული კუდაბზიკობის ხარჯზე ვარსებობთ. ყველა საქმეში პროფესიონალიზმია საჭირო. სანამ ეს არ გამოსწორდება, არც მუსიკა და არც ქართული ფეხბურთი იქნება მაღალ დონეზე. სამწუხაროდ, რაგბიში რომ დავმარცხდით, კანონზომიერებად ჩავთვალე. ჩვენი რაგბისტები მართლაც გმირები არიან და ამ წყვდიადში ანათებენ, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენთან, კარგად არაფერი არ უნდა იყოს, – არ შეიძლება... ხვალინდელი დღის იმედი ვიქონიოთ.

1 comment:

  1. მამაჩემს დათო ფორჩხიძეს არავოთარი ცოდვა არ ჩაუდენია

    ReplyDelete