გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე კანონმდებლობიდან უფრო ემუქრება
ქართული სატელევიზიო-საეთერო სივრცე, ფაქტობრივად, ეგზომ პოპულარული ღამის პოლიტიკური თოქ-შოუების გარეშე დარჩა. ეთერში აღარ გადის ინგა გრიგოლიას „ღამის მზერა“ და ეკა ხოფერიას „ღამის კურიერი“. ამ გადაცემებს შეჩვეულ ტელემაყურებელს სატელევიზიო „ლომკები“ დაეწყო და გულწრფელად დაინტერესდა გრიგოლიასა და ხოფერიას ბედით. ორივე გადაცემა ერთ დღეს შეწყდა, ამიტომ ბევრ ტელემომხმარებელს გაუჩნდა სრულიად ბუნებრივი ეჭვი, რომ ეს პროგრამები „ზემოდან“ ბრძანების შედეგად შეჩერდა. ეს მოსაზრება ზოგიერთმა პარლამენტარმაც განავრცო და პრესაში გაჩნდა ცნობები ამ გადაცემების ხელოვნურად დახურვის შესახებ.
„ახალი ვერსია“ ამით, ბუნებრივია, დაინტერესდა და საქმეში უფრო ღრმად ჩასახედად შეეცადა, „დაზარალებულებს“დაკავშირებოდა. ინგა გრიგოლია „ღამის მზერის“ შეჩერებას იმით ხსნის, რომ ახალ პროექტს ამზადებს, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის გავა ეთერში.
ინგა გრიგოლია: „ჩემზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, სხვა ტელეარხებზე კი ვერაფერს გეტყვი. აქ შეგიძლია სამი წერტილი დასვა...“ ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი პასუხის მიღების შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით ტელეკომპანია „მზის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ინგა დადიანს, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ არავითარი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ არ ყოფილა და ტელეკომპანია „მზე“ აპირებს ახალი ფორმატის გადაცემის მომზადებას, რომელსაც კვლავ ინგა გრიგოლია წარუძღვება. ამ გადაცემის დეტალებს წინასწარ არც ინგა გრიგოლია და არც ტელეკომპანია „მზე“ არ ახმაურებს.
შიდა საქმეებში ხელისუფლების ჩარევა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამაც კატეგორიულად უარყო. ისინი აცხადებენ, რომ „რუსთავი 2“ თავის მაყურებელს მალე ახალ სადისკუსიო პროექტს შესთავაზებს. როგორც ვხედავთ, ტელებოსები და ჟურნალისტები ზეწოლის ფაქტებს გამორიცხავენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გადაცემების შეჩერება ამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს შორის ურთიერთშეთანხმების შედეგად მოხდა.
„თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალისტი გიგა ბოკერია ამ გადაცემების შეჩერებაში ტრაგედიას ვერ ხედავს. მისი აზრით, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე, უცხოური ინვესტიციების არარსებობით უფრო ემუქრება.
საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა და კარგი კანონმდებლობა
„ახალი ვერსია“ ესაუბრება გიგა ბოკერიას.
– ეთერში აღარ გადის „ღამის მზერა“ და „ღამის კურიერი“. რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
– როგორც მაყურებელს, მათი არარსებობა ნამდვილად არ მაწუხებს. არც „ღამის მზერის“, არც „ღამის კურიერის“ ფორმატი არ მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანებთან არანაირი პრეტენზია არა მაქვს. თუ გადაცემები პოლიტიკური ზეწოლის შედეგად შეჩერდა, ეს სერიოზული პრობლემაა. თუმცა ამის მტკიცების საფუძველი ჯერ-ჯერობით არ მაქვს. სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღება ტელევიზიების საქმეა და მათ ჩვენ ვერ განვიხილავთ. არ ვიზიარებ იმ აჟიოტაჟს, რომელიც ამ გადაცემების შეჩერებას მოჰყვა. მათი შეჩერებით არაფერი შეცვლილა. ეს ნამდვილად არ არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ორი ტელეარხის ხელმძღვანელს შორის შეთანხმება შედგა და კომერციული მიზეზით, გადაცემები ერთდროულად დაიხურა. საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე მსგავსი ფაქტებით არ ემუქრება. საფრთხე იმაშია, რომ ელექტრონულ მედიაში უცხოური ინვესტიცია, ფაქტობრივად, არ არსებობს და ხშირ შემთხვევაში, კომერციული სუბიექტების ინტერესები კომერციული არ არის. ასეთ ტელევიზიებში არ ვგულისხმობ მხოლოდ „რუსთავი 2“-ს. ტელევიზიები, სადაც ფულს აბანდებენ და მოგებაზე არ ფიქრობენ, აუდიტორიაზე არ არის ორიენტირებული. ეს კი ყოველთვის პრობლემაა.
უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით აუცილებლად გარღვევა გვჭირდება, რათა ტელევიზიებში უცხოური ინვესტიციები ჩაიდოს. მსგავსი პროცესი უკვე აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღა იქაური ტელებაზარი და მინიმუმამდე დაიყვანა ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიათა შიდა საქმეებში ჩარევის საფრთხე. ამავე დროს, შემცირდა ტელევიზიათა მხრიდან პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობის ცდუნებაც. ეს ჩვენთანაც უნდა მოხდეს, რადგან საქართველოში სარედაქციო დამოუკიდებლობის ტრადიცია პრაქტიკულად არ არსებობს. დღეს ყველაფერს მეპატრონეები წყვეტენ, ეს მათი უფლებაა და ასე გაგრძელდება თუ ზემოთაღნიშნული ტრადიცია არ დამკვიდრდა.
– რა დაინტერესება უნდა ჰქონდეს ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში უცხოელ ინვესტორს?
– ბალტიისპირეთის ქვეყნებიც პატარაა, მაგრამ სარეკლამო ბაზარი ყველგან არსებობს. უბრალოდ, დღეისათვის ჩვენთან არ არის დიდი სარეკლამო ბაზარი, რადგან ეს საერთო ეკონომიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა ინვესტორები მოვიწვიოთ ყველა სხვა სფეროებშიც და ამით სიტუაცია გამოსწორდეს? ამიტომ უნდა ვეცადოთ ინვესტორები გრძელვადიანი ინტერესებით მოვიზიდოთ, თუ გნებავთ – შემოვიტყუოთ.
– როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა „ღამის კურიერის“ მსგავსი გადაცემები საზოგადოებისათვის?
– რეალური სადისკუსიო გადაცემები, ჩემი აზრით, საჭიროა, მაგრამ ეს გადაცემები ამ მოთხოვნებს რეალურად არ პასუხობდა. ამ გადაცემების მთავარი პრობლემა ფორმატი იყო. არსად მსოფლიოში ასეთი ხუთსაათიანი გადაცემები არ გადის ეთერში, რომელშიც სტუმრები მამლებივით იწევდნენ ერთმანეთისკენ. ჩემის აზრით, „ღამის მზერასა“ და „ღამის კურიერს“ არასერიოზული და დრომოჭმული ფორმატი ჰქონდა. თუმცა საქართველოში სადისკუსიო და ანალიტიკური პროგრამების ნაკლებობა ნამდვილად იგრძნობა. ვიმედოვნებ, ახლო მომავალში ამ ვაკუუმის შევსება მოხდება, თუმცა „ტელე-იმედში“ არსებობს სადისკუსიო გადაცემა „თემა“ გიორგი გომიაშვილთან ერთად.
– ემუქრება თუ არა საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე?
– სიტყვის თავისუფლებისთვის ყველაზე მთავარი პრობლემა არის უცხოური ინვესტიციების არარსებობა და კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია ცილისწამების რეგულირების და კიდევ სხვა ასპექტებთან. ჩემის აზრით, უნდა მოხდეს ამ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. ცვლილებებია შესატანი სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ კანონში. აუცილებლად უნდა მივხედოთ რეგიონალურ მედიას, სადაც დამოუკიდებელი მედია ან პრაქტიკულად არ არსებობს, ან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამის მიზეზია მცირე სარეკლამო ბაზარი და დრომოჭმული პოლიტიკური ტრადიციები.
ჩვენ ძალიან ყურადღებით განვიხილავთ ნებისმიერ სარჩელს, რომელიც სახელმწიფო მოხელეებისგან მომდინარეობს კერძო მედიის წინააღმდეგ. მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ახლა „თავისუფალი გაზეთის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ჩვენ უახლოეს დღეებში სერიოზულად განვიხილავთ ამ სარჩელს და თავად პუბლიკაციას.
„თავისუფლების ინსტიტუტი“ აქტიურად მონაწილეობს ჟურნალისტების მიერ პროფესიული სტანდარტების შემუშავებაში, თუმცა ამ პროცესში გადამწყვეტი სიტყვა ისევ ჟურნალისტებმა უნდა თქვან. რიგ გამოცემებს შორის ამ სტანდარტებზე უკვე მოხდა შეთანხმებები. უნდა შეიქმნას რაღაც თვითრეგულირების სტრუქტურა, რომელიც ამ სტანდარტების დარღვევაზე გარკვეულ რეაგირებას მოახდენს. თუმცა ზოგიერთებმა ეს რაღაც ცენზურად მიიღეს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული სტანდარტები კანონმდებლობის საქმე არ არის, ეს თავად ჟურნალისტებმა უნდა არეგურილონ. ამაზე ცენზურის დარქმევა სისულელეა. ჩვენ, როგორც მაყურებლები, მართლაც ვთვლით, რომ პროფესიული სტანდარტების მხრივ მედიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ოღონდ ეს არ უნდა გახდეს ამ საქმეში სახელმწიფოს ჩარევის საბაბი. უკვე დიდი ხანია ლობირებას ვეწევით, რათა პარლამენტმა მიიღოს სიტყვისა და პრესის თავისუფლების კანონი, რომელიც ცვლილებებს შეიტანს სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსებში. შედეგად მოხდება სრული ლიბერალიზაცია. ასეთი ლიბერალური კანონმდებლობა, თუ არ ჩავთვლით შეერთებულ შტატებს, ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის.
– საზოგადოებაში გავრცელდა ხმები, თითქოს თქვენ შემოგთავაზეს სახელმწიფო ტელევიზიის თავმჯდომარეობა. შეგიძლიათ ეს ინფორმაცია დაადასტუროთ?
– ეს ინფორმაცია მეც შევიტყვე, მაგრამ მსგავსი შემოთავაზება ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა ჩვენ ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივად ტრანსფორმაციის საქმეში.
No comments:
Post a Comment