ისინი ამალებული ადგილებიდან დაეშვნენ, ტურებივით შეესივნენ ქართულ ტელეეთერს და ბუღა ხარებივით გადაჯეგეს
© ლაშა გაბუნია
© ლევან რამიშვილი
დასაწყისი
ცვლილებები... ჩვენ მათ მივეჩვიეთ. იცვლებოდა თაობები, დროშები, ქუჩების სახელები, ფული, დღესასწაულები, სიმბოლოები და მათი შემქმნელები... იმდენი რამ შეიცვალა, რომ ძველი და ახალი ერთმანეთში აიზილა. ძნელი გახდა გარჩევა რამ ზნე იცვალა, რამ – მხოლოდ ფერი.
ამ ორომტრიალში გამოჩდნენ მემარჯვენეები, მემარცხენეები, მწვანეები, ლურჯები, ცისფრები, ვარდისფრები და კიდევ ვიღაცეები. სანამ ფერების მიხედვით დაყოფილ ჯამაათს ვინმე შინაარსისდა მიხედვით დაალაგებდა, და ამღვრეული წყალი დაიწმინდებოდა, მათგან აღმოცენდნენ „ახლები“ და ყელში სწვდნენ „ძველებს“. ეს უკანასკნელნი იმდენად უკანასკნელნი აღმოჩდნენ, რომ ადამიანი ბოლომდე „ახლებს“ ენდო და მათ „ძველების“ მიერ მიტოვებულ კვარცხლბეკზე „შალახოც“ იცეკვეს და ჩაილურდალეულთა ჩაიც დალიეს.
ეს ყველაფერი კარგი, ჩვენც ეს გვსურდა, მაგრამ ამდენი წლის დავიდარაბის შემდეგ, XXI საუკუნის გარიჟრაჟზე ერთხელ მაინც ხომ უნდა დაისვას სრულიად ბუნებრივი კითხვა: ვინ იყვნენ „ძველები“, ვინ არიან „ახლები“ და რა განსხვავებაა მათ შორის?
მეთუნეობის საფუძვლები, ანუ წითელი ელიტა, მეტსახელად – შემოქმედებითი ინტელიგენცია
მეტ-ნაკლებად ყველამ იცის, რას წარმოადგენდა და რა მიზნებს ემსახურებოდა საბჭოთა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც საგანგებოდ მათ მორგებული სახელი – „შემოქმედებითი ინტელიგენცია“ შეარქვეს. და მაინც, ორიოდ სიტყვით შეგახსენებთ მის დანიშნულებას „ნათელი მომავლის“ მშენებარე საზოგადოებაში და სხვა ფრიად საგულისხმო დეტალებს.
„წითელ ინტელიგენციას“ ოდესმე არსებულ ადამიანთა სხვა დაჯგუფებებისგან რამდენიმე საგულისხმო ნიშანი გამოარჩევდა:
მას, ძირითადად, არსებული რეჟიმის დახმარებებით (ე.წ. „შეღავათებით“) „გაჰქონდა თავი“, გარდა არც თუ მწირი ფინანსური შემწეობისა (საბჭოთა მოკვდავისთვის უჩვეულოდ დიდი ხელფასები, ჰონორარები, პრემიები, მანქანები, ბინები, აგარაკები). სახელმწიფო მის მეხოტბეთა გამორჩეულ ნაწილს შესაშურად არეკლამებდა: არაადეკვატური ტირაჟებით გამოსცემდა მათ წიგნებს, უპრობლემოდ უთმობდა ცენტრალური ჟურნალ-გაზეთების ფურცლებსა და ტელე-რადიო ეთერს.
„კარგი ცხოვრების“, აგრეთვე, დაუმსახურებელი სახელისა და დიდების სანაცვლოდ, კომუნისტური რეჟიმის მიერ ნაფერებ-ნალოლიავებ ხელოვანს მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვებოდა: მიეღო ის, რაც არ ეკუთვნოდა და ეკეთებინა ის, რაც მხოლოდ ვიგინდარამ შეიძლება აკეთოს. მას ქება-დიდება უნდა შეესხა „ნათელი მომავლისათვის“ ან უკიდურეს შემთხვევაში, მასზე ცუდი არ დასცდენოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უარი უნდა ეთქვა (ნაწილობრივ მაინც) სინდისზე და საკუთარ აზრზე, ინდივიდუალურობაზე, ანუ კოლექტიურად უნდა ეაზროვნა.
„წითელ ინტელიგენტს“ უფლება ჰქონდა სოციალისტური ქვეყნისა და ხალხის სახელით, დედამიწის ზურგზე არსებულ (თუ არარსებულ) ყველა საკითხზე საჯაროდ ელაყბა: დაეგმო აშშ-ს „გამალებული შეიარაღება“ ან ხუთწლედის გეგმის არშესრულებისათვის გაეკიცხა კუნძულ სახალინის რომელიმე მეფრინველეობის ფერმა. შეეძლო ელაპარაკა სპორტზე, მეფუტკრეობაზე, არქეოლოგიაზე, არქიტექტურაზე, გეოდეზიაზე, ოფთალმოლოგიაზე და, თქვენ წარმოიდგინეთ – მეთუნეობაზეც კი. საქართველოს ისტორიაზე ხომ საუბარი ზედმეტია. მაგრამ ჩვენი აწ უკვე ყოფილი „შემოქმედებითი ელიტა“ რატომღაც სწორედ შემოქმედებით საკითხებს არ სწყალობდა. თუმცა, ამას მხოლოდ საბჭოთა სისტემის უკუღმართობას ვერ დავაბრალებთ.
ვინ არ იცის რომ ქართველები საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც პირად ურთიერთობებს ვეყრდნობით და საქმეზე წინ მეგობრობას, ახლობლობას და ნათესაობას ვაყენებთ. ჩვენი აზრით, სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მიუხედავად თითო-ოროლა მცდელობისა, ჩვენში ვერაფრით დამკვიდრდა ლიტერატურული კრიტიკა. ამიტომ, საბჭოურ პირობებში, სადაც გალაკტიონს და მავან პოეტს ერთნაირად უხდიდნენ ჰონორარს (სიტყვების რაოდენობით, თითქოს დეპეშა ყოფილიყო), საქართველოში პოეტობა ან მწერლობა სასაცილოდ ადვილი გახდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, უნიჭო კაცისთვის 60-70-იანი წლების საქართველო ნამდვილი სამოთხე გახლდათ: თუ ნამუსი პროგრამულ მეხსიერებაში დაბადებიდან არ მოგყვებოდა, დაწერდი ერთი-ორ კომუნისტური ჰიმნოგრაფიის შედევრს და ცხოვრება აწყობილი გქონდა. მაგრამ თუ ნაცნობ-მეგობრები გყავდა უხვად პარტიულ-ნომეკლატურულ ან „ინტელიგენტურ“ წრეებში, ესეც კი არ იყო აუცილებელი. საკმარისი იყო ლევანი და მტევანი გაგერითმათ, ან თეთრი ლექსის წერა მაინც „დაგემხეცებინათ“, სადაც შინაარსი, რაც შეიძლება ბუნდოვანი იქნებოდა, რითმებად კი ფოთოლი და პაპიროსიც გამოდგებოდა, და... პოეტი იყავით. იბეჭდებოდით, აგარაკსაც იღებდით, მეთუნეობაზეც ბაასობდით. მოკლედ, კაცი გერქვათ, ქუდიც გეხურათ, გამკითხავი კი არვინ იყო.
ახალი მეთუნეები
ისინი ამაღლებული ადგილიდან დაეშვნენ, ტურებივით შეესიენ ქართულ ტელე-ეთერს და ბუღა ხარებივით გადაჯეგეს.
მეთუნეობა ძველთაძველი ხელობაა. ხელოვანთაგან განსხვავებით, მეთუნეები ამქრული პრინციპით, ანუ ჯგუფურად (კოლექტიურად) მუშაობენ. 30-40 წლის წინ მათ საამქროს „მეთუნეთა კავშირი“ ერქვა. დღეს კი ახალმა თაობამ მას „მეთუნეთა ფედერაცია“ უწოდა. იცვლება ფასადი, ფერები, დროშები და ჰერალდიკა. ძველი მუზებიდან ზოგი დაიჭირეს, ზოგიც თბილ ქვეყნებში გაფრინდა. მოკლედ, ყველაფერი იცვლება შინაარსის გარდა:
თუ ძველი მეთუნეები თავიანთი ნათუნარის გამოსათუნებლად გასამრჯელოს სახელმწიფოსგან იღებდნენ, ახლები „განვითარდნენ“ და მიხვდნენ, რომ დამშეულ სამშობლოს ვერაფერს გამორჩებიან. სამაგიეროდ, ახალ ხრიკს მიმართეს: სურთ, იმ მეთუნეთა ხარჯზე იცხოვრონ, რომელთა ნათუნარს გასავალი აქვს, ანუ კომერციულად მომგებიანია. ე.ი. ერთი მეთუნე წელებზე ფეხს იდგამს, ნათუნარს ათუნებს, დანარჩენები კი ჭამენ, თან აცხადებენ, მდიდარ მეთუნეებს იმიტონ უნდა წავართვათ, რომ ღარიბებს მივცეთო (გამოგვივიდნენ ესენიც რობინ ჰუდები!). არადა, ამის რჯული არ იყოს, მეტ-ნაკლებად შეძლებული მეთუნე იმიტომაცაა შეძლებული, რომ ნიჭიერადა სთუნავს და მისი გამოთუნებული კარგად იყიდება. ხოლო გლახაკი უნიჭოა და მისი ნაცოდვილარი არავის აინტერესებს. ნიჭიერთა ხარჯზე უნიჭოების შენახვა კი დიდი ვერაფერი ვაჟკაცობაა.
მეთუნეებს შორის ისეთებიც არიან, უნიჭობას თავხედობით რომ ფარავენ. აი, იმათზედ მოგახსენებთ, ამაღლებული ადგილიდან რომ დაეშვნენ, ქართულ ტელე-ეთერს ტურებივით რომ შეესიენ და ბუღა ხარებივით რომ გადაჯეგეს.
ასეთებს მეთუნეობის სწავლაც კი არ უნდათ. ხალხი რომ დაეჯერებინათ – ნამდვილი მეთუნეები ვართო, ასეთ იოლ ხერხს მიაგნეს: ერთ-ერთ სკანდალურად სახელგანთქმულ ტელეარხზე ნაცნობ-მეგობრები გამოძებნეს და მოელაპარაკნენ – ამიერიდან მეთუნეებს შორის მხოლოდ ჩვენ გამოგვაჩინე და რა თემაზეც გინდათ, იმაზე ვილაპარაკებთო. ტელებოსებსაც მეტი რა უნდოდათ. იფიქრეს, ამ მეთუნეებს გავალაღებთ, სახელს მოვუხვეჭთ, სახელიანი ხალხი კი ჩვენც გამოგვადგებაო. მოკლედ, როგორც იტყვიან, ხელმა ხელი დაბანა, ორივემ კი – ფეხი.
მას მერე ამაღლებული ადგილებიდან სამარადჟამოდ ჩამოსული, ტურებივით შემოსეული და ბუღა ხარებივით გადამჯეგავი მეთუნეების გარდა, ტელეეთერში სხვა მეთუნე ძეხორციელის თვალს არ უნახავს. ყოველ მათ გამოჩენაზე კი ტელეეკრანზე ჩნდება წარწერა – „მწერალი“ და პატივცემულმა ტელემაყურებელმაც დაიჯერა, რომ ესენი მეთუნეები კი არა, მწერლები არიან და მათი წიგნების შეძენაც დაიწყო. ზოგი იმასაც კი ამბობს – მაგათ გარდა სხვა მწერალი, აბა ვინ გვყავსო. ხალხურ სიბრძნეს რომ დავესესხოთ, ძალა აღმართს ხნავს, ამ შემთხვევაში – ე.წ. პრომოუშენის ძალა.
არადა, მაგის დედა ვატირე, მართლა მეთუნეები მაინც იყვნენ! ლამაზ საყვავილე ან სულაც ღამის ქოთნებს გააკეთებდნენ და ვიღაცას მაინც გამოადგებოდნენ. ბოლოს და ბოლოს თავის საქმეში, რბილად რომ ვთქვათ, არშემდგარი, ნაადრევად გაერისმამებული ტელედიდაქტიკოსი აქტივისტებისგან ყოველდღე ჭკუის სწავლება ყელში ამოვიდა. დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას! პური მეპურემ გამოაცხოს, მწერალმა წეროს, მეთუნემ მოათუნოს, თორემ ასე თუ გაგრძელდა, ვარდების კი არა, თვით ლენცოფას ან ძაღლყურძენას რევოლუციებიც ვერ გვიშველის და ჩვენი კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, სამწუხაროდ, მალე დადგება უკვე დაწყებული ქართული ლიტერატურის
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
P.S.: ჩვენ, როგორც რიგითი ქართველები, ქართული მწერლობისა და გნებავთ, მეთუნეობის დიდი დამფასებლები და გულშემატკივრები ვართ. ამიტომ გული გვწყდება, როცა ვხედავთ, რომ ნამდვილი მწერლები, ვისაც უკვე შეუქმნია რაღაც ფასეული და ქართულ ლიტერატურაში დიდი წვლილიც შეუტანია, მეთუნეობაზე კი არა, მწერლობაზეც არ ლაპარაკობენ.
არც ახალი მეთუნეების მიმართ გვაქვს რაიმე საწინააღმდეგო. უბრალოდ, გვინდა, მათ მეგობრულად ვურჩიოთ: ჩვენო კარგო მეთუნეებო, უკუღმა ნუ აკეთებთ ყველაფერს, ჯერ რაიმე ღირებული მოათუნეთ და მერე ილაპარაკეთ!..
No comments:
Post a Comment