Tuesday, February 10, 2004

„ტელევიზიიდან მკვდარი სულები, უდისციპლინოები და შემოქმედებითად ბერწები უნდა წავიდნენ“

აცხადებს საქტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელი გიორგი ლეონიძე

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სახელმწიფო ტელევიზიის ირგვლივ უამრავი ჭორი აგორდა. გავრცელდა ხმები, თითქოს მისი ყოფილი თავმჯდომარის, ზაზა შენგელიას წასვლის შემდეგ ტელევიზიის ხელმძღვანელის პოსტის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. თავმჯდომარეობის მსურველებს შორის საკმაოდ ბევრ ადამიანს ასახელებენ: ეკა ხოფერიასა და გიგა ბოკერიას კანდიდატურებით დაწყებული, ყოფილი თავმჯდომარის, ზაზა შენგელიას პერსონით დამთავრებული. თუმცა, საქტელერადიომაუწყებლობას დღეს გიორგი ლეონიძე ხელმძღვანელობს და, როგორც შევიტყვეთ, უამრავი თანამშრომლის მხარდაჭერითაც სარგებლობს.

სახელმწიფო ტელევიზიაში რეორგანიზაცია იწყება, რომლის შედეგად, გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ უნდა მივიღოთ საზოგადოებრივ ტელევიზია, რაზეც ჯერ კიდევ ზაზა შენგელია საუბრობდა. ამ პროცესს კი უთუოდ მოჰყვება შტატებისა და გადაცემების შემცირება. მანამდე ევროსაბჭო ტელევიზიას ვერ დაეხმარება.

ჩვენ დავინტერესდით ტელევიზიის ხვალინდელი დღით და მაუწყებლობის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, გიორგი ლეონიძეს შევხვდით.

გიორგი ლეონიძემ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი არ არის, მართლა არიან თუ არა თავმჯდომარეობის კანდიდატები ეკა ხოფერია, გიგა ბოკერია თუ ვინმე სხვა. მისი აზრით, ტელევიზიაში მას მტრები არა ჰყავს, თუმცა არსებობენ განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლები, რომლებიც რეფორმების მისეულ გეზს არ იზიარებენ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რადიოს თანამშრომელთა ნაწილს მაუწყებლობიდან გამოყოფა და დამოუკიდებელი არსებობა სურს. ლეონიძე საქმის კურსშია და ამბობს, რომ ის ხელს არ შეუშლის ამ პროცესს, თუკი რადიოს თანამშრომლები დაუმტკიცებენ ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას და მიუთითებენ დაფინანსების წყაროს. მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ ზაზა შენგელიას თავმჯდომარეობის დროს დაისვა საკითხი „მეორე არხის“ კულტურის არხად გადაკეთებაზე. ლეონიძის აზრით, ამ იდეის განხორციელებას სერიოზული დაფინანსება სჭირდება, თუმცა კიდევ გაჩნდა გარკვეული მოსაზრებები ამ არხთან დაკავშირებით. ხელმძღვანელობის ვარაუდით, შესაძლოა, „მეორე არხზე“ მხოლოდ კულტურული გადაცემები არ იყოს.
---------------------------------------
მცირე პრეს-დოსიე
---------------------------------------
გიორგი ლეონიძე – დაიბადა 1963 წელს.
1985 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ტელეჟურნალისტიკის განხრით. იმავე წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს ტელევიზიაში.
მისი ჟურნალისტური დებიუტი საქართველოს რადიოს ახალგაზრდულ რედაქციაში შედგა, სადაც რედაქტორის თანამდებობა ეკავა.
1990-92 წლებში გიორგი ლეონიძემ ავღანეთის ვეტერანთა კავშირის გაზეთი დაარსა და რედაქტორობდა.
1992 წელს ტელევიზიაში დაბრუნდა და საბავშვო პროგრამებს ხელმძღვანელობდა.
1995 წელს დაინიშნა საქართველოს ტელევიზიის I არხის გენერალურ დირექტორად და თავმჯდომარეს მოადგილედ.
1999 წლიდან საქტელერადიო მაუწყებლობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2003 წლის 19 ნოემბრიდან ის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა.
არის რამდენიმე რადიო და ტელე გადაცემის ავტორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი და საერთაშორისო ტელერადიოაკადემიის აკადემიკოსი.
ჰყავს მეუღლე და 2 წლის ქალიშვილი.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

– რა სიტუაცია დაგხვდათ ტელევიზიაში ხელმძღვანელად მოსვლისას?

– ჩემი დანიშვნა რევოლუციის დღეებში მოხდა. ეს იყო ურთულესი პერიოდი. რევოლუციის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე რეჟიმით ვმუშაობთ. უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი კრიტიკული ფინანსური მდგომარეობა ტელევიზიაში არასოდეს ყოფილა. ეს იმიტომ, რომ საერთოდ, ქვეყანაშია ამ მხრივ რთული სიტუაცია. ფინანსთა სამინისტროს ჩვენი წინა წლის რამდენიმე თვის დავალიანება აქვს, ამიტომ ვერ ვისტუმრებთ ელექტროენერგიის, წყლის, ბენზინის ვალებს. თუ ეს არ მოწესრიგდა ტელევიზია გამართულად ვერ იმუშავებს. ფინანსთა მინისტრი დაგვპირდა დახმარებას. საქმის კურსში არიან სახელმწიფო მინისტრიც და პრეზიდენტიც. ფინანსური კრიზისი ტელევიზიისთვის ნომერი პირველი პრობლემაა.

– იწყება თუ არა ტელევიზიაში რეორგანიზაცია? ხმა გავრცელდა, რომ თქვენ აპირებთ შტატების 30 %-ით შემცირებას. ჩვენი ინფორმაციით, გაზაფხულზე გეგმავთ ტელევიზიის ყველა თანამშრომლის დათხოვნას და მერე ჟურნალისტების თავიდან აყვანას...

– ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება, თუმცა მე არავის დათხოვნას არ ვაპირებ. ჩვენთვის არავის დაუწესებია პროცენტები. დღევანდელი ხელისუფლებიდან ასეთი დირექტივა არ მიმიღია. ისე, დროა, რეორგანიზაცია დაიწყოს. ადრე იყო ამის მცდელობა, მაგრამ გარკვეული წინაღობების გამო, რეფორმა შეჩერდა. რაიმე პროცენტების დაწესებას არ ვაპირებ, მაგრამ იმ 2000 თანამშრომლიდან, ვინც ტელევიზიაში და რადიოში მუშაობს, ბევრი უნდა წავიდეს – მკვდარი სულები, უდისციპლინოები, შემოქმედებითად ბერწები. ამაში ასაკს არ ვგულისხმობ. შესაძლებელია, ადამიანი ასაკოვანი იყოს, მაგრამ მეტი შემოქმედებითი პოტენცია გააჩნდეს, ვიდრე ახალგაზრდას. ყველა ხელმძღვანელს დავალება მივეცი, რომ ამ საქმეს რაც შეიძლება მალე მიხედოს. უახლოეს მომავალში პირადად ჩავერევი, რადგან საქმის გადადება უკვე აღარ შეიძლება. 70 გადაცემა მსოფლიოს არც ერთ ტელევიზიაში არ არსებობს. ეს რაოდენობა ან უნდა განახევრდეს, ან გამეოთხედდეს. ვმუშაობთ ოპტიმალურ სამაუწყებლო ბადეზე, რომელიც საბოლოო სახეს სექტემბრისთვის მიიღებს. ჩვენ სრულიად ახალი ტელევიზია და რადიო უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამ ეკლიან გზაზე, ბუნებრივია, თანამშრომელთა და გადაცემათა რაოდენობა უნდა შემცირდეს. ძალიან მკაცრი ვიქნები. ამ საქმეში მარტო არა ვარ.

– რეორგანიზაციაში იგულისხმება თუ არა დეპარტამენტის საზოგადოებრივი ტელევიზიის რელსებზე გადასვლა?

– საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნა ევროსაბჭოს რეკომენდაციაა საქართველოს მთავრობის მიმართ. ევროსაბჭოს მიაჩნია, რომ ჩვენი ტელევიზიის საზოგადოებრივად გარდაქმნა დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს უნდა ჩატარდეს ისევე, როგორც ჩატარდა სასამართლოს რეფორმა. ამ საქმეში ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები. ჩვენ მარეგულირებელ კომისიასთან და „თავისუფლების ინსტიტუტთან“ ერთად ვმუშაობთ. ამ კანონის პროექტი ფაქტობრივად მზადაა, რომელიც უკვე ახალმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ზაზა შენგელია ყველაფერ ამის ინიციატორი იყო და მან დროულად დაიწყო მუშაობა. ეს ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია. იდეალური საზოგადოებრივი ტელევიზია სააბონენტო შემოსავლებით ფინანსდება, ანუ მაყურებელი იხდის ფულს. არსებობს რამდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, მაყურებელი სატელევიზიო გადასახადი ელექტროენერგიის საფასურში შევა. ეს თანხა მაუწყებლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის გავლის შემდეგ მოხდება. ეს არ იქნება წმინდა სუფსიდიური დაფინანსება. დღეს, ასეთ სიტუაციაში სააბონენტო გადასახადს ვერ დავაწესებთ.

– საზოგადოებრივ ტელევიზიას სამეთვალყურეო საბჭო გააკონტროლებს?

– ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელსაც კავშირი აქვს მასმედიასთან, იურისპრუდენციასთან, ეკონომიკასთან და კავშირგაბმულობის სისტემასთან. სამეთვალყურეო საბჭო იქნება წმინდა სამეურვეო ორგანო, რომელიც დანიშნავს თავმჯდომარეს და გააკონტროლებს ტელერადიო მაუწყებლობის საქმიანობას (როგორც შემოქმედებითს, ასევე ფინანსურს). თავმჯდომარე კი ანგარიშვალდებული იქნება საბჭოს წინაშე.

No comments:

Post a Comment