ზაზა შენგელია „პირველი არხის“ შესახებ
„ახალი ვერსია“ დაინტერესდა საქტელერადიომაუწყებლობის ყოფილი ხელმძღვანელის, ზაზა შენგელიას ბედით, რომლის შესახებაც ათასნაირი ჭორ-მართალი ვრცელდება. ზაზა შენგელია დაკავებული თანამდებობიდან 2003 წლის 18 ნოემბერს გადადგა, როდესაც მთავრობის სხდომაზე ექს-პრეზიდენტმა შევარდნაძემ უარყოფითად შეაფასა „I არხის“, კერძოდ – „მოამბის“ მუშაობა და მას მაშინდელი ხელისუფლების კურსის მკვეთრად გატარება მოსთხოვა.
ზაზა შენგელიას საქციელი მიხეილ სააკაშვილმა მაშინ გმირობად მონათლა, თუმცა ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი თავის გადაწყვეტილებას მოკრძალებულ შეფასებას აძლევს.
„ახალ ვერსიასთან“ საუბარში ზაზა შენგელია აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის უახლოესი გარემოცვა ყოველთვის ცდილობდა „I არხი“ ცალმხრივი ყოფილიყო და მხოლოდ ხელისუფლების პოზიცია დაეფიქსირებინა. ისინი, თურმე, ყოველთვის ცდილობდნენ ტელევიზიის საქმეებში ჩარევას.
ზაზა შენგელია: „ამ მოვლენამდე 4 დღით ადრე მე უკვე მქონდა წასვლის თაობაზე განცხადება დაწერილი, რის შესახებ ვალერი ხაბურძანიამ, სულხან პაპაშვილმა და თავად პრეზიდენტის შვილმა პაატა შევარდნაძემ იცოდნენ. პრეზიდენტი შევარდნაძე ტელეფონით ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, რომ განცხადება გადადგომის შესახებ კანცელარიაში არ მიმეტანა. მან გულისტკივილი გამოთქვა წინა დღით გაკეთებულ საკუთარ მკვეთრ განცხადებაზე, მთხოვა, ყველაფერი დამევიწყებინა და ერთად გაგვეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მაინც მივიღე“.
„პირველი არხის“ ყოფილი შეფი ამბობს, რომ არა მარტო შევარდნაძის უახლოეს გარემოცვაში, არამედ ტელევიზიაშიც იყვნენ და დღესაც არიან რეაქციონერები.
რევოლუციის შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს პრეზიდენტ სააკაშვილს სურდა ზაზა შენგელიას თავმჯდომარედ დაბრუნება, თუმცა ტელევიზიის თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის წინააღმდეგობის შემდეგ ასე არ მოხდა. ზაზა შენგელია ამ მომენტს შემდეგნაირად ხსნის: „ტელევიზიაში დღეს რეფორმებია გასატარებელი. ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამის გამო კი იმდენი შეურაცხყოფა, დამცირება და სტრესი გადავიტანე, რომ დაბრუნებისგან თავს ვიკავებ“.
ყოფილმა თავმჯდომარემ ორგანიზება გაუკეთა თბილისის საახალწლო ღამესა და პრეზიდენტ სააკაშვილის ტელეტრანსლაციას. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი დაინიშნა თბილისის მერიის მასობრივ ღონისძიებათა ხელმძღვანელად. ზაზა შენგელია ამ ხებთან დაკავშირებით აცხადებს: „დღეისათვის ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს. არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ჩემში ამა თუ იმ თვისებას ხედავს: ეს იქნება ორგანიზატორული თვისებები, საქმის კეთების უნარი და ა.შ. ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. უნდა გითხრათ, რომ არ ვჩქარობ.
იმ პირობაზე გავაკეთებ არჩევანს, რომელიც ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, უფრო მისაღები იქნება. ამჟამად 2-3 სერიოზული წინადადება მაქვს. მთავაზობენ როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სტრუქტურაში სამსახურს, ერთი შემოთავაზება უცხოეთიდანაა. ახლა მაქვს დრო და მინდა, თვენახევარი დავისვენო“.
ტელერადიომაუწყებლობის ყოფილმა თავმჯდომარემ უარყო გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჰქონდა შემოთავაზებები ჯერ ტელეკომპანია „მე-9 არხის“, შემდეგ „ტელე-იმედის“ ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ზაზა შენგელია თვლის, რომ ამჟამად უმუშევარია და საკუთარი, დეკლარირებული დანაზოგებით ცხოვრობს.
შენგელია დღევანდელ ტელევიზიის თავმჯდომარეს, ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი ლეონიძეს დადებითად აფასებს: „გიორგი ტელევიზიაში უკვე ძალიან დიდი ხანია მუშაობს. იგი ფაქტობრივად, ამ კოლექტივის შვილია. კარგი იქნება თუ გიორგი რეალურად გაატარებს იმ რეფორმებს, რაც ერთად წამოვიწყეთ. მოხარული ვიქნები თუ ამ საქმისთვის ძალა, ენერგია, კომპეტენცია ეყოფა. ჩემი თანაგუნდელობის გამოხატულება იქნება, თუ რეალურად გაატარებს დღევანდელი ტელევიზიის ხელმძღვანელი რეფორმებს. ვფიქრობ, რომ მათ ძალუძთ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. სამწუხაროდ, ტელევიზიის ტრანსფორმირებას მოსახლეობაში უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მის თანამშრომლებს შორის. რეტროგრადი თანამშრომლები კი ტელევიზიაში საკმაოდ ბლომად არიან. თუმცა იქ ბევრი პროგრესულად მოაზროვნეცაა. დრომ უკვე გვიჩვენა „პირველი არხის“ ტრანსფორმაციის აუცილებლობა. ჩვენი ხალხი ნამდვილად იმსახურებს კარგ საზოგადოებრივ ტელევიზიას“.
No comments:
Post a Comment