Tuesday, July 13, 2010

ბითლზები და როლინგები (ნაწილი II)

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე



გაგა: – „ბრიტანული შეჭრა“ ოკეანისგადაღმა 1964 წელს დაიწყო. ეს ჩვენ ადრეც, წინა წერილში („ბიტნიკები და ჰიპები“) ვახსენეთ და ამ შემთხვევაშიც ამ ფენომენს გვერდს ვერ ავუვლით, მით უმეტეს, რომ ლაპარაკია იმ ჯგუფებზე, რომელთაც ეს „შეჭრა“ გამოიწვიეს. The Beatles, The Rolling Stones, Herman's Hermits, Searchers და კიდევ რამდენიმე ჯგუფის გასტროლებმა ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს ბრიტანელები 1776 წელს დამცირებისთვის შურის საძიებლად ემზადებოდნენ.

ლაშა: – ბრაიან ეპსტაინი, რომელიც მშვენივრად იცნობდა ამერიკულ მუსიკალურ ბაზარს და ასევე კარგად იცოდა თუ რა ტიპის (რა feeling-ის) სიმღერები სჭირდებოდათ ამერიკელებს, მთავარ დამრტყმელ ჰიტად „ხოჭოების“ I Want To Hold Your Hand აირჩია და არც შემცდარა. 1964 წლის 18 იანვარს ეს სიმღერა ჟურნალ „ბილბორდის“ ასეულში მოხვდება, მაგრამ ჯერ მხოლოდ 45-ე ადგილზე. მომდევნო კვირას მესამე ადგილზე ავარდა და კიდევ ერთი კვირის თავზე, თებერვლის პირველ ნახევარში („ბითლზის“ გასტროლებამდე ერთი კვირით ადრე) ნომერი პირველი ჰიტი გახდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მთელი ამერიკა მოუთმენლად მოელოდა ლივერპულელებს.

გაგა: – „ბითლზების“ პირველი ამერიკული ჰიტი შვიდი კვირა ლიდერობდა ჰიტ-აღლუმებს. მოგვიანებით ეს სიმღერა ისევ „ხოჭოების“ She Loves You-მ შეცვალა. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა ადგილი ასევე „ბითლზების“ Can’t Buy Me Love-ს დაუთმო. „ბიტლომანია“ დაიწყო...

ძალიან საინტერესო ვიზა გასცეს „ბითლზისთვის“ ამერიკის სათანადო სამსახურებმა. ის კლერკი, ვინც ეს ტექსტი ჩაწერა ვიზებში, ან გონებაშეზღუდული იყო, ან დიდი წინასწარმეტყველი. ტექსტი კი ასეთი გახლდათ: „ეს ვიზა აშშ-ის ტერიტორიაზე ქმედითია მანამ, სანამ არ გამოჩნდებიან აშშ-ის უმუშევარი მოქალაქენი, რომლებიც ანალოგიურ სამუშაოს შეასრულებენ“. ფედერალური სამსახურის ვიღაც პედანტმა კლერკმა, რომლის ვინაობა ისტორიამ არ შემოგვინახა, ნებსით თუ უნებლიეთ, „ბითლზის“ ბიჭებს სამუდამო ვიზა მისცა.

„ბიტლომანია“ ნიუ-იორკის აეროპორტში ცნობილი დახვედრით დაიწყო, სადაც The Beatles-ს ათი ათასზე მეტი თაყვანისმცემელი შეეგება. შემდეგ იყო ედ სალივანის ტელეშოუში მონაწილეობა და ტრიუმფული კონცერტი „კარნეგი ჰოლში“. მსოფლიო ახალი ეპოქის შექმნის მოწმე ხდებოდა.

ლაშა: – „სთოუნზები“ თითქოს გადაგვავიწყდა კიდეც. ეს ჯგუფი, როგორც ადრე აღვნიშნეთ, თავის ლივერპულელ მეგობრებს ყველაფერში ერთი ნაბიჯით ჩამორჩებოდა. „როლინგები“ ამერიკაში 1964 წლის ივნისში გამოჩნდნენ. „ბითლზები“ ამ დროს ჰონკონგის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის „ოკუპაციით“ იყო დაკავებული. ამერიკა მათ საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა. იმავე ედ სალივანმა ისევ და ისევ „როლინგების“ ვიზუალური იმიჯის გამო (წინა წერილში ამაზე ვისაუბრეთ) უარი განაცხადა ლონდონელების თავის შოუში მიწვევაზე. ისიც ვთქვათ, რომ „ამერიკული ჰიტი“ ჯაგერსა და მის მეგობრებს იმ მომენტში არც ჰქონდათ. სალივანის შოუს მაგივრად მათ დინ მარტინის არცთუ ისე დიდი საესტრადო თეატრ Hollywood Palas-ის სცენა შესთავაზეს.

როდესაც დინ მარტინმა „ჰოლივუდ პალასის“ სცენიდან მაყურებელს „როლინგები“ წარუდგინა, საკმაოდ ცინიკურად თქვა: „შეუნდეთ „სთოუნზებს“, არ იფიქროთ, რომ მათ მართლაც ასეთი გრძელი თმა აქვთ. ეს ყველაფერი მათი ვიწრო შუბლების და გრძელი წარბების ბრალია“. წარმომიდგენია, ამის გამგონე კიტ რიჩარდსი კულისებიდანვე რა თბილად „დალოცავდა“ დინ მარტინს. ეს რიჩარდისეული ათსართულიანი გინების ტექსტიც ისტორიამ არ შემოგვინახა.

გაგა: – დიახ, „როლინგების“ მიმართ ასეთი აშკარა ირონიული დამოკიდებულება მათი ამერიკული კარიერის დასაწყისში კაცს ხშირად მოხვდებოდა თვალში. თუმცა მსგავსი მოპყრობით კიტ რიჩარდსი, მიკ ჯაგერი, ბრაიან ჯონსი, ბილი უაიმენი და ჩარლი უოტსი სამშობლოშივე იყვნენ „განებივრებულები“ და მათთვის ეს ყველაფერი შოკის მომგვრელი და ახალი ნამდვილად არ იყო. აგდებული დამოკიდებულება გრძელდებოდა. მაგალითად, ნებრასკაში ალბათ „ძაან ქოვბოი“ წინაპრების მქონე პოლიციელმა რიჩარდს რევოლვერი პირდაპირ შუბლზე მიადო. მან რატომღაც ჩათვალა, თითქოს რიჩარდსი „კოკა-კოლასა“ და ვისკის კოქტეილს მიირთმევდა. ვისკის სმა კი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ამ შტატის კანონმდებლობით მაშინ იკრძალებოდა. საბედნიეროდ, გაწევგამოწევამდე საქმე აღარ მისულა და კონფლიქტი როგორღაც მიჩქმალეს. იმავე ქალაქში ჩატარებულ კონცერტს 15 ათასიან დარბაზში მხოლოდ 637 მაყურებელი დაესწრო, აქედან 50 პოლიციელი იყო. ამას ისიც დავუმატოთ, რომ „სთოუნზები“ ხშირად Herman's Hermits-შიც ეშლებოდათ და ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა „ჰაეროვან და ამაღლებულ“ ხასიათზე იქნებოდნენ „როლინგები“ თავიანთი პირველი ამერიკული ტურის დროს.

ლაშა: – „როლინგების“ მეორე ამერიკული ტური უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ბიჭები ედ სალივანმაც მიიწვია თავის შოუში, მაგრამ ტელეკამერების წინ ზედმეტად თავისუფალი ქცევისა და მიკის უცენზურო სიტყვების გამო ტელევარსკვლავმა ინანა და შოუს შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „17 წელია ეს შოუ მიმყავს და არ დავუშვებ, რომ გადაცემა ვიღაც დებილებმა მომისპონ“. შემდეგ კი, როდესაც „როლინგები“ „ედ სალივანის შოუს“ ყველაზე სასურველი და ხშირი სტუმრები გახდნენ, ბიჭები სალივანს ამ ფრაზას ირონიული ღიმილით ხშირად ახსენებდნენ.

იმავე წლის ნოემბერში, როგორც იქნა, გამოჩნდა „როლინგების“ პირველი ამერიკული ჰიტი Time Is On My Side, რომელმაც პირველივე ცდიდანვე მეექვსე ადგილი დაიკავა და ამერიკამ ნელ-ნელა თავისი მზერა ახალ ხულიგნებსაც მიაპყრო. გავა სულ რამდენიმე წელი და ამერიკაში მათ კონცერტზე თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი მივა. თუმცა ამ ამბავზე სხვა დროს შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან 1969 წლის ალტამონტეს კონცერტი მართლაც ცალკე თემაა, რომელმაც თავისი ტრაგიკულობით დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებასა და ჯგუფის ყველა წევრზე. ეს იყო შოკი.

გაგა: – საერთოდ ცალკე წერილის თემაა ის, რაც „ბითლზების“ და „როლინგების“ ამერიკაში შეჭრის შემდეგ მოხდა, როდესაც მათ გაკვალულ ბილიკებს მანჩესტერული Hollies, Dave Clark 5 (ლონდონიდან) და ორი ლივერპულური ბენდი Gerry And The Pacemakers და Searchers გაჰყვნენ და „ბრიტანული შეჭრა“ საბოლოოდ რეალობად აქციეს.

ლაშა: – ახლა წერილის დედააზრს დავუბრუნდეთ და მკითხველს ვამცნოთ ის შეხების წერტილები, რაც ამ ორ ბენდს ჰქონდა ერთმანეთთან. დავიწყოთ იქიდან, რომ „როლინგებმა“ როგორც კი გაიგეს „ბითლზის“ არსებობა, არ დააყოვნეს და კლუბ Crawdaddy-ს თავად მიაკითხეს, რათა ლივერპულელები საქმეში ენახათ. ამასთანავე, მათ მოახერხეს ამ კლუბის სცენაზეც დაკვრა. შემთხვევით არაფერი ხდება: როდესაც ჯაგერ-რიჩარდსის ტრამვაიში „შემთხვევითი“ შეხვედრა გავიხსენეთ, სადაც მადი უოტერსის ფირფიტებიანმა ყმაწვილებმა ერთმანეთი შენიშნეს, გამოელაპარაკნენ და ერთად ჩამოვიდნენ იმ ისტორიული ტრამვაიდან, ასევე მოხდა ახლაც.

გაგა: – Crawdaddy-ში „როლინგების“ სტუმრობიდან ერთ კვირაში მათთან გამოცხადდა უკვე ნახსენები ენდრიუ ლუგ ოლდჰემი, რომელიც მანამდე, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბითლზების მენეჯერად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის იყო, ენდრიუ იმწამსვე მიხვდა, თუ ვისთან მივიდა და რა პერსპექტიულ ბიჭებთან ექნებოდა საქმე. ეს ამბავი ასე ხაზგასმით იმიტომ გავიხსენეთ, რომ „როლინგების“ პირველი გზამკვლევი მენეჯერის ამბავიც თითქმის პირდაპირ „ბითლზთანაა“ დაკავშირებული.

ლაშა: – „ბითლზების“ და „როლინგების“ საერთო ჰიტი I Wanna Be Your Man წერილის პირველ ნაწილშიც ვახსენეთ და მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ „სთოუნზების“ შესრულებით 1963 წლის 28 დეკემბერს ჰიტ-აღლუმში მე-12 ადგილზე გავიდა. ეს სიმღერა, რომელსაც „ბითლზებში“ რინგო სთარი მღეროდა, ლენონმა და მაკარტნიმ „როლინგებს“ აჩუქეს. სხვათა შორის, ბრაიან ჯონსმა კომპოზიციის ჩაწერისას იმ დროისთვის პატარა ნოვაცია გაიმეორა. მან ულადო გიტარაზე შეასრულა თავისი პარტია. იგივე ჯონსი, თავის მხრივ, საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა „ბითლზის“ ლეგენდარული ალბომის Yellow Submarine-ის ჩაწერაში, სადაც მას პერკუსია ანდეს და რამდენიმე კომპოზიციაში ბექვოკალისტის ფუნქციებიც შეითავსა. ხოლო 1967 წელს კი You Know My Name-ში ალტსაქსოფონზეც კი დაუკრა.

გაგა: – ყოველთვის მახსენდება ბითლზების ცნობილი All You Need Is Love-ის კადრები, სადაც შემთხვევით თუ შეგნებულად, ოპერატორმა კადრში ჯაგერი და ჯონსიც მოახვედრა, რომლებიც „ბითლზის“ ამ მეგაჰიტის მისამღერს ხალხთან ერთად მღერიან. რაღაც ძალიან არ ჯდება ეს ყველაფერი მათი „მუდმივი მტრობის“ თეორიასთან, რასაც ჟურნალისტები ამ ჯგუფებს აკერებდნენ. სხვათა შორის, მიკ ჯაგერი მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში საკმაოდ მკაფიოდ და „ბითლზის“ შესახებ არაორაზროვნად იტყვის: „რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ამის უარყოფა შეუძლებელია და სხვანაირად არც შეიძლებოდა. ახლა კი, როდესაც წარსულს ვიხსენებ, ვგრძნობ, რომ მეზიზღება ეს „შეჯიბრება“, მაგრამ ამავე დროს ვგრძნობ, რომ ამით მეც და „როლინგებმაც“ მოვიგეთ. ჩვენ ხომ მხოლოდ „ბითლზს“ ვუჩიჩხინებდით და არა ვინმე სხვას. ისინი იმდენად გრანდიოზულები იყვნენ, რომ ამის წარმოდგენა და ვინმე სხვასთან პარალელის გავლებაც კი შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, გულახდილი ვიქნები და ვიტყვი: „ბითლზთან“ კონკურენციაც შეუძლებელია!“

ლაშა: – მიკის ეს ფრაზა საერთოდ არ ჰგავს „გადამტერებული“ ადამიანის ნათქვამს. ჯაგერს ადრე ჰკითხეს, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ლენონთან, რაზეც თქვა: „ჯონი გაცნობისთანავე მესიმპათიურა, იგი არც მალავდა, რომ მას ჩვენი მუსიკა ძალიან მოსწონდა. ჩვენ ერთად დავბოდიალებდით სხვადასხვა კლუბში და საერთოდ, ხშირად ერთად ვიყავით. მავანს ეს უკვირდა. ბევრი ვერ ხვდებოდა, თუ როგორ შეიძლებოდა „როლინგებისა“ და „ბითლზების“ ლიდერებს ერთმანეთთან ემეგობრათ. ეს ხალხი კარგად ვერაა... – დასძინა სიცილით მიკ ჯაგერმა – პოლთანაც მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. უბრალოდ პოლი, ჯონისგან განსხვავებით, თავიანთ წარმატებას და თუნდაც გენიალურობას უფრო უკეთებდა აფიშირებას. ჯონი კი ამ ყველაფერს მუდამ ცინიკურად უყურებდა. მაგრამ ერთსაც დავამატებ – მხოლოდ ჯონისგან გაიგონებდი რაღაც ამაზრზენ, ირონიულ შენიშვნას, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენზე იყო ნათქვამი“.

გაგა: – ლენონის ინტერვიუთი „გიპასუხებ“, სადაც მან როლინგებზე შემდეგი რამ განაცხადა: „ძალიან მიყვარს მათი Honky Tonk Women. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერაა. მუდამ მქონდა სურვილი იგი მემღერა. მაგრამ სასტიკად არ მიყვარს, როდესაც მიკი სცენაზე ჰომოსექსუალის მანერებს მიმართავს. არ მომწონს სულ მცირე სამი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, რა სისულელეა! მეორეც, ამ ყველაფრის მაინც არავის სჯერა და მესამეც – ღმერთმა ნუ ქნას!“

როგორია?! არ ჰგავს ლენონის ეს სიტყვები საკმაოდ ახლო მეგობრის ნათქვამს? საინტერესოა ამ ინტერვიუს დასკვნითი ნაწილი, სადაც ლენონი ისევ საკმაოდ მეგობრულად განაცხადებს: – „მიყვარს „როლინგ სთოუნზი“, მაგრამ „ბითლზის“ აუგად მოხსენიების უფლებას არავის მივცემ. არადა, ამას „სთოუნზის“ ბიჭები აკეთებენ, როცა დათვრებიან. ნასვამი მიკი, საერთოდ, ენას ვერ აკონტროლებს. და არც იმ აზრს ვეთანხმები, რომ ისინი უფრო რევოლუციურები იყვნენ, ვიდრე ჩვენ. მოდი, ასე ვიტყვი – თუ სთოუნზები რევოლუციაა, მაშინ „ბითლზიც“ აუცილებლად იგივეა და „როლინგ სთოუნზი“ ჩვენზე ჰაიკლასი არასოდეს ყოფილა. არა, არა! სხვა რამ არ იფიქროთ! მე ისინი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ჩვენი დაშლის შემდეგ. მათ ხომ სანერვიულო აღარ დარჩათ“.

ლაშა: – მშვენიერი ნაწყვეტია ლენონის საუბრებიდან. ვინც კი ოდნავ მაინც იცის, თუ რა მწარე ენის პატრონი და ცინიკოსი იყო ჯონ ლენონი, უნდა გაუკვირდეს ამ ინტერვიუში მისი ასეთი კორექტულობა. რა თქმა უნდა, კბენა და წიწაკა აქაც საკმაოდაა, მაგრამ მხოლოდ იმ დოზით, რაც მეგობრებს შეიძლება აკადრო. ამას ყველაფერს ერთ ცნობილ და თითქოს უმნიშვნელო ფაქტსაც დავუმატებ. ჯონი და მიკი ძალიან ხშირად ანონიმურად ტაქსიში სხდებოდნენ და ნიუ-იორკს ერთად ათვალიერებდნენ. ნიუ-იორკში ასე თავისუფალი და შენიღბული „მოგზაურობანი“ თავის დროზე თითქმის ტრადიციად გადააქციეს.

60-იანი წლების მიწურულს სამყარო შეიცვალა. მალე „ბითლზი“ დაიშლება, „როლინგები“ კი ტრაგიკულად დაღუპული ბრაიან ჯონსის გარეშე გააგრძელებენ შემოქმედებას. აი, ამ ყველაფერზე, რაღა თქმა უნდა, ექს-„ბითლზებისა“ და „როლინგების“ წევრთა სოლო პროექტებზე და საერთოდ, იმ უდიდეს შედეგებზე, რაც ამ ორმა ბენდმა მუსიკაში დატოვა, ჩვენი ჟურნალის შემდეგ ნომერში ვისაუბრებთ.

(თემის დასასრული შემდეგ ნომერში), ანუ აქ: ბითლზები და როლინგები (ნაწილი III)

ჟურნალი „ათიანში“ #7, ივნისი, 2010 წელი

7 comments:

  1. არ ვიცი, რა ვთქვა...

    ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ დამბურძგლა..

    მოუთმენლად ველი მესამე ნაწილს.

    ძალიან დიდი მადლობა..

    პ.ს. მე სტაჟიანი ბითლომანი ვარ.. :)

    ReplyDelete
  2. იცოცხლე, მადლობა. :)))

    ReplyDelete
  3. ძალიან კარგი სტატიაა, მეც კაი ხანია შენიშნული მქონდა ბითლზების და როლინგების ურთიერთობის ზოგიერთი მეგობრული დეტალი,ისედაც ყოველთვის მეცინებოდა იმ სტერეოტიპზე რომლის მიხედვით ან როლინგები უნდა გყვარებოდა ან ბითლზი ორივე ერთად არ იყო მოსული :)))

    ReplyDelete
  4. ბოლო წინადადებაში ასიანი ხარ. ადრეც ეგრე ვიყავით "დაყოფილები" სამეგობროში, მე სთოუნზების დაჯგუფებაში ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ბითლზები მაგრად მიყვარდა, ოღონდ ჩუმად. :D

    დიდი მადლობა შეფასებისთვის, გაგას სახელითაც. :)

    ReplyDelete
  5. gmadlobt,gmadlobt da kidev ertxel gmadloobt aseti statiebistvis!!!

    ReplyDelete