Monday, May 7, 2012

ფემინისტური პროტესტი თუ მკრეხელობა?

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

გაგა: – ეს ამბავი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა. ყველიერის კვირის მიწურულს ნაკლებად ცნობილი ქალთა რუსული პანკჯგუფი Pussy Riot-ის 4 გოგონა მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში წირვის შემდეგ ამბიონზე აიჭრა და სიმღერის, „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!“ შესრულება დაიწყო.

ლაშა: – გოგონები გამოწყობილნი იყვნენ ტრადიციულ ფორმაში, – ამინდისა და სეზონის მიუხედავად, ისინი იცვამდნენ მსუბუქ, მყვირალა ფერის კაბებს, ფერად წინდებსა და ნაქსოვ ნაირფერ ბალაკლავებს (სპეციალურ ნიღბებს). მათი ხმაურიანი გამოსვლა მრევლის წინაშე ერთ წუთამდე გაგრძელდა. ტაძრის დაცვამ და მორწმუნეებმა ისინი საკმაოდ თავაზიანად გააცილა.

გაგა: – თუმცა მალე ხულიგნობის ბრალდებით ამ ფემინისტური ჯგუფის სამი გოგონა დააკავეს. აყვანილებმა უარყვეს კავშირი ჯგუფთან და შიმშილობაც კი გამოაცხადეს. არადა, ბენდის პირად ბლოგზე ეს გოგონები დასახელებულები არიან მათ წევრებად, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მათგანს სასცენო ფსევდონიმი აქვს. მოკლედ, აღარ დავწვრილმანდეთ. მთავარი ისაა, რომ ამ ჯგუფის გამოსვლის შემდეგ არა მარტო რუსეთში, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში დაიწყეს გოგონებზე საუბარი. არადა, რა სახელი ჰქვიათ!

ლაშა:
– ერთი ვერსიით, ჯგუფის სახელი ითარგმნება, როგორც „ფისოების ბუნტი“, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც...

გაგა: – ვინც საყველპურო ინგლისური იცის, მიხვდება რაც იგულისხმება ამ მეტად ორაზროვან სიტყვაში – Pussy.

ლაშა: – გოგონებზე დღემდე ლაპარაკობენ, რადგან მათი სასამართლო ჯერ არ დასრულებულა. მათი აქცია ძალიან მკვეთრი პოლიტიკური განაცხადი იყო. სრულიად რუსეთის პატრიარქმა ამ მუსიკალურ პანკლოცვას „შებილწვის აქტი და სულიერი ბოროტმოქმედება უწოდა“.

გაგა: – ბევრი შეურაცხყოფილი მორწმუნე აღშფოთებული წერდა Pussy Riot-ის ბლოგზე. ზოგიერთი აქეზებდა მათ, რომელიმე დიდ მეჩეთშიც მოესინჯათ ის, რაც ტაძარში გააკეთეს. აი, ერთი რას წერდა: „ჩეჩნეთში მოსახლეობის 99% პუტინს უჭერს მხარს... აჩვენეთ მათ კლასი პირდაპირ გროზნოს დიდ მეჩეთში!“.

ლაშა: – სასულიერო პირებს შორისაც აღმოჩდნენ განსხვავებული, უფრო შემწყნარებლურ აზრზე მყოფნი. მაგალითად, პროტოდიაკვანმა ანდრეი კურაევმა აღნიშნა, ტაძარში რომ ყოფილიყო, გოგონებს აუცილებლად ბლინებითა და ჩაით გაუმასპინძლდებოდა და კიდევ ერთხელ მოიპატიჟებდა ტაძარში.

გაგა: – დაახლოებით იგივე აზრი გამოთქვა მუსიკოსმა იური შევჩუკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პანკლოცვით, როგორც მართლმადიდებელი, შეურაცხყოფილია, თუმცა, როგორც მართლმადიდებელმა უკვე შეუნდო მათ და ყველას მოუწოდა პატიებისკენ, რათა გოგონები ციხეში არ აღმოჩდნენ.

ლაშა: – გაგა, ზოგადად, ამ ჯგუფზეც უნდა ვთქვათ, რომ მისი წევრები ფემინიზმის ე.წ. მე-3 ტალღის მიმდევრები არიან, ანუ მემარცხენე ანტიავტორიტარები. Pussy Riot აქტიურად აპროტესტებდა 2011 წელს საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაციას. ითხოვენ პუტინის გადადგომას და გენდერული თანასწორობის მომხრეები არიან, რომელიც, ამავე დროს, გამორიცხავს ჰეტეროსექსუალებსა და ჰომოსექსუალებს შორის დაპირისპირებას.

გაგა: – პუტინს გოგონები უწოდებენ პატრიარქალური შეხედულებებისა და სექსიზმის სიმბოლოს. თუმცა Pussy Riot-ს მოუწყვია სხვა აქციებიც – ტროლეიბუსის სახურავზე, პოლიციის საგამოძიებო იზოლატორთან, წითელ მოედანზე და ა.შ. სხვათა შორის, საინტერესო შეფასება გააკეთა ამ ყველაფერზე არტიომ ტროიცკიმ. მან გოგონების შესრულებული კომპოზიცია მოიწონა (ამაში გასაკვირი არაფერია, ტროიცკის მუსიკალური გემოვნება მუდამ იხრებოდა რაღაც ძალიან არასტანდარტულისკენ), მაგრამ თავად ჯგუფი, შეიძლება ითქვას, გაკიცხასავით.

ლაშა: – „მათ არ ამართლებს ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ეკლესიაში, კერძოდ, ამბიონთან შეასრულეს... ყველაზე კარგი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ... გოგონებმა, უბრალოდ, ბოდიში მოიხადონ, მაგრამ ეს არ სურს არც მთავრობას და არც რუსეთის საპატრიარქოს, მათ მსხვერპლი სჭირდებათ“ – დასძინა ბოლოს ტროიცკიმ. გასაგები პოზიციაა!

გაგა:
– ერთი შეხედვით, უცნაური თემა ავირჩიეთ ალბათ „და ქალისთვის“, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. ამ წერილამდე საერთოდ სხვა „ეპოქის“ (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ქალებზე ვსაუბრობდით. მსახიობები, მომღერლები. ჯაშუში და მფრინავიც კი გავიხსენეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წერილების ყველა გმირი სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მაგალითად, საერთოდ რა კავშირი აქვს ერთმანეთთან მარლენ დიტრიხს და ჯენის ჯოპლინს, ტვიგის და მატა ჰარის? თითქოს არაფერი, მაგრამ მათ მაინც აერთიანებდათ ერთი რამ!

ლაშა: – კი, რა თქმა უნდა. ისინი ყველანი რაღაცით იყვნენ მეამბოხეები და მუდამ ცდილობდნენ დაემსხვრიათ საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებების ბორკილები. ისიც მართალია, რომ მიუხედავად მათი მოღვაწეობის სხვადასხვა წლებისა, ისინი მაინც ერთი „ეპოქის“ შვილები იყვნენ და საერთო XX საუკუნის პროდუქტები. ამჟამად კი უცნაური, პირქუში და ნაკლებად რომანტიკული XXI საუკუნეა, რომელიც ეტყობა უკვე თავის „გმირებს“ ითხოვს... ეს ყველაფერი ხდება ერთი ფენომენის ფონზე – მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ მოგწონს თუ არა მათი იმიჯი ან მსოფლმხედველობა.

გაგა: – და ეს გოგონები, რომლებიც ზუსტად ამ საუკუნის პროდუქტები არიან, შეიძლება რამდენიმე ათეული წლის შემდეგ საერთოდ სულ სხვა კუთხით შევიდნენ ისტორიაში. ან პირიქით, – საერთოდ არც არავის ახსოვდეს მათი არსებობა. მაგრამ ფაქტი ერთია – რაც ამჟამად ხდება ჩვენ გარშემო, თუნდაც ეს „ფემინისტური პერფორმანსი“, მას საერთოდ არანაირი კავშირი აღარ აქვს თუნდაც XX საუკუნის დასაწყისის ფემინისტურ-სუფრაჟისტურ მოძრაობასთან, რომელსაც, სხვათა შორის, ასევე სასტიკად კიცხავდა მაშინდელი საზოგადოება. მგონი კიდევ უფრო მკაცრად. მის წარმოდგენაზე მეცინება კიდეც...

ლაშა: –  და თუ ამ ჩვენ თეორიას გავყვებით, არ არის გამორიცხული, რომ ოდესღაც, მაგალითად 2087 წელს, რომელიმე „და ქალის“ ფორმატის ჟურნალში, ვინმემ ჭკვიანური სახით დაწეროს წერილი და მიუძღვნას Pussy Riot-ს და იმ ყველაფერს, რაც მათ გარშემო დატრიალდა. ანალიზიც გააკეთოს და შეიძლება დისერტაციამდეც მივიდეს საქმე. სწორედ ამიტომ მე და გაგამ გადავწყვიტეთ, დაგვესწრო მომავალი ანალიტიკოსისთვის და აი... ესეც წერილი Pussy Riot-ზე, რომლებიც ქრისტე მაცხოვრის სახელობის ტაძარში წირვის შემდეგ ამბიონზე აიჭრნენ და სიმღერის „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!“ შესრულება დაიწყეს.

გაგა:
–  O tempora! O mores!

ჟურნალი „... და ქალი“ #5, მაისი 2012 წელი

No comments:

Post a Comment