Monday, September 24, 2012

ქართული ელექტრონული მუსიკა – ნიკა მაჩაიძე

საქართველოში ელექტრონულ მუსიკას არც ისე დიდი წარსული აქვს. მისი პიონერები 1990-იანების მეორე ნახევრიდან გამოჩნდნენ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან საბჭოთა კავშირში ამ მუსიკალურ სტილს ზედმეტად არასერიოზულად აღიქვამდნენ. მახსოვს, 80-იანების დასაწყისში ერთ მოსკოვურ გაზეთში სტატიაც კი გამოქვეყნდა, სადაც ლეგენდარული გერმანული ელექტრონული ჯგუფის „კრაფტვერკის“ მუსიკოსები რობოტებად მოიხსენიეს და მათ ადამიანობაში ეჭვიც კი შეიტანეს.

საქართველოში ელექტრონული მუსიკის სათავეებთან რამდენიმე მუსიკოსი და ჯგუფი დგას, თუმცა უცხოელი მსმენელისთვის ამ მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ალბათ, მაინც ნიკა მაჩაიძე, იგივე ერასტი და იგივე ნიკაკოია. მაჩაიძის ანგარიშზე დასავლეთში გამოცემული რამდენიმე ძალიან საინტერესო ალბომი, საუნდტრეკი (ფილმის, თეატრისა და ტელევიზიისთვის) და ვიდეოკლიპია. იგი რამდენიმე ფილმისა და ანიმაციის რეჟისორიცაა.

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი საკმაოდ აპოლიტიკურია, 2000-იანების დასაწყისში მან მაშინდელ სახელმწიფო მეთაურზე იუმორისტული მუსიკა და ვიდეო გააკეთა, რაც აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.

ნიკას მუსიკა ინოვაციური და ექსპერიმენტულია, მისი მინიმალისტური ელექტრონული სივრცე ძლიერ მიმზიდველი, ჰარმონიული და მრავალფეროვანი პულსაციითაა გაჟღენთილი. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა პროფესიით რეჟისორია, მას უფრო იცნობენ, როგორც მუსიკოსს. აი, რა თქვა ნიკამ ადრე თავის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალ „ცხელ შოკოლადთან“ საუბრისას:

„ელექტრონული მუსიკა... უფრო ბიძგი იყო იმისათვის, რომ თავში რაც მქონდა, იმის რეალიზება გამეკეთებინა. კინოს კეთებისთვის ძალიან ზარმაცი ვარ... თან ათას კაცს უნდა ეურთიერთო და აუხსნა, რა გინდა... მუსიკის კეთებისას კი, შენს თავთან ხარ ან (ჩემს შემთხვევაში) კომპთან, ერთი ერთზე. ამიტომ შედეგი მთლიანად შენზეა დამოკიდებული“.

ჟურნალი „თბილისი Out“ #24, სექტემბერი 2012 წელი

მოუსმინე:

2 comments:

  1. Nikakoi saintereso musikosia. vfiqrob, ramdenime clis shemdeg ragac dzalian dids da mnishvnelovans gaaketebs, marto musikashi ara.

    ReplyDelete
  2. ცოტას თუ შეუძლია ხარისხიანი ელექტრონული მუსიკის კეთება, ეს არ არის მარტო სინთეზი ელექტრონული ტალღების, ის ამ ტალღებიდან ჰარმონიას და მუსიკას ძერწავს.
    წარმატებები და წინა კომენტარის ავტორს დავეთანხმები - ის მართლაც შექმნის ძალიან დიდს და მნიშვნელოვანს

    ReplyDelete