Thursday, February 1, 2024

იონასა და პეტრეს სინემინი

მუსიკოს გია ქარჩხაძეს ჩვენში იცნობენ, როგორც ჯგუფ Soft Eject-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მომღერალსა და სიმღერების ავტორს. მან ასევე დააარსა „ქარჩხაძის გამომცემლობა“, რომელიც მნიშვნელოვან მხატვრულ ლიტერატურას სტამბავს. ამჯერად კი გია შორტის, ანუ მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორად და სცენარისტად მოგვევლინა, რომელიც მისი ერთსიმღერიანი სინგლის, Jonah & Peter (A Swinging Song)-ის მიხედვითაა გადაღებული.


გიას ეს ახალი, ექსპერიმენტული ნამუშევარი არაა კლასიკური მოკლემეტრაჟიანი ფილმი, არც კლასიკური მუსიკალური ვიდეო, ანუ კლიპია. მასში არაა წინა პლანზე მუსიკა, რაც კლიპისთვისაა დამახასიათებელი და არც გამოსახულებაა წინა პლანზე, როგორც ეს მოკლემეტრაჟიან ფილმშია. ანუ არც ერთი მეორეს ილუსტრაცია არ გახლავთ. „იონა და პეტრეს“ კლასიკური სიუჟეტი არა აქვს და ასოციაციებზეა აგებული. ამ ნამუშევარში მუსიკა და გამოსახულება უფრო სინთეზურია, ვიდრე კლიპში ან მოკლემეტრაჟიან ფილმში. ამ ექსპერიმენტთან დაკავშირებით გია ქარჩხაძე ამბობს:


„მუსიკისა და კინოს ამ ნაზავს დავარქვი სახელი – სინემინი. ასეთ შემთხვევაში როგორც მუსიკაზე, ისე გამოსახულებაზე, თანაბარი აქცენტია გაკეთებული და სინთეზური ვარიანტი გამოვიდა. ამაზე დიდხანს ვფიქრობდი. ეს ნამუშევარი სხვადასხვა ფესტივალზე მინდა დავტესტო. მომავალში მინიმუმ კიდევ ერთ სინემინის გადაღებას ვაპირებ, სადაც გამოსახულება და სიმღერა ასევე სინთეზური იქნება. ძალიან მომწონს ეს ფორმა და ამ სტილში მინდა გავაგრძელო მუშაობა“.


სინემინიში „იონა და პეტრე“ გადმოცემულია ორი მეგობარი ბიჭუნას – იონასა და პეტრეს ამბავი, რომლებიც თამაშობენ, მდინარეში სათამაშო ნავს აცურებენ, ფრანს უშვებენ... მალე მათ ცნობიერებაში თანატოლი გოგონა შემოდის, რომელსაც თამაშის დროს გაიცნობენ. ფილმში ჩართულია შესანიშნავი ანიმაცია: იონა და პეტრე გოგონას გამოშვებულ საპნის ბუშტებს ეკვრიან და სხვადასხვა მხარეს მიფრინავენ. ბოლოსკენ კი მეგობრები – უკვე ზრდასრული ახალგაზრდა კაცები (ჯგუფ On The Road-ის მუსიკოსები), კადრში ბრუნდებიან, დაღლილები და შელახულები. იონა და პეტრე საუბარს იწყებენ მუსიკოსთან და ეს საუბარი ლექსადაა გადმოცემული (ამ მცირე ლექსის ავტორიც გია ქარჩხაძეა). მათ ისტორიებს კი სკოლაში ბავშვებს მასწავლებელი უყვება, რომელსაც თავად გია ქარჩხაძე ასახიერებს.

Monday, November 27, 2023

On The Road – Heal Yourself

ჯგუფ On The Road-ისთვის Heal Yourself სადებიუტო სტუდიური ალბომია, რომელიც 10 აუდიო ბილიკისგან შედგება. ქართულ ენაზე რომ ვთარგმნოთ ეს ყველაფერი და ერთად დავწეროთ, მშვენიერ სლოგანს მივიღებთ – „გზაზე – განკურნე თავი შენი!“


მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სახელწოდებას მაშინვე ჯეკ კერუაკის ამავე სახელწოდების ბიტნიკური ლიტერატურის და ზოგადად ამერიკულ, მე-20 საუკუნის კლასიკურ რომანთან მივყავართ, ამ ალბომის მუსიკაში ნაკლებად იგრძნობა კერუაკისეული ბიტნიკური სულისკვეთება. ერთიანობაში ის უფრო ინდი როკად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა თუ ამ ჯგუფის წევრებს საქართველოს „დამსხვრეული თაობის“ წარმომადგენლებად მივიჩნევთ, მაშინ რაღაც პარალელების გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია. მოგეხსენებათ, ბიტნიკები საკუთარ თავს „დამსხვრეულ თაობას“ მიაკუთვნებდნენ. ჯგუფის წევრების თაობასაც თითქმის იგივე პრობლემები აქვს, რაც ბიტნიკებს ჰქონდათ. ესაა თუნდაც ომის (ომების) შემდგომი ეპოქა, ასევე, ნეგატიური განწყობები მთელ საზოგადოებაში, პლუს, გაუცხოება წინა თაობებთან. საყურადღებოა ნარკომანიის პრობლემაც, რომელსაც 1960-იანი წლების ამერიკელი ახალგაზრდებივით, ჩვენი ახალგაზრდა თაობაც გადააწყდა. ალბომის სახელწოდება Heal Yourself შეიძლება ვთარგმნოთ: „მიხედე საკუთარ თავს“, ან „აზრზე მოდი“, ან სულაც „მოიხოდე“ და ა.შ. თუმცა მინდა, რომ ვთარგმნო, როგორც „განკურნე თავი შენი“. ალბომის ამ სათაურში დევს სწორედ ის კონცეფცია, რასაც ზემოთ შევეხე და „დამსხვრეული თაობა“ ვახსენე. ეს ჯგუფის წევრების მხრიდან თავიანთი თაობის წარმომადგენელთა მიმართ მოწოდებაცაა. ამის შესახებ ქვემოთაც ნახავთ.

ჯგუფი On The Road ჩამოყალიბდა 2019 წელს. მან მონაწილეობა მიიღო Tbilisi Newcomers 2019-ში და ფინალისტებს შორისაც აღმოჩდა. სწორედ მაშინ დაინტერესდა ამ ჯგუფით გია ქარჩხაძე და პროდიუსერობა შესთავაზა. გიას საკუთარი სტუდია და ლეიბლი აქვს. ამის შემდეგ, გიას პროდიუსერობით ბენდმა ერთი მინიონი (ანუ EP) Hundred Homes (2020 წ.) და 5 სინგლი ჩაწერა.

ჯგუფის წევრები არიან:
ლადო გიგაია (ვოკალი, გიტარა);
გიგი კობერიძე (დრამი);
თორნიკე ჯაფიაშვილი (კლავიში);
ავთო ირემაშვილი (სოლო გიტარა, ვოკალი);
ბექა ჩხარტიშვილი (ბას გიტარა).

ალბომში შესული სიმღერების უმეტესობის ავტორია ლადო გიგაია, მხოლოდ მე-8 ბილიკის – Stay Back-ის ავტორია ავთო ირემაშვილი, რომელიც ამ სიმღერას მღერის კიდეც.

Tuesday, October 3, 2023

ქუთაისური მუსიკა

ქუთაისი უძველესი, როგორც ამბობენ, 3500 წლის ქალაქია, რომელსაც ნიჭიერი ხელოვანები არასოდეს აკლდა. ამერიკელი კლასიკოსი მწერალი, უილიამ ფოლკნერი ამბობდა, რომ „პროზის გრგვინვა და მუსიკა სიჩუმეში სრულდება“. სიჩუმე და სიმშვიდე ყოველთვის ქუთაისის თანამდევი იყო. საბჭოთა ინდუსტრიალიზაციამდე ქალაქში რიონის ხმა თუ ისმოდა მხოლოდ, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმოდა გიტარაზე დამღერებული ქართული პოლიფონიური ფოლკი, რომელსაც დღეს „ქალაქურ მუსიკას“ უწოდებენ და კლასიკური მუსიკა. კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ კი, როცა საწარმოები გაჩერდა და ჩარხების ხმაურიც მიწყდა, ქუთაისი კიდევ უფრო დადუმდა. თუმცა ეს იყო ერთგვარი სიმშვიდე ქარიშხლის წინ. ზოგადად, თბილისისგან განსხვავებით, ქუთაისი პოლიტიკური აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა და საზოგადოებაში დაგროვილი მუხტი მიტინგებზე კი არა, უფრო ხელოვნებაში აისახებოდა ხოლმე. მაშინ კი, პოსტ-საბჭოთა ქალაქში გამეფებული სიჩუმე დაარღვიეს მუსიკოსებმა – დამოუკიდებელმა ქართველმა როკერებმა, პანკებმა, მეტალისტებმა, ელექტრონისტებმა, ჰიპ-ჰოპერებმა... და მათი ეს ხმაური შემდეგში მთელმა საქართველომ გაიგონა. თუმცა ეს ხმა ნაკლებად ესმოდათ თავად ამ ქალაქში და ამ განსხვავებული მუსიკის მსმენელთა მხოლოდ მცირე წრეები არსებობდა.

რობი კუხიანიძე, 1997 წელი

ქუთაისელმა ჰიპ-ჰოპერმა შავმა პრინცმა ადრე ინტერვიუში მითხრა: „თანამედროვე მუსიკაში ყველაზე მეამბოხე მუსიკოსები სწორედ ამ ქალაქიდან არიან. ეს, ჩემი აზრით, ბუნებრივია. როდესაც ადამიანს ბევრი გაუსაძლისი პრობლემა გაქვს და რაღაცის შეცვლა გსურს, მაშინ უფრო მეტად აზროვნებ და უკვე გარკვევით ხვდები რა გინდა“.
 

ზოგადად ქუთაისელ არტისტებს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორ და პროტესტულ მუსიკის შემსრულებლებად იცნობენ. თუმცა მოდით ეს მუსიკალური პროტესტი ახლა დროებით გვერდზე გადავდოთ და ისიც ვთქვათ, რომ ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლებიც ამ ქალაქში გაიზარდნენ. ზაქარია ფალიაშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე (მისი შვილები იყვნენ კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე და ამერიკული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჯორჯ ბალანჩინი) ამის ნათელი მაგალითები არიან. ბაფთიან გიტარაზე დამღერებული ე.წ. ქალაქური პოლიფონიური მუსიკაც მთელი დასავლეთ საქართველოდან სწორედ ამ ქალაქში აკუმულირდა და დები იშხნელები იყვნენ ის პირველი შემსრულებლები, რომელთაც სწორედ ამ მუსიკით გაითქვეს სახელი. მე-18 საუკუნის გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი იმერლებს ასე ახასიათებს: „მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხუათა და სხუათა შემძინებელნი. უცქვიტესად მოუბარნი...“


მეტყველების ეს სიცქვიტე კი კარგად მოარგეს თავიანთ შემოქმედებას ქუთაისელმა ჰიპ-ჰოპერებმა. მუსიკალური ცხოვრება ქუთაისში კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ ბევრად უფრო ინტენსიური გახდა. აქ მთავარი იარაღი გიტარა იყო, რომლის შემსწავლელ წრეებში ბევრი ახალგაზრდა დადიოდა. ქვეყანაში ენერგოკრიზისის დროს, ისინი აკუსტიკურ გიტარებზე უკრავდნენ. გიტარა დღემდე რჩება გამორჩეულად სასურველ ინსტრუმენტად, რომელსაც მომავალი თაობა განსაკუთრებული ინტერესით სწავლობს. „აუტსაიდერელ“ რობი კუხიანიძეს კი ადრე ჩემთვის ინტერვიუში უთქვამს, რომ „ქუთაისს რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ახასიათებს კულტურული აფეთქება და სიახლეების დანერგვა“. მე-20 საუკუნის დასაწყისში ასეთი სიახლე თუნდაც პოეტური ორდენის „ცისფერყანწელები“ ჩამოყალიბება გახლდათ. 

რობი კუხიანიძე, 1998 წელი

პირველი ანდერგრაუნდ-დაჯგუფება ქუთაისში ჯერ კიდევ 1980 წელს, ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს, ე.წ. „პერესტროიკამდე“ გამოჩნდა და მას „თეთრი ფრთები“ ერქვა. იგი ქუთაისელმა მეგობრებმა – მხატვარმა, მუსიკოსმა და პოეტმა როლანდ, იგივე შალა შალამბერიძემ, მხატვარმა, კომპოზიტორმა და მუსიკოსმა  ავთო, იგივე ბაჩუ ავალიანმა და მხატვრებმა: მერაბ ამაღლობელმა, გია ხურციძემ, გოჩა დარახველიძემ და დათო გოფოძემ დააარსეს. დაჯგუფებას კიდევ დაემატნენ შემოქმედები და 1982 წლისთვის 20-მდე წევრს ითვლიდა. დაჯგუფება აწყობდა იატაკქვეშა პერფორმანსებს. როლანდ შალამბერიძემ მუსიკალური ინსტრუმენტების გამოგონება დაიწყო და დღემდე უამრავი ინსტრუმენტი აქვს დამზადებული, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. ამ ინსტრუმენტებით მას რამდენიმე ავანგარდული ალბომი აქვს ჩაწერილი და გამოშვებული. „თეთრი ფრთების“ დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დაიფანტა. 

Thursday, March 30, 2023

„გაგა ფრანის“ სადებიუტო ფირფიტა

არის სიმღერები, რომელთა მოსმენისთანავე გრძნობ, რომ მთელი სულითა და გულითაა დაწერილი, – როგორც ქართველები ვამბობთ ხოლმე, – ჯიგრით. ეს სიმღერები განსხვავდება იმათგან, როცა არტისტი რაღაც ვალდებულების გამო წერს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მუსიკოსს ალბომის ჩაწერა ლეიბლთან ხელშეკრულებით აქვს დაკისრებული და ამ დროს, შესაძლოა, საერთოდ არც ეწერება. ამის შემდეგ იგი თითიდან გამოწოვილ თემებზე სიმღერების წერას იწყებს, ანუ თავს ძალას ატანს ხოლმე. ასეთ მუსიკას „კოჭებში“ ეტყობა, რომ ნაძალადევია. ხელოვნურობა ყურს ჭრის, ხშირად მეტისმეტად დაშაქრულია, აქვს სტანდარტული, გაცვეთილი სიტყვებით დახუნძლული ტექსტები და შემსრულებლის მერკანტილური მიზნებიც კარგად იკითხება. 


დღეს მინდა ისეთ ჩანაწერზე დავწერო, რომელიც სწორედ სულითა და გულითაა შექმნილი და ნამღერი. ესაა „გაგა ფრანის“ სადებიუტო ვინილის დისკი, ანუ როგორც ადრე ვუწოდებდით – ფირფიტა. მისი საერთო ხანგრძლივობა 24 წუთს არ აღემატება, რაც არც სრულყოფილი ალბომის (LP) და არც მინიონის (EP) დროის სტანდარტებში არ ჯდება – სადღაც შუაშია. ეს იმას მიანიშნებს, რომ ფირფიტა კომერციული მიზნებისთვის არ შექმნილა. ავტორმა აარჩია ზუსტად იმდენი მასალა, რამდენიც საჭირო იყო და გავრცელებულ სტანდარტებს ყურადღება არ მიაქცია. მახსოვს, ადრე ერთ ძალიან კარგ ქართულ ფირფიტაზე, მსგავს კლიშეებში რომ მოექციათ და დროის ხანგრძლივობა გაეზარდათ, ერთი და იგივე სიმღერა ორჯერ დაიტანეს, ერთხელ თავში და მეორედ ბოლოში. 


„გაგა ფრანი“ მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, გაგა ჩიხლაძის მეორე პროექტია. მის პირველ ჯგუფს „ფრანი“ ერქვა და 2000-იან წლებში შეიქმნა. ჩვენმა მსმენელმა იგი ძლიერ შეიყვარა, თუმცა გაგამ 2010-იანების ბოლოს უკვე „გაგა ფრანი“ ჩამოაყალიბა და დღემდე მხოლოდ სინგლებს უშვებდა. 

Friday, November 25, 2022

თინათინ წერეთელი – გერმანელი მომღერალი ქართული მუსიკის სამყაროდან

თინათინ წერეთლის მუსიკალური შემოქმედება ფეისბუქზე აღმოვაჩინე. მუსიკოსი გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. შემდეგ თინათინისა და ასევე გერმანიაში მცხოვრები ქართველ მუსიკოსის, მარიამ ქირიას ერთად ჩაწერილ  დუეტსაც მოვუსმინე. მისი შემოქმედება მომწონს და ჩვენ ვირტუალური მეგობრები გავხდით. თინათინი დღეს სოულსა და ჯაზში მუშაობს. 2019 წელს თავის ბენდთან ერთად მონაწილეობა მიიღო იუნესკოს პირველ გლობალურ ფესტივალში, რომელიც იტალიაში გაიმართა. ფესტივალზე მან გერმანიის სახელით იუნესკოს დელეგაციის წინაშე ორი კონცერტი გამართა. იგი ამ ღონისძიებაზე ერთადერთი  მუსიკოსი ქალი გახლდათ. თინათინ წერეთელმა 2020 წლის მიწურულს ალბომი Alles Zu Seiner Zeit („ყველაფერს თავისი დრო აქვს“) გამოუშვა. იგი ცნობილ ლეიბლ Peppermint Park Studios-ში ჩაიწერა, რომელთანაც თანამშრომლობენ მსოფლიოს სახელგანთქმული ვარსკვლავები: მადონა, ჯგუფი „სკორპიონსი“, ტომ ჯონსი და სხვები. თავისი შემოქმედების ინტერკულტურულობის დამსახურებით, თინათინი ჩეხეთის ქალაქ ბრნოს ფესტივალზე ჰანოვერისა და გერმანიის მუსიკალურ ელჩად იყო მიწვეული. 


ქართული წარმოშობის გერმანელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი თინათინ წერეთელი 1982 წლის 14 სექტემბერს თბილისში, მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა, ამიტომაც ბავშვობა მუსიკალურ გარემოცვაში გაატარა. გოგონა რეპეტიციებს ხშირად ოპერის საორკესტრო ორმოდან ადევნებდა თვალს. როგორც თავად ამბობს, სადაც მუსიკა ისმოდა, იქ თავს ყოველთვის შინაურულად გრძნობდა. ხუთი წლის ასაკში თინათინმა ვიოლინოს შესწავლა დაიწყო. 6 წლისამ კი ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლაც მოისურვა. ამის შემდეგ მუსიკა მისი ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მის ოჯახში ყველა მღეროდა და ასე გაეცნო ქართულ მრავალხმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვა ჟანრში მუშაობს, ქართულ ფოლკლორს, პოლიფონიას მის მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 

1993 წელს საქართველოში არსებული რთული სიტუაციის გამო, 10 წლის გოგონა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. დღეს თინათინი ჰანოვერისა და მისი შემოგარენის რამდენიმე უნივერსიტეტსა და სასწავლებელში ვოკალის პედაგოგად მუშაობს. მას აქვს  მუსიკალური პროექტებიც.  გთავაზობთ თინათინ წერეთელთან ინტერვიუს. იგი კარგად ლაპარაკობს ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, აზროვნებს გერმანულად. 

– თინათინ, როგორი შეგრძნება იყო, როდესაც 10 წლის ასაკში საქართველოდან შორს ამოყავი თავი?

– ორი ჩემოდნის ამარა უცხოეთში ჩარჩენილმა ოჯახმა ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. მაშინ მუსიკაზე ფიქრიც კი უადგილო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებოდა და მწყუროდა იგი. უბრალოდ, არ მინდოდა დედისთვის  რთულ სიტუაციაში სადარდებელი დამემატებინა, ამიტომ ხმამაღლა არ გამოვხატავდი ამ სურვილს. მაგრამ როცა მარტო ვრჩებოდი, ამ წყურვილს სიმღერით ვიკლავდი. სიმღერისას და დაკვრისას დროის და სივრცეს შეგრძნებას ვკარგავ. მუსიკის შესრულებისას თავს სრულყოფილად აღვიქვამ, რადგან იმ „მე“-ს ვუერთდები, რომელიც თბილისში გატარებულ ბავშვობაში დარჩა. 


იმ ქალაქში, სადაც გიმნაზია დავამთავრე, გოსპელის გუნდში ვმღეროდი. პირველად სცენაზე სკოლის ბოლო ზარზე ვიმღერე. შემდეგ ჩრდილოეთ გერმანიაში კულტურის მეცნიერების ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა, სადაც მუსიკა  ერთ-ერთი საგანი იყო. ჯაზ-როკ და პოპ ვოკალისკენ ნელ-ნელა გავიკვლიე გზა. გერმანიაში ფორტეპიანოს შესწავლა ხელახლა დავიწყე, ხოლო გიტარაზე დაკვრას ჩემით დავეუფლე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თავად შემეძლო სიმღერების წერა. იმის მიუხედავად, რომ გერმანელი სტუდენტების უმეტესობა სიმღერებს ინგლისურად წერდა, საკუთარი შემოქმედებისთვის მაინც გერმანული ენა ვარჩიე. ქართული სული და ემოცია გაჯერებული გერმანული აზროვნებით – ესაა ჩემებური მუსიკალური კოქტეილი, რასაც აქ განსაკუთრებულად აღიქვამენ. 

Tuesday, September 6, 2022

რატომ ყვირიან ქართველი მომღერლები და ხმაურიანი ეროვნული უკულტურობები

„პროზის გრგვინვა და მუსიკა სიჩუმეში სრულდება“.
უილიამ ფოლკნერი

ვისაც კი ზაფხულში რამდენიმე დღე მაინც ქართულ კურორტებზე გაუტარებია, აუცილებლად „ყურში მოხვდებოდა“ მრავალფეროვანი მუსიკალური ფონი, რომლითაც ისინი გამოირჩევა, განსაკუთრებით ზღვისპირეთში. იქ თქვენ მოუსმენთ ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, თურქულ, ირანულ თუ რუსულ ფანოღს, რუსულ ე.წ. ესტრადას და  ძველბიჭურ ასევე რუსულ რეპს, ქართულ თუ უცხოურ პოპს – „დესპასიტოთი“ დაწყებული, ქართველი „პოპვარსკვლავთა“ შემოქმედებით დამთავრებული. ამ კოქტეილის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მთელი ეს „ნაღები“ რეპერტუარი დამსვენებლებს დიდი დოზებით და აუცილებლად ხმამაღლა მიეწოდება. ასე თუ ისე, ამას ალბათ აიტანდა კიდეც ადამიანი, ეს უფასო კონცერტი ზოგჯერ მთელი ღამე (ან ღამეები) რომ არ გრძელდებოდეს. ამას ემატება შუაღამით, ძლივს ჩაძინებულზე, ვიღაცების მიერ ხოშზე ნატყორცნი პეტარდების გამაყრუებელი ხმები. მოკლედ, ხვდები, რომ ადამიანს საქართველოში არც შვებულებაში ან არდადეგებზე ეღირსება მოსვენება. 


ბევრ ადამიანს სიმთვრალეში უჩნდება სურვილი, რომ მისი პერსონა მთელი სიკაშკაშით წარმოგიდგინოთ. მახსენდება ორი გავრცელებული მოწოდებაც, როდესაც ნასვამი მამაკაცი ოჯახში ბრუნდება და ყვირის: „ბავშვი გააღვიძეთ, პიანინოზე დაუკრას!“ ან თუნდაც – „მეზობლებო, გამოდით, უნდა დაგთვალოთ!“ მას ძალიან უნდა, ყველამ გაიგოს, რომ ნასვამია, თან სხვების სიმშვიდეს არად დაგიდევს. ბავშვის ან ცოლის დაბადების დღის შესრულებისთანავე – ღამის 12 საათზე ან, გინდ, ღამის 2 საათზე პეტარდების სროლას იწყებს. მისთვის მთავარია, ოჯახის წევრებს თქვენი სიმშვიდის დარღვევის ხარჯზე ასიამოვნოს. მერე რა მოხდა, რომ ამ გამაყრუებელი ხმაურით თქვენი ბავშვი გააღვიძა? თავისი ხომ გაისწორა? 

ოთო ნემსაძე
ახლა შევიდეთ თბილისის ან სხვა რომელიმე ქალაქის სავაჭრო ცენტრებში, სადაც წესით, უნდა გვეგებებოდეს ფონური ემბიენტ-მუსიკა, ისიც დაბალ ხმაზე ჩართული. ჩვენ კი გვხვდება ბოლო ხმამდე აღნავლებული პოპულარული მუსიკალური ჰიტები. მაღაზიის კონსულტანტს რამე რომ ჰკითხო, აუცილებლად უნდა უყვირო, რომ გააგონო. პასუხი მანაც ყვირილითვე უნდა დაგიბრუნოს. მერე სავაჭრო ცენტრების სატელევიზიო ან რადიო რეკლამაში ვინმე ხმამაღლა და დაძაბულად იტყვის წარმოუდგენლად უაზრო ფრაზას – „ევროპული დონის მომსახურება“. თითქოს ამერიკული, იაპონურ-კორეული ან თუნდაც ავსტრალიური სერვისი სირცხვილი და უხარისხო იყოს. მოკლედ, ასეთ ადგილებში მატრაკვეცობა და სიგოიმეა გამეფებული.

Wednesday, June 15, 2022

დადა დადიანი 30 წლის შემდეგ აქაურობასა და ყველაურობაზე

{სრული ვერსია}

დადა დადიანს პირველად 1992 წლის 12 ივლისს შევხვდი, როცა ქუთაისში კლუბ „მელომანის“ და ჯგუფ „აუტსაიდერის“ ორგანიზებით როკ-აქცია „როკი ფონოგრამის (და შიდსის) წინააღმდეგ“ ჩატარდა. მაშინ ამ აქციას ქუთაისის კომერციულ ტელევიზიაში (შემდგომში ტელეკომპანია „რიონი“) ჩემი და ჩემი მეგობრების ტელე-პროექტ „კედელისთვის“ ვაშუქებდი, რომელიც საქართველოს ტელევიზიის „მე-2“ არხზეც გადიოდა. ქუთაისის შემდეგ რამდენიმე დღეში დადას ჯერ თბილისში, მერე მის აგარაკზეც შევხვდი, როდესაც მან „ტაქსის“ 1988 წლის ალბომი კასეტაზე ჩამიწერა. ამის შემდეგ მალე მუსიკოსი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ერთ-ერთ მუსიკალურ ლეიბლზე მუშაობს და თავის საყვარელ საქმეს აკეთებს. 


ქუთაისში გამართულ კონცერტზე „ტაქსის“ და შემდეგ „საბავშვო მედიცინის“ მუსიკამ პირველივე მოსმენის შემდეგ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. „ტაქსიმ“, რომელშიც მაშინ დადას გარდა უკრავდნენ: ბიჭიკო ოსიპოვი, კახა კიკაბიძე და ირაკლი ჩარკვიანი, სულ 4 სიმღერა შეასრულა, მაგრამ საოცარი ატმოსფერო შექმნა. ეს არ იყო ორდინარული მუსიკა, რომელიც მაშინ მეინსტრიმ ქართულ სცენაზე ისმოდა ან თუნდაც „ჩვეულებრივი“ ინგლისურენოვანი ქართული როკ-ჯგუფები ასრულებდნენ. 

ეს იყო გზავნილებით სავსე ქართულენოვანი მართლაც ალტერნატიული მუსიკა, რომელშიც იგრძნობოდა როგორც დიდი პროტესტი, ისე მეტად პოზიტიური, მაჟორული მუსიკალური განწყობა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო „ზამთარი“, რომელიც არ ძველდება და შემიძლია ვთქვა, რომ ის ეპოქალური სიმღერაა, რომელიც უზუსტესად ასახავს მაშინდელ საქართველოს. მასში არის ასეთი სიტყვები: „მე მინდა ბავშვს, რომელიც ჩნდება, ჰქონდეს ჰაერი, მე მინდა ქალს, რომელიც ცდება, ჰყავდეს მომვლელი, მე მინდა კაცს, რომელიც ყვირის, ჰქონდეს რწმენა, მე მინდა ერს, რომელიც ლპება, ჰქონდეს გონება“. შემდეგ კი მისამღერში: „მაგრამ მე თქვენი აღარ მჯერა“. სამწუხაროდ, რეალობა არ შეცვლილა და ეს უნდობლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. 


შესანიშნავი მოსასმენია „ტაქსის“ 1988 წლის ერთადერთი ალბომიც...


განსხვავებული ხასიათის პროექტი იყო 1990-იანი წლების დასაწყისში შექმნილი „საბავშვო მედიცინა“, რომელშიც სიტყვიერი გზავნილების გარდა, დადამ კახა გუგუშვილთან, იგივე ჯოზეფასთან და ირაკლი ჩარკვიანთან ერთად მუსიკალური ექსპერიმენტებიც დაიწყო. ჯგუფის მუსიკაში საკმაო დოზით ჟღერდა ელექტრონიკაც. „პედიატრებმა“ მოიარეს აღმოსავლეთ ევროპა და პრიზებიც დაიმსახურეს. 


„ქართული ცეკვის იმპერია“ ასევე 1990-იანების დასაწყისის პროექტი იყო, რომელშიც დადასთან ერთად მონაწილეობდნენ: სერგი გვარჯალაძე, ბიბი კვაჭაძე და გოგი ჭილაშვილი. ეს იყო იუმორით გაჯერებული ჯგუფი, რომელიც ქალაქური მუსიკისა და ფოლკლორის ზეგავლენით შექმნილ საცეკვაო სიმღერებს ასრულებდა.
 

რამდენიმე თვის წინ, 30 წლის შემდეგ დადა დადიანი სამშობლოში დაბრუნდა და ქალაქგარეთ ვესტუმრე. ეს ინტერვიუ მისი სახლის ეზოშია ჩაწერილი. 

– დადა, როგორი იყო შენი მუსიკალური გზა? 


– ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც პირველად მოვუსმინე „ბითლზებს“. გამაოცა, გამაოგნა და გადამრია. ეს იყო ალბომი Abbey Road, რომელიც ბიძაჩემმა ჩამომიტანა. მაშინ ინგლისურს კარგად ვერ ვფლობდი, რომ სიმღერის სიტყვები გამეგო. დედაჩემს, რომელიც ინგლისურის სპეციალისტი იყო, ვთხოვე: „დედიკო, ახლა უნდა დაჯდე და ყველაფერი გადამითარგმნო“. მართლაც, გადამითარგმნა, გავიგე მათი შინაარსი. მერე გიტარა ავიღე ხელში, ახლა მე თვითონ უნდა დავუკრა და ვიმღერო ეს ყველაფერი მეთქი. როგორც უკვე ვთქვი, პატარა, ღლაპი ვიყავი და ვიფიქრე, თუ „ბითლზები“ სიმღერებს წერენ, მაშინ მეც დავწერ რამეს, ოღონდ ისეთს, რომელიც მათ დონეს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს მეთქი. ძალიან ამბიციური გადაწყვეტილება იყო. ამის შემდეგ მთელს ოჯახს ვაწუხებდი, დილიდან საღამომდე ვუკრავდი და ვმღეროდი.

Thursday, October 28, 2021

მკვდარი სულების არდადეგები

© ლაშა გაბუნია
© თეო ხატიაშვილი

ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ 1990-იანი წლების მუსიკოს ლევან სვანიძეზე და მის ახლანდელ ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეს ფილმი თუნდაც იმითაა ძვირფასი, რომ ამ ათწლეულის ძალიან ბევრი მუსიკალური მოვლენის თვითმხილველი ვიყავით. ლევანს 1997 წლიდან ვიცნობ, როდესაც ის ჯგუფ „ამორალთან“ (დღეს ამ ჯგუფს „წერილი“ ჰქვია) ერთად ქუთაისში ჩვენს მიერ ორგანიზებულ კონცერტზე – „ნიღბების კლუბის“ პრეზენტაციაზე – ჩამოვიდა. მაშინ ქუთაისის ერთ-ერთ FM რადიოშიც ვმუშაობდი და „ამორალის“ სიმღერა „იცეკვე ჩემთან“ ჩემს მსმენელთა შორის ნამდვილი ჰიტი გახდა. 

კადრი ფილმიდან, ლევან სვანიძე
კადრი ფილმიდან, ლევან სვანიძე
ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ (ეს სახელი მუსიკოსის ადრეულ ჯგუფს ერქვა) ლევანის დღევანდელ რეალობასთან მტკივნეულ შეჯახებებზეა, თუ რა რთულია მუსიკოსისთვის სამსახურის შოვნა, ოჯახის რჩენა და რაც მთავარია, საკუთარი ნიჭის რეალიზება.
 
* * *

„დაწუნებული“ ფოლდერი 

როგორც ფილმის რეჟისორი, კეკო ჭელიძე ყვება, მათ თავიდან ჩაფიქრებული ჰქონდათ, აესახათ პროცესი, რაც თავად ლევან სვანიძის სურვილის რეალიზებას მიჰყვებოდა – შეეკრიბა ძველი ბენდი და ჩაეტარებინა კონცერტი. გადაღებული მასალა ორ ფოლდერად იყო დახარისხებული: ერთში ფილმის მთავარი იდეის ამსახველი ეპიზოდები იყო მოთავსებული და მეორეში – რუტინული ყოველდღიურობის, რომელიც შესაძლოა მონტაჟის დროს გამოდგომოდათ, სახელწოდებით „არ ვარგა“.

ბენდი ვერ შეიკრიბა. ვერც კონცერტი ჩატარდა. ეს სანუკვარი სურვილი ისევე ჩაიშალა, როგორც ფილმის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე სევდიან ეპიზოდში, როდესაც „წერილის“ წევრები ლევანის გარეშე ატარებენ საღამოს; საღამოს, რომელსაც დიდი მღელვარებით ელოდა ლევანი, მაგრამ ვეღარ შეძლო მისვლა. არ ვიცი, იქნებ შეეშინდა კიდეც – შეძლებდა კი ძველებურად დაკვრას?

კადრი ფილმიდან
ამიტომ ჩემთვის სიმბოლურად ჩანს, რომ ფილმი სწორედ იმ დაწუნებული ფოლდერიდან შეიქმნა, რომელიც გვერდზე იყო გადადებული, ისევე როგორც ლევან სვანიძის „დაწუნებული“ ცხოვრება, რომელშიც ბევრ საინტერესოსა და ღირებულს აღმოაჩენ, თუ კარგად ჩაიხედავ.

* * *

ქართულ ხელოვნებაში ხშირად იხსენებენ 1990-იან წლებს, ჩვენი ქვეყნისთვის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს. ბევრი ფილმი გადაიღეს ამ ათწლეულზე, ცოტა – ძალიან კარგი, უმეტესობა – პირქუში და ზოგიერთი კი – იმ წლებივით მძიმე. მძიმე იმ მოსაზრებით, რომ ზოგჯერ ამ ათწლეულზე გადაღებულ ფილმში ეკრანიდან კრიმინალის რომანტიზებაც კი იგრძნობა... თუმცა მე-20 საუკუნის უკანასკნელი ათწლეული არ იყო მხოლოდ ომი, ნარკოტიკები, ძარცვა, ქურდობა, უშუქობა, სიცივე და კიდევ უამრავი სხვა უბედურება. სწორედ ამ ათწლეულში წარმოჩინდა და ჩამოყალიბდა ავთენტური ქართული მუსიკა. იგი ზუსტად ასახავდა იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და მასში დიდი სევდის და პირქუში განწყობების გარდა, საკმაო დოზით იყო სინათლე და იმედი. იმ პერიოდში ამ მუსიკის მიმართ, რომელსაც მაშინ უმეტესად „ალტერნატივას“ ვუწოდებდით, მხოლოდ გარკვეულ წრეებში იყო დაინტერესება და ეს წრეები მრავალრიცხოვნებით არ გამოირჩეოდა. თუკი, დასავლეთში როკენროლის მოძრაობის ერთგვარი სლოგანი იყო Sex, Drugs & Rock ‘N’ Roll („სექსი, ნარკოტიკი და როკენროლი“), 1990-იანების საქართველოს როკენროლში Drugs შეგვიძლია არაყითა და ლუდით ჩავანაცვლოთ.

კადრი ფილმიდან
როგორც ფილმში ჩანს, იმ ათწლეულის ინერციით ისევ ბევრ არაყს სვამს ლევან სვანიძე. მიუხედავად იმისა, რომ მის შეხვედრებში იშვიათია ე.წ. ჭიქის ჭიქაზე მიმჭახუნებელი, იგი სვამს ყველგან – მეგობრებთან, მარტო, სახლში დედასთან ერთადაც კი... ესეც 1990-იანელების დიდი ნაწილის შეუცვლელი თვისებაა. ყველგან დავატარებდით და ზოგი დღესაც დავატარებთ სასმელს, ვეძებდით დალევის მიზეზს და ა.შ. მასობრივი სმა თავისთავად არ გაჩენილა. მას მიზეზი ჰქონდა. დიდი ინდუსტრიული ქვეყნის დაშლის შემდეგ უკვე დამოუკიდებელ ქვეყანაში ასიათასობით ადამიანი უმუშევარი და უფუნქციო დარჩა. ადამიანები ამ პრობლემას ალკოჰოლით იქარვებდნენ. ალტერნატივის სფეროში ვინც იყო, თითქმის ყველა სვამდა. ლევანი ტიპური 90-იანელია.

კადრი ფილმიდან
21-ე საუკუნეში ამ ათწლეულის ალტერნატიული მუსიკის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. 1990-იანებსა და შემდგომ დაბადებულ თაობას დიდი ინტერესი აქვს ამ კულტურული ფენომენის მიმართ. ზოგადად ქართული ე.წ. ალტერნატივა აბსოლუტურად განსხვავდება იმ ალტერნატიული როკის ჟანრისგან, რომელიც მსოფლიოში ზუსტად 1990-იანებში გავრცელდა. ჩვენ ალტერნატივას (ალტერნატიულს) ვეძახდით ყველა იმ შემსრულებლის მუსიკას, რომელიც აშკარა პოპი, ჯაზი, მეტალი არ იყო და არ იჯდა საბჭოთა ფილარმონიულ სტანდარტებში. ასეთები კი ბევრნი იყვნენ – 1980-იან და 1990-იან წლებში შექმნილი მუსიკალური ჯგუფები. ზოგი შედარებით მძიმე მუსიკას უკრავდა, ზოგი – მსუბუქს. თუმცა ეს არ იყო ის ცენზურაგამოვლილი მუსიკა, რომელსაც სსრკ-ის შემადგენლობაში მყოფი ქართველი მსმენელი ათწლეულების განმავლობაში უსმენდა. ეს მუსიკა შეიქმნა ქვეყნის პოლიტიკური თავისუფლების აღდგენის შემდეგ. სწორედ ამიტომ ეწოდა მას ალტერნატივა, რადგან არ იჯდა სსრკ-ის დროს დამკვიდრებულ ჩარჩოებში. 

Thursday, October 7, 2021

ქალი კომპოზიტორები (ჟღერადობების მიღმა დაკარგული სახეები)

I ნაწილი (შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნეს ჩათვლით)

დღემდე გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ქალებს არ შეუძლიათ ხეირიანი მუსიკის შექმნა. ეს თითქოს მხოლოდ მამაკაცის საქმეა. ამ შეხედულების განსამტკიცებლად მავანნი ითხოვენ, გაიხსენოთ რომელიმე ცნობილი, სახელგანთქმული კომპოზიტორი ქალი, თუნდაც შუა საუკუნეებიდან ან უფრო გვიანდელი პერიოდიდან... თუ ამას ვერ ახერხებთ, ნიშნისმოგებით იმეორებენ, რომ ქალების ადგილი მუსიკის შექმნაში არაა. თუმცა მათ ავიწყდებათ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ძველად ქალს მკვეთრად განსაზღვრული მოვალეობები ჰქონდა დადგენილი და მათ შორის არსად იყო ნახსენები მუსიკის, ან თუნდაც წიგნის წერა, ხატვა, ან მეცნიერების მსახურება. მათ ძირითად მოვალეობად მხოლოდ ოჯახის მოვლა – ბავშვების აღზრდა, რეცხვა, სახლის დალაგება, საჭმლის კეთება, საოჯახო მეურნეობა იყო მიჩნეული. სწორედ ამიტომ, მამაკაცებთან შედარებით, ქალები ნაკლებად იყვნენ დაკავებულები ხელოვნებით თუ მეცნიერებით.


თუმცა ადრეულ საუკუნეებში ბევრმა ქალმა მოახერხა საქვეყნოდ გაეჟღერებინა მისი შექმნილი მუსიკა. მათ რამდენიმე წარმომადგენელს ახლა გაგაცნობთ. 

დღემდე მოღწეული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ძველი ცნობილი კომპოზიტორი ქალი არის გერმანელი ჰილდეგარდ ფონ ბინგენი (Hildegard von Bingen), იგივე ჰილდეგარდ ბინგენელი, რომელიც 1098 წელს დაიბადა და 1179 წელს გარდაიცვალა. 


ჰილდეგარდი იყო მონაზონი, ქალთა მონასტრის წინამძღვარი, ამავე დროს, კომპოზიტორი, მწერალი, ფილოსოფოსი, ქრისტიანი მისტიკოსი და წინასწარმეტყველიც კი. მისი მუსიკალური ნაწარმოებები ძირითადად საეკლესიო საგალობლებს წარმოადგენს. იგი ქმნილებებს გოთური ნოტებით წერდა. კომპოზიტორის თხზულებების მიხედვით დღემდე 200-ზე მეტი სხვადასხვა ჩანაწერია გამოცემული. 2012 წელს კომპოზიტორი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და წმინდა ჰილდეგარდ ბინგენელი ჰქვია.


ბაროკოს პერიოდშიც გამოჩნდა რამდენიმე ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორი. ერთ-ერთი მათგანია იტალიელი იზაბელა ლეონარდა (Isabella Leonarda), რომელიც 1620 წელს ქალაქ ნოვარაში გრაფის ოჯახში დაიბადა. 


იგი წმინდა ურსულას ორდენში მოხვდა, სადაც კარგად შეისწავლა მუსიკა. 50 წლის ასაკში ბინგენელის მსგავსად, იგი მონასტრის წინამძღვარი აბატი გახდა და ამავე დროს, ცოტა ხნით მონასტრის კაპელმეისტერიც იყო. ლეონარდა მთელს ქალაქსა და მხარეში მეტად დაფასებული კომპოზიტორი გახდა. მის მუსიკას იტალიის სხვა ქალაქებშიც ასრულებდნენ. მან მემკვიდრეობას დაუტოვა 120 მოტეტი (პოლიფონიური საგალობელი), 18 საეკლესიო კონცერტი, 17 მესა, 12 სონატა და 11 ფსალმუნი. მუსიკოსი 1704 წელს გარდაიცვალა.

Monday, September 13, 2021

432 ჰერცი vs 440 ჰერცი

ლეგენდა სიხშირის კეთილშობილებაზე

ამ საკითხით, ალბათ, არასდროს დავინტერესდებოდი, ბოლო 15 წლის განმავლობაში გლობალურ ქსელში მასზე უამრავი მასალა რომ არ ქვეყნდებოდეს. ამ სტატიების და მოსაზრებების უმეტესობა მტკიცებითი ფორმით აღიარებს 432 ჰერცზე აწყობილი პირველი ოქტავის, „ლა“ ნოტის კეთილშობილებას. მათ თანახმად, არსებობს ე.წ. კეთილი, ანუ 432 ჰერცზე აწყობილი ინსტრუმენტებით შესრულებელი მუსიკა. ეზოთერიისა და შეთქმულების თეორიის მიმდევართა საკმაოდ დიდი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ეს მუსიკა არგებს სულსაც და ხორცსაც. ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრეთა მსგავსად, ამ ლეგენდის მიმდევრებმა ლამის დაიფიცონ, რომ 432 ჰერცი „ღვთიური“ სიხშირეა, ხოლო დღეისათვის სტანდარტული 440 ჰერცი – „ეშმაკის“. მე კი ლეგენდები ძალიან მიყვარს და მოდით, ამ თეორიასაც მივყვები.


რისი სწამთ 432 ჰერცის მომხრეებს?

432 ჰერცის სიხშირე პირველი ოქტავის „ლა“-სთვის ბუნებრივი წყობაა, რომელიც შესაბამისობაში მოდის სამყაროს ჰარმონიასთან. ამიტომ, თუ მუსიკა ამ სიხშირეზეა აგებული, იგი კეთილისმყოფელი ენერგიის მატარებელია. არქაული ეგვიპტური ინსტრუმენტები, რომლებიც დღემდე აღმოუჩენიათ, სწორედ 432 ჰერცზე იყო აწყობილი. ძველ საბერძნეთშიც მუსიკალური ინსტრუმენტების უმეტესობა ამავე სიხშირეზე ჟღერდა. თვით მუსიკის ღმერთი, ორფეოსიც კი ინსტრუმენტებს ამ ტონალობაში უკრავდა. პლანეტის ლეგენდარული კლასიკოსებიც ინსტრუმენტებს სწორედ 432 ჰერციან ლაზე აწყობდნენ. ამ სიხშირეზე აჟღერებული მუსიკა უფრო მშვიდი და ახლობელია. მას მთელი გულით შეიგრძნობ. 432 ჰერცი ის სიხშირეა, რომელიც მათემატიკური სტრუქტურითაც კი შეესაბამება სამყაროს. ბიოლოგიაში დნმ-საც, გულისცემასაც კი იგივე სიხშირე აქვს...


მე-20 საუკუნეში დამკვიდრებული 440 ჰერცზე აწყობილი პირველი ოქტავის „ლა“ კი კოსმოსურ მოძრაობასთან და სამყაროსთან ჰარმონიაში არ მოდის. 1910 წელს ვინმე დიგენმა, რომელიც ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა და გერმანელი მეცნიერის, ჰერმან ჰელმჰოლცის (ფიზიკოსი, ფიზიოლოგი, ექიმი, ფსიქოლოგი, აკუსტიკოსი და ილუმინატი) მოწაფე იყო, ამერიკის მუსიკოსთა ფედერაციის შეკრებაზე ყველა დაარწმუნა, 440 ჰერციანი წყობა უნივერსალურ საორკესტრო მუსიკალურ სტანდარტად შემოეღოთ.