Wednesday, April 10, 2013

„თსუ არტი“ – უნიკალური სეპტეტი

მუსიკის ერთ-ერთი პრეისტორიული ფუნქცია ცეკვაა. ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, რიტუალის განუყოფელი ნაწილია. „თსუ არტის“ კონცერტიც შეიძლება ერთ-ერთ რიტუალად ჩაითვალოს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გამართულ კონცერტზე თითქმის ყველა კომპოზიციის რიტმული ფუძე დისკო გახლდათ. თუმცა ეს მუსიკა არ არის მხოლოდ საცეკვაო, მას მოსმენა სჭირდება. ჯგუფის რეპერტუარში რამდენიმე ქავერია, რომლებზეც ახლა არ შევჩერდები.  „თსუ არტის“ ორიგინალური კომპოზიციები სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზითაა შექმნილი. „ყურშისაცემია“ კრაუტროკის, ფსიქოდელიის, ფანკის ელემენტები. მოკლედ რომ აღვწეროთ, ეს უფრო შედარებით ახალგაზრდა ჟანრი – პოსტროკია, რაშიც სხვა ქართული ჯგუფები, პრაქტიკულად, არ მუშაობენ.

შეიძლება ითქვას, „თსუ არტის“ მუსიკა საქართველოსთვის უნიკალურია. შვიდი ახალგაზრდისგან შემდგარი ბენდი 2011 წელს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა. შარშან იგი პროექტ „ნიჭიერის“ ფინალში მოხვდა. ჯგუფის წევრები არიან: დათუნა დგებუაძე (გიტარა), სანდრო ნარსია (ბასი), ათუკა ედიშერაშვილი (დიჯეი და პროდიუსერი), აჩო ზამბახიძე (კლავიშები), ლაშა ლორთქიფანიძე, ილია ჭუმბურიძე და ირაკლი გოდერძიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები). სეპტეტის მუსიკა მეტად მიმზიდველი, ეგზოტიკური, დასარტყამებით მდიდარი და ენერგიულია. ჯგუფი ყველასგან იმითაც გამოირჩევა, რომ ბიჭები ტრადიციულ საკრავებთან ერთად საკუთარ გამოგონილ ინსტრუმენტებზე უკრავენ.

ჟურნალი „თბილისი Out“ #31, აპრილი, 2013 წელი
 
მოუსმინე:

2 comments:

  1. ვაა, რა მაგრები არიან

    რაღაცით საფრიდუს წააგავს მარა ესენი უფრო ბლომად ინსტრუმენტებზე უკრავენ და უფრო მრავალფეროვანი და პროატნი მუსიკაა, კაია თუ საკაიფოდ ,,გაიქაჩებიან’’ : )

    ReplyDelete
    Replies
    1. „საფრიდუ“ ბიჭების საყვარელი ჯგუფია, ამიტომ ნამდვილად შეიმჩნევა მისი მცირეოდენი გავლენა „თსუ არტის“ მუსიკაზე. :)

      Delete