Friday, February 14, 2020

ზამთრის მუსიკა

ზამთარი ერთადერთი დროა, რომელიც არც ხასხასა სიმწვანეს გვთავაზობს, არც გრძელსა და თბილ დღეებს გვჩუქნის და არც ბუნების ფერებით გვანებივრებს. და მაინც, მისი სიცივით, ყინვით და თოვლით, ბევრ ადამიანს ძალიან უყვარს, რადგან მასაც აქვს ჩვენთვის თავისი უნიკალური საჩუქრები: ჯადოსნური დღესასწაულები, სათხილამურო სეზონი, ციტრუსის სურნელი... ადრე, სანამ ქალაქები ასე გაიზრდებოდა და განვითარდებოდა, ზამთარში სოფლის მცხოვრებნი სხვა სეზონებისგან განსხვავებით, უმეტესად ისვენებდნენ, ბუხრებთან თბებოდნენ, თავიანთი მოწეული ჭირნახულით ტკბებოდნენ, მიირთმევდნენ ღვინოს, ერთობოდნენ, დროს ატარებდნენ – ბევრს ცეკვავდნენ და მღეროდნენ. კომპოზიტორები წერდნენ მრავალფეროვან მუსიკას, რომელიც ამ სეზონით იყო შთაგონებული. ბევრს შეიძლება ჰგონია, რომ ზამთარი მხოლოდ საშობაო და საახალწლო მუსიკით შემოიფარგლება, თუმცა ეს ასე არ არის. 

ჯგუფ Supertramp-ის 1977 წლის ალბომის Even In The Quietest Moments... ყდის გაფორმება
მოდით, ჩვენი მუსიკალური მოგზაურობა ქართული ხალხური, ქართლ-კახური „ზამთარით“ დავიწყოთ – „ზამთარი ვარდსა დააჭკნობს, ფურცელი ჩამოსცვივაო“... გირჩევთ, ამ სიმღერას მოუსმინოთ ჰამლეტ გონაშვილის და ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით. რევაზ ინანიშვილის ერთი მშვენიერი მოთხრობა – „ზამთარი“ გამახსენდა, რომელშიც ზუსტად ეს ხალხური სიმღერაა აღწერილი. 



საერთოდ, რეზო ინანიშვილს ბევრი ლამაზი მოთხრობა აქვს ზამთარზე. ჩვენ ისევ მუსიკას დავუბრუნდეთ. ქართული ქალაქური ფოლკლორის ნამდვილი მარგალიტია თამაზ ჯორბენაძის სიმღერა „ზამთარია სიცივეა“, რომელსაც, ჩემი აზრით, საუკეთესოდ ასრულებს „ცისფერი ტრიო“. მოგვიანებით, სიმღერა საინტერესოდ გადაამღერეს ირაკლი ჩარკვიანმა, ჯგუფ „ფრანის“ და რობი კუხიანიძის დუეტმა და მრავალმა სხვამ. ქართულ მუსიკას ჩვენ ისევ მივუბრუნდებით.


ახლა გადავხედოთ კლასიკურ მუსიკას, რომლის წიაღშიც უამრავი გასაოცარი საზამთრო და საშობაო მუსიკა დაიწერა. პირველ რიგში მახსენდება „სიცივის სიმღერა“ (The Cold Song), რომელიც იმდენმა მუსიკოსმა გადაამღერა, რომ ბევრს შეიძლება დამოუკიდებელი სიმღერა ჰგონია. სინამდვილეში კი ის ინგლისელი კომპოზიტორის, ჰენრი პერსელის (1659 – 1695) ოპერის, „მეფე არტურის“ ნაწილია. ლიბრეტო ჯონ დრაიდენს ეკუთვნის. ბაროკოს სტილის ეს ოპერა მეტად მიმზიდველია იმ მხრივ, რომ მასში ერთად მღერიან ისტორიული და ზებუნებრივი, მითიური პერსონაჟები. ინტერპრეტაციებიდან ყველაზე ცნობილი მე-20 საუკუნის ექსპერიმენტატორი გერმანელი მომღერლის, კლაუს ნომის ვერსიაა. მელოდია მარტოობის, ზამთრის სიმყუდროვის და მისტიკურობის განცდას ბადებს, სიტყვები კი ასეთია: „რომელი ძალა ხარ? ვინ გამაცოცხლა მარადიული თოვლის სარეცლიდან? ვერ ხედავ, როგორი დაუძლურებული ვარ? განა შემიძლია ამ სიცივეს გავუძლო? მოძრაობა და სუნთქვა მიჭირს. გამიშვი, გამიშვი, რომ ისევ გავიყინო, ისევ გავიყინო სამუდამოდ, სასიკვდილოდ“. 2009 წელს ამ სიმღერის უფრო რბილი ვერსია შემოგვთავაზა ინგლისელმა მომღერალმა სტინგმა და იგი შესულია სწორედ ზამთარში მოსასმენ ალბომში, სახელწოდებით „თუკი ერთხელ ზამთრის ღამით...“ (If On A Winter's Night...).


კლასიკურ მუსიკაში არ შეიძლება არ გაგვახსენდეს დიდი იტალიელი კომპოზიტორისა და მევიოლინის, ანტონიო ვივალდის (1678 – 1741) სავიოლინო კონცერტების მთელი ციკლი, რომელიც წელიწადის დროებს ეძღვნება, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, ოდნავ სევდიანი, ალაგ-ალაგ თოვლიანი ქარბუქივით სუსხიანი, მშვიდი და ლამაზი სამნაწილიანი „ზამთარი“, რომელიც მე ვივალდის მიერ დაწერილ სხვა სეზონებს მირჩევნია. ამ ნაწარმოების გადამღერებული ვარიანტებს შორის, ყველაზე მეტად მომწონს ფრანგი ჯაზ-პიანისტის, ჟაკ ლუზიერის და მისი ტრიოს მიერ შესრულებული ვერსია.


წელიწადის დროებზე დაწერილი აქვს შესანიშნავი 12-ნაწილიანი საფორტეპიანო თხზულება გამოჩენილ რუს კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკისაც (1840 – 1893). თითოეულ ნაწილს თითო თვე შეესაბამება. დეკემბერს „შობა“ ჰქვია, იანვარს – „ბუხრის პირას“, ხოლო თებერვალს – „კარნავალი“. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩაიკოვსკის ბალეტი-ზღაპარი „მაკნატუნა“, რომელიც შობა-ახალი წლის დღეებში სპეციალურად ბავშვებისთვის იდგმება ხოლმე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ზამთრის სახელს ატარებს ჩაიკოვსკის პირველი სიმფონიაც, რომელსაც „ზამთრის ზმანებები“ ჰქვია.


ახლა მოდით, თანამედროვე მუსიკაზეც გადავიდეთ. „მკრთალზე უფრო თეთრი“ (Whiter Shade Of Pale) ბრიტანული პროგრესივ-როკ ჯგუფის Procol Harum-ის სადებიუტო სინგლია, რომელიც 1967 წლის 12 მაისს გამოვიდა. სინგლი დიდ ბრიტანეთში ჩარტებს თვეების განმავლობაში ლიდერობდა. მეტიც – იგი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლია მუსიკის ისტორიაში. სიმღერის თანაავტორები გარი ბრუკერი, კიტ რიდი და მეთიუ ფიშერი არიან. სიმღერის შესავალი სამართლიანად მოგვაგონებს ბახის ნაწარმოებებს. კრიტიკოსების აზრით, სიმღერის ასეთი ხანგრძლივი პოპულარობა სწორედ სხვადასხვა ეპოქაში გარდამავალმა მელოდიის ხაზმა და გამოუცნობმა, მისტიკის ხვეულებში დაკარგულმა სიტყვებმა გამოიწვია. ლიბრეტოში ნახსენებია ძველი რომის ქურუმი ქალები, რომლებიც სანაპიროზე გაემგზავრებიან, ალკოჰოლით ან ნარკოტიკით გამოწვეული ბურუსი, სიყვარული, განშორება, მეწისქვილის მონათხრობი ამბები.  უნდა გამოგიტყდეთ – ეს სულაც არაა ზამთრის სიმღერა, უბრალოდ ყოველი მოსმენისას მიჩნდება ზამთრის ასოციაცია. ჩემი რეკომენდაცია ამ სიმღერის ენი ლენოქსისეული ინტერპრეტაციაა.


ამერიკული „დორზის“ „ზამთრის სიყვარული“ (Wintertime Love) პოპულარული სიმღერაა, რომელიც ჯგუფის მესამე, 1968 წელს გამოსულ სტუდიურ ალბომში – „მზეს ველოდები“ (Waiting For The Sun) შევიდა. „ზამთრის სიყვარული“ იმედიანი ვალსია, რომელსაც განსაკუთრებულობას ჯიმ მორისონის ვოკალი და ბასის პარტია ანიჭებს. მეოცე საუკუნეში კოლეჯის სტუდენტებს ჰქონდათ ასეთი ხუმრობა: დეკემბრის ბნელ ღამეებში სჯობს შეყვარებული იყო და გვერდით ვინმე გყავდესო. სავარაუდოდ, ეს გახდა მორისონის შთაგონება. ტექსტში ვკითხულობთ: „ზამთრის ცივი ქარი ქრის. იმედი მაქვს, მალე შეყვარებული ვიქნები. რატომ მომინდა, იქნებ იმიტომ, რომ ქარი ასეთი ცივია? მინდა, გაგათბო და შენი ხელები მეხებოდეს. მოდი, ვიცეკვოთ, წელს ზამთარი ძალიან ცივია. შენ თბილი ხარ, ჩემო ზამთრის სიყვარულო. ზამთრის ქარები სევდიანი და გამყინავია. ისინი ჩრდილოეთის ზღვის ქარიშხლებმა შვა. იქნებ იმიტომ, რომ სიყვარული დაიკარგა? ვცდილობ, თავისუფალი ვიყო“.


ზამთრის თემას გვერდს ისე ვერ ავუვლი, თუ ამერიკული დუეტის, საიმონ და გარფანკელის სიმღერას „ზამთრის ნისლისფერს“ (A Hazy Shade Of Winter) არ გავიხსენებ. კომპოზიცია პირველად 1966 წლის 22 ოქტომბერს გამოვიდა ცალკე სინგლის სახით, შემდეგ კი დუეტის მეოთხე სტუდიურ ალბომში „წიგნის დასადგამი“ (Bookends) შევიდა. სიმღერას უფრო როკჟღერადობა და გამოკვეთილი სტროფი-მისამღერის სტრუქტურა აქვს. ის საიმონის ინგლისში გატარებულ დღეებზე მოგვითხრობს და პესიმიზმით შეპყრობილ პოეტს გვაჩვენებს, ხელში გამოუქვეყნებელი ლექსების ხელნაწერებით, რომელსაც თავდაჯერება აკლია და ჰგონია, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწია. მომწონს, ტექსტში როგორაა აღწერილი შემოდგომიდან ზამთარზე გადასვლა: „ირგვლივ მიმოვიხედე. ფოთლები გაყავისფრებულა, ცა კი ზამთრის ნისლისფრად შეფერილა. მიწაზე ალაგ-ალაგ თოვლი დევს“.


ლეგენდარული ინგლისურ ჯგუფ „როლინგ სთოუნზის“ სიმღერა „ზამთარი“ (Winter) შეტანილია ჯგუფის 1973 წლის ალბომში „თხის თავის წვნიანი“ (Goats Head Soup). ჯგუფი ალბომს მზიან იამაიკაზე იწერდა. კრიტიკოსების თქმით, ისინი ალბათ ისეთი ბედნიერი იყვნენ ჩრდილოეთის ზამთრისგან შორს, რომ საჭიროდ მიიჩნიეს, ალბომზე მუშაობა სწორედ „ზამთრით“ დაეწყოთ, რათა ძველი და ნაცნობი სიცივიდან ახალ სეზონზე უმტკივნეულოდ გადასულიყვნენ. სიმღერის ტექსტი კარგად ახასიათებს ზამთრის სეზონს და მას წარმოადგენს, როგორც თვითნაბად სილამაზეს, იხსენებს დღესასწაულთა სცენებს და გვანდომებს, პალტოში თბილად გავეხვიოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად ვიყოთ.


კიდევ ერთი სიმღერა, რომელსაც ვერ გამოვტოვებ, არის პოლ მაკარტნის 1987 წელს გამოსული სიმღერა „ერთხელ, დიდი ხნის წინ“ (Once Upon A Long Ago), რომლის ნახევრად ანიმაციური ვიდეოკლიპიც საშობაო ხასიათისაა. ოჯახი მიემგზავრება თოვლიან ტყეში მდგარ პატარა ხის სახლში, სადაც ბუხრის და სანთლების შუქზე მღერიან საშობაო სიმღერებს. მათ მოსასმენად ტყის ბინადრებიც იკრიბებიან, რაც ძალიან უხდება ისედაც იდილიურ სურათს... როგორც ცნობილია, პოლს სიმღერა თავდაპირველად ფრედი მერკურისთან დუეტისთვის დაუწერია. სამწუხაროდ, ეს კოლაბორაცია ვერ შედგა. რა თქმა უნდა, თანამედროვე მუსიკაში ძალიან ბევრი საინტერესო ზამთრის სიმღერაა, თუმცა მოდით, აქ შევჩერდეთ.


ჯაზი უნდა ვახსენოთ აუცილებლად. პირველ რიგში, იმიტომ, რომ შინ ნაძვის ხის აწყობა და შემდეგ დაშლა სწორედ ზამთრის ჯაზური კომპოზიციების ფონზე მიმდინარეობს. ისიც უნდა ვთქვა, რომ საშობაო ალბომების ტრადიციაც, სწორედ ჯაზ-მუსიკოსებმა დაამკვიდრეს. ცნობილი მუსიკოსები შობისთვის სპეციალურ ალბომებს იწერდნენ, რომელშიც ასრულებდნენ საკუთარ ან ტრადიციულ საშობაო თუ ზამთრის სიმღერებს. „იუთუბის“ არხზე უამრავ ასეთ ფლეილისტს იპოვნით. ასე მაგალითად, დინ მარტინის „ითოვოს“ (Let It Snow) სადღესასწაულო სეზონის ერთგვარ ჰიმნად იქცა. მისი გადამღერებული ვერსიები ხშირად ისმის ტელეეთერით, რეკლამებში, სავაჭრო ადგილებსა თუ ტრანსპორტში. ეს მხიარული მელოდია სახლის სიმყუდროვეს, თბილად მოკალათებას და რიგ ადამიანურ სიამეებს მოგვაგონებს. თუ სიტყვებს გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ ის სასიყვარულო სიმღერაა, თოვა კი გამოხატვის ხერხადაა გამოყენებული. სიმღერის ტექსტი სემი კანს ეკუთვნის, მუსიკა – ჯულ სტაინს. ის 1945 წელს ჰოლივუდში, კალიფორნიაში ცხელ ამინდში შეიქმნა, როცა სიმღერის ავტორები გრილ ამინდს ნატრობდნენ. ტექსტში არსადაა ნახსენები არც შობა და არც ახალი წელი, მაგრამ, როგორც ვთქვი, ის დიდი ხანია, სადღესასწაულო სეზონის სიმბოლოდაა ქცეული. სიმღერაში ნათქვამია: „გარეთ საშინელი ამინდია. ჩვენ ცეცხლი გვინთია. წასასვლელი არსად ვართ. ჰოდა, ითოვოს! თოვლი  გადაღებას არ აპირებს, ჩვენ კი საკნატუნოდ ბატიბუტი გვაქვს. შუქებს დავუწიოთ, ითოვოს და ითოვოს! აი, დამშვიდობების დროც დადგა. როგორ არ მინდა ქარბუქში გარეთ გასვლა! თუ მაგრად ჩამეხუტები, მთელი გზა მეყოფა. ცეცხლი მიინავლა, ჩვენ კი დამშვიდობება გაგვიგრძელდა. თუ სულ ასე გეყვარები, დაე, ითოვოს და ითოვოს!“.


ჯაზ-მუსიკოსების დამკვიდრებული ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. საშობაო და ზოგადად, ზამთრისადმი მიძღვნილი ალბომებს მუსიკოსები გასაყიდად, როგორც წესი, შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში უშვებენ. შორს რომ არ წავიდე, მინდა მაგალითისთვის წარმოშობით ქართველი ბრიტანელი ვარსკვლავის, ქეთი მელუას ალბომი „ზამთარში“ (In Winter) ვახსენო, რომელიც სწორედ საშობაო ალბომებს განეკუთვნება. ეს ალბომი მუსიკოსმა გორის ქალთა გუნდთან (სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი: თეონა ცირამუა) ერთად ჩაიწერა და 2016 წლის ოქტომბერში გამოსცა. ამ ალბომში ჟღერს, როგორც ქეთის დაწერილი, ისე ტრადიციული საშობაო, ანზორ ერქომაიშვილის და სხვათა სიმღერები. მე მინდა გამოვარჩიო ორი სიმღერა, რომლებიც თავად ქართველმა მუსიკოსმა დაწერა. ესენია „ოცნებები იწვიან“ (Dreams On Fire) და „სრულყოფილი სამყარო“ (Perfect World), რომლის მიხედვითაც შესანიშნავი ანიმაციური ვიდეოა გადაღებული. ეს ალბომი მართლაც სიცივეში, ზამთარში მოსასმენია, რომელიც  ფანტასტიკური ქართული ხმებით გაგვათბობს.


რადგან ქეთი მელუა ვახსენეთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ქართული არახალხური ზამთრის სიმღერები. უპირველესად, იაკობ ბობოხიძის „თოვლი“, რომელსაც ჰამლეტ გონაშვილი მღერის. აგრეთვე, მისივე „ფიფქები“, რომელიც ჟღერს საახალწლო ფილმში „კუჩხი ბედინერი“. მას ირაკლი უჩანეიშვილი და ელენე რაქვიაშვილი მღერიან. ესაა ალბათ ყველაზე პოპულარული ქართული საახალწლო სიმღერა. ინოლა გურგულიას „ფიფქებიც“ არ უნდა დავივიწყოთ, რომელშიც პოეტურადაა მოთხრობილი, როგორ ვენატრებით ვარსკვლავებს და მიწაზე ფიფქებად ცვივიან, მერე კი დნებიან და ისევ ვარსკვლავებად სხდებიან ცაზე.


ჯგუფ Soft Eject-ის სიმღერა „გთხოვ, უბრალოდ განაგრძე“ (Please Just Carry On), არაფრით არ უკავშირდება ახალ წელს ან შობას. სიმღერამ ზამთრის მთავარი დღესასწაულების განწყობა, სავარაუდოდ, მისი ვიდეოდან გამომდინარე შეიძინა, რომელშიც ჩანს თოვლი, ბუხარი, სახლის სითბო და სიმყუდროვე. იგი რეჟისორ ქუცნა ამირეჯიბის გადაღებულია. სიმღერა 1994 წელს ჯგუფის წევრებმა გერმანიაში ჩაწერეს, ხოლო ვიდეო ზუსტად ერთი წლის შემდეგ გადაიღეს. ახალი კლიპი კი ჯგუფის წევრებმა 2019 წლის ივლისში გადაიღეს.


1990-იან წლებში  გამოვლილი ათასგვარი გაჭირვების გამო, ქართულ თანამედროვე მუსიკაში ზამთარი უძრაობას, გაყინულ ურთიერთობების თუ ერთფეროვნების გამომხატველიცაა. რამდენიმე ასეთი სიმღერა მახსენდება, რომელთაგან გამოვარჩევ გია თოიძისა და მის ჯგუფ „წერილის“ (1990-იანებში ამ ჯგუფს „ამორალი“ ერქვა) სიმღერას „ზამთარი 97“, რომლის მუსიკასა თუ ტექსტში კარგად იგრძნობა იმ ათწლეულის განწყობა.



მეორე სიმღერა დადა დადიანისა და მისი „ტაქსის“ სიმღერა „ზამთარია“, რომელზეც უკვე დავწერე „მატარებელში საკითხავისთვის“, როდესაც ჩემი სტატია ქართულ სოციალურ მუსიკას მიეძღვნა. ყოფიერი ტკივილითაა გაჯერებული ჯგუფ „მაგნიტური დღის“ ძალიან კარგი სიმღერა „26-ე ზამთარი“. თანამედროვე სიმღერებს შორის, ერეკლე დეისაძის სამწუთიანი სიმღერა „ზამთარი“ მინდა ვახსენო. „სანამ ზამთარი შეღებავს ქალაქს, ტყვიით დაფარულ მიწას ირეკლავს ცა, ჩვენი ბავშვობა ომიდან გვეძახის, ისევ გიმარცვლავ ტკივილს და შენთან ვარ“ – არც ერეკლეს „ზამთარია“ მხოლოდ პეიზაჟური ან რომანტიკული სიმღერა.


მუსიკოსი ბიბი კვაჭაძე 1980-იანი წლებიდან აქტიურად იყო ჩართული ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში. ისეთებში, როგორებიცაა ჯგუფი „სახლი“, Georgian Dance Empire და სხვა. ბევრს ახსოვს ბიბის და სერგი გვარჯალაძის სიმღერა „გაგივლის“. უკვე 7 წელია, რაც ბიბი ნიუ იორკში ქმნის საკუთარ მუსიკას და სწორედ ერთ-ერთი ასეთი ზამთრის კომპოზიციით მინდა დავასრულო ჩემი სტატია. ამ კომპოზიციას ეწოდება „ჩამეხუტე, სანამ ყველაფერი დასრულდება“ (Hug Me Before It's Over), რომლის მოსმენა და ნახვაც „იუთუბ“ არხზე შეგიძლიათ.


ალბათ დამეთანხმებით, ხელოვნებაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თითოეული ნაწარმოები ავტორის პირად გამოცდილებას ეფუძნება, შემდეგ კი, გამოქვეყნებისას, მსმენელის – საბოლოო ადრესატის ცხოვრების ნაწილად, უაღრესად პირადულ კუთვნილებად იქცევა, რადგან, ამ ნაწარმოების გაცნობისას ხელოვნების მოყვარული საკუთარ ასოციაციებს იჩენს. ამ სტატიის მიზანიც ზამთრის სეზონის რამდენიმე ნიმუშის გახსენება იყო, რომელსაც საკუთარ მოგონებებს და ფიქრებს მიადევნებთ და ამით უფრო ძვირფასს გახდით. ეს პროცესი იმას გავს, მზით განათებულ ოთახში მეგობრებს რომ კრისტალს, ან რაიმე ფერად თვლებს აჩვენებ. ისინი უამრავ ფერად აელვარდება და ოთახში მყოფებს სხვადასხვა რამეს გაახსენებს, ან მომავალში დასაბადებელ მოგონებებს დაედება საფუძვლად. შევეცადე მხიარულ ფერებთან, დღესასწაულის მოლოდინთან და ბედნიერებასთან ერთად განმარტოება, გარინდება, სევდა, სიცივე და უიმედობაც დამენახვებინა. ზამთარი ისეთი დროა, ყველაფერი უხდება.

ჟურნალი „მატარებელში საკითხავი“ #14  ზამთარი, 2020 წელი

2 comments:

  1. უუუუუღრმესი მადლობა ამ , თითქოსდა, ჩვეულებრივი სეზონის ასე შემოქმედებითად წარმოდგენისათვის, მისდამი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშების ასე დალაგება- დახარისხებისათვის და ამოდენა სიამოვნებისათვის ჯერ, თვითონ სტატიამ, შემდეგ მუსიკალურმა ნაწარმოებებმა და , განსაკუთრებით ჩვენმა უკვდავმა ბატონმა ჰამლეტმა და " რუსთავმა" რომ გამოიწვია ჩემში! უუუღრმესი მადლობა!

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა თქვენ! :))

      Delete