Wednesday, May 16, 2001

ბიბი კვაჭაძე – მეგობრობას ერთი აკორდის გულისთვის არ გავწირავ

გასული წლის საახალწლო ტელეშოუში ალბათ ყველას კარგად დაამახსოვრდა ორი სახემოთხუპნული საკვამურების მწმენდავი პერსონაჟის, – ბიბის და სერგის მუსიკალური დუეტი სიმღერით „მე და შენ“. დღეს ჩემი სტუმარია სწორედ მუსიკოსი ბიბი კვაჭაძე. ის რადიოფანებსაც კარგად ახსოვთ, როგორც დიჯეი ბიბი რადიო „აუდიენციიდან“. დღეს იგი სტუდია „მაესტროში“ მუშაობს, თარჯიმანია და სერგი გვარჯალაძესთან ერთად დუეტში საინტერესო მუსიკალურ პროექტს აკეთებს.

* * *

ბიბი კვაჭაძე:
დავიბადე თბილისში 1962 წლის 16 ივლისს. ვარ ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი, მაგრამ მაინც მუსიკოსად მივიჩნევ თავს. თუმცა არ ვმალავ, რომ ნოტები არ მახსოვს. სტუდია „მაესტროში“ სატელევიზიო ქუდების მუსიკის 80% ჩემი დაწერილია.

– ბიბი, როდიდან დაიწყო თქვენი მუსიკით გატაცება. რომელ ჯგუფებში უკრავდით?

– 10 წლის ასაკში კერძო პედაგოგთან გიტარაზე დაკვრას ვსწავლობდი. 11 წლისამ პირველი სიმღერა დავწერე. ჩემი ძირითადი ინსტრუმენტი გიტარაა, სწორედ ამიტომ ბიბი კინგის საპატივცემულოდ შემარქვეს ბიბი. სერგი გვარჯალაძე, რომელიც ჩემთან ერთად სწავლობდა ინსტიტუტში, სულ ბიბის მეძახდა. ბავშვობისას ბევრ ვაჟთა გუნდში ვმღეროდი ან მეორე ხმას, ან ბანს. მე ხალხურ ტრადიციებზე გავიზარდე.

1980-იან წლების დასაწყისში პოპულარული იყო როკი. ცოტა ხნით ვუკრავდი ვალერი კოჩაროვთან „ბლიცში“, მერე ზაზა სახამბერიძესთან და ბიჭიკო ოსიპოვთან ერთად. ჩვენს პლეადაში შედიოდნენ: დადა დადიანი, ქიშო გლუნჩაძე, ძმები ჭილაშვილები და სხვები. ჩვენ როკ-ენ-როლს ვუკრავდით.

– ახლა რას აკეთებთ?

– ჩემს შვილებს – ნინის და სანდროს ვუწერ სიმღერებს. ბევრი მუსიკალური დაკვეთა გამიკეთებია. „კოკა-კოლას“ ერთ-ერთი პირველი რგოლი ჩემს მეუღლესთან და ქ-ნ მანანა თოდაძესთან ერთად გავაკეთე. წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკა დავუწერე „მოქალაქეთა კავშირს“ არა იმიტომ, რომ მხარს ვუჭერდი, უბრალოდ, პროფესიული დაკვეთა იყო. სინამდვილეში, მე არავისტი ვარ. მუსიკალურ ქუდებს კი ვკერავ და ვკერავ (იცინის). მე და სერგიმ კუს ნაბიჯებით ჩავწერეთ სიმღერა „გაგივლის“. უღრმესი მადლობა „სანო რეკორდს“, კერძოდ მერაბ სანოძეს, ავთო ჩიხრაძეს, ნუგზარ ფანცულაიას, რომელიც კარგ მასტერინგს აკეთებს. სიმღერის ჩაწერაში დაგვეხმარა ბ-ნი რეზო „ფაზისიდან“, კახა და დათო ჯგუფ „უნივერსიტეტიდან“, ფლეიტისტი დათო ორჯონიკიძე.

– როდის შეიქმნა თქვენი და სერგის დუეტი?


– 1993 წელს ჩვენ ერთად ვუკრავდით ჯგუფში G.D.E., Georgian Dance Empire – „ქართული ცეკვის იმპერია“. ჩვენთან ერთად ჯგუფში იყვნენ დადა დადიანი და გოგი ჭილაშვილი. მერე დადა და სერგი საზღვარგარეთ წავიდნენ. სერგი ზოგჯერ თბილისში ჩამოდიოდა, ვწერდით სიმღერას და მიდიოდა. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. მომავალში ან დავიშლებით, ან ერთად ვიქნებით, მაგრამ ჩვენს მეგობრობას ვერაფერი დაშლის. ჩემმა მეგობარმა კახა კიკაბიძემ ერთხელ თქვა, რომ ერთი აკორდის გულისთვის მეგობარს ვერ გავწირავო. მაქსიმალურად ვცდილობთ ერთმანეთს დავუთმოთ, რადგან ჩვენი მუსიკალური გემოვნება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ძალიან მომწონს ჯაზი, ბლუზი, განსაკუთრებით ჯაზ-როკი და ფანკი. ადრე „ბითლზების“ პირველი მანიაკი ვიყავი. პულივიზატორით დავდიოდი და კედლებზე „ბითლზებს“ ვაწერდი. ღამით ჩემს ძველ რადიოში ყოველთვის „ამერიკის ხმას“ ვუსმენდი. სწორედ მაშინ გავიგე, რა იყო ფანკი, ჯაზ-როკი. სოულზე კი ბოდიში, მაგრამ გული მერევა. ეს საქართველოსთვის გახდა რაღაც კომფორტი.


– ბიბი, როგორ მოხვდით რადიო „აუდიენციაში“ და მერე რატომ წამოხვედით?

– „აუდიენციამდე“ ვიმუშავე რადიო „96“-ში, მწვანეთა პარტიის რადიო იყო. ჩემმა და სერგის საერთო მეგობარმა, ტელევიზიის თანამშრომელმა, დათო ამაშუკელმა მიმიყვანა იქ. სწორედ დათოს დამსახურებაა დიჯეი ბიბის არსებობა. ამ რადიომ 7-8 თვე იარსება და მერე რატომღაც დაიხურა. როდესაც „აუდიენცია“ გაიხსნა, იქ მამუკა ბერიკამ და გელა იმნაძემ მიმიწვიეს. მერიდებოდა თავის შეთავაზება, მაგრამ სერგიმ დამარწმუნა, რომ უნდა მივსულიყავი და მივედი. მამუკამ მითხრა, ახლა ვაპირებდით შენთან დარეკვასო. სამი წელი ვიმუშავე იქ. მოვაწყვე „კარაოკე შოუ“, სადაც მსმენელი ტელეფონის საშუალებით ცოცხალ ეთერში მღეროდა, ვიწვევდი სტუმრებს. თავიდან დიჯეი ვიყავი, ამით გავითქვი სახელი. მერე სხვადასხვა პროგრამებს ვაკეთებდი. მართლაც ყველაზე მაგარი სადგური იყო, მაგრამ ვიღაცის ცუდმა ენებმა რადიო ფაქტობრივად დაშალა, – ოქრო ხალხი გაათავისუფლეს. ახლა გული მწყდება, რომ „აუდიენციას“ აღარ ჰყავს იმდენი მსმენელი, არადა ფანტასტიკური კოლექტივი იყო. დამიბარეს და მითხრეს, რომ ეს პროგრამა აღარ გვინდაო. ჩემთვის ეს თავში ჩარტყმა იყო. ისევ დიჯეობა შემომთავაზეს, რაზეც უარი ვთქვი, რადგან პრინციპული ადამიანი ვარ. მერე კიდევ ბევრჯერ მთხოვეს დაბრუნდიო, მაგრამ აღარ დავბრუნებულვარ. საკუთარ თავზე არა მაქვს დიდი წარმოდგენა, პირიქით, ნული, მტვერი ვარ, დღეს ვცხოვრობ, ხვალ აღარ ვიქნები, მაგრამ მართლაც ჯიგარი წამყვანები გაუშვეს. რატომ დაგვშალეს, დღემდე ვერ გამიგია.

– ბიბი, თქვენთვის სიმღერებში მუსიკა უფრო მთავარია თუ ტექსტი?

– ჩემი სუბიექტური აზრით, მუსიკაა მთავარი, თუმცა ბობ დილანზე პლანეტის მთელი თაობები გაიზარდა. მას უფრო უკეთესი ტექსტები ჰქონდა, ვიდრე მუსიკა. ტომ უეიტსს უფრო ღრმა მუსიკა აქვს, ვიდრე ბობ დილანს, მაგრამ ტექსტი მისთვისაც მთავარია. მიუხედავად ამისა, ჩემთვის უპირატესია ჰარმონია, მელოდია, როდესაც შეგიძლია რაიმე წაიმღერო, თუმცა „პირველად იყო სიტყვა“. საორჭოფო საკითხია, მართლაც კარგი შეკითხვაა, დიდი მადლობა.

– შეგიძლიათ თქვათ, რომ პურს თქვენი მუსიკით ჭამთ?

– არავითარ შემთხვევაში. თარჯიმნად რომ არ ვმუშაობდე, პური კი არა, პურის ნატეხი შეიძლება არ მქონდეს.


– ბიბი, თქვენი აზრით, ქართული მუსიკა თუ განიცდის პროგრესს?

– უდავოდ, ოღონდ პროგრესთან ერთად რეგრესსაც განიცდის პრინციპით, ორი ნაბიჯი წინ, ერთი – უკან. „ოქტაგონმა“ დაგვანახა, ვინ როგორი მომღერალია. ამასწინათ იქ ვიღაც ბიჭები გამოვიდნენ, რომლებიც თითქოს რეპავდნენ, სოულობდნენ, სინამდვილეში მათი სიმღერა არც რეპი იყო, არც – სოული. მიმაჩნია, რომ კაბუ საუკეთესო რეპერია საქართველოში. ქულიოს თბილისის კონცერტისას წინა რიგში ვიდექი სცენასთან. ქულიოს ნალაპარაკევს ბიჭებს ვუთარგმნიდი. ქულიომ შენიშნა ჩემი საქციელი, სცენაზე მიმიწვია და მთხოვა, რეპის კონკურსის ჩატარებაში დავხმარებოდი. მან მაყურებელს მიმართა: „ვისაც ტრ**ი აქვს, ამოვიდეს და რეპი გააკეთოს, ვისაც არა – გააჯ***ო“. უკაცრავად, მაგრამ ასე თქვა. თავიდან მომერიდა, მაგრამ მერე მაინც ვთარგმნე. დარბაზში ისეთი ამბავი ატყდა, ცოტა არ იყოს, შემრცხვა. კაბუმ საპაექროდ ვიღაც გიორგი და კიდევ ერთი ბიჭი აიყვანა სცენაზე. იმ ბიჭმა მალე წააგო, სცენაზე კაბუ და გიორგი დარჩნენ. კაბუმ ძალიან პროფესიულად გაარეპა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გიორგის დარბაზში მეტი მეგობარი ჰყავდა და ქულიომ ხალხის რეაქციების შედეგად გიორგის გაამარჯვებინა. მე მუსიკოსი ვარ, სმენა მაქვს და გული დამწყდა, რომ თავად ქულიომ ვერ შეძლო კაბუს რეალური შეფასება. ჯობს ყველამ საკუთარი საქმე აკეთოს. მე რეპი რომ დავწერო, კაბუს, ჩემს კოლეგას ვთხოვ გარეპოს, რადგან ის პროფესიონალია.


დღეს პატარა წიწილა ბიჭები გამოდიან სცენაზე. მათ დამწყებებიც არ ჰქვიათ. სმენა არა აქვთ და მღერიან ტრ***ში. ბოდიში, მაგრამ არ მრცხვენია ამის თქმა. არა აქვთ რიტმის გრძნობა და საერთოდ, ნამუსი, თანაც ფონოგრამასაც ვიღაც უკეთებს. მიუხედავად ამისა, მე მაინც მივესალმები ასეთ შემთხვევებს, რადგან ამ ბიჭებს საკუთარ უბანში ვიღაც დაუსტვენს და ეტყვის, ნამუსი არა გაქვთო. ეს მართალია რეგრესია, მაგრამ, ამავე დროს, პროგრესიც, რადგან ხდება ცუდების ერთგვარი ცოცხით გამოგვა.

– რომელი ქართველი მუსიკოსი მოგწონთ?

– საერთოდ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ადამიანია ესა თუ ის მუსიკოსი. აქედან გამომდინარე, ძალიან მიყვარს რომა რცხილაძე, გია მაჭარაშვილი, აჩიკო მეფარიძე, მერაბ სეფაშვილი, რუსა მორჩილაძე და სხვები. გულახდილად რომ გითხრათ, ჩვენი ესტრადა მაინცდამაინც გულზე არ მეხატება. ეკა მამალაძემ ერთხელ კარგად თქვა, რომ პოპულარობა კარგია, მაგრამ თავში არ უნდა აგივარდეს და არ უნდა გაგიჟდეო. ბევრს აუვარდა თავში. თანაც ისეთებსაც, მხოლოდ ერთი აკორდი რომ აქვთ სცენაზე აღებული. სიმღერა რომ რადიოში დატრიალდება, ცხვირს მაღლა წევენ. სწორედ ეს არის პატარა კაცობა, რადგან ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია. აქ არაფერი დარჩება სიყვარულის გარდა, რაც ყველაზე მთავარია. შესაძლოა ადამიანმა ერთი აკორდით ყველაფერი გამოხატოს, მაგრამ შესაძლებელია, სიმფონია დაწეროს, რომელიც ცარიელი, უგულო იქნება.

– ბიბი, რას ფიქრობთ საკუთარ თავზე, როგორი ადამიანი ხართ, თუნდაც სარკეში?

– სიყვარულის ბუშტი ვარ. არ ვიცი, სხვას ჰკითხეთ. ისე, სასაცილო ადამიანიც ვარ. ცოტა გულუბრყვილო. ადვილად შეიძლება ჩემი მოტყუება, რაც ბევრმა ცუდად გამოიყენა. საკმაოდ მიმნდობი ვარ, მინდა, რომ დავუჯერო ადამიანს. თუ მოვინდომე, კაი შებერტყილიც ვარ, მაგრამ თავიდან ვინმეზე ცუდად არასოდეს ვფიქრობ.

– თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში ვინ მოგწონთ?

– ძალიან მიყვარს გურამ დოჩანაშვილი. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ როგორც კარგი მხატვარი, ძალიან მომწონს ჩემი ძმა, ლადო კვაჭაძე. მას ბევრი გამოფენა ჰქონდა. მისი ნახატების ჩვენება ჰოლანდიაში მოვაწყვე იქ ყოფნისას. ახლახან ავსტრიაში მისი 21 ნახატი გაიყიდა. ის თეატრალური მხატვარია და თავის საქმეში მხეცია. ბევრი ხელოვანი მომწონს და ყველას აღარ ჩამოვთვლი.

– რას გვეტყვით ოჯახზე?

– ჩემი მეუღლე ეკა ჩემი პროფესიისაა, ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით. პირველ რიგში ის ჩემი ძმაკაცია. მისი ზედმეტსახელია ჯიჯი, რადგან გვარად ჯიჯეიშვილია. სხვათა შორის, მისი მშობლებიც პროფესიონალი მომღერლები იყვნენ. მყავს ფანტასტიკური შვილები – 14 წლის ნინიკო და 11 წლის სანდრო.


– ბიბი, რა არის თქვენთვის სამშობლო?

– სადაც ვცხოვრობ, ისაა ჩემი სამშობლო. ვერც ერთ ქვეყანაში ვერ დავრჩი, ისევ აქ დავბრუნდი. ორი წელი ჰოლანდიაში ვცხოვრობდი და მოვკვდი, დავიტანჯე, ვერ გავძელი. შესაძლოა, მეუღლე და ბავშვები იქ რომ ჩემთან ერთად ყოფილიყვნენ, ასე არ გამჭირვებოდა, მაგრამ ჰოლანდიაში ყოფნის მესამე და მეოთხე თვის თავზე უკვე ქართული ლაპარაკი მეჩვენებოდა, ისე მენატრებოდა.

– რა არის ბედნიერება?

– როცა ადამიანმა იცის, რა არის ღვთის სიყვარული. 15 წლის წინ ამ კითხვას სხვანაირად ვუპასუხებდი. ახლა ცხოვრება მიადვილდება, რადგან ყველას სიყვარულით ვუყურებ. თუ ქუჩაში ვინმე ნაძირალას სიყვარულით შეხედავ, გარწმუნებთ, რომ ისიც სიყვარულით შემოგხედავს. ბედნიერებაა უფლის სიყვარული, დანარჩენი ყველაფერი დროებითია. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მაგრამ ყველა კათოლიკე, პროტესტანტი, სხვებიც ძალიან მიყვარს და რელიგიური პოლიტიკა ჩემგან შორსაა.

– ბიბი, რას უსურვებთ ჩვენს ჟურნალს?

– ჩემს ჟურნალს (არ ვამბობ „თქვენს ჟურნალს“, რადგან ძალიან მიყვარს) მთლიანად გაფერადებას, მატერიალურ მომაგრებას ვუსურვებ. ფანტასტიკური ჟურნალია და ყველანი ძალიან მიყვარხართ. 

გამოქვეყნდა 2001 წლის 16 მაისს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“


No comments:

Post a Comment