Tuesday, April 2, 2002

„თეატრი მიკროფონთან“ – სპექტაკლები რადიოში

ქართული რადიოთეატრი მუშაობას აგრძელებს

ხმა გავრცელდა, თითქოს საქართველოს „მთავარ რადიოში“ რადიოსპექტაკლების დადგმა შეწყდა და მეტიც – რადიოთეატრი საერთოდ დაიხურა. ამ საკითხით დავინტერესდით და „მთავარი რადიოს“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრ-სტუდიის ხელმძღვანელს, ზურაბ კანდელაკს მივმართეთ. მისი თქმით, რადიოსპექტაკლები რადიოს გახსნიდან დღემდე წარმატებით იდგმება. ადრე, სანამ მაგნიტოფონი გაჩნდებოდა, მსახიობები ცოცხალ ეთერში თამაშობდნენ და გადაცემა „თეატრი მიკროფონთან“ ერქვა. 50-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ მას შემდეგ, რაც რადიოში მაგნიტოფონები დაიდგა, რადიოსპექტაკლების ჩაწერა დაიწყო და ფონდში უამრავი ძველი დადგმაა დაცული, პირველი 1951 წლით თარიღდება.

ამ უნიკალურ ფონდში ყველა იმ მსახიობის ხმა ინახება, რომელიც სხვადასხვა დროს ქართულ სცენაზე მოღვაწეობდა: ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე, გიორგი შავგულიძე, იაკობ ტრიპოლსკი, უშანგი ჩხეიძე და სხვები. შემდეგ სტუდიას ეროსი მანჯგალაძის სახელი მიენიჭა. ეროსი სწორედ რადიოში გამოჩნდა, ის დიქტორი იყო და მერე გახდა ფეხბურთის კომენტატორი. დღეს რადიოში წელიწადში 20-25 ახალი სპექტაკლი იდგმება. კვირაში 4 დღე რადიოდადგმებს ეთმობა, რა თქმა უნდა, ძველებიც მეორდება.

ზურაბ კანდელაკი: „მსახიობებს ყოველთვის ვიწვევთ, რადგან ჩვენთვის მსახიობის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი მოწვევისთანავე ზურაბ ყიფშიძემ ძალიან საინტერესო პერსონაჟი შექმნა. ჩვენ გვყავს, როგორც შტატში მყოფი რეჟისორები, აგრეთვე, მოწვეულებიც. აქ სპექტაკლები დაუდგამთ: მიშა თუმანიშვილს, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძეს, არჩილ ჩხარტიშვილს, აკაკი ვასაძეს და სხვებს. ჩვენ გვსურს, დავაინტერესოთ ახალგაზრდებიც“.

რადიოთეატრმა წლების განმავლობაში პოპულარობა შეინარჩუნა როგორც ჩვენთან, ასევე, საზღვარგარეთ. სატელევიზიო თეატრში, რომელსაც ვიდეოფილმი ჩაენაცვლა, გამომსახველობითი ფორმები შეიცვალა, ხოლო რადიოში ხმა დარჩა. რადიოთეატრის სამი ძირითადი კომპონენტია: სიტყვა, მუსიკა და ხმაური. გერმანიაში ყოველ „მიწას“ საკუთარი რადიო აქვს.

ზურაბ კანდელაკი დაუკავშირდა ვესტფალის მხარის რადიო „ვედეერთან“. იქ წელიწადში დაახლოებით 80 ახალ სპექტაკს დგამენ, რადიოთეატრი ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული. მთელ გერმანიაში კი ყოველწლიურად ათასამდე ახალი სპექტაკლი იდგმება. გერმანელები 6 თვით ადრე ადგენენ რადიოეთერში გასასვლელი სპექტაკლების პროგრამას და ეს შემდეგ ჟურნალის სახით გამოდის. რაც მთავარია, საზღვარგარეთ ბევრი საერთაშორისო ფესტივალი ტარდება (კინოფესტივალების მსგავსად).

ზურაბ კანდელაკი: „1994 წელს ჩვენმა დადგმამ გრან-პრი დაიმსახურა რუსეთში ჩატარებულ I საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ძალიან წარმომადგენლობითი იყო. სპექტაკლს „რეპეტიცია“ ერქვა, რომელიც ჩემი პიესის მიხედვით დაიდგა, რეჟისორიც თავად გახლდით. ამის შემდეგ აღნიშნული სპექტაკლი ოთხ ქვეყანაში დადგეს. მაშინ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა უმძიმესი იყო, ეს გერმანელებმა იცოდნენ და საუკეთესო რადიოპიესის გამოსავლენად ერთობლივი კონკურსის ჩატარება შემოგვთავაზეს. მას თარგმნის თანხებიც დაფარეს. თამაზ ჭილაძის პიესამ გაიმარჯვა, საპრიზო ფონდი 3000 დოლარს შეადგენდა. გერმანიაში ეს პიესაც დაიდგა. ჩვენ თუ საშუალება გვაქვს, ყველა ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას. იყო შემთხვევა, როდესაც ქართული რადიოპიესა ევროპის საუკეთესოთა შორის მოხვდა. საკავშირო კონკურსებშიც მრავალჯერ აგვიღია მთავარი პრიზები. უცხოეთში ქართველი ავტორებით დაინტერესდნენ, თუნდაც ჩემი პიესები ახლაც ექვს ქვეყანაში იდგმება.

ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების რედაქციას ტელე-რადიომაუწყებლობის ბიუჯეტიდან თვეში 500 ლარი აქვს გამოყოფილი, რომელშიც დრამატურგების, რეჟისორებისა და მსახიობების ანაზღაურებაც. ამიტომ აქ ვერავინ გამდიდრდება. პლიუს, დღეს ის პროცენტული ანაზღაურება აღარ არის, როგორიც ადრე იყო.

„მინდა, მეტი გადავუხადოთ თუნდაც დრამატურგებს, მაგრამ... თუმცა დანაშაული იქნება გავჩერდეთ იმის გამო, რომ საკმარისი თანხები არა გვაქვს. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მსახიობი, ვინც აქ მოდის, ამ საქმეზე შეყვარებულია და დიდი ენთუზიასტიცაა. თანაც მისი შექმნილი სახე ჩანაწერებში ყოველთვის იცოცხლებს. ახალგაზრდა დრამატურგებთანაც ვთანამშრომლობთ. მაგალითად, სულ ახლახან ჩვენ სრულიად უცნობი ავტორის, ნაირა ზაველურის ორი ახალი სპექტაკლი დავდგით. ასევე ჩვენთან გაკეთდა ირაკლი სოლომონიშვილის, ბასა ჯანიკაშვილის და სხვების პიესები, აგრეთვე, აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“. თანამედროვე მწერლებიდან დავდგით: ირაკლი ჯავახაძის, კოტე ჯანდიერის, გურამ დოჩანაშვილის, თამაზ სირაძის, ოთარ ჭილაძის და სხვების ნაწარმოებები. საინტერესო პიესები დაწერეს ახალგაზრდა ლიტერატურათმცოდნეებმა – მაია ჯალიაშვილმა და ინგა მილორავამ“ – ამბობს ზურაბ კანდელაკი.

ახალგაზრდა დრამატურგმა, ბასა ჯანიკაშვილმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი პიესის მიხედვით სპექტაკლი რადიოში 1999 წელს რეჟისორმა ხათუნა ბედელაძემ დადგა.

























ბასა ჯანიკაშვილი:
„ამის შემდეგ ერთი-ორჯერ კიდევ მივიტანე ჩემი რადიოპიესები, მაგრამ აღარ დაუდგამთ. მართალია, მცირე თანხა ავიღე, მაგრამ პიესა იქ ფულისთვის არ მიმიტანია. ეს არის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) დაწესებულება საქართველოში, სადაც ქართველ დრამატურგებს მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე უცხოელებს, რაც ძალიან დიდი სტიმულია. რადიოსპექტაკლებისთვის მომავალშიც ვაპირებ პიესების მიტანას. სამწუხაროდ, რადიოთეატრს ნაკლები ყურადღება ექცევა და ვფიქრობ, მაუწყებლობის მხრიდან ცუდი დაფინანსება აქვს“.

1 აპრილიდან „რადიო 2“-ის ეთერში ნუგზარ შატაიძის რადიოსერიალი „ჯადოსნური დუქანი“ გავა. ეს დადგმა ოცსერიიანია და მას ნუგზარ შატაიძის გარდა კიდევ სამი სცენარისტი ჰყავს: თამაზ ხმალაძე, ზურა ჭუბაბრია და ზურაბ კანდელაკი. მასში ჟღერს ფრაგმენტები რადიოს ოქროს ჩანაწერებიდან, თუმცა თითოეულ სერიას საკუთარი სიუჟეტი აქვს. მთავარ როლებს ასრულებენ გივი ბერიკაშვილი და გოგა გორგასანიძე. აღნიშნული სერიალი „რადიო 2“-ის ეთერში ყოველ დღე, ოთხის ნახევარზე დაიწყება შაბათ-კვირის გარდა. საერთოდ კი, რადიოთეატრის დადგმები „მთავარი რადიოს“ ეთერში გადის სამშაბათს (15:10), ოთხშაბათს (16:15), შაბათსა (20:00) და კვირას (01:00). ხშირად რადიოსპექტაკლებს ეთერში გასვლაში ხელს პარლამენტის სხდომები უშლის.

„მალე შედგება ფრანგი ებრაელი დრამატურგის დავით მაიროვიცის პიესის, „ძველი ფირფიტების“ პრემიერა. აღნიშნული პიესა უკვე ხუთ ქვეყანაშია დადგმული.ბოლოს მისი ინსცენირება „მობი დიკი“ BBC-ში დაიდგა. შესაძლოა ეს დრამატურგი ჩვენთანაც ჩამოვიდეს. დავით მიროვიცმა რადიოდადგმის ჩანაწერი გამომიგზავნა, რომელიც კასეტებზე გამოიცა. მას დიდი სურვილი ჰქონდა, მისი სპექტაკლი საქართველოშიც გაკეთებულიყო“ – გაგვიმხილა ზურაბ კანდელაკმა.

ახლახანს რადიოპიესების კრებული ორ წიგნად გამოვიდა, რომელიც „ალექსანდრე ორბელიანის“ საზოგადოებამ გამოსცა. სპექტაკლის პრემიერის შემდეგ თეატრ-სტუდიაში დადგმის განხილვა ხდება. განხილვები „ჩვენს მწერლობაში“ იბეჭდება.

1 comment: