Saturday, January 13, 2001

ქუთაისის რადიო „ძველი ქალაქი“

„არ შეიძლება საქართველოს მუსიკალური გემოვნება მხოლოდ თბილისური რადიოების ხარჯზე შეფასდეს“

2000 წლის 2 დეკემბერს, 14 საათსა და 37 წუთზე დასავლეთ საქართველოში პირველი FM რადიოსადგური 5 წლის გახდა. დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმარია ქუთაისის დამოუკიდებელი რადიოსადგური „ძველი ქალაქი“, რომელიც იმერეთის რეგიონში FM 107.9 Mghz სიხშირის ტალღაზე მაუწყებლობს. რადიო დააფუძნეს ტელეგადაცემა „კედელის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა. ეს პროგრამა 1992-94 წლებში გადიოდა საქართველოს ტელევიზიის მეორე არხზე. გადაცემა აშუქებდა მსოფლიო როკის იატაკქვეშა მიმდინარეობებს და, რა თქმა უნდა, ქართული ანდერგრაუნდის წიაღსაც. ინტერვიუ „ძველი ქალაქის“ ერთ-ერთ დამაარსებელთან, კობა ჟორჟოლიანთან ჩავწერე ქუთაისში, ე.წ. „პრესის სახლის“ მე-4 სართულზე, სადაც მდებარეობს აღნიშნული რადიოს ოფისი.

* * *

– ქუთაისს დედაქალაქში მაინც პროვინციად მიიჩნევენ. საინტერესოა, პროვინციაში რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს FM რადიოს? 

– მე ვიტყოდი, რომ FM რადიოს გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით რაღაც მნიშვნელობა არ უნდა შეეცვალოს. ის თავისი სტრუქტურით ძირითადად მაინც გასართობი მუსიკალური არხია. აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია ნებისმიერი რადიოსადგური, რომელიც პროვინციაში დაფუძნდა, გახდეს ნაციონალური რადიოსადგური. თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, დღევანდელ პირობებს თუ გავითვალისწინებთ. ამას სერიოზული ფინანსური საფუძველი უნდა გააჩნდეს, საქართველოში კი ვიცით, რა პოლიტიკური მდგომარეობაცაა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პროვინციაში, ანუ დედაქალაქს მოშორებულ რეგიონებში FM რადიოსადგურები მოსახლეობას მაინც უნარჩუნებს იმის შეგრძნებას, რომ ცივილიზებულ სამყაროს არ მოწყდეს, თუნდაც მსმენელს მიაწოდო ის ჰიტი, რომელიც პოპულარულია, ვთქვათ, ჰოლანდიაში...

არის მეორე, საინფორმაციო მხარე, სადაც უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რადიოს. რეგიონში საინფორმაციო სამსახურს პრიორიტეტული ადგილი უნდა ეჭიროს, რადგან ადგილობრივი მმართველები ხშირად ბევრს თავნებობენ ხოლმე. საინფორმაციო სამსახურის კარგად ამუშავებას სერიოზული ფინანსები სჭირდება, რომელიც რეგიონში რთული მოსაპოვებელია. აი, ეს ორი მხარე არსებობს, ანუ გასართობი – მუსიკალური, რომელიც შესაძლოა ისეთ დონეზე იყოს, როგორც ცენტრში და საინფორმაციო უზრუნველყოფა, რომელიც რეგიონში, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის განხორციელება აქ უფრო რთულია, ვიდრე თბილისში. რადგან თბილისში, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება სპონსორის მოძიება, რეკლამების მოზიდვა და საერთოდ, დაფინანსება.

– კობა, „ძველი ქალაქი“ უფრო გასართობი არხია თუ საინფორმაციო? 


– ალბათ, უფრო გასართობი, თუმცა რადიოს აქვს მკვეთრად გამოხატული საკუთარი საინფორმაციო პოლიტიკა ორი მიმართულებით. ერთია, საინფორმაციო სამსახურის გამართულად ამუშავება და სააგენტოებთან თანამშრომლობა. მეორეა, საკუთარი საკორესპონდენტო ქსელის ამუშავება, რომელიც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მოგეხსენება, ადგილზე ინფორმაციის მოპოვება უფრო რთულია, ვიდრე ცენტრიდან მისი მიღება. შევეცდებით განვავითაროთ ადგილობრივი ქსელი.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ე.წ. „ენჯეოებთან“, მესამე სექტორთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ახლო ურთიერთობას. საუბარია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც, ბრტყელი სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოებაში დემოკრატიული იდეების პროპაგანდას ეწევიან და ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ადრეც გვქონდა მათთან ურთიერთობა. ახლაც ერთობლივ პროექტს ვიწყებთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის იმერეთის ორგანიზაციასთან ერთად. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა კორუფციაა და მხარს ვუჭერთ ამ ორგანიზაციას, რომელიც ძირითადად მაინც მონიტორინგის სისტემით იმუშავებს. პროექტი დაფინანსებულია და ეთერში გავა კორუფციასთან ბრძოლის შესახებ მომზადებული გადაცემები და, აგრეთვე, სოციალური რეკლამის სახით, მომზადდება პატარა ჯინგლები, რომლებიც ადამიანებს დაანახებს, თუ როგორი ფორმით ვებრძოლოთ კორუფციას მაშინ, როდესაც არ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ მის წინააღმდეგ.

– ქუთაისში და თბილისში „ძველ ქალაქს“ აქვს სერიოზული და მძლავრი რადიოს იმიჯი. რა შეგიძლია ურჩიო სხვა რეგიონების რადიოებს, როგორ შეიძლება თავი შეინარჩუნოს პროვინციის რადიომ, როდესაც ირგვლივ ეკონომიკა, როგორც ამბობენ, გაპარტახების პირასაა მისული? 

– დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. ჩვენს რადიოს მართლაც აქვს რაღაც განსაკუთრებული იმიჯის მაგვარი. ეს ალბათ იმიტომ, რომ პირველი დამოუკიდებელი FM რადიოსადგურია დასავლეთ საქართველოში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა ჩვენს რეგიონში არსებული სხვა რადიოსადგურები არაფრით არიან ჩვენზე ნაკლები, მაგრამ ჩვენ მეტი გამოცდილება გვაქვს. ამ იმიჯზე მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში ვზრუნავდით. ვახორციელებდით იმ იდეებს, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა. როდესაც ჩვენი რადიო პირველად გავიდა ეთერში, ბევრმა არ იცოდა, რომ არსებობდა ძალიან ბევრი მუსიკალური მიმდინარეობა, ამიტომ ვცდილობდით, რეგიონის ნაკლებად ინფორმირებულობის გათვალისწინებით, გადაგვეცა ყველანაირი მუსიკა. მიგვაჩნია, რომ მსმენელს ყველანაირი მიმართულება უნდა მიაწოდო. ვეჭვობთ, რომ ჩვენს რეგიონში მსმენელს ჩამოყალიბებული გემოვნება აქვს. ზოგი ხან „ნირვანას“ უსმენს, ხან – აჩიკო მეფარიძეს. როდესაც ჩვენ მივცემთ არჩევანის საშუალებას, ჩავთვლით, რომ შეგვიძლია უკვე კონკრეტულ რომელიმე მიმართულებაზე გადავინაცვლოთ, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე.


ჩვენს რადიოს მკვეთრად გამოკვეთილი კოლეგიალური დამოკიდებულება აქვს სხვა სადგურებთან. მით უმეტეს, რომ ქუთაისში ჩვენ გარდა, მხოლოდ ერთი რადიოსადგურია და ჩვენ ერთმანეთის ახლო მეგობრები ვართ. ხშირად რაღაც საქმეებში ერთმანეთს დავხმარებივართ. რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რეგიონების რადიოსადგურებს ვურჩევ, შეინარჩუნონ დროში გაწელილი ენთუზიაზმი და რაც შეიძლება მეტი შემოქმედებითი ადამიანი შეკრიბონ კოლექტივში.

სამწუხაროდ, რეგიონში, ამ ეტაპზე FM რადიოს მხოლოდ შენარჩუნებაზე უნდა იზრუნო. განვითარების პერიოდი ჯერ არ დამდგარა. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ შენარჩუნებისათვის. ეს საშინელი პირობები კი პირდაპირ ასახვას ჰპოვებს ელექტრონულ მედიაზე, კერძოდ FM რადიოზე, რადგან მან თავი ძირითადად რეკლამით უნდა ირჩინოს და ზოგიერთი სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებივით, თავი არ უნდა გაიყიდოს რაღაც-რაღაცებზე...

– მიცვალებულების გამოცხადებას ხომ არ გულისხმობ? 

– ძალიან ცუდია, როდესაც ბიზნესი ჭირისუფლის უბედურებაზე კეთდება. ეს ცოტა მორალისტური თემაა და მასზე ყურადღებას არ გავამახვილებ, რადგან შესაძლოა, ვინმეს ძალიან ვაწყენინო. მასობრივი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელი ან მისი შეფი არ უნდა დაემსგავსოს მეკუბოვეს. ესაა მთავარი.

ჩვენ პირველ რიგში გადავწყვიტეთ, რომ რადიოსადგური თავისი ტექნიკური აღჭურვილობით გამხდარიყო სტანდარტული. შემდეგი ეტაპია შემოქმედებითი პროცესის კიდევ უფრო გაღვივება, რათა პროდუქცია კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. სწორედ ამიტომ ჩვენი დიჯეები ზოგჯერ ხელფასებს ვერ იღებდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე მოვახერხეთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო აპარატურა გვაქვს საქართველოში. ახლა ვცდილობთ, უფრო საინტერესო პროგრამები გავაკეთოთ. იმავეს ვურჩევდი სხვა რადიოსადგურებსაც.


– რას წარმოადგენს თქვენი რადიოს დიჯეის საშუალო ხელფასი? 

– საშუალო ხელფასი გამომდინარეობს შესრულებული სამუშაოს მიხედვით. საინფორმაციოსა და მუსიკალურ წამყვანებს სხვადასხვა ჰონორარები აქვთ. გააჩნია, რამდენს იმუშავებ. კარგი მუშაობის პირობებში სადღაც 50-60 ლარს მიიღებს ახალგაზრდა კაცი ან გოგო (იცინის).

– კობა, ხშირად ხდება რადიოში შემოქმედებითი ძალების გადინება და შემოდინება? 

– ეს პროცესი გაცილებით უფრო მდორედ მიმდინარეობს, ვიდრე სასურველია. მოხარული ვიქნებოდი, რომ გადინება-შემოდინება უფრო აქტიური იყოს. თბილისში, მაგ მხრივ, კარგი სიტუაციაა, რადგან ძალიან ბევრი რადიოსადგურია და ინტელექტის, ტვინების გაცვლა-გამოცვლა ხდება. ეს პროფესიონალიზმის გზაზე წინსვლაა. ქუთაისში ჯერჯერობით ორი რადიოსადგურია და ეს საქმე ნაკლებად მოძრაობს. დიჯეების არც სკოლა და არც აკადემია არსებობს. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი „ტუსოვკა“ (თემურ ჯოხაძე – ლ.გ.) დაგვცინოდა, რომ რადიო „ძველი ქალაქი“ დიჯეების სამჭედლოაო. იმ პერიოდში ქალაქში მხოლოდ ჩვენ ვარსებობდით და ასეთი პროფესიის ადამიანები ფაქტობრივად აქ ყალიბდებოდნენ. ადრე თბილისში ამბობდნენ ხოლმე, რომ აი, ესა და ეს წამყვანი ერთი რადიოდან მეორეში გადავიდა, ეს ღალატიაო და ა.შ. მე კი ეს რაღაც ტრაგედიად და სერიოზულ პრობლემად არ მიმაჩნია. პირიქით, ძალიან კარგია. ადამიანი პროფესიონალად იგრძნობს თავს, როდესაც მას სხვა რადიოსადგური გაუკეთებს შეთავაზებას. მე თუკი ამის შესაძლებლობა მექნება, შევეცდები მას დასარჩენად უკეთესი პირობები შევთავაზო. თუ არადა, კეთილად დავემშვიდობები და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენს ქალაქში ამ მხრივ რაღაც სერიოზული არ მომხდარა. იყო რაღაც ექსპერიმენტის დონეზე, მაგრამ, როგორც წესი, სხვა რადიოსადგურიდან მოსულმა ჩვენთან მუშაობა ვერ მოახერხა. არ ვიცი, აქედან წასულმა სხვაგან თუ იმუშავა.


– წამყვანების მეტყველების გაკონტროლება და მოწესრიგება როგორ ხდება? 

– ჩვენთან არ არსებობს კონტროლისთვის რაღაც სპეციალური სამსახური. ვცდილობთ, ეთერში ნორმალური მეტყველება ისმოდეს, მიუხედავად იმისა, რომ რადიოსადგურებში ყველაფერი ახალგაზრდულია და შიგადაშიგ სლენგიც გამოერევა. ეს შეუცვლელი პროცესია. ჩვენს საერთო მეგობარ, ენათმეცნიერ ზაალ კიკვიძესთან გვქონდა საუბარი, რომ ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოყალიბდეს რაღაც სტრუქტურა, რომელიც ღვინჯილიასავით (ენათმეცნიერი – ლ.გ.) არ იყვირებს, რომ ის უცხოურია და ცუდია და ის, რაც ქართულია – კარგია. მე ასე არ ვფიქრობ. ქართულშიც არის ცუდი და კარგი, ისევე, როგორც უცხოურში. რადიოში გვაქვს ის პრობლემა, რომ ზოგიერთ დიჯეის აქვს რუსული აქცენტი მეტყველებაში. ჩვენ ვცდილობთ ამის გამოსწორებას. მაგ მხრივ სერიოზული პრობლემები არასოდეს გვქონია.

– რომელ ქართველ და უცხოელ შემსრულებელთა სიმღერები ტრიალებს „ძველი ქალაქის“ ეთერში ყველაზე ხშირად? რას ითხოვს მსმენელი? 

– ჩვენი რადიოს ფორმატია CHR, ანუ თანამედროვე ჰიტების რადიოსადგური, თუმცა ამას ცოტა რაოდენობით ემატება ძველი მუსიკაც. მოთხოვნები ისეთივეა, როგორც თბილისში. ანუ სურთ ის ჯგუფები, რომლებიც MTv-ს, „ბილბორდის“ საუკეთესო ოცეულებში, თუ ორმოცდაათეულებში იმყოფებიან და ამას ემატება ჩვენი ქართული მუსიკაც. ქართველი შემსრულებლების ეთერში გაშვებას ვცდილობთ ისე, რომ მათი საავტორო უფლებები 100%-ით იყოს დაცული. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სიმღერის ეთერში მოხვედრა პირდაპირ მუსიკოსებთან შევათანხმოთ. ამ ეტაპზე ისეთი შუამავალი ორგანიზაციები არ არსებობენ, რომლებიც ამ საქმეს კარგად მოაგვარებდნენ. მათ მიმართვის სწორი ფორმები არ ესმით. ერთ-ერთმა ასეთმა ორგანიზაციამ აგვიხსნა, რომ თურმე ჯორჯ მაიკლის სიმღერების გაშვებაზე უფლებები მას ჰქონია, ამიტომ რაღაც თანხის გადახდა მოგვთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში რადიოს დახურვით დაგვემუქრა და ა.შ.

„ძველ ქალაქს“ კარგი ურთიერთობა აქვს ამერიკულ „რადიო ექსპრესთან“ და ჩვენ დიდი რაოდენობით ნაყიდი სიმღერები გვაქვს. ვცდილობთ, ქართულ მუსიკაზეც ავიღოთ ნებართვა, მაგრამ რთულია, რადგან ყველაფერი მაინც თბილისში უნდა გადაწყდეს.

იყო მოთხოვნები ზაზა ხუბუკელაშვილისა გოგა ჟორჟოლაძის მუსიკის მოსასმენად. ახლა კი ითხოვენ ლელა წურწუმიას, „სახეს“ და ა.შ. ჩვენ ვაპირებთ სერგი გვარჯალაძესთან მოლაპარაკებას, რადგან ძალიან დაგვწყდა გული, რომ „ჯეოსელის TOP-20“ გაკეთდა მხოლოდ თბილისის FM რადიოებში შემოსული მოთხოვნების მიხედვით. იმეორებენ, რომ ეს საქართველოს ოფიციალური ოცეულია, მაგრამ რატომღაც რეგიონის რადიოსადგურებთან კონტაქტი არ დაამყარეს. რაც დღეს კეთდება, ის თბილისის ოფიციალური ოცეულია და არა – საქართველოსი. ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული პრეტენზია გვაქვს, რადგან ჩვენს ოცეულებს შორის ოდნავ განსხვავება მაინც არის და მეორეც, არ მიმაჩნია, რომ ქუთაისელი მსმენელი გემოვნებით ჩამორჩება თბილისელს და ამის გამო მისი ხმა „ჯეოსელის TOP-20“ არ მოხვდეს. ზოგჯერ თბილისში არ არის ახალი სიმღერები და ჩვენ უკვე ეთერში გადავცემთ. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება საქართველოს მუსიკალური გემოვნება მხოლოდ თბილისური რადიოსადგურების ხარჯზე შეფასდეს.

– რა გეგმები გაქვთ და თუ გსურთ ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის გაზრდა? 

– ნებისმიერი რადიოს გეგმაა თავისი მაუწყებლობა რაც შეიძლება ფართოდ გაშალოს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი რადიოსადგური მართლაც დამოუკიდებელია, – აი, ისეთი, როგორიც „ძველი ქალაქია“. ჩვენ უკან ისევ ჩვენ ვდგავართ. ეს ფინანსური პრობლემაა. ამ ეტაპზე ლოკალურად ვცდილობთ გავხალისდეთ და გავაძლიეროთ ჩვენი გადაცემები. 

მომავლის სხვა გეგმები ძირითადად ახალ საინტერესო პროგრამებს უკავშირდება ამ ახალ საუკუნეში, თუკი ეკონომიკური მდგომარეობა ქუთაისში შეიცვლება, რაშიც ეჭვი მეპარება. ქუთაისში ეკონომიკა კუს ნაბიჯებით ვითარდება, რადიოს კი კუს ნაბიჯებით მუშაობა არ შეუძლია. როგორც კი შესაძლებელი გახდება, რადიო „ძველი ქალაქი“ მაუწყებლობის არეალს გაზრდის.

* * *


რადიოს დირექტორი ირაკლი მაჩიტაძე ხშირად ინტერვიუებში ამბობს, რომ „ძველი ქალაქი“ ცდილობს, ხალხს ასწავლოს გართობა. ძვირფასო არაქუთაისელებო, თუკი მოხვდებით ქუთაისში და თქვენს რადიომიმღებში გაიგონებთ, რომ თქვენთვის მუშაობს დიჯეი ჯანგლმენი, დიჯეი ვაუ, დიჯეი სარკე, მირიან ქორიძე, დიჯეი კაკადუ, ეკა, ქეთი და მრავალი სხვა, იცოდეთ, რომ ამ დროს თქვენი რადიო აწყობილია FM 107.9-ზე, 
 პირველ დამოუკიდებელ რადიოსადგურზე დასავლეთ საქართველოში, რომელსაც ჰქვია „ძველი ქალაქი“.

გამოქვეყნდა 2001 წლის 13 იანვარს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“

No comments:

Post a Comment