Monday, July 30, 2001

შიშის სახელმწიფო

(ეძღვნება ჩემი უცნობი მეგობრის, გიორგი სანაიას ხსოვნას)

ოთახში საბეჭდ მანქანაზე რაღაცას ბეჭდავენ.

შენ ფანჯრიდან იცქირები და მის მიღმა ქუჩის ღმუილში ჩამხრჩვალი ადამიანების რიტმულად მოძრავ თავებს ხედავ. ცდილობ, სახეები გაარჩიო, თუმცა ახლა მნიშვნელობა არა აქვს, განსხვავდებიან თუ არა ისინი ერთმანეთისგან. მათ, ისევე, როგორც შენ, საკუთარი პრობლემები აწუხებთ.

შენ გიყვარს ადამიანები, გყავს მეგობრები, რომლებთან ერთად თავს მარტო არ გრძნობ. მიუხედავად ამისა, შენ მარტო ხარ. ზოგჯერ, სადღაც მთის მწვერვალზე ადიხარ, რომელსაც ირგვლივ თეთრი ქულა ღრუბლები შემოსალტვია, მაგრამ ეს მხოლოდ სხვა სამყაროში ხდება.

სინამდვილეში კი, შენს თვალწინ ხელოვნურად გაფერადებული ერთგვაროვანი რეალობაა მძიმე, ტკივილამდე სასიამოვნო ცხოვრებით, სადაც ცოცხლები ცოცხლებს სიცოცხლეს უსწრაფებენ, მერე კი, მკვდრებს ხსოვნას უნახავენ. შენ, ცდილობ, რაღაც შეცვალო, თუნდაც ერთხელ ხმამაღლა იყვირო: „მე ეს არ მომწონს!“. ასეთ ადამიანს ხალხი ზოგჯერ მეამბოხეს ეძახის, მაგრამ ამბოხება და რევოლუცია აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ცდილობ ადამიანად დარჩე.

შენ უკვე აღმოაჩინე, რომ შიშის სახელმწიფოში ცხოვრობ, სადაც მდიდრებსაც და ღარიბებსაც ერთნაირად ეშინიათ. მდიდრები საკუთარ სახლებს უზარმაზარ გალავანს არტყამენ (ალბათ, ჩიტების ეშინიათ), რკინის ალაყაფს აკეთებენ, ხოლო ფანჯრებს გისოსებში სვამენ. ისინი ცეცხლსასროლ იარაღს ატარებენ, რათა თავი სხვა, შიშით შეპყრობილი ადამიანებისგან დაიცვან. ღარიბები დაღამებამდე სახლებში შერბიან და შიშისგან კარს მაგრად კეტავენ. შიშის სახელმწიფოს პოლიციაც ჰყავს, რომელიც დაუკონკრეტებელი შიშის გამო ბოროტმოქმედებსა და მკვლელებს ვერ იჭერს. თავის მხრივ, ჯიბის ქურდებიც კი, როდესაც მეტროს ვაგონში ვინმეს ძარცვაში ხელი ეცარებათ, ვაგონის კუთხეში შიშით აკანკალებულები დგანან და „ნუ მიეყრდნობით“ კარის გაღებას მოუთმენლად ელიან. შენ დაინახე, რომ შიშის სახელმწიფოში ქვეყნის მეთაურსაც ეშინია. ისე ეშინია, რომ მთელი ქვეყნის არმია მხოლოდ მას იცავს.

შიშის სახელმწიფოს მაცხოვრებლებს მხოლოდ ერთმანეთის ეშინიათ. შეიკრა შიშის ერთგვარი წრე: ხალხს პოლიციის ეშინია, პოლიციას – ხელისუფლების, ხელისუფლებას – სახელმწიფო მეთაურის, სახელმწიფო მეთაურს – ყველასი.

შენ ყველაზე მეტად გიკვირს, როგორ შეეგუენ პიროვნებები შიშით აღსავსე ცხოვრებას. ვეღარ იტან ტელევიზორს, ვერ იტან გაზეთებს, ვერ ეგუები მართალ ტყუილებს. მათი ზემოქმედება უკვე აშკარაა. შენ იცი, რომ შიშით შეპყრობილი ადამიანები ცივად ხვდებიან ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, ეზიზღებათ პოლიტიკა და პოლიტიკოსები, აღარ აღელვებთ ომი, ვიღაცას გარდაცვალება. ყველას ურჩევნია, თავისთვის დარჩეს. დანარჩენი არაა მათი საქმე. შენ ეს გაღელვებს და, ცოტა არ იყოს, შეგეშინდა კიდეც. თვალები გიფართოვდება და შეგრილებულ ყავას წრუპავ.

შენ შეამჩნიე, რომ გარეწრები და ნაძირლები არ იბრძვიან სიცოცხლისათვის. ისინი არ იბრძვიან იმისათვის, რომ მშვიდად მოკვდნენ. თუნდაც იმიტომაა ლამაზი შემოდგომა, რომ ბუნება ღირსეულად კვდება. თუნდაც იმიტომაა მშვენიერი გაზაფხული, რომ გარემო ლამაზად იწყებს სიცოცხლეს. ხვდები, რომ ლაჩრების უმრავლესობა ცდილობს, რომ ღირსეული ადამიანები უღირსად მოკვდნენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ თავად მათი სიცოცხლე დამთავრდება უღირსად, რადგან ისინი მართლა მოკვდებიან (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით).

ამ დღეებში ბევრი რამ შევიტყვე შენ შესახებ. ისიც გავიგე, რომ საკუთარ დაბადების დღეზე, საოცრად გინდა, მეგობრებს საჩუქრები დაურიგო, გამოხვიდე ქუჩაში და თუნდაც პირველივე შემხვედრს ჩვეული ღიმილით უთხრა: „გილოცავთ ჩემს დაბადების დღეს. მინდა რაღაც გაჩუქოთ!“ საჩუქარი კი ასეთი იქნება – პატარა აკვარიუმი, პატარა წითელი თევზით, რომელსაც შენი სახელი ერქმევა.

საბეჭდი მანქანის კლავიშები დადუმდნენ.

შენ იღიმი.

მეც მეღიმება.

მამჩნევ. ჩვენ სიგარეტს ვუკიდებთ და ახლა ორივენი ერთად ვიღიმებით. კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა.

Tuesday, July 24, 2001

„ისინი გონებრივ პენსიაზე უნდა გავიდნენ“

რატომ არ მოსწონს შალვა რამიშვილს ილია ჭავჭავაძე

--------------------------------
მცირე პრეს–დოსიე
--------------------------------
სახელი, გვარი: შალვა რამიშვილი.
დაბადების თარიღი: 1971 წლის 27 აგვისტო.
განათლება: არასრული უმაღლესი (მე-100 საშუალო სკოლა და თსუ-ს მე-2 კურსი).
თანამდებობა: რადიო 105-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, მულტსერიალ „დარდუბალას“ პროდიუსერი, ჯგუფ „სახეს“ პროდიუსერი.
ეროვნება: ახალი გურული.
ხასიათი: ნორდიული, ჭეშმარიტი არიელი. მოსწონს ხალხის შოკირება და სტერეოტიპების მსხვრევა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სახელმწიფო პრესას ახალი სალაპარაკო თემა გამოუჩნდა – როგორ გაბედა ვიღაც შალვა რამიშვილმა ეთქვა, ილია ჭავჭავაძე არ მიყვარსო. ამაზე მთელი დებატები გაიმართა და რადიო „105“-ის უფროსმა რამდენიმე ლექცია მოისმინა (უფრო სწორად – წაიკითხა) პატრიოტობაზე, ენა-მამულ-სარწმუნოებასა და ტრადიციების ერთგულებაზე. ჩვენ მას ამ წერილებზე მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

– შალვა, გადაცემა „ფსიქოში“ შენმა გამოსვლამ საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. შენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?

– საერთოდ, მოხარული ვარ, რომ გოგი გვახარიასთან ჩემს ერთსაათიან დიალოგს ასეთი მასშტაბის რეზონანსი მოჰყვა, რადგან მე არა ვარ პოლიტიკოსი და ალბათ, არც არასოდეს ვიქნები, ამიტომ მე არ მაინტერესებს, მექნება თუ არა დადებითი იმიჯი ქართველთა გულებში. მე შოუბიზნესის წარმომადგენელი ვარ და რაც მეტს ილაპარაკებენ ჩემზე, მით უკეთესი იქნება. მსიამოვნებს, რომ ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები (რომელთათვის მე, წესით, სულერთი უნდა ვიყო) ასე კამათობენ ჩემზე. დიდი მადლობა „ფსიქოს“ და ყველას, ვინც ჩემზე რამე დაწერა ან თქვა.

Monday, July 23, 2001

გაუქმებული კონტრკულტურა

მეგობარმა CD პლეერი მათხოვა. ყურსასმენებს ვიკეთებ, ნიკ ქეივის ახალთახალ ალბომს ვრთავ და ქუჩაში სასეირნოდ გამოვდივარ. სიტყვა „სეირნობა“ ცოტა არ იყოს, მეხამუშა. არ ვიცი, სეირნობა ჰქვია თუ არა იმ ადამიანებს შორის სვლას, რომლებსაც სახეებზე ნევროზული გამომეტყველება აქვთ, რომელთა გარკვეული ნაწილი ბორდიურებზე ბავშვებთან ერთად ასფალტზე წევს და ხელგამოწვდილი 20 თეთრს გთხოვს. სეირნობა, ალბათ, მხოლოდ ბუნების წიაღში ან საღამოს პლაჟზე შეიძლება. თბილისის ქუჩებში სეირნობა შეუძლებელია. აქ მხოლოდ დადიან ან დაჰქრიან.

ნიკ ქეივის მუსიკის ფონზე ადამიანებს, საგნებს და ყველა არსებას საოცრად რეალურად აღვიქვამ. მათი ცქერა მსიამოვნებს. არავითარი ასოციაცია, არავითარი სიმბოლოები. ყველა და ყველაფერი თავს ჩემს გარეშედაც მშვენივრად გრძნობს. სიმბოლოებზე გამახსენდა.

ამას წინათ ერთ-ერთ ალტერნატიულ პერფორმანსზე მოვხვდი, სადაც იმდენი სიმბოლო ვნახე, კინაღამ მეც სიმბოლოდ ვიქეცი და ასეთი კითხვა გამიჩნდა: რატომ ცდილობს ზოგიერთი ხელოვანი თუ შემოქმედი, მისი ნამუშევარი სხვებმა ვერ გაიგონ? გაგებას თავი გავანებოთ. ეცადოს მაინც, რომ მნახველი (მსმენელი) ასიამოვნოს, მისცეს ფიქრისა და განსჯის საშუალება, ბოლოსდაბოლოს, გააღიზიანოს. სხვათა შორის, ქართული თანამედროვე კულტურა (თუ კონტრკულტურა) გაივსო არაფრისმთქმელი სიმბოლოებით, რომელთა არსიც მხოლოდ ავტორებს ესმით და არა უბრალო მოკვდავთ. იწერება უშინაარსო ლექსები, სიმღერების სულელური ტექსტები, იღებენ მოსაწყენ ფილმებს, უნიათო კლიპებს, ხატავენ ბურუსით მოცულ უაზრო სურათებს. შთაბეჭდილება მრჩება, ზოგიერთი ავტორი სპეციალურად ცდილობს ჭკვიანურად მოაჩვენოს თავი. მოედ-მოედებიან რაღაც ბუნდოვან თემებს, რომელთა შინაარსიც არც არასოდეს უგრძვნიათ და ასე იტყუებენ თავს სხვების თვალსა და ხელს შუა.

საქართველოში ახლა მოდაშია არაპროფესიონალიზმი. გამკითხავიც არავინაა, რადგან პროფესიონალთა უმრავლესობა ქვეყნიდან წავიდა. დარჩენილთ ყურადღებას არავინ აქცევს, რადგან უმცირესობაში არიან.

ნონკონფორმისტი ნიკ ქეივი კი ახალ, შესანიშნავ ბალადას მღერის. ქართველმა ნონკონფორმისტმა რატომ უნდა დაწვას საჯაროდ დოსტოევსკის, ბორხესის, კაფკას, კ. გამსახურდიას, თუნდაც მარქსის ან ლენინის სურათები. რას ნიშნავს ეს? ნონკონფორმისტობას, ანდერგრაუნდში ყოფნას, გაუნათლებლობას თუ გაბოროტებას? არ მესმის, რატომ ჰგავს ასე ძლიერ ერთმანეთს ბოლო 15 წლის განმავლობაში გადაღებული ქართული ფილმების უმეტესობა ერთმანეთს ბნელი კადრებით, პირქუში სახეებით, მატარებლების ხმაურით, პირგაუპარსავი (ზოგჯერ ბინძური) მთავარი გმირებით და გმირებს შორის არაბუნებრივი საუბრებით?

მომწყინდა ამდენი სიმბოლოები და გონების ხელოვნური დაძაბვა. საერთოდ აღარ მსურს არც ახალი ქართული ფილმების, არც გადაპრანჭული გამოფენების ნახვა, სადაც გაუგებარი ნახატების ავტორებს მნახველები რატომღაც პირში აქებენ, ზურგს უკან კი ამ სურათების უშინაარსობაზე ერთმანეთს ეჩურჩულებიან. ჯობს ქუჩაში ვიარო, ნიკ ქეივს ვუსმინო და შაბათობით ტელევიზორში „ფსიქო“ ან რომელიმე ძველი ქართული ფილმი ვნახო.

კონტრკულტურა ისევე, როგორც კულტურა, კარგია, თუ გასაგები იქნება ბევრისთვის. არაა აუცილებელი, ის ყველასათვის იყოს მისაღები. პატივსაცემია ნებისმიერი (თუნდაც უდიპლომოს) შემოქმედება, თუ ის მართლაც ნაღდია.

ნიკ ქეივი came along the road-ს ასრულებს. მეც მივუყვები ქუჩას. ოპტიმისტივით ვფიქრობ. ბედნიერებაა, ამდენ რამეს რომ მოვესწარით: იმპერიის დაშლას, ქართულ რევოლუციებს, ცივ და ცხელ ომებს, ახალ ათასწლეულს, საუკუნეს, კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების ეპოქას, პლანეტების პარადს (აღლუმს), მზის სრულ დაბნელებას და თუნდაც ამდენ გასაჭირს, რაც გავგრძნობინებს, რომ ჩვენ მართლა ვცხოვრობთ. მოვლენები ისე სწრაფად იცვლება, რომ ჩვენ ცოტათი დავბრძენდით კიდეც. CD პლეერში დასატენი ბატარეები აწყვია, ომნანახი ქუჩა კი ძალიან ლამაზია. მასზე ძალიან ლამაზი ადამიანები დადიან ლამაზი, სევდიანი თვალებით. სევდიანი თვალები მგონი, კარგი სიმბოლოა. ფილმი ხომ არ გადავიღო?

Saturday, July 7, 2001

გოგა ჟორჟოლაძე – ჩემი სახლი ანდერგრაუნდია

ქუთაისური როკის ერთ-ერთი პიონერი, გოგა ჟორჟოლაძე დაიბადა 1962 წლის 23 მაისს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. პროფესიით არქიტექტორია. ამავე დროს, ის არის კარგი მხატვარი, რადიოს შესანიშნავი დისკ-ჟოკეი (დიჯეი „ჰოტეი“), ზოგიერთი საკუთარი სიმღერის ტექსტის ავტორი და, რაც მთავარია, მუსიკოსი (მღერის, უკრავს გიტარასა და კლავიშებზე), ბიბლიომანი, კინომანი, მელომანი. აქვს საკუთარი, საკმაოდ მაღალი დონის სტუდია GOS. 1999 წელს გამოუშვა პირველი ალბომი Homegrown, თუმცა რამდენიმე სიმღერა მან ჯერ კიდევ 1992 წელს ჰოლანდიის სტუდიაში ჩაწერა. მოსწონს „ახალი ტალღა“, რეგეი და სხვა მუსიკალური მიმდინარეობები, განსაკუთრებით კი პანკი. ჰყავს მეუღლე ოლღა და ქალიშვილი ქრისტინა.

გოგა ჟორჟოლაძე: – მე-7 კლასიდან უკვე რაღაცეებს ვაკეთებდი. დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი. მაშინ რადიო „ამერიკის ხმა“ ხშირად ატრიალებდა პანკს და დაკვრაც დავიწყე, თუმცა მანამდე ძალიან სერიოზულად ვუსმენდი მუსიკას. პატარაობიდანვე დიდი მელომანი ვიყავი. სამხატვრო აკადემიაში გვქონდა ჯგუფი, სადაც ფორტეპიანოზე ვუკრავდი. აკადემიის დამთავრების შემდეგ არქიტექტორად ვმუშაობდი ქუთაისში ჯერ „ქალაქპროექტში“, მერე რესტავრაცია-რეგენერაცია-რეკონსტრუქციის კომბინატში. 1991 წელს არეულობისას მუშაობას თავი გავანებე, რადგან აღარც ხელფასი და აღარც სამუშაო იყო. ამის შემდეგ უკვე ინტენსიურად ვწერ მუსიკას.

– ბავშვობისას რომელი ჯგუფები მოგწონდა?

– 1969-70 წლებში მოვუსმინე „ფარფლებს“. მანამდე კი „ბითლზებს“ ვუსმენდი „ნეკნებზე“, ანუ რენტგენის ფოტო-ფირფიტებზე. შემდეგ მოჰყვა ჯიმი ჰენდრიქსი, „გრენდ ფანკი“, „ლედ ზეპელინი“, „როლინგ სთოუნზი“ და სხვა. 1970 წელს მაჩუქეს პირველი ფირფიტები: „ჰუს“ (The Who) ნაკრები და საიმონი და გარფუნკელის დუეტი. მას შემდეგ ფირფიტების შეგროვება დავიწყე. ახლა 200-ზე მეტი მაქვს. 1975 წელს პანკის შემოვარდნამ გამაცოფა. განსაკუთრებით პანკების იდეოლოგია მომწონდა. დღეს „რედ ჰოთ ჩილი პეპერსი“, ლენი კრავიცი, „ოფსპრინგი“, „გრინ დეი“, ნიკ ქეივი, ტომ უეიტსი, ანუ უფრო ნაკლებად კომერციული მუსიკა მომწონს. თუმცა, ამათგან „ოფსპრინგი“ ნაღდად კომერციულია, მაგრამ კარგი პროექტია.

– დღეს გავრცელებულია აზრი, რომ პანკი ნაკლებადინტელექტუალური მუსიკაა, სადაც წივიან, კივიან, ჩხავიან და ა.შ. შენ რას ფიქრობ?

– პანკი აგრესიული პროტესტის სახეა. პირველად როკში იყო ჰიპების პროტესტი, რომელიც მხოლოდ სიყვარულსა და ყვავილებზე იყო დაფუძნებული. ჰიპების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და პანკური პროტესტი წამოვიდა. პანკი იაფფასიან დისკოკულტურას დაუპირისპირდა. ამას წინ უსწრებდა ბრიტანეთში ლეიბორისტების გამარჯვება, ფუნტის დევალვაცია, საწვავის კრიზისი და უმუშევრობის მაღალი დონე. მუსიკოსებს აღარ ჰქონდათ საშუალება ეყიდათ მაღალხარისხოვანი აპარატურა. გაბრაზებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დაიწყო პანკის სიმღერა. პანკი სუბკულტურად ჩამოყალიბდა, ამიტომ მისგან იდეალურ ტექნიკურ შესრულებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ დღევანდელი დასავლური განვითარებული პანკი ძალიან მაღალი დონისაა. პანკ-როკს ეკუთვნოდა „პოლისიც“. მხეცი მუსიკოსები იყვნენ სტინგი, სამერსი და კოპლენდი.