1999 წლის 25 დეკემბერს, 18 საათზე, ოპერის თეატრის ფოიეში უნდა გამართულიყო ახალგაზრდული მუსიკალური როკ-ფორუმი, რომელსაც იმერეთის განვითარების სააგენტო და „ლეგე არტისი“ აწყობდა. მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ როგორც ქუთაისელ, ასევე თბილისელ როკ-მუსიკოსებს. პროგრამას ერქვა „2+2=5“. ვატო ნებიერიძემ, კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რამდენიმე დღის უკან მიამბო, რომ თურმე ერთ ბავშვს რვეულში ჩაუწერია: 2+2=5. კითხვაზე რატომ 5-იო, პატარას უპასუხია, აბა სულ 4 ხომ არ იქნება, მოდით, იყოს 5-იო. ვატოს ეს პასუხი ძალიან მოეწონა და პროგრამას დაარქვა.
მაშ, ასე. 25 დეკემბერს, 18 საათისათვის, უკვე საკმაო მაყურებელი შეიკრიბა. მასში მუსიკოსებიც ათქვეფილიყვნენ. კონცერტების წინ სმა, ერთგვარი ქუთაისური ტრადიცია, – ერთგულად ემორჩილებოდა უბრალო რიტუალს: „გაგვიმარჯოს!“ და პირდაპირ ბოთლის ყელიდან გადახუხვას. ამასობაში კონცერტის დაწყებასა და აპარატურის გამართვას შესამჩნევად დააგვიანდა და მოხდა ის, რასაც ფხიზლად მყოფი ბილეთიანი მაყურებელი წინდაწინ შიშობდა. უეცრად ატყდა დებოში. გამძვინვარებულმა ბრბომ თბილისურ ჯგუფთან მოიყარა თავი. დაიწყო შეხლა-შემოხლა და გაწევ-გამოწევა, რა თქმა უნდა, დადგა „ლამაზი სიტყვების“ კორიანტელი. შედეგად გაილანძღნენ ორივე მხარის წარმომადგენლები. დარბაზში დაფრინავდნენ ბოთლები, ფეხსაცმელები და, თქვენ წარმოიდგინეთ, წინდებიც კი. ჩვენ არ შევეცდებით, გავარჩიოთ მტყუან-მართალი. სავარაუდოდ, ორივე მხარემ დააშავა, მაგრამ, საშინელება იყო იმის დანახვა, თუ როგორ მიიწევდა 20-მდე „მოხალისე“ ერთი კაცის გასალახად; როგორ გავრცელდა დარბაზში, როგორც შემდეგ გაირკვა, მცდარი შეხედულება, თითქოს თბილისელმა ქუთაისელებს შეაგინა; როგორ დაიჭირეს სრულიად უდანაშაულო თბილისელი და ქუთაისელი ბიჭები პოლიციელებმა; როგორ წაიყვანეს ისინი განყოფილებაში და მათ მიმართ უსამართლოდ მოქცევის შემდეგ გაათავისუფლეს. საშინელებაა, როდესაც დარბაზი თბილისელებად და ქუთაისელებად დაიყო 25 დეკემბერს, როდესაც საქართველოში ეს დღე სინანულის დღედ გამოაცხადეს. კონცერტი ჩაიშალა. ინციდენტის შემდეგ გავესაუბრე ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვახტანგ ნებიერიძეს.
* * *
– ხალხმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა 2+2=5, რომელიც მე წინასწარ ტელევიზიით განვმარტე. მაყურებელი ვერ მიხვდა, ამით რისი თქმა მსურდა. მათ თავიანთი საქციელით დაამტკიცეს, რომ 2+2 აუცილებლად უნდა იყოს მაინცა და მაინც 4. მეორეს მხრივ, ის, რაც 30-40 წლის უკან დასავლეთში ცოცხალი მუსიკის კონცერტებზე ხდებოდა, ახლა ჩვენთან მეორდება, უფრო სწორედ, აქ იბადება. გახსოვს, იქაც იყო დებოშები? რაც ქუთაისში მოხდა, ერთის მხრივ, მისასალმებელია, ე.ი. როკ-მუსიკა ცოცხლობს. მართალია, ეს არ არის კარგი, მაგრამ სულ სხვა კუთხით უნდა შევხედოთ ამას.
ვფიქრობ, მსმენელი საბოლოოდ ახლა ყალიბდება, ამიტომ კონცერტებს დებოშებიც მოჰყვება. რაც ნაკლებ დროის მონაკვეთში განვითარდება ეს პროცესი, მით უკეთესი იქნება, მაგრამ ასეთი შეხლა-შემოხლები გარდაუვალია, რადგან ის წმენდს მსმენელს ზედმეტებისგან და ყველას საკუთარ ადგილას აყენებს.
– და ვინ არის დამნაშავე?
– როკ-მუსიკას თავისი უზარმაზარი კულტურა აქვს, რომელიც ჩვენთან ჯერ არ არსებობს. მუსიკის მოსმენისა და აღქმის კულტურა ჩვენში არ არის. ჩვენი ქალაქი, სამწუხაროდ, ძალიან დიდი თავდახუფული ქილაა კიდევ იმ ორ დიდ ქალაქთან შედარებით, რომლებსაც თბილისი და ბათუმი ჰქვია. ამ ქალაქებში ცოცხალი ინფორმაცია შედის რუსული სატელევიზიო არხების საშუალებით. ამ მხრივ, ჩვენ მოხუფულ ქილაში აღმოვჩნდით. ჩვენთან არაფერი ახალი არ შემოდის. ადგილობრივი ტელეკომპანიები მხოლოდ ფილმებს ატრიალებენ. ამჟამად ეთერში გადის ადგილობრივი რადიოკომპანია, რომელიც აბსოლუტურად არაფრისმომცემია. ამ დროს ის ახალი ინფორმაციის შემოტანაზე უნდა მუშაობდეს. კონცერტის ჩაშლა არაორდინარული შემთხვევაა ჩვენში, ამიტომ, ყველას დაამახსოვრდა (სხვათა შორის კონცერტის მინი რეკლამაზე ეწერა: „თქვენ გელით დაუვიწყარი 180 წუთი“. ლ.გ.).
– როგორც ამბობენ, ეს შეხლა-შემოხლა მუსიკოსებს შორის დაიწყო. შენი აზრით, რა ხდება ქუთაისის მუსიკალურ სამყაროში?
– უდიდესი უბედურება ისაა, რომ ეს ყველაფერი დიდი „დვიჟენიებიდან“ წამოვიდა. ყველას ტვინში აქვს გამჯდარი, რომ კონცერტის დღეს, რატომღაც უნდა იყოს მთვრალი. ეს არ შეიძლება, რადგან, თუ თავად მუსიკოსები არ დაფიქრდებიან რას აკეთებენ და როგორ, ჩვენს ქალაქს არაფერი ეღირსება. ეს უშნო იმიჯია, კონცერტის დღისთვის სპეციალურად ემზადებიან: მოაქვთ ბოთლები, აგროვებენ ხურდებს და ა.შ. აქედან გამომდინარე, საღამოსთვის ყველანი „გატოვინკები“ („გამომთვრალები“ – ლ.გ.) არიან.
– კონცერტების დაწყების დაგვიანებაც ხომ ტრადიციად გადაიქცა?
– სამწუხაროდ, ჩემ მიერ მოწყობილ ბოლო ორ კონცერტს ყოველთვის დაემთხვა ღონისძიება დიდ თეატრში. სამწუხაროდ, მთელი ქალაქის მასშტაბით, მხოლოდ ერთი ხმის რეჟისორი გვყავს...
– ვინც ბილეთები იყიდა, იმათ რა ქნან?
– ჩვენ, ორგანიზატორები, რაღაცას გავაკეთებთ. შემოგთავაზებთ ნაახალწლევს ქუთაისური ჯგუფების უახლეს პროექტს, მაგრამ იქ თბილისური ჯგუფები ვფიქრობ, აღარ იქნებიან. ჩვენ უდიდეს ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც მართლაც მუსიკის მოსასმენად მოვიდა იქ. ეს ჩვენი მიზეზით არ მომხდარა. მე, პიროვნულად, არ ვიცი, ეს ქაოსურად მოხდა, თუ დაგეგმილი იყო, რადგან ჩემი წინასწარგრძნობით, ჩვენს ქალაქში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ სხვა პიროვნების მიერ გაკეთებულ საქმეს. ისინი ძლიერი დილეტანტები არიან და ვერ აღიქვამენ როკ-მუსიკას, როგორც სოციალურ მოვლენას. ჩვენში ხომ როკი უფრო სოციალური მოვლენაა, ვიდრე მუსიკა. ისინი ამ ჩვენს წინსწრაფვას დანას ურტყამენ.
გაზეთი P.S. #67, 1999 წლის 31 დეკემბერი – 2000 წლის 7 იანვარი



No comments:
Post a Comment