ჩვენს ქალაქში იყო დრო, როდესაც არსებობდა ერთი როკ-ტუსოვკა, მაშინ სატელევიზიო ეთერში პროგრამა „კედელი“ გადიოდა, ყალიბდებოდა „ნიღბების კლუბის“ (ერთგვარი როკ-კლუბი) პირველ წევრთა ბირთვი. ისინი ყოველი თვის 8 რიცხვში გეგმავდნენ აქციებს ხან ქუჩაში, ხან ნანგრევებში, ხანაც – შენობებში (არა დარბაზებში)...
ამ როკ-ტუსოვკას ამშვენებდა ერთადერთი ალტერნატიული (არ იფიქროთ მუსიკალურ მიმდინარეობაზე) მომღერალი გოგონა, რომელიც ქუჩაში ყოველთვის თავისი განუყრელი ვიოლინოთი დაჰქროდა. ის მონაწილეობდა ამ აქციებში, მიჰყავდა „კედელის“ პროგრამები, სწავლობდა, მღეროდა სცენაზე, მოკლედ რომ ვთქვათ, სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა. ცხოვრების ამ მონაკვეთს ახლა ის განვლილ ეტაპს ეძახის. დღესაც, ჩვენი სტუმარი, მომხიბლავი ქერა გოგონა ლელა ლომთაძე საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს, უკიდურეს შემთხვევაში ეს ასე ჩანს. ის შესანიშნავი მუსიკოსი და ამავე დროს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული აკადემიური თეატრის მსახიობია.
წინამდებარე საუბარი ჩავიწერეთ თებერვლის ძალიან ცივ, წვიმიან და გათოშილ დღეს. ჩემი რესპონდენტი თეთრი ტანისამოსსა და წითელ თათმანებში იყო გამოწყობილი. შეხვედრაზე მოსულს ხელთ სისხლისფერი ქოლგა ეპყრა.
– ლელა ლომთაძის აზრით, ვინ არის ლელა ლომთაძე?
– პირველ რიგში ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინა, რათა საკუთარი საქმე აკეთოს.
– მამაჩემი, გიორგი ლომთაძე, არის მომღერალი, მუსიკოსი და მსახიობი, ამიტომ, ბავშვობიდან ასეთ გარემოში ვიზრდებოდი. მსახიობობა ჩემთვის უცხო არაა, რა თქმა უნდა, ამაში ჩემს გენებსაც წვლილი მიუძღვის. ძალიან საინტერესოა თეატრისა და მუსიკის სინთეზი. იმ ორივე პროფესიაში თავს თავისუფლად ვგრძნობ და ორივევე სიამოვნებას მანიჭებს.
დღეისათვის არც ერთი მუსიკოსი თეატრის ელემენტების გარეშე სცენაზე არ გამოდის. ისინი ტრანსფორმაციულ შოუებს აწყობენ. კარგია, როდესაც შენს სრულყოფას უკან რაღაც შოუ მიმდინარეობს. ეს ასეც უნდა იყოს.
მეც მაქვს რაღაც პროექტები და ჩანაფიქრები, რომელთა განხორციელებაც უსახსრობის გამო ვერ ხერხდება.
– დასავლეთისკენ თუ გიჭირავს თვალი?
– დასავლეთიდან მხოლოდ ინფორმაციას ვიღებ. იქ რომ წახვიდე, იქაურებთან კონკურენციის უნარი უნდა გქონდეს, თორემ მათ ვერაფრით გააოცებ, თუ არა შენი ეროვნულობით. თუნდაც ზანგებს შენი რეპითა და სოულით ვერ გააკვირვებ, მაგრამ თანამედროვე მუსიკას მორგებული ქართული ელემენტებით უფრო დააინტერესებ.
– ლელა, რა მოგცა შენ როკ-ტუსოვკამ და როკ-მუსიკამ საერთოდ?
– ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპი. ყოველთვის ვამბობ, რომ ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე გასავლელ გზას თავისი ეტაპები აქვს. ეს განვლილი მონაკვეთი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. დღეს სხვა მუსიკა მაინტერესებს, უფრო – ტრანსი, გოა და ჰაუსი. აქ ყველაფერი ერთ ბგერამდეა დაყვანილი. ადრე, თუნდაც კლასიკაში, აკორდების ერთმანეთში გადაწყვეტა მიმდინარეობდა. დღეს კი ყველაფერი ერთი ბგერისკენ მიდის და ამისგან, შესაძლოა, ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო. ეს მედიტაციური მუსიკაა და იმიტომ მომწონს.
– ფილმში მოცარტი „ბევრი ნოტების“ გამო გალანძღეს. ერთი ნოტი მოსაწყენი ხომ არაა?
– ამაში ბევრი მუსიკალური გადაწყვეტა არ იგულისხმება, უბრალოდ, თავისი „მუღამი“ აქვს. ამ მუსიკის საშუალებით საკუთარ თავში უნდა ჩაიხედო, უნდა მიხვდე, რომ კოსმოსის ერთ-ერთი ნაწილაკი ხარ. ეს სივრცის, სამყაროს მუსიკაა. პოპსა და როკმა უფრო მიწიერია, ხოლო ტრანსი „გასასვლელი გზაა“. გააჩნია რა გზით წახვალ, შენზეა დამოკიდებული.
– როგორ წარმოგიდგენია თანამედროვე თეატრი? როგორი უნდა იყოს ჩვენი დრამატული თეატრი?
– ძველთაგანვე ხალხი თეატრში სულიერი სიამოვნების მისაღებად დადიოდა, ამიტომ, თანამედროვე თეატრს კლასიკური საფუძვლები უნდა გააჩნდეს. მისი გათანამედროვება შეიძლება, მაგრამ იმ სიამოვნებასა და გემოს დაკარგავს. ამიტომ თეატრი საკუთარ ჩარჩოებში უნდა იჯდეს. როგორც არსებობს კლასიკური მუსიკა, კლასიკური ნაწარმოებები, ასევე უნდა არსებობდეს თეატრიც.
ჩვენს თეატრს ძალიან დიდი ისტორია აქვს. მან ნამდვილად დაიმსახურა აკადემიურობის წოდება, რადგან აქ დიდი ადამიანები მოღვაწეობდნენ. მართალია, ის კლასიკურ საფუძვლებზე დგას, მაგრამ ბევრი რამ ირღვევა, რადგან ბევრი ახალგაზრდა მუშაობს, რომელთაც ჩარჩოების გარღვევა უნდათ.
როცა შენი პროფესია გიყვარს, ფინანსებზე აღარ უნდა იყოს ლაპარაკი. ავიღოთ თუნდაც როკი, როკ-მუსიკოსები მარტოოდენ თანხების მოგებაზე არ ფიქრობენ, უბრალოდ, ასეთი ცხოვრებით ცხოვრობენ და ეს სიამოვნებთ. რასაც გააკეთებ, საკუთრივ შენი ხელწერა უნდა ჰქონდეს. სხვა საქმეა სხვისთვის სამსახური. დაფინანსება კი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სცენაზე შიმშილის გამო რომ არ წაიქცე. დარბაზში ორი კაციც რომ იჯდეს, მაინც ბოლომდე უნდა ითამაშო და დაიხარჯო. მაყურებელი კარგი განცდით უნდა წავიდეს თეატრიდან.
ამ ხნის განმავლობაში სულ ძიებაში ვიყავი. ყველაფერს შევეხე: ჯაზს, სოულს, როკს, რადგან მინდოდა გამეგო, თუ ვინ ვარ. ადამიანს ძიებაშია და როცა საკუთარ თავს მიაგნებს – დიდი სიამოვნებაა.
– ლელა, შენ თვლი რომ მიაგენი იმ წერტილს, სადაც შესაძლებელია თვითრეალიზაცია?
– მიღწეულით არ დავკმაყოფილდები, რადგან შემდეგ კიდევ რაღაცის გაკეთება მომინდება შემოქმედებითად. შემოქმედმა არასოდეს არ უნდა ამოწუროს საკუთარი თავი, თორემ ისე დაიღუპება, წერტილი დაესმება. წერტილი კი არა, მძიმე უნდა დავსვათ ყოველთვის.
– საერთოდ, გლობალურად ქართული მუსიკა როგორ ვითარდება?
– მუსიკის განვითარებას ვერ ვგრძნობ. მამა-პაპებმა განავითარეს ფოლკლორი. მერე ნანი ბრეგვაძემ განავითარა ე.წ. ქალაქური მუსიკა. მუსიკის სხვა სფეროებში კი ყველაფერი დასავლეთიდან გადმოგვაქვს. ჩვენი ქალაქი ჩაკეტილია, რადგან აქ არ ჩამოდიან კარგი დასავლური შემადგენლობები, რუსეთისაგან განსხვავებით, რაზეც გული მწყდება. იქ ახალგაზრდები ინფორმაციას პირდაპირ ცოცხალი კონცერტებისაგან იღებენ. შედეგად, მათ საკუთარი გემოვნება უყალიბდებათ. ქართული მუსიკა, ჩემი აზრით, ამ მხრივ გაყინულია. ადრე როკში შეიმჩნეოდა მოძრაობა, მაგრამ ბევრი ქართველი როკ-მუსიკოსი საზღვარგარეთ წავიდა.
სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდების უმრავლესობა მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდე ვითარდებიან და მერე ჩერდებიან. მე ინფორმაციის ნაკლებობაზე კი არ ვსაუბრობ, არამედ – მის სწორ გაგებაზე. დასავლურ ფილმებს ჩვენთან პროპაგანდად აღიქვამენ, ე.ი. ფილმში კაცი კაცს თუ კლავს, ეს მისაღები ყოფილა. ამას ხომ იმიტომ იღებენ, რომ ეს ადამიანებმა არ ჩაიდინონ?..
– როგორ უყურებ ქალაქში არსებულ ე.წ. მუსიკალურ „სასტავებს“?
– ეს ასე უნდა იყოს. უნდა არსებობდეს რეპერების, პოპსავიკების, ტექნოისტების, როკერებისა თუ პანკების დაჯგუფებები, მაგრამ მათ შორის კონკურენცია უნდა არსებობდეს წინსვლისათვის. ჩვენს ქალაქში გემოვნებიანი კონცერტი არ ტარდება. არ იგრძნობა, რომ შენს კონცერტზე მოსვლის შედეგად მე ისეთი კარგი ენერგია უნდა მივიღო, ხვალ უკეთესი გავაკეთოთ. ჯგუფებმა მარტო საკუთარ სიამოვნებაზე ხომ არ უნდა იზრუნონ?!
– შენ ძალიან მომხიბვლელად გამოიყურები ყოველთვის. რა დროს უთმობ საკუთარი თავის მოწესრიგებას?
– (იღიმის) რა ხასიათზეც ვარ, ლაშა, ისე ვიმოსები, ამით განწყობას ვიქმნი. ხასიათის მიხედვით გამოვიყურები და ამით ვაბნევ ხოლმე ხალხს, როდესაც ჩემს შესახებ საუბრობენ (იცინის).
– ცხოვრებაში, ალბათ, არის ისეთი პიროვნება, ვისაც ვერ აბნევ.
– არა, არავის დაბნევას არ ვცდილობ. ისინი თავად იბნევიან (იცინის)...
– შენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე რომელმა მუსიკოსმა, მწერალმა ან მხატვარმა იქონია გავლენა?
– ამქვეყნად ჩემი მოვლენა, პირველ რიგში, მამაჩემისა და დედაჩემის დამსახურებაა. მერე მუსიკალური განათლება მივიღე და ბევრ კომპოზიტორს მოვუსმინე. ვკითხულობდი დეტექტივებს, შემდეგ ფანტასტიკით დავინტერესდი. ყველა ხელოვანი თავისებურად საინტერესოა და ორიგინალური, კონკრეტულად არავის დავასახელებ.
– რას უსურვებ შენს მსმენელებსა და ჩემს მკითხველებს?
– მე ჩემს მსმენელებს უნდა მოვეფერო, შენ – შენს მკითხველებს უნდა მოეფერო, რათა წაგიკითხონ და მე მომისმინონ. მინდა მათგან ისეთი ემოცია მივიღო, შემდეგში უკეთესი რაღაც გავაკეთო. მინდა ცხოვრებას უფრო რეალურად შევხედოთ. მწყინს, რომ ჩვენს ქალაქში ქალები და კაცებიც დილიდან საღამომდე ჭორაობენ, სახლებში სხედან და არაფერს არ აკეთებენ. მე მომწონს თბილისური „ტუსოვკები“, სადაც საჭმლის გარდა, საინტერესო თემებზეც საუბრობენ. ეს საინტერესოა, რადგან შესაძლოა, ამ „ტუსოვკაში“ დღეს არაფერი თქვა და სხვას მოუსმინო, მაგრამ ხვალ საკუთარი შეხედულება გაგიჩნდება და დროთა განმავლობაში გაიზრდები.
გაზეთი P.S. #72, 2000 წლის 7 – 13 თებერვალი

No comments:
Post a Comment