პიროვნებას, რომელიც დღეს თქვენს წინაშე წარსდგება, ძალიან უყვარს როკ-მუსიკა, რაც ჩვენს „სტენდზე“ მოხვედრილ ადამიანებს აერთიანებთ. მას ძალიან მოსწონს: Pink Floyd, Led Zeppelin, Deep Purple, Dio, Аквариум, Наутилус Помпилиус, „აუტსაიდერი“ და სხვა. მიუხედავად ამისა, ის არ არის მუსიკოსი. დაბადებულია 1970 წლის 26 აგვისტოს. ხასიათით მელანქოლიკია. დამთავრებული აქვს ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა, თსუ-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. არის მწერალი, პოეტი (უფრო პოეტი, როგორც თავად ამბობს), მთარგმნელი – თარგმნის ჩინურ და რუსულ პოეზიას. იბეჭდება ისეთ ჟურნალებსა და გაზეთებში, როგორებიცაა: „განთიადი“, „ცისკარი“, „უქიმერიონი“, „ინტელექტი“, „მოწამეთა“, „ახალი ქუთაისი“. მუშაობდა „სპორტულ ქუთაისში“, „რეზონანსში“. უშვებს ქუთაისის ლიტერატურულ გაზეთ „ცაის“. ცაი სვანურ მითოლოგიაში ცის ღმერთია. სწორედ „ცაის“ წაკითხვა გახდა მიზეზი, გავსაუბრებოდი ჩემს ძველ მეგობარს, აღნიშნული გაზეთის რედაქტორს, ძალიან ნიჭიერ შემოქმედს და, უბრალოდ, კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძალიან, ძალიან უყვარს – თენგიზ თოფურიძეს.
* * *
– გაზეთი „ცაი“ იმიტომ გამოვეცით, რომ, ვატყობ, ქუთაისს დღეს ძალიან სჭირდება არატრადიციული სალიტერატურო გაზეთი. საჭიროა რაღაც ახალსიტყვიანი, რომელსაც ამბობს ჩვენი და წინა, ომგამოვლილი თაობა, რომელსაც ომის გამო არ ჰქონია ასპარეზი, – მოგეხსენებათ, 1989 წლის შემდეგ საქართველო დანგრეულია და ინგრევა. ეს 10 წელი კი მწერლობისთვის მთელი თაობაა, დაკარგული თაობა. ჩემი თაობა ცდილობს წინაში დაკარგულის კომპენსირებას. დღეს ვერ ვიტყვი, რომ სალიტერატურო ცხოვრება ძალიან აქტიურია. ჩანს, მწერლობა დღეს არავის სჭირდება და მწერალს არავითარი ყურადღება არ ექცევა. ისეთი დიდი ჟურნალი, „განთიადი“, განადგურების პირასაა მისული და როდის დაიხურება, არავინ იცის. ყველაფერი მკვდარია. ჩვენი გაზეთი არ არის მწერლობის გაცოცხლების მცდელობა. ეს არის მცირე წვლილი, რომ... აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს. ჩვენთან არ არსებობს მთარგმნელობითი სკოლა, რადგან თარგმანში ფულს არავინ იხდის, მითუმეტეს – ბეჭდვაც პრობლემაა. ვაკუუმის გარღვევა, ვთქვათ, „ცისკარში“, ან „ლიტერატურულ საქართველოში“ დაბეჭდვა, დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან საქართველო სავსეა მწერლებით, ოფიციალურად 500 მწერალია და არაოფიციალურად კიდევ რამდენი – არავინ უწყის. რატომ უნდა წავიდეს თბილისში ქუთაისელი, როცა მას უნდა ჰქონდეს პირობები, აქვე იბეჭდებოდეს?
ქუთაისი ყოველთვის იყო პლაცდარმი გინდ ფეხბურთში, გინდ მწერლობაში, გინდ მეცნიერებაში, გინდ მუსიკაში. ბევრი მათგანი ახლაც თბილისში ცხოვრობს. მე, მაგალითად, თბილისიდან აქეთ წამოვედი, რადგან თბილისი ძალიან დიდი ქალაქია და არ საჭიროებს ზედმეტად კიდევ ერთ მწერალს. მე ვფიქრობ, რომ ქუთაისში უფრო მეტი გაუხარჯველი ინტელექტუალური მარაგია, ვიდრე თბილისში. თბილისი, მაგ მხრივ, უფრო გართობისა და სიმსუბუქის ქალაქია. სამწუხაროდ, ჩემი თაობისა და პლეადის ხალხს ჩემს ირგვლივ ვერ ვხედავ. მხოლოდ მირიან ებანოიძეა ჩემი ტოლი და ისიც უფრო ფილოსოფოსია. 70-იანელები და 80-იანელები უფრო ბევრნი არიან, – 15-მდე ძალიან სერიოზული პოეტი და მწერალია. კარგია, თუკი გაქვს ფართო წრე, სადაც ყველა რაღაცას აკეთებს, წერს, გიკითხავს, შენც უკითხავ და შემოქმედებითი განწყობა იქმნება. პოეზიის მადლი უბრალო მსმენელზეც კი ვრცელდება, უქმნის განწყობას.
შემოქმედი ძალიან ფრთხილად უნდა დადიოდეს საკუთარ ეგოსა და საზოგადოებრივ სახეს შორის. ის სივიწროვე, რაც შენს აურაში ტრიალებს, საკმარისი არაა იმისთვის, რომ იყო შემოქმედი. ამისთვის შენ საზოგადოება, არეალი გჭირდება. ზიარი ჭურჭელივით შენ და საზოგადოება უნდა იზიარებდეთ რაღაც აზრებს, კონცეფციებს, რათა ეს ყველაფერი მოიხარშოს და შემოქმედების ნიმუშად იქცეს.
– შენი გაზეთის კითხვისას ერთი კითხვა გამიჩნდა. ხომ არ ნიშნავს საკუთარ წვენში ხარშვას ის, რომ ამ გაზეთის ძირითადი მასპინძლები თქვენივე ნაწარმოებებს აქვეყნებთ და ამავე დროს თქვენვე აკრიტიკებთ ერთმანეთს?
– ჩვენი ინფორმაცია თბილისამდეც არ მიჟონავს. წარმოიდგინე მთელი ბაკქანალია, რათა ჯერ დაბეჭდო, მერე – ტრანსპორტირება ამ გაზეთებისა, ჩატანა, დარიგება და თუნდაც ზესტაფონში გააცნო მკითხველებს! თბილისი კიდევ ახერხებს ჟურნალ-გაზეთების მოწოდებას, ჩვენ კი ვერ ვახერხებთ, ამიტომ, ერთმანეთს თავადვე ვაკრიტიკებთ. ეს, ვფიქრობ, საკუთარ წვენში ხარშვას არ ნიშნავს. წრე და გარემო ერთია, პიროვნებები – სხვადასხვა. მე ყოველთვის მოვითხოვ ხოლმე, ჩემი ნაწერი რაც შეიძლება მკაცრად, დიდი მათრახით გაკრიტიკდეს. მწერალი მხოლოდ კრიტიკის ქარ-ცეცხლში ყალიბდება. მარტოოდენ ქება არაფერს არ მოგვცემს სიზარმაცისა და გაზულუქების გარდა. კრიტიკის შედეგად კი ყოველთვის მობილიზებული ხარ.
– ფაქტიურად, ვაკუუმში ვარ ისევ და ისევ უჟურნალობის, უგაზეთობის, უწიგნობის და უინფორმაციობის გამო. ბოლოს, რუსეთში ყოფნისას, ყველაზე მეტად ჩვენი თანამედროვე, აწგარდაცვლილი როკ-პოეტი ალექსანდრ ბაშლაჩევი მომეწონა. მისი რამდენიმე ლექსი ნათარგმნი მაქვს. ვფიქრობ, რომ დიდი ავტორი, პოეტი იყო 80-იანი წლების ბოლოს რუსეთში. ის იყო ნოვატორი, გულწრფელი და რუსული მწერლობის კლასიკური ფორმების (ასტაფიევების) პირველი დამანგრეველი.
– გია ბენიძე „ცაი“-ში ამბობს: „ჩვენ, მწერლები, სამყაროს აღარ ვჭირდებით“. როგორ გრძნობთ ამას და როგორ ახსნი ამ სიტყვებს, – თქვენ ჩვენს ყოფას არ სჭირდებით, თუ, საერთოდ, მსოფლიოს?
– პირველ რიგში, კონკრეტულად, ჩვენ არ ვჭირდებით ქუთაისს... ალბათ. რადგან ჩვენ ვწერთ, თუ პოეზიის საღამო გვაქვს, ამას არასოდეს დიდი მნიშვნელობა არ მისცემია. აგერ უკვე მე-4 წელია, რაც მაგ საქმეში ვართ ჩართულები. 17 დეკემბერს, „ბარბალობა“ დღეს, მოვაწყვეთ დიდი პოეზიის საღამო კლასიკური მუსიკის, საგალობლების, საბალეტო ნომრების თანხლებით, პოეზიით, პროზით. ერთი სიტყვით, გრანდიოზული საღამო გვქონდა მწერალთა სახლის 200-კაციან დარბაზში. თანაც ჩვენი გაზეთების გაყიდვაც მოვინდომეთ. სავსე დარბაზი საღამოს შედეგით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მხოლოდ 6 გაზეთი (!) გაიყიდა. ეს ხომ ჩვენი ქალაქის სირცხვილია. ქუთაისში მხოლოდ ერთსა აქვს ოფიციალურად გამოწერილი ჟურნალი „ცისკარი“. ესეც სირცხვილია. მერიის მაღალჩინოსანი მისულა საგაზეთო დახლთან, აუღია ჩემი გაზეთის ნომერი და უთქვამს, ამ ნომერს წავიკითხავ და თუ მომეწონა, მერე ვიყიდიო. ეს ხომ კასეტა არ არის, გადააბრუნო და მეორეჯერ მოუსმინო?! ერთი წაკითხვაც უკვე კმარა. აი, ამ დონეზე 40 თეთრი („ცაის“ იმ ნომრის ღირებულება) არავის უჭირს დღეს, რადგან ეს არის ორი ღერი ის სიგარეტი, რასაც ისინი ეწევიან, 200 გრ. ბენზინი, მობილური საუბრის 1 წთ. ბოლოს და ბოლოს, შერცხვეთ და იყიდონ. ჩვენ არ ვთხოვთ ვინმეს ზედმეტს. ჩვენ ვთვლით, რომ არავის ვჭირდებით. მითუმეტეს, ქუთაისის მასშტაბების მწერალი მსოფლიოს არ სჭირდება, თუ ის გენიოსი არაა. მართალია, ჭყვიშელი იყო გალაკტიონი, მაგრამ გენიოსი და მსოფლიოს დონის პოეტი. მასობრივად კი, ქუთაისში დაწერილი ნაწარმოები, არა მგონი, დიდად მნიშვნელოვანი იყოს მსოფლიოსთვის. ინფორმაციის გაცვლის მიზნით, შესაძლოა, მართლა დაინტერესდეს ვინმე, მაგრამ აქ მთარგმნელობითი სკოლა უნდა მუშაობდეს. ჩვენ კომპიუტერზე ხელი არ მიგვიწვდება, ამიტომ ინტერნეტში შესვლაზე საუბარი ზედმეტია.
– მე ასეთი დევიზით ვცხოვრობ: არც ერთი დღე სიტყვის, სწავლის, კითხვისა და წერის გარეშე! ვთარგმნი რაღაცეებს. დარწმუნებული ვარ, თუ ეს დღეს არავის ჭირდება, ხვალ და ზეგ აუცილებლად ვინმეს გამოადგება. ისე კი, უსაქმურად ყოფნას, სჯობს, რაღაცა, თუნდაც აუნაზღაურებელი საქმე აკეთო. ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, რომ ახლა იწყება თვითრეალიზაციის ყველაზე აქტიური პერიოდი. მე, როგორც ასეთი, დამკვიდრებული ვარ, – ვიცი ჩემი ადგილი, მაგრამ ამ ადგილზე მაქსიმალური მობილიზება მჭირდება, და ის, რომ დღეს ფულს არ მიხდიან, არანაირად არ მაჩერებს და არა ვარ პესიმისტი. ჩვენ თუ გვყავს თუნდაც 1 მკითხველი (აი, შენ რომ კითხულობ ამ გაზეთს), უკვე გამართლება აქვს ამ გაზეთის გამოცემას. კარგია, რომ „ცაი“ 150-200 ცალი მაინც იყიდება. მე ეს სტიმულს მაძლევს...
* * *
თენგომ სულ ახლახანს გაიმარჯვა (უკვე მეორედ) გამომცემლობა „ბესტსელერისა“ და ჟურნალ „ცისკრის“ მიერ მოწყობილ ლიტერატურულ კონკურსში. მან დაიმსახურა პრემია მესამე ადგილისათვის და მისი ოფიციალური დაჯილდოება 1 მარტს გაიმართება. თენგოს სურვილია, რომ მსგავსი ფასიანი კონკურსები ქუთაისშიც გაიმართოს, რადგან მწერალს, გამარჯვების შემთხვევაში, დიდი სტიმული ეძლევა. მწერლობა კი, პირველ რიგში, ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს. მე ვისურვებდი, მალე ისეთი დრო დადგეს, გაზეთი „ცაი“ დახლებზე გამოსვლისთანავე გაიყიდოს და ძნელად საშოვნი გახდეს. ჯერჯერობით კი გამარჯვებას გილოცავ, ჩემო მეგობარო.
ქალაქი ტორტმანებს...
ქალაქში ბუღი დგას...
ღარიბი პორტმანე
თეთრ ხურდას გთავაზობს...
და გაგიჭირდება თუკი
არ გაწუხებს დღეს იმპოტენცია, –
მდარე პოტენცია,
ავდარი პოტენციის...
ხელს ყველას ნუ ახლებ,
აქ ყოველ მოახლეს
სულზე ხომ ქეცი სჭირს,
და ტვინზე მუნი აქვს,
და სახით ჰუნეა,
სხეულით – მუმია...
და ლექსიც დუნეა,
სხვა რიტმი არ მესმის,
ეს დღეა ავერსი იმ მედლის,
რომელიც ვირუსმა შეჭამა...
მე გკითხავ: „შე-ჩემა...“ – აყვანილს წერაზე,
– „არ კმარა ავადმყოფ
შვილების ანშლაგი
ქალაქის სცენაზე?“
თენგიზ თოფურიძე
ნაწყვეტი პოემიდან „№46 – ეაკულაცია“
გაზეთი P.S. #75, 2000 წლის 28 თებერვალი – 6 მარტი


No comments:
Post a Comment