Saturday, June 30, 2001

„მესამე კლასის ვაგონის“ პრეზიდენტი პლანეტა აცეკორზე

მხატვარი ანდრეი ზვერევი საკუთარი სამყაროს შესახებ

მხატვარი ანდრეი ზვერევი დაიბადა 1974 წლის 28 სექტემბერს. ის ქუთაისურ სამხატვრო არტკლუბ „მესამე კლასის ვაგონის“ ერთ-ერთი პრეზიდენტია. ამ კლუბის შესანიშნავი ნახატები მრავალ დამთვალიერებელს იზიდავდა ფესტივალზე „მზიური“. ანდრეი და არტკლუბის წევრები საკუთარი ძალებით აწყობენ სხვადასხვა გამოფენებს, აქციებს, პერფორმანსებს. ანდრეის ნახატებმა არა მარტო ქართველი ხელოვნების მოყვარულები დააინტერესა, მისი ნამუშევრები უცხოეთშიც გავიდა. „ვარსკვლავებში“ პირველი პრეცენდენტია, როდესაც ჩვენი ჟურნალის სტუმარია ახალგაზრდა მხატვარი.

 

ანდრეი ზვერევი: – ჩვენი არტ-კლუბი „მე-3 კლასის ვაგონი“ უკვე წელიწადნახევარია არსებობს. მომავალი კლუბის წევრები მის შექმნამდეც ვიცნობდით ერთმანეთს და ვმეგობრობდით. ვაწყობდით საკუთარ გამოფენებს, გვქონდა ჩვენ-ჩვენი იდეები და სახელოსნოები, მაგრამ მეტ-ნაკლებად ერთნაირი სულიერი მისწრაფებები გვქონდა. თავდაპირველად ვიყავით მე და გია ჭიღლაძე, რომელიც ამავე დროს, ჩემი მეზობელიცაა. სხვათა შორის, გიამ მიმიყვანა მასწავლებელთან და ხატვა დამაწყებინა. ჩვენთან ერთად იყვნენ მაკა ვეკუა და თემურ ტუკვაძე. ვიფიქრეთ, თუ არსებობს მუსიკალური კოლექტივები, სრულიად შესაძლებელია შევქმნათ მხატვრული კოლექტივი-თქო. დასაშვებია ერთი იდეის ირგვლივ მხატვართა გაერთიანება.

ადრე ჩვენ გვერქვა „პალატა №108“, რომელიც საგიჟეთთან ასოცირდებოდა. მერე სახელწოდება შეიცვალა. ცხოვრებიდან გამომდინარე, საქართველოში გინდა თუ არა, ხელოვნება „მე-3 კლასის ვაგონში“ იმყოფება. დასავლეთში ვიცი, რაც ხდება, მაგრამ აქ ასეთი რეალობაა. ჩვენ ყველანი პრეზიდენტები ვართ, გააჩნია ვინ წარადგენს კლუბს.

– რომელი სასწავლებელი დაამთავრე და სად გქონდა გამოფენები?

– დავამთავრე ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის უნივერსიტეტი, თუმცა პედაგოგობის არაფერი მესმის. უბრალოდ, ვხატავ. მეორე კურსზე ავურიე სავალდებულო და საკუთარი თემები. ლექტორი მთხოვდა დამეხატა „იმერეთი“, ბარზე, თოხზე მომუშავე კაცი და ა.შ. ძალიან მიყვარს ქართული, ტრადიციული თემა, მაგრამ უკვე მაშინ დავიწყე მექსიკის, ჩინეთის, ტაილანდის კომპოზიციების ხატვა, როცა იქ საერთოდ არ ვყოფილვარ. ერთმა ტაილანდში ნამყოფმა პიროვნებამ გაიკვირვა, თუ იქ არ ყოფილხარ, ასე ზუსტად როგორ დახატეო. კურსიდან კინაღამ გამრიცხეს, მაგრამ ჩემი მაინც გავიტანე. მე-5 კურსზე მივხვდი, რომ ყინული დაიძრა და სადღაც შორს წავედი.

Wednesday, June 27, 2001

Young Georgian Lolitaz

ნიკა კოჩაროვი: რეპეტიციებზე ვყვირი და ვიგინები

ჯგუფი პირველად წლევანდელ ფესტივალ „მზიურში“ გამოჩნდა და იმთავითვე მიიპყრო ალტერნატიული როკის მოყვარულთა ყურადღება, თუმცა მის ფრონტმენ ნიკა კოჩაროვს ადრეც ჰქონდა მუსიკალური პროექტები. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სახელწოდება ბევრს თავგზას უბნევს, მის ლიდერს მიაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი ძველი ხუმრობაა. ჩემი სტუმრები არიან ჯგუფის წევრები: ნიკა კოჩაროვი და დათო სვანიძე.

* * *

ნიკა კოჩაროვი: ამ ჯგუფის გაკეთება ფაქტიურად „მზიურის“ დაწყების წინ გადავწყვიტეთ, რათა ფესტივალზე დაგვეკრა. მე ძირითადად სახლში ვმუშაობ. ჯგუფის სახელი კონცერტზე გასვლის წინ მოვიფიქრეთ. სახელწოდება შეიძლება მალე შევცვალო, რადგან „იანგ ჯორჯიან ლოლიტაზ“ ძველი ხუმრობაა. დღეს ჩვენი შემადგენლობაა: დათო სვანიძე, დათო შენგელია და მე – ნიკა კოჩაროვი. ზოგჯერ სიმღერის შესრულებაში გიორგი „ბახალა“ გიორგანაშვილი გვეხმარება. მანამდე მყავდა ჯგუფები „ნაგვის ხე“ და „ვირუსი“. ბაკურ ბურდულთანაც ვუკრავდი.

– სხვათა შორის, ვისაც თქვენი ჯგუფის არსებობა ვაცნობე, სახელწოდებიდან გამომდინარე ყველას რატომღაც ქალების ჯგუფი ეგონა.

ფოტო გადაღებულია 2005 წელს
ნიკა:
არა, ყველანი კაცები ვართ.

– თქვენი ძველი და ახალი სახელწოდებებიდან გამომდინარე, მგონი მხიარული განწყობის, ოღონდ მძიმე სტილის ჯგუფი ხართ...

დათო: ჰო, მძიმე სტილში ვუკრავთ.

ნიკა: ოღონდ მხიარული ხალხი ვართ და მხიარულ მუსიკას ვუკრავთ. მძიმე მუსიკა საერთოდ მოგვწონს.

– რომელ უცხოურ ჯგუფებს უსმენთ ხშირად ამ ბოლო დროს?

ნიკა: კომპიუტერი გამიფუჭდა და ახლა მუსიკას ვეღარ ვუსმენ. ისე კი, ჯგუფი „ინკუბუსი“ მომწონს, რომელსაც თბილისში არ იცნობენ.

დათო:
აბსოლუტურად ყველაფერს – ვუსმენ რადიოს, ვუყურებ MTv-ს. უბრალოდ, ყველაფერს უნდა მოუსმინო.

– ყველაფერი მოგწონს თუ ინფორმაციის მისაღებად აკეთებ ამას?

დათო: ინფორმაციისათვის, ხოლო მერე შესაბამისად ვაფასებ.

– ე.ი. გამორჩეული შემსრულებელი არა გყავთ?

ნიკა: არა, ეს პერიოდი წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან.

– რა პერიოდს გულისხმობ?

ნიკა: გამორჩეულად ერთ ჯგუფს რომ ვუსმენდით. ახლა უკვე გავიზარდეთ და შეგვიძლია ყველაფერს ვუსმინოთ, თუ კარგია.

– რატომ დაიწყეთ დაკვრა, თქვენი რომ „გაისწოროთ“ თუ საქმის საკეთებლად?