ნიკა კოჩაროვი: რეპეტიციებზე ვყვირი და ვიგინები
ჯგუფი პირველად წლევანდელ ფესტივალ „მზიურში“ გამოჩნდა და იმთავითვე მიიპყრო ალტერნატიული როკის მოყვარულთა ყურადღება, თუმცა მის ფრონტმენ ნიკა კოჩაროვს ადრეც ჰქონდა მუსიკალური პროექტები. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სახელწოდება ბევრს თავგზას უბნევს, მის ლიდერს მიაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი ძველი ხუმრობაა. ჩემი სტუმრები არიან ჯგუფის წევრები: ნიკა კოჩაროვი და დათო სვანიძე.
* * *
ნიკა კოჩაროვი: ამ ჯგუფის გაკეთება ფაქტიურად „მზიურის“ დაწყების წინ გადავწყვიტეთ, რათა ფესტივალზე დაგვეკრა. მე ძირითადად სახლში ვმუშაობ. ჯგუფის სახელი კონცერტზე გასვლის წინ მოვიფიქრეთ. სახელწოდება შეიძლება მალე შევცვალო, რადგან „იანგ ჯორჯიან ლოლიტაზ“ ძველი ხუმრობაა. დღეს ჩვენი შემადგენლობაა: დათო სვანიძე, დათო შენგელია და მე – ნიკა კოჩაროვი. ზოგჯერ სიმღერის შესრულებაში გიორგი „ბახალა“ გიორგანაშვილი გვეხმარება. მანამდე მყავდა ჯგუფები „ნაგვის ხე“ და „ვირუსი“. ბაკურ ბურდულთანაც ვუკრავდი.
– სხვათა შორის, ვისაც თქვენი ჯგუფის არსებობა ვაცნობე, სახელწოდებიდან გამომდინარე ყველას რატომღაც ქალების ჯგუფი ეგონა.
– თქვენი ძველი და ახალი სახელწოდებებიდან გამომდინარე, მგონი მხიარული განწყობის, ოღონდ მძიმე სტილის ჯგუფი ხართ...
დათო: ჰო, მძიმე სტილში ვუკრავთ.
ნიკა: ოღონდ მხიარული ხალხი ვართ და მხიარულ მუსიკას ვუკრავთ. მძიმე მუსიკა საერთოდ მოგვწონს.
– რომელ უცხოურ ჯგუფებს უსმენთ ხშირად ამ ბოლო დროს?
ნიკა: კომპიუტერი გამიფუჭდა და ახლა მუსიკას ვეღარ ვუსმენ. ისე კი, ჯგუფი „ინკუბუსი“ მომწონს, რომელსაც თბილისში არ იცნობენ.
– ყველაფერი მოგწონს თუ ინფორმაციის მისაღებად აკეთებ ამას?
დათო: ინფორმაციისათვის, ხოლო მერე შესაბამისად ვაფასებ.
– ე.ი. გამორჩეული შემსრულებელი არა გყავთ?
ნიკა: არა, ეს პერიოდი წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან.
– რა პერიოდს გულისხმობ?
ნიკა: გამორჩეულად ერთ ჯგუფს რომ ვუსმენდით. ახლა უკვე გავიზარდეთ და შეგვიძლია ყველაფერს ვუსმინოთ, თუ კარგია.
– რატომ დაიწყეთ დაკვრა, თქვენი რომ „გაისწოროთ“ თუ საქმის საკეთებლად?
ნიკა: თბილისში იმ მუსიკით, რასაც ჩვენ ვუკრავთ, ფულს ვერ იშოვი. მე ვუკრავ, რათა საკუთარ თავს, ჩემს მეგობრებს ვასიამოვნო. სახლში სიმღერებს ვიწერ, ოღონდ კასეტებს არ ვუშვებ, მეგობრებს ვასმენინებ და მათი შეფასებებით ვკმაყოფილდები. საქართველოში ჩვენს სტილში ძალიან ცოტა ჯგუფი უკრავს. ვინც ვუკრავთ, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ.
– ქართველებიდან ვინ მოგწონთ?
– ქართულ ესტრადას როგორ აღიქვამთ?
დათო: ეს სულ სხვანაირი მუსიკაა. ჩემთვის შესაძლებელია, რომელიმე შემსრულებლის მუსიკის ხარისხი შევაფასო. ისე კი არ ვიცი.
– თქვენი აზრით, რატომ იკვრება საქართველოში მძიმე და უხეში მუსიკა. ეს ასაკობრივი მოვლენაა თუ სხვა რაღაც?
დათო: რა თქმა უნდა, ასაკობრივიც არის, მაგრამ როცა ასეთ ქვეყანაში ცხოვრობ, პროტესტის გრძნობა გიჩნდება. შენი სათქმელი კი მხოლოდ ასეთ მუსიკაში შეგიძლია თქვა, ესტრადაზე ამას ვერ გააკეთებ. ტექსტობრივი და მუსიკალური დატვირთვა მხოლოდ ამ მუსიკაში, პანკში „მოდის“.
– ნიკა, შენ ხომ აღნიშნე, რომ მხოლოდ სიამოვნებისთვის უკრავ და არა პროტესტისათვის?
ნიკა: მე სიამოვნებისთვის ვუკრავ, მაგრამ ტექსტებში პროტესტიც და ხუმრობაც მაქვს. უბრალოდ, არ გვინდა ეს პროტესტი წინა პლანზე წამოვიდეს.
დათო: 90-იანი წლების დასაწყისში სულ მძიმე მუსიკას უკრავდნენ. ტელევიზორშიც სულ ალტერნატივას ატრიალებდნენ. ახლა სულ პოპსაა, მაგრამ კარგად გაკეთებული პოპსაც კარგია.
– თქვენი სიმღერები სულ ინგლისურ ენაზე სრულდება, ქართულად რატომ არ მღერით?
ნიკა: ერთი სიმღერა დათოს დამსახურებით გერმანულ ენაზეც გვაქვს, რომელიც მე არ მესმის. ინგლისურ ტექსტებს და მელოდიას მე ვწერ და მერე მთელი ჯგუფი მეხმარება. სიმღერას აკუსტიკურ გიტარაზე ვწერ. ადრე, ბავშვობაში ქართულად ვმღეროდით, მაგრამ ტექსტები კარგი არ გამოგვდიოდა. ძალიან ძნელია. ინგლისურ ენაზე სიმღერისას შესაძლებელია, რამე აზრი დამალო.
დათო: ჩვენ დასავლურ მუსიკას ვუკრავთ, რომელსაც ქართულ ტექსტს ვერ ვარგებთ. მე ძალიან ვაფასებ იმ ჯგუფებს, რომლებიც ქართულ ენაზე ასრულებენ სიმღერებს. ზოგს კარგად გამოსდის, მე კი ამის მეშინია.
– ჩანაწერებში ცოცხალ დასარტყამებს თუ იყენებთ?
ნიკა: რასაც კომპიუტერში ვაწყობთ, დემოა და არავის ვასმენინებთ, რადგან ცოცხალ დასარტყამებს არ ვიყენებთ, რომელიც, ჩემი აზრით, ამ მუსიკაში მთავარია. ახლა სტუდიას ვეძებთ, სადაც დასარტყამების ცოცხლად ჩაწერა შეგვეძლება.
– დასავლეთში გასვლაზე თუ ფიქრობთ?
ნიკა: ადრე ბავშვობაში ვფიქრობდით. ამაზე ფიქრი არ შეიძლება, თუ ვინმე არ დაინტერესდა.
დათო: ისე კი უფრო რუსეთში გასვლა ჯობს.
– როგორ ფიქრობთ, ეს ჯგუფი დიდხანს იარსებებს?
ნიკა: ვეცდებით. საერთოდ კი ალბათ ხუთჯერ შევიკრიბეთ და ამდენჯერვე დავიშალეთ. რადგან რეპეტიციებზე ცუდ თვისებებს ვამჟღავნებ, ვყვირი, ვიგინები და ა.შ. მე მგონი, ფესტივალზე ჯგუფმა საბოლოო სახე მიიღო.
![]() |
| ფოტო გადაღებულია 2005 წელს |
ნიკა: ბავშვობიდანვე ძალიან მინდოდა გიტარაზე დაკვრა მესწავლა, მაგრამ მამა უფლებას არ მაძლევდა. მერე სახლში გიტარის სასწავლებელი წიგნი ვიპოვე და ინგლისში ნაჩუქარ გიტარაზე დაკვრა ვისწავლე. ახლაც კი მამაჩემს ჩემს სიმღერებს არ ვასმენინებ.
– ფესტივალზე რომ მოგისმინა, რა რეაქცია ჰქონდა?
ნიკა: გაგიჟდა, მაგარი ხარო, ოღონდ სახელწოდება ვერ გაიგო.
– ალბომის ჩაწერას თუ აპირებთ?
ნიკა: სახლის სტუდიაში ჩაწერილი რამდენიმე ალბომი მაქვს. პირველი ალბომი კოტე კალანდაძესთან (ჯგ. S.P.I.D.) ერთად ჩავწერე. საოცარია, მაგრამ ჩვენი ჯგუფი რომ ინგლისიდან იყოს, უფრო ბევრი მსმენელი გვეყოლებოდა.
– რას აპირებთ უახლოეს მომავალში?
ნიკა: სიმღერების ჩაწერას. ვიღებთ კლიპებს და ერთ-ერთს „კომუნაში“ მივიტანთ. მალე „ბითლზ-კლუბში“ დაგვეწყება საკლუბო მუშაობა. იქ ყოველ კვირაში ერთი ან ორი დღე დაგვეთმობა. რეპერტუარში საკუთარი სიმღერების გარდა სხვისი ნაწარმოებების ქავერ-ვერსიებიც გვექნება. მათ ოდნავ მსუბუქ ფორმებში შევასრულებთ. ისე კი, ჩვენს ჯგუფს აკუსტიკური პროგრამაც აქვს.
– თქვენი აზრით, აქტუალურია თუ არა დღეს ძველი გამოთქმა: sex, drugs and rock 'n' roll?
ნიკა: საქართველოში ახლა არც sex, drugs, არც როკ-ენ-როლი არ არის, მაგრამ როკ-ენ-როლი ჩემთვის არსებობს და ჩემში ცოცხლობს.
– drugs-ის ნაცვლად რომ ალკოჰოლი ჩავსვათ?
ნიკა: თუ გამოცდილი ხარ, სცენაზე გამოსვლამდე შეგიძლია ერთი-ორი ბოთლი ლუდი დალიო.
– სოლო კონცერტს თუ აპირებთ?
ნიკა: ჯერ არა, მაგრამ მომავალში გვსურს მეგობრებთან ერთად გავმართოთ კონცერტი.
გამოქვეყნდა 2001 წლის 27 ივნისს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“





No comments:
Post a Comment