„ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველო მუსიკალური ქვეყანაა“
ბათუმში ჩატარებული ფესტივალ „სუბტროპიკ 2002“-ის მრავალრიცხოვან სტუმრებს შორის იყო ეკატერინბურგელი 23 წლის მომღერალი იულია ჩიჩერინა და მისი ჯგუფი „ჩიჩერინა“. იულია ბავშვობაში მხატვრობაზე ოცნებობდა, თუმცა მერე მუსიკით „დაავადდა“. სიმღერების უმრავლესობის ტექსტების ავტორი თავადვეა.
ჩიჩერინას სიმღერები „Жара“ და „Ту-Лу-Ла“ განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში. უცხოელი შემსრულებლებიდან განსაკუთრებით U2 და „ჯამიროქუაი“ უყვარს. ბათუმში მან თან პატარა პირმშო ჩამოიყვანა. ფესტივალი „სუბტროპიკი“ ძალიან მოეწონა.
– ქართველი პუბლიკა როგორ მოგეწონათ და თუ არის განსხვავება ქართველ და რუს მაყურებლებს შორის?
– განსაკუთრებული განსხვავება არ არსებობს. აქ მხიარული ხალხია, სიმღერებს მღერიან. ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველო მუსიკალური ქვეყანაა.
– ბოლო დროს საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ხმებს, რომ საქართველოში ძალიან საშიშია. თქვენ არ შეგეშინდათ?
– გვითხრეს, რომ აჭარაში სიმშვიდეა.
– ბოლო ორი დღის განმავლობაში თქვენი იმიჯი შეიცვალა და თავი გადაიხოტრეთ. საქართველოს მზემ ხომ არ იმოქმედა?
– ძალიან მინდა თავიც გავირუჯო.
– გამოსვლის შემდეგ აქედან აღარ მიემგზავრებით და რჩებით?
– დიახ, ვრჩები. დიდი ხანია არ დამისვენია. ბავშვთან ერთად ვარ ჩამოსული. ვიყავი ჩანჩქერის სანახავად, ძალიან ლამაზი იყო. აქ ძალიან კარგია. ჯერ-ჯერობით ყველაფერი მომწონს.
– თუ იცნობთ, ქართულ თანამედროვე მუსიკას?
– მე ვიცი სიმღერა „სულიკო“, ბავშვობაში ერთმა ქართველმა ქართულ ენაზე მასწავლა.
– თავად არჩევ ხოლმე სად გამოხვიდეთ და სად არა?
– მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის მიღებისგან თავს ვიკავებ ხოლმე, ნაკლებად დავდივარ სამხრეთში ზღვასთან. ეს პირველი შემთხვევა იყო.
– როგორ თვლით, პოპ-მუსიკოსი უფრო ხართ თუ როკ-მუსიკოსი?
– ჩვენ არ ვთვლით, რომ ან ერთნი ვართ ან მეორენი, ეს მიწებებული იარლიყებია. ჩვენ, უბრალოდ, მუსიკოსები ვართ და იმ მუსიკას ვუკრავთ, რომელიც მოგვწონს. ახლა აკუსტიკურ პროექტს ვაკეთებთ. გვინდა, ჯერ საკონცერტო პროგრამა დავამუშავოთ.
– როგორი გრძნობაა პოპულარობა?
– გააჩნია, რა მხრივ შეხედავთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს მხოლოდ უსიამოვნებაა.
– დუეტებს ხშირად იწერთ?
– არა. Би 2-თან ერთად პირველი შემთხვევა იყო (სიმღერა „ჩემი როკ-ენ-როლი“). ამ სიმღერის ჩაწერაზე მათ მიმიწვიეს და ჩვენ დავმეგობრდით.
– როგორი ბავშვი იყავით?
– საზიზღარი.
– მომავალში თუ აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას?
– მინდა, რადგან ძალიან მომეწონა. თუ თბილისში მიმიწვევენ, იქაც ჩამოვალ.
– თქვენი ახალი კლიპი როდის იქნება მზად?
– მოსკოვში ჩვენ მესამე ალბომის ჩაწერას ვაპირებთ. ზამთრისთვის ალბათ მზად იქნება. მასში სრულიად ახალი სიმღერები შევა. აკუსტიკურ პროექტს კი ჯერ-ჯერობით კოცერტებისთვის ვამზადებთ.
– თქვენი აზრით, რით განსხვავდება სტუდიური მუშაობა კონცერტისგან?
– სტუდიაში მუშაობა უფრო ნელია და მოსაწყენი.
– იულია, თუ აპირებთ დასავლეთში თქვენი შემოქმედების ჩვენებას?
– ნელ–ნელა ვაპირებთ ევროპაში გასვლას. ახლახანს ბულგარეთში ჩვენი პირველი ფირფიტა გამოვიდა. ინგლისურადაც შეიძლება ვიმღერო, თუმცა ჯერ არ ვიცი.
– თქვენი პატარა გოგონა ტურებში ყოველთვის დაგყავთ?
– არა, ახლა წამოვიყვანე იმისათვის, რომ მასთან ერთად დავისვენო.
– მოსკოვში ისევ მღერიან ფონოგრამაზე?
– არ ვიცი, ჩვენ არ გვინახავს. მე მგონი, აღარ არსებობს. მსმენია, რომ სურდათ აეკრძალათ გარკვეულ კონცერტებზე, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა.
No comments:
Post a Comment