Monday, August 12, 2002

„ქართულ მუსიკაში იმპოტენციის პროპაგანდა შეინიშნება“

ვოვა მოგელაძე ქართული მუსიკის ხსნას ფესტივალებში ხედავს

ვოვა მოგელაძეს, გიტარისტსა და ვოკალისტს ქართველ ბლუზის ლეგენდას უწოდებენ. მისი ყველაზე წარმატებული კოლექტივი Blues Mobile Band თბილისში 1985 წელს ჩამოყალიბდა და, როგორც თავად ამტკიცებს, ის ჯგუფი (ანუ group) კი არა, ბენდია (band), რადგან მასში არასოდეს ყოფილა სტაბილური შემადგენლობა.


















ვოვა მოგელაძე ბავშვობიდანვე გატაცებული იყო მუსიკით და აქტიურად უსმენდა „ამერიკის ხმასა“ და „ბი ბი სის“ მუსიკალურ გადაცემებს. სწორედ მაშინ შეიყვარა რიტმ ენდ ბლუზი. ძალიან მოეწონა ჯგუფი „თენ იერზ აფთერ“, ჯონი უინტერი, „ალმან ბროზერს“, ჯიმი ჰენდრიქსი და ერიკ კლეპტონი. მათ მუსიკას ყმაწვილ ვოვაზე ძალიან დიდი ემოციური ზეწოლა ჰქონია. ვოვა მოგელაძე საკუთარ თავს ბლუზის მოყვარულად და შემსრულებლად თვლის. მისი აზრით, იგი არ არის ბლუზმენი.

1979-1981 წლებში მან ანსამბლი „კონტრასტი“ ჩამოაყალიბა და იმ დროისთვის ძალიან კარგი ტური ჩაატარა საქართველოს შავი ზღვისპირეთში (ბათუმში, ქობულეთში, გალში, სოხუმში და ა.შ.), მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ინგლისურ ენოვანი პროგრამის სცენაზე გატანა ძალიან რთული იყო. ვოვა მოგელაძეს არასოდეს გასჩენია სურვილი ფილარმონიის მუსიკოსი გამხდარიყო. გრანდიოზული კონცერტები ჰქონიათ ფილარმონიასა და სპორტის სასახლეშიც, სადაც კონცერტზე მოსახვედრად ხალხმა კარებები ჩამოხსნა. ვოვა მოგელაძემ ძალები სხვა მუსიკალურ სტილებშიც მოუსინჯავს, მაგრამ ყველას მაინც რიტმ ენდ ბლუზი არჩია.

„ბლუზ მობილ ბენდთან“ ერთად ვოვა 1987 წელს ვილნიუსის ბლუზის ფესტივალზე მოხვდა, რომელიც ტვ-მაც ჩაწერა. 1989 წელს ეს ჩანაწერი შემთხვევით ნახეს დანიელებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან არჩევდნენ ჯგუფებს დანიის როკ-ფესტივალისთვის „გლასტნოსტ“. თურმე დანიელებს შესთავაზეს ანსამბლი „თეატრონი“. მაშინ მათ ევგენი მაჭავარიანმა ძალით მოასმენინა „ბლუზ მობილის“ სატელევიზიო ჩანაწერი, რადგან არავის უნდოდა ამ ჯგუფის იქ გაშვება. პირველივე სიმღერის მოსმენის შემდეგ დანიელებმა გადაწყვიტეს მათი წაყვანა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დანიაში დანარჩენ საბჭოთა კოლექტივებს შორის, მარტო „ბლუზ მობილს“ დაუნიშნეს 12-დღიანი კონცერტები. სწორედ ამ ფესტივალის შემდეგ დაიწყო „ბლუზ მობილის“ ვოიაჟი ევროპაში, რომელიც დღემდე გრძელდება. მას შემდეგ ისინი ყოველწლიურად გამოდიან ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში. ვოვა ძალიან ხშირად შეუდარებიათ მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტებისთვის – ჯონ მეიალისთვის, ჯონი ვინტერისთვის და ა. შ. თავმდაბალი მოგელაძის აზრით ეს კრიტიკოსის კონცერტიდან მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად ხდება (რაც დასავლეთში ხშირად მოვლენაა), მაგრამ მისი აზრით, გაუნათლებელი უნდა იყოს ადამიანი, ეს რომ ამტკიცოს. იგი თვლის, რომ დანიაში მოხვედრის შემდეგ მუსიკა მას პურსაც აჭმევს.


















1996 წელს დანიური გაზეთი „ბითი“ წერდა: „რას წარმოვიდგენდი, რომ მომსწრე გავხდებოდი ასეთი ექსპრესიული კონცერტისა, რომელიც მიდფიუნის ფესტივალზე გამართა „ბლუზ მობილ ბენდმა“. ჩემთვის კიდევ უფრო დიდი აღმოჩენა იყო ჯგუფის ლიდერი – ვოვა მოგელაძე, რომლის ქარიშხალისებური იმპროვიზაციები მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უნიკალურობით გამოირჩევა, თუმცა აშკარად მაგონებს ელვინ ლის და ჯონი ვინტერის დაკვრას. წარმოუდგენელია, მაგრამ აქ იმყოფება ჯგუფი აღმოსავლეთის უღიმღამო ნაწილიდან, რომელმაც ბლუზის ამერიკელ ფუძემდებლებს უჩვენა, თუ როგორ უნდა დაუკრა ეს მუსიკა“.

23 აგვისტოს „ბლუზ მობილი“ მიემგზავრება ინგლისში მანჩესტერის Great British R & B ფესტივალზე. ამავე დროს, ჯგუფი „ბითლზის“ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას და გერმანიაში ზაარბრუკენშიც გამართავს კონცერტებს. ვოვა მოგელაძე ამბობს, რომ თუკი მანჩესტერის ფესტივალზე წარმატებას მიაღწევენ მათი მუსიკა მთელს მსოფლიოში თავისუფლად გაიყიდება. ამის გარდა, იგეგმება ინგლისსა და გერმანიაში საკლუბო გამოსვლებიც.

-------------------
მოკლე დოსიე
-------------------
ვოვა მოგელაძე დაიბადა 1952 წლის 4 აგვისტოს. დამთავრებული აქვს I საშუალო სკოლა და კავშირგაბმულობის ინსტიტუტი (დაუსწრებლად). ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდა სტანდარტების კომიტეტში. დაკვრა სკოლაშივე დაიწყო მეგობრებთან ერთად. ანსამბლს „კონტრასტი“ ერქვა, რომელიც შემდეგ ისევ აღადგინა რამდენიმე წლის შემდეგ. უკრავდა სხვადასხვა კულტურის სახლებში. მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის უამრავ რიტმ ენდ ბლუზის ფესტივალებში და ჯგუფ „Blues Mobile Band“-თან ერთად ჩაწერილი აქვს დისკები: 1993 წელს „New Day Yesterday“, 1995 წელს „Out In The Blue“, 1994 წელს ცოცხალი ჩანაწერი „Julse Blues Festivale“, სადაც იგი ჯონ მაიალთან ერთად უკრავდა, ამ დისკების კომპილაციით გაკეთდა ალბომი „When Blues Meet Rock“ (სამდისკიანი კომპლექტი). ჰყავს მეუღლე ზოია, რომელიც მათემატიკის პედაგოგია, ორი გოგონა – მაია და მარინა, შვილიშვილები ვაჟა და ირაკლი.
---------------------------------------

– რას ფიქრობთ, როგორ მდგომარეობაშია დღეს თანამედროვე ქართული მუსიკა?

– რასაც ვუსმენ, საშინელებაა. არავითარ სტანდარტებში არ ჯდება. ქართულ ესტრადაზე ხელს ვერავის დაადებ და ვერ იტყვი, რომ ის რაღაც დონეზეა. პროფესიონალები და ინსტრუმენტალისტები საქართველოში აღარ არიან. ინსტრუმენტის ფლობის ნაცვლად იციან მინი დისკ პლეერისა და კომპიუტერის ღილაკს როგორ დააჭირონ ხელი. მართალია, დასავლეთში ყველა მუსიკოსს აქვს სახლში საკუთარი სტუდია, კომპიუტერი, მაგრამ მათ იყენებენ მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი იდეები დააფიქსირონ, დაიმახსოვრონ, რომელსაც ინსტრუმენტალისტებს ასმენინებენ და შემდეგ ცოცხლად იწყებენ არანჟირებას. დასავლეთში პოპ-შემსრულებლებიც კი აუცილებლად ინსტრუმენტალისტებთან ერთად მღერიან. იქ მხოლოდ ცოცხალი კონკურენციაა. აქ კი ახალგაზრდა ინსტრუმენტის ნაცვლად ცდილობს, კომპიუტერი შეიძინოს, რადგან ფიქრობს, რომ მასზე ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ასეთ აზროვნებას აქ ხელს უწყობენ და ახალგაზრდებს თავს ახვევენ. მათ თუ არ მიაწოდე კარგი მუსიკა, ვერასოდეს გაიგებენ ვინ არის ერიკ კლეპტონი ან პიტერ გრინი.

– სსრკ-ს დროს ქართველები ითვლებოდნენ ერთ-ერთ საუკეთესო მსმენელებად და მუსიკოსებად. თქვენი აზრით, რატომ ხდება ქართველი მსმენელში უგემოვნებობის დამკვიდრება?


– ჩართეთ რადიო, ტვ და ყველაფერს მიხვდებით. სამწუხაროდ, აქ აწყობთ ეს ყველაფერი. დათო ევგენიძემ კარგად თქვა, რომ საქართველოში ბაზრის ხელში ჩასაგდებად მიდის ჭიდილიო. რუსეთმა პოპსათი დიდი ფული იშოვა, რადგან ძალიან დიდი ბაზარი აქვს. აქ კომპიუტერით ჩასწორებული იაფფასიანი მუსიკა შეუძლიათ გაყიდონ, ხოლო ინსტრუმენტულ ცოცხალ მუსიკაში აუცილებლად ფულის ჩადებაა საჭირო. ამ კოლექტივებში ვიღაცამ ინვესტიციები უნდა ჩადოს, გაიყვანოს საზღვარგარეთ და ალბომი ჩააწერინოს. ეს სწორედ, ბაზარმა უნდა დაარეგულიროს.

აუცილებლად უნდა მოხდეს ახალგაზრდა მუსიკოსების აქედან გასვლა, დასავლურ ფესტივალებში მონაწილეობის მიღება. ჩვენთან კი ჩაკეტეს კარები და ეს ჯგუფად შეკრებილი პოპსავიკები იღლიაში ამოდებული მინი დისკებით დადიან და კონცერტებს ატარებენ. თაობების დეგრადაცია მოხდა. ათი-ოცი წლის განმავლობაში ოთხმა-ხუთმა თაობამ დაკარგა მუსიკის აღქმის უნარი.

თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ საქართველოში მართლაც შესანიშნავი მსმენელი იყო. თვით ბი ბი კინგი იყო გაოცებული, თბილისელი მაყურებელი მის თითოეულ ფრაზას გრძნობდა. სამწუხაროდ, ის ხალხი აღარ არის. დღეს მექორწილეები და რესტორნის მუსიკოსები უფრო კარგად მღერიან, ვიდრე ესენი. ამის წინააღმდეგ ვიღაცამ უნდა გაილაშქროს. საქართველოში აუცილებლად უნდა მოეწყოს ფესტივალები. თავი დავანებოთ ელ ჯეროს. ესენი რომ ქუჩაში როკის მსმენელებს დასდევდნენ და თმებს პარსავდნენ, როკს მაშინ ვუსმენდი. დღეს კი ისინი უსმენენ და მე გარეთ ვარ. ელ ჯეროს მე მათზე ადრე ვუსმენდი და ის ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს. იგივე, ტანია მარიას ჩამოყვანა ბრაზილიური რესტორნის აქ ჩამოტანა იყო. ჩვენი რესტორნის მომღერლები, თუნდაც არტურა პოღოსიანი, იგივე ბრაზილიას დედას უტირებს, ისე მღერის. მაგრამ ხომ არ შეიძლება რესტორნის მუსიკა ხელოვნების რანგში აიყვანო?!

ეს ფესტივალები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მე რომ ჯიბეში მარტო ლარი მიდევს, მაინც უნდა შემეძლოს იმ ფესტივალზე შესვლა. ვერ გავიგე რეი ჩარლზი ვისთვის ჩამოიყვანეს? იმისთვის, რომ ვიღაცასთვის ენახვებინათ, რომ რეი ჩარლზი გვეწვია? ამ ფესტივალების მოწყობაც ეროვნული საქმეა. დეგენერატებით ხომ არ უნდა ვიამაყოთ? არ არის აუცილებელი როკი ინგლისურად ვიმღეროთ. ნახეთ თუნდაც პორტუგალიური კოლექტივები რა სასწაულებს აკეთებენ. ცუდი ტენდენციაა ის, რომ ვიღაც დიდი სახელები ჩამოჰყავთ. მართალია, ჯეიმს ბრაუნი მართლაც მამაა და კარგია, რომ ჩამოიყვანეს, მაგრამ ეს არ არის ჯანსაღი პრომოუშენი. ჯეიმს ბრაუნი უნდა იყოს გვირგვინი. მანამდე ხომ შეიძლება ის მუსიკოსები ჩამოიყვანო, ვინც დღეს მწვერვალებზე იმყოფებიან და აჩვენო ახალგაზრდებს. ვიმეორებ, რომ აუცილებელია ფესტივალები და დასავლეთიდან იაფფასიანი მუსიკოსები კი არა, ძლიერები უნდა ჩამოვიყვანოთ.

– ნუთუ ქართულ სცენაზე საიმედოს ვერავის ხედავთ?

– ქართულ მუსიკაში რატომღაც იმპოტენციის პროპაგანდა შეინიშნება. კაცები კნავიან. არადა მუსიკამ ნერვი ხომ უნდა შეატოკოს? მოხუცი ფრენკ სინატრას მოსმენაზე ახალგაზრდა ქალები ჭკუაზე აღარ იყვნენ და ეს იმის გამო კი არა, რომ ფიზიკურად გიჟდებოდნენ, არამედ იმ ენერგიის გამო, რაც მისი სიმღერებიდან მოდიოდა. აქ კონცერტებს ვერ ვესწრები, არც ტარდება (პოპსას თუ არ ჩავთვლით). ტელევიზორში კი არაფერი საინტერესო არ მინახავს. საქართველოში 60-იან, 70-იან წლებში იმდენად კარგი მუსიკოსები იყვნენ, რომ ესენი მათ ფონზე საბავშვო ბაღში არიან. დღეს როგორც უკრავენ, ისე მაშინ სკოლებში უკრავდნენ.


No comments:

Post a Comment