მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო მეტად გვსურს ჩვენს ირგვლივ სიტუაცია უფრო ჩაწყნარდეს, ურთიერთობები დათბეს და ყველამ შვებით ამოვისუნთქოთ, ხდება საპირისპირო. ჩვენ სულ უფრო და უფრო გვეძაბება ნერვები, სხეული და ერთმანეთს, რატომღაც, კიდევ უფრო მტრულად ვუყურებთ. ჟურნალისტები სიტუაციას კიდევ უფრო ვძაბავთ, რადგან ჩვენს მიერ გაშუქებულ სიუჟეტებს სულმოუთქმელად ელიან გაზეთების ჯიხურებთან და ტელევიზორებთან ჩასაფრებული პოლიტიკოსები, რათა ზოგჯერ გაურკვეველი ბოღმა ერთმანეთზე გადმოაფრქვიონ და დიდი ფოირვერკებიანი შოუ მოგვიწყონ.
არ ვიცი რატომ გავაკეთე ეს შესავალი, რადგან მინდა, ჩვენი ქართული ხალხური შემოქმედების რამდენიმე დეტალზე შევაჩერო შენი ყურადღება, ჩემო ძვირფასო მეგობარო. ჩვენი ხალხური შემოქმედების ზოგიერთი ქმნილება საოცარი სისასტიკით გამოირჩევა. ჩვენ კი გაუცნობიერებლად მათ ჩვენს ბავშვებს ისე ვაზუთხინებთ, რომ არც ვუკვირდებით მათ შინაარსსა თუ იდეას. დავიწყოთ სიმღერით.
ბავშვობაში ალბათ, ყველას გვქონია მუსიკის გაკვეთილები, სადაც მრავალ შესანიშნავ საბავშვო სიმღერასთან ერთად გვამღერებდნენ, ალბათ, ყველაზე ფაშისტურ-კომუნისტურ სიმღერასაც, რომლის შინაარსის გაცნობიერებისას, ნორმალურ ადამიანს ტანში უნდა ბურძგლავდეს მაინც. არადა ამ სიმღერას მართლაც შესანიშნავი მელოდია აქვს, რომელიც არანაირად არ ესადაგება მის ტექსტუალურ შინაარსს. ვინც ვერ მიხვდა, ვეტყვი, რომ „ჟუჟუნა წვიმაზე“ ვსაუბრობ. მოდით, ახლა ტექსტი გავიხსენოთ: „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანამა“ და მერე მისამღერში დაჟინებით ვიმეორებთ: „დანამა, დანამა, დანამა, გული გაუპოს დანამა“. მეტი „კარგი“ რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს? წინადადება შემომაქვს, მსუბუქი ნარკოტიკების და პროსტიტუციის ლეგალიზაციასთან ერთად, ყველა დაწყებითი სკოლის ბავშვს ნება დავრთოთ, რათა მათ დანები ატარონ და ვინც მათზე ცუდს იტყვის, პირდაპირ გულში ჩასცენ.
ქართულ ზღაპრებს ნაცარქექიაზე, უქნარაზე, ხუთკუნჭულაზე და კომბლეზე ალბათ, ყველა ბებია და ბაბუა ძილის წინ უკითხავს შვილიშვილს, რათა მან ღამით მშვიდად დაიძინოს. ყველა ბავშვი იცნობს ნაცარქექიას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ნაცარს ქექავს და არაფერს არ აკეთებს. მოკლედ, ქუთაისურად რომ ვთქვათ, წამოდრანგულია, არ შრომობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის თითქმის უშრომელაც ეპატრონება დევის უზარმაზარ ქონებას. ჩემო მეგობარო, ახლა სააკაშვილივით არ დამიწყო, დევს საიდანა აქვს ამხელა სასახლეები ან „ხერხი სჯობია ღონესას“ კიჟინი. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნაცარქექიასთან და ხუთკუნჭულასთან საქმე სუროგატთან გვაქვს, ანუ ვიგებთ, როგორ შეიძლება გადაწყვიტო ვიღაცას ყოფა უტირო და მერე მის ქონებას დაეპატრონო.
სულ სხვაგვარადაა საქმე კომბლესთან, რომელიც თავისთვის იყო, ანუ კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა, თუმცა გაურკვეველია ჭერში კომბალს რა უნდა. მიუხედავად ამისა, აქ საქმე სხვაგვარ კრიმინალთან გვაქვს, რომელსაც ცხოველთა დაცვის ინსპექცია თუ საზოგადოება უნდა არჩევდეს. კითხვები შეიძლება ასე დავსვათ: რა უნდოდა მგელთან კომბლეს, რატომ სდრუზა მას თავში კომბალი, ტვინი გაასხმევინა და მუცელი გაუფატრა? ჯერ ერთი, რა უნდა ჰქნას მგელმა, რომელიც ღმერთმა ისე გააჩინა, რომ აუცილებლად ცხვარი უნდა ჭამოს? მეორეც, რატომ დატოვა ისე უყურადღებოდ მეცხვარე კომბლემ ცხვრები, რომ მათ ტყე-ტყე დაიწყეს წანწალი?
ამ და სხვა მაგალითების მოყვანამ ალბათ, უნდა „ჩაგვაფიქროს“, რადგან მათში სუფთა ქართული, თანაც ძალიან უარყოფითი თვისებებია ასახული. ქართველს და სხვასაც ძალიან არ უყვარს, როდესაც მასზე ვინმე ცუდს ამბობს, მაგრამ, სხვისგან განსხვავებით, ჩვენი თანამემამულე მასთან ანგარიშს გულში დანის ჩაცემით ასწორებს. ქართველი მამაკაცების უმრავლესობა დღეს მხართეძოზეა წამოდრანგული ან ნაცრის ქექვით – მთელი დღით დომინოს ან ბანქოს თამაშით ერთობა, თან ძალიან სურს დიდი ქონება ჰქონდეს და ფიქრობს კიდეც, როგორ ჩაიგდოს ხელში სხვისი ქონება. ქართველი კომბლესავით უყურადღებოა, ის კომბლებს მაშინ თლის, როდესაც მისი ცხვრები ტყე-ტყე დაეხეტებიან. მერე კი უკვე გვიანღაა „ჟუჟუნა წვიმას“ გმირივით იმისთვის თავის გახეთქვა, ტვინის დანთხევა და მუცლის გაფატვრა, ვინც მართლაც არაფერ შუაშია.
No comments:
Post a Comment