ვარკვლავები ბათუმის ფესტივალ „სუბტროპიკსაც“ არ აკლდა
გრანდიოზული ბათუმური ფესტივალის „სუბტროპიკი 2002“-ის ორგანიზატორებს მისი გახსნის წინ, ცოტა არ იყოს, ჭირვეული ამინდების ეშინოდათ, რადგან ბათუმურ თბილ მზეს სუბტროპიკული წვიმა დღეში რამდენჯერმე ცვლიდა. ჭირვეული ამინდისა და საქართველო-რუსეთს შორის არასახარბიელო ურთიერთობების ფონის მიუხედავად, ფესტივალის ქართველმა და რუსმა ორგანიზატორებმა აჭარაში რამდენიმე პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სასწაული მოახდინეს.
პირველი სასწაული ალბათ ის იყო, რომ ამდენი ახალგაზრდა (და არა ბებერი, როგორც თბილისის ფესტივალებზე ჩვევიათ) თანამედროვე და ელექტრონული მუსიკის მსოფლიოს დონის ვარსკვლავი ასე ერთად საქართველოს ჯერ არ ახსოვს. მათ შორის ყველაზე კაშკაშა ბრიტანული Aphex Twin, სამწუხაროდ, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ფესტივალზე ვერ ჩამოვიდა. თუმცა „სუბტროპიკზე“ იყო მეორე ბრიტანული სუპერჯგუფის Moloko-ს დამაარსებელი უინსტონ ჰეზელი და ევროპაში პოპულარული გერმანული ნიუ-უეივ ფანკ კოლექტივი N.O.H.A. ფესტივალს ეწვია 22 სახელგანთქმული დიჯეი რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან. მათ შორის იყო ქართველი ნიკა მაჩაიძეც (ნიკაკოი). ზემფირას გარდა რუსი შემსრულებლებიდან აჭარაში მოახერხეს ჩამოეყვანათ ისეთი პოპულარული შემსრულებლები, როგორებიც არიან იულია ჩიჩერინა და ნაიკ ბორზოვი.
მეორე თვალსაჩინო სასწაული კი 12 აგვისტოს ბათუმის სტადიონზე 32 000-მა მაყურებელმა იხილა. კონცერტის დაწყებამდე ბათუმის ცას რამდენიმე მხრიდან ძალიან მტრულად განწყობილი, პირქუში, საავდრო, გრუხუნა ღრუბელი შემოეჯარა და ყველაფრის ჩაშლას აპირებდა. კონცერტის დასაწყისში რუსმა წამყვანმა, ფესტივალ „სუბტროპიკის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ჟურნალ „პტიუჩ-კონექშენის“ მთავარმა რედაქტორმა, მუდამ სახემომღიმარმა იგორ შულინსკიმ სტადიოზე შეკრებილ ხალხს მიმართა, აუცილებლად ვილოცოთ, რათა ღმერთმა ავდარი თავიდან აგვაცილოს, მე უკვე ვლოცულობო. არ ვიცი, მასთან ერთად ყველა მაყურებელმა ან მისმა თანაწამყვანმა ნინო ნაჭყებიამ ილოცეს თუ არა, მაგრამ რამდენიმე წუთში ცაზე ერთი ღრუბლის ნაგლეჯიც კი არ დარჩენილა და კონცერტმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ქართულმა „ფლეშმა“, ჩიჩერინამ, „დინამიტმა“, ნაიურმალელმა დიმა ბილანმა, ნაიკ ბორზოვმა და, რაღა თქმა უნდა, ზემფირამ. მუსიკოსები „პტიუჩ საუნდ სისტემის“ შესანიშნავ აპარატურას იყენებდნენ.
სტადიონის კონცერტზე ყველაზე საგულისხმო ისიც იყო, რომ ალკოჰოლური სასმელის (თვით ლუდის) მინის ჭურჭლით შეტანა კატეგორიულად აიკრძალა. ამ დღეს ლუდის საოცარი დეფიციტი იყო. ამასთან დაკავშირებით ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ ბათუმში ლუდის მწარმოებელი ვერ მოძებნეს, რომელიც ასეთ გრანდიოზულ ფესტივალს დაასპონსორებდა.
პოპის რეპი „ბუნგალოში“
ფესტივალ „სუბტროპიკის“ ღონისძიებები ბათუმის რამდენიმე მუსიკალურ მოედანზე ხშირად ერთმანეთის პარალელურად ტარდებოდა „ბუნგალოში“, „რვაფეხაში“, ცირკში, „ოაზისში“ და ა. შ., ამიტომ აკრედიტირებული ჟურნალისტები ყველაფრის ნახვას ვერ ვახერხებდით. კლუბებსა და ცირკში შესვლა საკმაოდ ძვირი – 10-დან 20 დოლარამდე ღირდა. მიუხედავად ამისა, საღამოებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის დილის 6 საათზე მთავრდებოდა, მსმენელი და მაყურებელი ნამდვილად არ აკლდა. სტადიონზე გამართულ კონცერტზე შესასვლელი ბილეთი კი ყველასათვის ხელმისაწვდომი – 2 ლარი ღირდა. ხოლო ვისაც დაჯდომა სურდა, ხუთლარიან ბილეთს იძენდა და ახლადგარემონტებული ცენტრალური სტადიონის ინდივიდუალური სკამები მის განკარგულებაში იყო.
11 აგვისტოს „ბუნგალოში“ შესანიშნავი კონცერტი გამართა გერმანულმა N.O.H.A.-მ, რომლის მომღერალმა ქალმა საცეკვაოდ მისული მაყურებელი მონუსხა. შავკანიანი დიჯეის, ფრენკ პოპის ამ ჯგუფთან ერთად გამოსვლა არც ისე წარმატებული იყო. იგი არარიტმულად რეპავდა, თუმცა მაყურებელს ეს ნაკლებად ანაღვლებდა და ექსტაზნარევი შეძახილებით სტუმარს ამხნევებდა.
ზემფირას აზრით, ქართული „პოპსა“ რუსულს არ ჩამორჩება
მიუხედავად ასეთი ცნობილი სახეების სტუმრობისა, ბათუმში დიდსა და პატარას პირზე ზემფირას სახელი ეკერა და მის გამოსვლას სულმოუთქმელად ელოდნენ. ჩიჩერინამ, ნაიკ ბარზოვმა და ზემფირამ მაყურებელი არ გააწბილეს და შესანიშნავად იმღერეს. საოცარი სანახავი იყო ზემფირა, ეს ტანმორჩილი, გამხდარი გოგონა როგორ ენერგიას აფრქვევდა სცენიდან. მისი გამოსვლა ღამის 2-ის ნახევარზე დაიწყო და 3 საათამდე გასტანა. საუნდჩეკზე, ანუ ხმის გასწორებისას დიდი „ბრძოლების“ გადატანის შედეგად ზემას შევხვდი და მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს ჟურნალ „ულტრას“ ოთხშაბათის ნომერში წაიკითხავთ. ზემფირა ქართველ მუსიკოსებს ნაკლებად იცნობს, თუმცა ბავშვობაში თურმე „მზიურის“ ფირფიტებს უსმენდა:
ზემფირა: „აქ ჩამოსვლისას ყველას ვთხოვდი, რუსული მომაშორეთ, ქართული მუსიკა ჩამირთეთ-მეთქი. მოვუსმინე და, მე მგონი, ყველაფერი კარგადაა. ქართული პოპ-მუსიკა ნამდვილად არ არის იმაზე ცუდი, რაც რუსეთშია, რადგან რუსული რადიოს მოსმენა შეუძლებელია“. ზემფირა ფიქრობს, რომ ქართველებს და რუსებს ერთმანეთში არაფერი გვაქვს გასაყოფი: „ჩვენს შორის თბილი ურთიერთობები ისედაც არსებობს. ის შესაძლოა, სადღაც ზემოთ შეიცვალოს. ჩვენ უბრალოდ რომ ჩამოვსულიყავით, ყოველგვარი კონცერტის გარეშე, ყველაფერი მაინც რიგზე იქნებოდა. ქართველები თავისი სტუმართმოყვარეობით არიან სახელგანთქმულები, ხოლო რუსები – საკუთარი სულის სიდიადით. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებას ჩვენ ყოველთვის შევძლებთ“.
მან გაიხსენა, რომ საქართველოში პირველად 13 წლის წინ ბაშკირეთის გოგონათა ახალგაზრდულ საკალათბურთო ნაკრებთან ერთად იყო თბილისში. აღნიშნა, რომ თავის ცხოვრებაში ამდენი ვარსკვლავი და „ირმის ნახტომი“ პირველად სწორედ ბათუმის ამ ფესტივალზე ნახა.
გაცოცხლებული ბათუმი და გახარებული ტურისტები
ფესტივალის რუსი ორგანიზატორი იყო ჟურნალი „პტიუჩ კონექშენ“, ხოლო ქართული – ბათუმის მერია და „აღორძინება“. ფესტივალის დღეებში ბათუმი ტურისტებით გაივსო. სხვათა შორის, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, აქ პირველად ჩამოვიდნენ რუსი დამსვენებლები.
13 აგვისტოს, რამდენიმე წლის წინ გადამწვარ, უსახურავო ცირკში მშვენიერი ცეცხლოვანი შოუ მოაწყვეს პეტერბურგელმა „რეჩნიკებმა“ და მოსკოველმა „მინისტერსტვო ფსიქოდელიიმ“. ელექტრონული მუსიკის მოყვარულები, ამავე დღეს, სახელგანთქმულმა დიჯეი უინსტონ ჰეზელმა აცეკვა.
მე კი, ალბათ, სამუდამოდ დამამახსოვრდება ზემფირას სიმღერის „უსასრულობის“ ფონზე ცად ატყორცნილი ფოიერვერკები, ბათუმის წითლად მოელვარე შუქურა და რუსებისა და ქართველების ერთობლივი ლოცვა, რომელმაც ციდან საავდრო ღრუბლები გადაყარა.
No comments:
Post a Comment