ზემფირას არ უყვარს ისეთი მომღერალი, რომელიც „ნეხვს“ მღერის
[ექსკლუზივი]
რუსეთში ვიქტორ ცოის შემდეგ არც ერთი როკ-მომღერალი ისეთი პოპულარული არ ყოფილა, როგორც ზემფირა. თუმცა ეს თავმდაბალი გოგონა არ თვლის, რომ როკ-მომღერალია. მიაჩნია, რომ მღერის იმას, რაც ემღერება.
ზემფირა ტოლგატოვნა რამაზანოვა 1976 წლის 26 აგვისტოს ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში დაიბადა. მამა ეროვნებით თათარია, დედა – ბაშკირელი. პირველი სიმღერა 5 წლის ასაკში დაწერა. წარმატებას 1999 წელს მიაღწია, როცა პირველი ალბომი ჩაწერა. ზემა ძველი კალათბურთელია და რუსეთის იუნიორთა ქალთა კალათბურთის ნაკრების კაპიტანიც იყო. ეს ექსკლუზიური ინტერვიუ ბათუმის წლევანდელ ფესტივალზე „სუბტროპიკი 2002“ ჩავწერე.
– ზემფირა, როგორ მიიღე მოწვევა და თუ იცოდი, სად ჩამოდიოდი, რომელ ქალაქში?
– ბათუმი სად იყო, რა თქმა უნდა, ვიცოდი. მოლაპარაკებებს დიდი დრო არ წაუღია. წელს უამრავ ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა, ჩვენ მოგვწონს ფესტივალები. „სუბტროპიკი“ ახალგაზრდული ფესტივალია და კარგია, რომ კარგი მუსიკის პროპაგანდა ხდება. არ ვიცი, სხვა ფესტივალი კიდევ ტარდება თუ არა თქვენს ქვეყანაში. მითხრეს, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან საჭირო ფესტივალია. საჭიროა მეტი მსგავსი ფესტივალი ჩატარდეს. მინდა აღვნიშნო, რომ ამდენი ვარსკვლავი ერთად ცაზე ჩემს ცხოვრებაში პირველად ბათუმში დავინახე. ირმის ნახტომიც შევამჩნიე.
ისე, საქართველოში, კერძოდ თბილისში, პირველად 10 – 13 წლის წინ ვიყავი, როდესაც გოგონებს შორის ახალგაზრდული საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა. სხვათა შორის, მაშინ ბაშკირეთის ნაკრების გარდა ვერავინ ჩამოვიდა, რადგან სხვა რეგიონებს შეეშინდათ. იმ წლებში საქართველოში დიდი მღელვარება და მიწისძვრებიც იყო. ჩვენ აქ მთელი კვირა დავყავით. მართლაც საოცრად მომწონს აქაურობა.
– საქართველოს სახელის გაგონებისას მხოლოდ კალათბურთის ასოციაცია გიჩნდება?
– არა, რატომ მარტო კალათბურთი? მახსენდება ღვინო, ხაჭაპური, „გამარჯობა“, ილია II და კიდევ ბევრი რამ...
– აქ ჩამოსვლა ბევრისთვის რთულია, რადგან ეშინიათ. არ შეგეშინდა?
– გეოგრაფიული წერტილებით ძალიან რთულია ჩემი შეშინება.
– ქართველ შემსრულებლებს თუ იცნობ?
– ძალიან ცოტას, მხოლოდ იმათ, ვინც რუსეთში ტრიალებს, მაგრამ ბავშვობაში „მზიურის“ ფირფიტა მქონდა, ძალიან კარგები იყვნენ. სხვათა შორის, მაშინ მეც ვმღეროდი გუნდში. ვიცნობ გვერდწითელსა და პავლიაშვილს. გუშინ მე თქვენი ჯენის ჯოპლინი – ნინო ქათამაძე გავიცანი, ძალიან კარგი ქალია. მითხრეს, რომ ეს ჩვენი ჯენის ჯოპლინიაო. მართალია, მას არ უმღერია, მაგრამ სიტყვაზე მჯერა, რომ კარგი მომღერალია. აქ ჩამოსვლისას ყველას ვთხოვდი, რუსული მომაშორეთ, ქართული მუსიკა ჩამირთეთ-მეთქი. მოვუსმინე და, მე მგონი, ყველაფერი კარგადაა.
– ამას გულწრფელად ამბობ?
– გულწრფელად ვამბობ, ქართული პოპ-მუსიკა ნამდვილად არ არის იმაზე ცუდი, რაც რუსეთშია, რადგან რუსული რადიოს მოსმენა შეუძლებელია.
– რომელი ქართული კერძი მოგეწონა?
– სხვათა შორის, სასტუმროში რძიანი ჩაი მოვითხოვე და ყველას გაუკვირდა. საქართველოში რძიან ჩაის არ სვამთ? ისე გაუკვირდათ, რომ მეგონა, რაღაც სისულელე ვთქვი. ჩვენ აჭარული ხაჭაპურები გავსინჯეთ და ორი კილო მოვიმატე.
– მშობლიურ უფაში ხშირად ჩადიხარ?
– ხშირად.
– ადრე, როდესაც იღლებოდი, დასასვენებლად უფის საავადმყოფოში მიდიოდი და იქ პალატაში რამდენიმე კვირას ატარებდი ხოლმე. გენატრება ეს საავადმყოფო?
– დედა უფრო მენატრება, ვიდრე საავადმყოფო.
– ბედნიერი ქალი ხარ?
– ძალიან ბედნიერი ვარ.
– ზემფირას მუსიკამ ახალგაზრდების ცნობიერებაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. ამაზე რას იტყვი?
– ვერ ვიტყვი, რომ მათ ცნობიერებაში რაიმე შევცვალე, უბრალოდ, შეიძლება არა მაქვს ცუდი ხმა, რითაც შემიძლია რაღაც აზრები გამოვხატო. მეჩვენება, ჩემი დამსახურება იმაშია, რომ შემიძლია კარგი სიმღერები შევასრულო. მას მხოლოდ იმიტომ უნდა მოუსმინონ, რომ ცუდი ხმა არ მაქვს.
– რომელი მუსიკოსი მოგწონს?
– ძალიან ბევრი. ჩვენ სულ თან დაგვაქვს ფირფიტები – Radiohead-ით დაწყებული, Jay-Jay Johanson-ით დამთავრებული. მართალი გითხრა, ყველა მომწონს, ვინც „ნეხვს“ არ მღერის. „ნეხვია“, როდესაც მომღერალი მღერის და არაფერი აქვს სათქმელი, ვერაფერს გრძნობს. გაურკვეველია, ასეთები რატომ მღერიან საერთოდ? თუკი არაფერს გულისხმობ, რა საჭიროა პირი დააღო და რაღაც სიტყვები გამოსცე. ეს მაღიზიანებს. ყოველთვის მესიმპათიურება ის, ვინც გრძნობით მღერის.
– ზემფირა, ერთხელ რადიოში აღნიშნე, რომ „პოპსავიჩკა“ ხარ. თუკი ასე, მაშინ ნამდვილი „პოპსავიკი“ ვინაა?
– მე პერიოდულად ვცვლი ხოლმე ჩემს პასუხებს, ყოველთვის ვურევ. დღეს ერთი პასუხი მაქვს, ხვალ – მეორე, რადგან ამით ჭეშმარიტებას ვმალავ. ჭეშმარიტება იმ ადამიანებისთვის უნდა შეინახო, ვინც გჭირდება და გაგიგებს.
– რა რეაქცია გაქვს, როცა ცნობილ მომღერალს, ვთქვათ, ალა ბორისოვნა პუგაჩოვას გადარებენ?
– ყველანაირი. არაფერი საერთო მასთან არა მაქვს. ამ ქალს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მეჩვენება, რომ ჩვენ სხვადასხვა პლანეტიდან ვართ.
– როგორი მამაკაცები მოგწონს?
– ეს პროვოკაციული კითხვაა. ეს რომ ვთქვა, მერე ისინი ეცდებიან თავი ასეთად მომაჩვენონ. მოკლედ, მამაკაცი უნდა იყოს ნიჭიერი, საინტერესო, არ უნდა იყოს ხარბი, უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, ჰყავდეს მანქანა, ჰქონდეს ტყავის ქურთუკი, „ზიპოს“ სანთებელა... [იცინის]
– როგორ წერ სიმღერებს, ეს შენი ცხოვრებაა, თუ საკუთარ თავს სხვადასხვა სიტუაციაში წარმოიდგენ ხოლმე?
– ძალიან გამიძნელდება გითხრა, როგორ ვწერ. ალბათ, ისევე ვწერ, როგორც თქვენ, ჟურნალისტები ინტერვიუს იღებთ. დაუფიქრებლად, წყნარად ვჯდები და სხვადასხვა ადგილებში ვწერ.
– ადვილია იყო ვარსკვლავი?
– გააჩნია, რა მხრიდან შეხედავ. ისე კი, რა თქმა უნდა, ჩემი სოციალური მდგომარეობა შეიცვალა.
– თუკი დედამიწაზე ყველა ის პრობლემა, ტკივილი გაქრება, რომელზეც მღერი, მაშინ რაზე იმღერებ?
– არა მგონია, პრობლემებზე ვმღეროდე. მათზე სხვები მღერიან. მე სიყვარულზე ვმღერი.
– თუ აპირებ ჟურნალისტებთან პირად ცხოვრებაზე საუბარს?
– არავითარ შემთხვევაში. მე ვთვლი, რომ საკმარისია ასეთი ხანმოკლე შეხვედრები. განსაკუთრებით თავხედი ჟურნალისტები ვერ მაწუხებენ. ჩვენ ბოლო დროს მათთან მოლაპარაკება ვისწავლეთ.
– ყოფილა შენს ცხოვრებაში ისეთი ჭორი, რომელმაც გაგაოცა?
– არ მინდა ჭორების გავრცელებაში ერთ-ერთი რგოლი ვიყო. ეს ძალიან დიდი სისულელეა.
– ზემფირა, ყველაზე მეტად რისი გეშინია?
– ასეთ კითხვას ვერ ვუპასუხებ, რადგან თუ ვიტყვი, მერე ჩემს დაშინებას დაიწყებენ.
– რას კითხულობ ხოლმე?
– სხვადასხვა წიგნს, დედაჩემსაც ვეუბნები, რომ ჟურნალ-გაზეთების კითხვას წიგნის კითხვა სჯობს. პრესას არ ვეცნობი, რადგან ძალიან ბევრი დეზინფორმაცია იბეჭდება და ის მარტო მე არ მეხება. როდესაც რამეს ვკითხულობ, არ ვიცი მასში ტყუილი რამდენი პროცენტია.
– როდესაც სიგარეტზე მღერი, არ ფიქრობ, რომ ეს მოწევის პროპაგანდაა?
– არა. ეს სიმღერა იმაზეა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მოიწყინონ.
– სპორტით თუ ხარ გატაცებული?
– კი, ბენდის წევრები ერთმანეთს ცურვაშიც ვეჯიბრებით. კონცერტებზე ძალიან აქტიური ფიზიკური დატვირთვა გვაქვს და რომ არ ვივარჯიშოთ, ძალიან გაგვიჭირდება.
– რეპეტიციებზე მკაცრი ხარ?
– ძალიან მკაცრი ვარ.
– ელექტრონულ მუსიკაზე რას ფიქრობ?
– თუკი მუსიკოსი ცოცხალ ინსტრუმენტებზე უკრავს, ის ელექტრონულ მუსიკასაც შექმნის, მაგრამ, იმისათვის, რომ ცოცხალი მუსიკა დაუკრა, სცენაზე ხუთი კაცი მაინც უნდა იდგეს, ხოლო ელექტრონულის შესრულებას ერთიც ჰყოფნის. საქმე იმაშია, რომ „ელექტრონშიკებს“ არა ჰყავთ ის ხუთი კაცი, ვინც მათთან ერთად დაუკრავს. ამ სფეროში რაღაცას ვაკეთებ ხოლმე. ცოტა თვითკრიტიკული რომ არ ვიყო, დღეისთვის ასე, 94 ელექტრონული ნაკრები მაინც მექნებოდა გამოშვებული. მაგრამ ეს საქმე მე არ მომწონს. მსიამოვნებს, როცა კონცერტში მუსიკოსი იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ჯგუფში ბევრი იდეა იბადება და საერთო აზრამდე მივდივართ.
– ცხოველები თუ გიყვარს და ხომ არა გყავს ძაღლი ან კატა?
– საგასტროლო გრაფიკიდან გამომდინარე, ძალიან რთულია სახლში რაიმე არსების ყოლა, რადგან მათ მოვლა სჭირდებათ, ხოლო ჩვენ ძალიან ხშირად ვიცვლით გრძედსა და განედს.
– რაში მდგომარეობს წარმატების ფორმულა?
– ამ კითხვას უკეთესად, ალბათ, ანალიტიკოსები უპასუხებენ. მე ჯერ ვერ მოვახერხე ჩავჯდე და ვიფიქრო, თუ რაში მდგომარეობს წარმატების ფორმულა.
– ზემფირა, ქართველმა და რუსმა ხალხმა რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენს ხალხებს შორის თბილი ურთიერთობები დამყარდეს?
– ჩვენს შორის თბილი ურთიერთობები ისედაც არსებობს. ის შესაძლოა, სადღაც ზემოთ შეიცვალოს. ჩვენ უბრალოდ რომ ჩამოვსულიყავით, ყოველგვარი კონცერტის გარეშე, ყველაფერი მაინც რიგზე იქნებოდა. ქართველები თავისი სტუმართმოყვარეობით არიან სახელგანთქმულები, ხოლო რუსები – საკუთარი სულის სიდიადით. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებას ჩვენ ყოველთვის შევძლებთ.
No comments:
Post a Comment