როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს საინფორმაციო ომს უცხადებს, შედეგს რამდენიმე თვეში აღწევს. საინფორმაციო ომის დროს ერთი ქვეყანა ცდილობს საკუთარ მოსახლეობას არასწორი, დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდოს იმ ქვეყნისა და მოქალაქეების შესახებ, რომელსაც ებრძვის. ისტორიას არაერთი საინფორმაციო ომი ახსოვს და ამ ომის შედეგები გაცილებით საშინელია, ვიდრე სამხედრო ომისა, რადგან ომის შემთხვევაში ერთმანეთს მხოლოდ სამხედროები ებრძვიან, ხოლო საინფორმაციო ომი ქიმიურს ჰგავს – იწამლება მთელი ერი და მისი შედეგების ლიკვიდაციას ათწლეულები სჭირდება.
ალბათ ყველას კარგად ახსოვს ე. წ. „ცივი ომი“, ანუ საინფორმაციო ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთის სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს შორის. ბერლინის კედლის სიმბოლური დანგრევის შემდეგ უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ ომისგან მოყენებული ჭრილობების შეხორცება, სტერეოტიპების მსხვრევა დღესაც მიმდინარეობს თუნდაც დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის მაცხოვრებლებს შორის.
რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულ სიტუაციას ბევრი მასმედიის საშუალებებს აბრალებს და შეიძლება ითქვას, რომ ეს მართლაც ასეა. რუსული მედია მკვეთრ ანტიქართულ და ანტიკავკასიურ პროპაგანდას ეწევა. ამაში თავად დარწმუნდებით თუკი თვალ-ყურს გაადევნებთ ბოლო დროს რუსულ ჟურნალ-გაზეთებში, რადიოებსა და ტელევიზიებში მიმდინარე პროცესებს. ეს არის მიზანმიმართული ცილისმწამებლური და ჩვენთვის შეურაცხმყოფელი კამპანია.
ბევრი რუსი ჟურნალისტი აშკარად ცდილობს რუს ხალხს ეთნიკურად შეაზიზღოს ქართველი ერი. მიუხედავად იმისა, რომ ამას არ იზიარებს უფროსი თაობის ინტელინგეცია, რომელსაც ყოფილ საბჭოეთში ასე თუ ისე შეხება მაინც ჰქონდა ქართველებთან, ახალგაზრდების უმრავლესობა უკვე წამოეგო ამ ანკესზე და მათ უკვე იციან რას ნიშნავს ფაშისტური გამონათქვამი лицо кавказской национальности.
ვინ არის ტიპიური რუსი ახალგაზრდას წარმოდგენაში ქართველი? ეს არის აუცილებლად შავგვრემანი, ბინძური, ველური, გაუპარსავი, განუვითარებელი, უინტელექტო ადამიანი, რომელსაც თავზე ახურავს დიდი კეპი (საინტერესოა როდის მერე), აქვს ძალზედ გამოკვეთილი კავკასიური აქცენტი და ყოველნაირად ცდილობს რუსი მოატყუოს, ან მასზე ძალადობა იხმაროს. რუსულ ფაშისტურ და ნაციონალისტურ ორგანიზაციებში მუსულმანი, ქართველი და ებრაელი ერთ შავ სიაშია შეყვანილი. რუსი ახალგაზრდების უმრავლესობას აღარც კი ახსოვს, რომ ქართველები რუსების ერთმორწმუნენი არიან.
ამას წინათ რუსული Mtv-ის ერთ გადაცემაში ერთ-ერთი ყაზახური კლიპი აჩვენეს და ბევრიც იცინეს. მერე კი მომხიბლავმა ყმაწვილმა წამყვანმა გოგონამ ღიმილით აღნიშნა, რომ ასეთივე სიმღერები აქვთ ქართველ ჯიგიტებსაცო. სად ყაზახი და სად ქართველი (თანაც ჯიგიტი)? თუმცა რუსი წამყვანი ყმაწვილი გოგონასთვის ეს ერთი და იგივეა და ორთავე ერი მისთვის სასაცილოა. საერთოდ, რუსულ ფილმებშიც ქართველები თითქმის ყოველთვის არასერიოზული ადამიანების, ან ბოროტმოქმედების იმიჯი აქვთ.
საოცარია ისიც, რომ ყოფილი სსრკ-ს ევროპულ ქვეყნებშიც თითქმის მსგავსი დამოკიდებულება არსებობს ქართველების და კავკასიელების მიმართ. მაგალითად, ბალტიისპირელმა ყმაწვილებმა უკვე აღარ იციან რა არის საქართველო და ის ამერიკის ერთ-ერთი შტატი ჰგონიათ. ეს შეგიძლიათ ინტერნეტშიც შეამოწმოთ. ალბათ, ჩვენი ინერტულობის ბრალიცაა ისიც, რომ საზღვარგარეთელმა ინტერნეტის მომხმარებელმა ახალგაზრდამ კარგად იცის ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინის, სომხეთის შესახებ, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ არც კი გაუგონია საქართველოს სახელი და თითქმის ყოველთვის ამერიკულ შტატში ერევათ. ჩვენი ასეთი იმიჯის გამო მწარედ დაგვცინიან რუსი პოლიტიკოსები და თვით ზოგიერთი „კულტურის“ მუშაკიც.
ჩვენ რა უნდა ვქნათ? მშვიდად ვადევნოთ თვალ-ყური ასეთ პროპაგანდას, მკაცრი პასუხი მოვთხოვოთ რუს ჟურნალისტებს თუ ჩვენც იგივე ვაკეთოთ? ამდენის მოთმენა და დუმილი შეიძლება? ისე, იმიჯი ხომ არ შეგვეცვალა?
No comments:
Post a Comment