Monday, August 26, 2002

ნაიკ ბორზოვი: „ქართველებო, გაუფრთხილდით საკუთარ მიწას“

რუსი ყოფილი პანკი მოთმინებისკენ მოგვიწოდებს

რუსი როკერების კუმირს, ნაიკ ბორზოვს ჩაქვის სასტუმრო „ოაზისში“ შევხვდით ფესტივალ „სუბტროპიკი 2002“-ის დღეებში. როგორც მან გვითხრა, „შეგნებული აზროვნებით“ საქართველოში პირველადაა, რადგან ადრე აქ ღრმა ბავშვობაში იყო და არაფერი ახსოვს. თუმცა დასძინა: მხოლოდ სერპანტინები და მანქანის უკანა მხარეს სიჩქარის შემზღუდავი ნიშნები დაამახსოვრდა, რომელსაც, სავარაუდოდ, „60“ ეწერა.

-------------------------------
მცირე პრეს-დოსიე

-------------------------
------
პოპულარული მოსკოველი მუსიკოსი ნაიკ ბორზოვი 1972 წლის 23 მაისს დაიბადა.
1986 წელს პანკ-ჯგუფი „ინფექცია“ ჩამოაყალიბა, რომელმაც 1992 წლამდე იარსება. 1989 წლიდან დღემდე ბორზოვი მონაწილეობას იღებს სკანდალურ პროექტში „Хуй Забей“. 1992 წლიდან კი სოლო კარიერას მიჰყო ხელი და დიდ პოპულარობასაც მიაღწია. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია: „Три Слово“ (ეს სიმღერა სახელმწიფო დუმის სხდომის განხილვის საგანი გახდა), „Верхом На Звезде“ და „Лощадка“, რომელიც თავის დროზე FM ფორმატის მრავალმა რადიოსადგურმა აკრძალა, რადგან მასში იყო სიტყვა „კოკაინი“. დამთავრებული აქვს საესტრადო-ჯაზური ფაკულტეტი. დღემდე 5 სოლო ალბომი გამოსცა.
----------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------

ნაიკ ბორზოვი: – მე, პირადად, დასასვენებლად ჩამოვედი. ფესტივალით ძალიან კმაყოფილი ვარ. პრაქტიკულად, ყველა ღონისძიებაზე დავდივარ. „სუბტროპიკი“ ძალიან მრავალფეროვანი ფესტივალია.

– ელექტრონულ მუსიკას როგორ უყურებთ?

– ეს ძალიან პროგრესული მუსიკაა, რომელიც კიდევ უფრო განვითარდება კომპიუტერებთან ერთად. ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს.

– თავად თუ იყენებთ ასეთ მუსიკას?

– როგორ არა, სინთეზატორებს, დრამ-მანქანებს ვიყენებ, თუმცა ცოცხალ ინსტრუმენტებს ისინი ვერ შეცვლიან.

– სიმღერა „Лощадка“-ში ამბობთ, რომ პატარა ცხენი ხართ და დიდ ტვირთს მიათრევთ. ძნელია იყო პოპულარული?

– ამაზე არ მიფიქრია. პოპულარობა რაღაცას მართმევს, მაგრამ, ამავე დროს, რაღაცას მაძლევს. თუმცა უფრო საინტერესოა ის, რაც მოიტანა.

– რომ შეგეძლოთ, როგორ ფესტივალს გააკეთებდით – მუსიკა რის წინააღმდეგ?

– არაფრის... მუსიკა ყოველთვის რაღაცისთვის კეთდება, ის პოზიტიური და კონსტრუქტიულია. ამიტომ მე ვერ ვიქნები რაიმეს მომხრე ან მოწინააღმდეგე. არც რომელიმე ორგანიზაციას ან ტუსოვკას მივეკუთვნები, არც პოლიტიკა მაღელვებს. მაინტერესებს ის, რაც მაინტერესებს.

– ალკოჰოლს თუ იღებთ კონცერტზე გამოსვლის წინ?

– ცოტას ვსვამ.

– რა შეგიძლიათ თქვათ საკუთარ მუსიკაზე?

– მე, უბრალოდ, ისეთ მუსიკას ვუკრავ, რომელიც მომწონს. არა მგონია, ეს როკი იყოს. ეს ყველაფერი პოპ-მუსიკაა, რომელიც ხალხს აინტერესებს.



















– როგორც ჩანს, პოპ-მუსიკას თქვენ ყველაფერს უწოდებთ, მაშინ ვინღა არიან არბაკაიტე, კირკოროვი და სხვები?

– პოპ-მუსიკა პოპულარული მუსიკაა. არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად მხოლოდ ფულისთვის მუშაობენ და ეს კარგად ჩანს. მათ შუბლზე აწერიათ, რას და როგორ აკეთებენ, მაგრამ არსებობს პოპი, რომელიც იმიტომ კეთდება, რომ მოგწონს ხარისხიანი და საინტერესო პროდუქცია. ხოლო, თუ როგორი გაკეთებულია და მასში რა არის ჩადებული, უკვე ხალხმა უნდა ამოირჩიოს. ყველას ვერ მოატყუებ და თუ ვინმესთვის წერ, მას მუსიკალური პროსტიტუციის სუნი აუვა. ეს არ არის გულწრფელობა.

– ნაიკ, საქართველოში ახლა შესაძლოა განიხილონ კანონპროექტი მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. თქვენ პირადად, მომხრე ხართ ასეთი კანონის?

– ნებისმიერი შეზღუდვის წინააღმდეგი ვარ. არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს ვიღაცის აზრს თავს ახვევენ. ადამიანმა თავად უნდა ამოირჩიოს, რადგან იგი მოაზროვნეა, ხოლო თუკი ვინმე ცდილობს მის ნაცვლად რამეს გადაწყვეტას, იგი პრიმიტიულ ცხოველად გადაიქცევა. ეს ინკვიზიციასა და რეპრესიებს მაგონებს, ერთი სიტყვით – დიქტატს. ვერ ვიტან შეზღუდვებს, რისიც არ უნდა იყოს ეს – პორნოგრაფიის, ნარკოტიკების, ალკოჰოლის თუ ქუჩაში სექსის. ეს ყველაფერი ბუნებრივია. ბუნებრივი შერჩევით ხალხი იღუპება და ესეც ბუნებრივია – ვინც სუსტია, ის იღუპება.

– გწამთ თუ არა ღმერთის არსებობის?

– მე იმ ძალების მწამს, ვინც ამ სივრცეს, დედამიწას და მთელს სამყაროს ამოძრავებს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ იმასთან ერთად, რაც ირგვლივ გვარტყია. აწორედ ესაა ღმერთი და იგი ჩვენშია, ისევე, როგორც ეშმაკიც. სიკეთე და ბოროტება ჩვენშია, არც სამოთხე არსებობს და არც – ჯოჯოხეთი.

– აპირებთ თუ არა საზღვარგარეთ თქვენი პროდუქციის გატანას?

– ვფიქრობ როგორ გავაკეთო ეს, მაგრამ ჯერჯერობით არ მსურს ამაზე ვისაუბრო. კარგი იქნება, რუსული მუსიკით ვინმეს თუ დავაინტერესებ, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ.

– როგორ ფიქრობთ, თქვენ რუსულ მუსიკას ასრულებთ?

– ჩემი მუსიკა ინტერნაციონალურია, რომელსაც როგორც რუსი, ასევე, უცხოელიც უსმენს. ბევრი უცხოელი ჩემს კონცერტებს ესწრება. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობ, მათ ჩვენი ჯგუფის ენერგია მოსწონთ, თუმცა ტექსტი არ ესმით.

– თქვენ ახერხებთ მაყურებლის „აგდებას“ თუ პირიქით ხდება?

– თუკი ვიფიქრე, ვისთვის ვუკრავ და როგორ გამოვიყურები, ეს იქნება, ბოდიში, მაგრამ რაღაც ბუასილის მსგავსი პროცესი. სცენაზე უბრალოდ გამოვდივარ და ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც მომწონს. ვფიქრობ, ცუდი პუბლიკა არ არსებობს. არსებობენ ცუდი მუსიკოსები, რომლებიც ხალხს ვერ აგდებენ. ეს შექცევადი პროცესია, ანუ ენერგიას ხალხში ვუშვებ და ის მიბრუნებს. ამას მაყურებელი გრძნობს.

– ნაიკ, როგორ ფიქრობ, ცუდი მუსიკა არსებობს?

– ცუდი ადამიანები არსებობენ, მაგრამ ცუდი მუსიკა არ არსებობს, რაც უნდა პირქუში იყოს იგი. თვით ბლექ-მეტალშიც არსებობს საინტერესო მომენტები.

– რომელი ქართული სიტყვები იცით?

– „ჭაჭა“, „გენაცვალე“ და კიდევ რამდენიმე. რამდენიმე ძველი ქართული შავ–თეთრი ფილმი ვნახე და ძალიან მომეწონა.

– დაბოლოს, ბანალური კითხვა – რას უსურვებ ქართველებს?

– გაუფრთხილდით საკუთარ მიწას, მუდამ აყვავებული ყოფილიყოს. როგორი შესანიშნავი ბუნებაც გაქვთ, ისეთივე პოლიტიკა, ეკონომიკა გქონდეთ. იმისათვის, რომ ჩვენს შორის დაძაბული ურთიერთობა გამოკეთდეს, ალბათ, საკუთარი თავის და ირგვლივმყოფების მიმართ მომთმენნი უნდა ვიყოთ, როგორც ქართველები, ასევე, რუსები. ანუ პატივი უნდა ვცეთ სხვის აზრს. სულ ცოტა, მოვუსმინოთ და ანალიზი გავუკეთოთ მას და ერთმანეთზე ზეწოლა არ მოვახდინოთ.

No comments:

Post a Comment