Tuesday, August 13, 2002

მოცეკვავე პლანეტა

ჩემო მეგობარო, თუ გაქვს ჯგუფ Siouxsie & The Banshees-ის ჩანაწერები, ჩართე და ყური უგდე მათ მუსიკას. მათ მრავალფეროვან რიტმზე წარმოიდგინე, რომ მთელი მსოფლიო ცეკვავს. ეს ჯგუფი დღეს არ არის მოდაში (არც როდესმე ყოფილა), მაგრამ ცეკვა მოდაშია. ამ მუსიკაზე ცეკვავს ჯორჯ ბუში და ოსამა ბინ ლადენი, ცეკვავენ ვლადიმერ პუტინი და ედუარდ შევარდნაძე, ბილ გეიტსი და იოანე პავლე II. ცეკვავს ეკა ხოფერია და ჯანსუღ ჩარკვიანი, ლადო ბურდული და ნინო ქათამაძე, გიგა ლორთქიფანიძე და თამაზ წივწივაძე, ირაკლი და გელა ჩარკვიანები, ლელა წურწუმია და აჩიკო მეფარიძე, ზოგი – მარტო, ზოგიც – დაწყვილებული.

მთელი დედამიწა ცეკვავს. ამის შემხედვარე ზოგჯერ გეშინია, კაცობრიობის ფეხის ხმა რეზონანსში არ მოყვეს და პლანეტა ნაწილებად არ დაგვეშალოს, თორემ შემდეგ უსასრულო კოსმოსში, მიწის დანაწევრებულ ნაგლეჯებზე, მარტოკებს მოგვიწევს ხეტიალი და ცეკვა. მაშინ კი ვეღარავის გამოვიცეკვებთ, მარტო კაცი კი „ჭამაშიაც ბრალიაო“ – უთქვამს ჩვენს თუ სხვის წინაპარს. დღეს უკვე ყველა ცეკვავს.

მოცეკვავე პილოტების გამო, თვითმფრინავები ციდან ცვივა, მოცუნდრუკე მძღოლების გამო კი ავტოსაგზაო შემთხვევები ფატალურად მთავრდება. ცეკვავენ ქართველები, აფხაზები, ოსები, ჩეჩნები და რუსები. ალბათ, ყველას ძლიერ მოშივდა. ზოგს საჭმელი, ზოგსაც სისხლი მოწყურდა. საქართველო მსოფლიოში ყველაზე რადიკალური მუსიკის ქვეყანაა, რადგან ჩვენთან არსებობს როკის გვირაბი, ორი მეტალურგიული ქარხანა (შესაბამისად არსებობენ მეტალისტებიც) და პანკისი, – რეგიონი, რომელშიც წესით პანკები უნდა ცხოვრობდნენ... და რადგან, სამივე მუსიკალური სტილი რადიკალურია, ამიტომ ჩვენი ცეკვაც, შესაბამისად, რადიკალურია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი მისტიკური მისწრაფებაა, სწორედ ამიტომ ცდილობენ ჩვენში მუსიკის სიყვარული ჩაკლან.

აგერ, პატარა მათხოვარი ბიჭუნა, დედაქალაქის დედაქუჩაში ქარისგან მონარნარე ხეებს ცეკვა-ცეკვით წრეებს არტყამს. აგერაც, სახელმწიფო კანცელარიასთან მინისტრები სამბას ილეთებით იქნევენ უკანალს. ჟურნალისტებიც ცეკვავენ თავიანთ რესპოდენტებთან დაწყვილებულები. ცეკვავენ ბავშვებიც და ისინი უფროსების ილეთებს იმეორებენ.

ვინც არ ცეკვავს, ის არ ჭამს – არც აჭმევენ.

ჩვენ გვშია და ვცეკვავთ. არამოცეკვავეები პრაქტიკულად არ არსებობენ. ზოგს ლუკმაპური შია, ზოგსაც – სექსი, ზოგს – სიგიჟე, ზოგს – ძალაუფლება. ფორმიანები და უფორმოებიც ფეხშეწყობით ცეკვავენ. ცეკვისგან ყველა იღლება. ზოგი კარგად ცეკვავს, ზოგიც – ცუდად. მიუხედავად ამისა, ჩვენს ირგვლივ მყოფი ცხოველები ვერ ავაცეკვეთ. ისინი ისეთები დარჩნენ, როგორებიც იყვნენ. ჩვენ კი ისე მივეჩვიეთ ცეკვას, რომ უკვე მიცვალებულები ცეკვა-ცეკვით მიგვყავს სასაფლაოებამდე და სამარეში ჩაშვებამდეც დოლ-გარმონზე ვაკუნტრუშებთ (აქაოდა, ცხონებულს ცეკვა ძალიან უყვარდაო).

ჩემი რუსი ნაცნობი, ალექსანდრ სკლიარი მღერის: „ჩვენ ზეცაში ამავალ კიბეზე ავძვრებით, ჩვენ მთვარის ბასრ პირზე ვიცეკვებთ, ჩვენ ფეხშიშველები მთვარეზე წავალთ“. ცეკვა კი, მართლაც, ყველგან შეიძლება – დედამიწაზე, მთვარეზე და სხვა პლანეტებზეც. ამისთვის, სულაც არ არის საჭირო იქ გაემგზავრო კოსმოსური ხომალდით. ჩემი ქუთაისელი მეგობარი, მხატვარი ანდრეი ზვერევი წერს: „სულელი ხარ შენ ადამიანო, თუკი ფიქრობ, რომ მფრინავი აპარატის შექმნით შენ ცათა საუფლოში შეხვალ. რაც უფრო სწრაფად მიჰქრის შენს მიერ შექმნილი მანქანა ზეცაში, მით უფრო სცილდები დედამიწის შექმნის ჭეშმარიტებას. ნუ დაჰქრი შენ უსაზღვრო ცაში. ჭეშმარიტება შენშია, და შენ ხარ მანქანა, და შენში არსებობს რწმენა. ეძებე იგი თვითშემეცნების ზესკნელში“.

თუკი Siouxsie & The Banshees-ის მუსიკას გამოვრთავთ, ადამიანები ცეკვას შეწყვეტენ და ყველაფერს ისე დავინახავთ, როგორც სინამდვილეშია, როგორსაც უკვე მივეჩვიეთ და მოგვწყინდა, ყელში ამოგვივიდა. არადა, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ შევცვალოთ და არა მარტო წარმოსახვაში.
 

No comments:

Post a Comment