ყოველთვის, როდესაც ეროვნული ჰიმნი ჟღერს, თვალწინ მიდგას არა ადამიანი, რომელიც გულზე ხელმიდებული, სმენაზე დამდგარი თვალებგაბრწყინებული მღერის თავისი ქვეყნის მთავარ მუსიკალურ ნაწარმოებს, არამედ ცაზე მუშტმოღერებული, წარბშეკრული ქართველი, რომელიც, ამავე დროს, ეგზალტირებულიცაა. მისთვის ეროვნული ჰიმნი არა სიამაყე, არამედ იმის განცდაა, რომ მის დაბეჩავებულ ქვეყანას მუსიკალური ჰერალდიკაც ჰქონია, რომელსაც რაღაც ტექსტიც აქვს. ეს მუსიკალური ნაწარმოები კი ამ მუშტებმოღერებული ქართველისთვის არ იმღერება. აი, „სიყვარული დაფრინავს“ კი იმღერება, უფრო მეტიც, ირეპება და რემიქსდება კიდეც, მაგრამ ამ ეროვნული ჰიმნის მელოდიას ქართველმა ვერაფერი გაუგო.
არადა, ამ ეგზალტირებულ, მაგრამ, ამავე დროს, ნევროზულ ქართველს კარგად ესმის, რომ ქვეყანას ჰიმნი უნდა ჰქონდეს. ო, რამდენჯერ უნატრია სტადიონზე მყოფი გერმანელი ან ინგლისელი ფეხბურთის გულშემატკივრის ბედი, რომლებიც სიამოვნებითა და სიამაყით მღერის საკუთარი ქვეყნის ჰიმნს, თანაც ისე ლაღად, თავისუფლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, რომ... მოკლედ, მათი ძლიერ შურს. ამას წინათ სტადიონზეც კი მივიდა საკუთარი საფეხბურთო გუნდის საგულშემატკივროდ. იქ ეროვნული ჰიმნის ტექსტი დაახვედრეს, მაგრამ რად გინდა, ვერაფრით იმღერა. ამაზე გაბრაზებულმა კი მოწინააღმდეგე გუნდის ნაციონალური ჰიმნის გაგონებაზე ისეთი სტვენა და გინება ატეხა, თავადაც მიხვდა, ზედმეტი რომ მოუვიდა. ნერვიულობისგან სამშობლოს ჰიმნის ტექსტიანი ქაღალდი ნაკუწებად აქცია და ირგვლივ მიმოფანტა.
მერე წარმოიდგინა ქართველთა სპორტული წარმატებები, როდესაც დიდების კვარცხლბეკზე ასული სპორტსმენის საპატივცემულოდ სადღაც ამერიკაში თუ ტანზანიაში ქართული ჰიმნი ჟღერს. ვერც ამან უშველა. ეგზალტირებული ქართველისთვისთვის აღნიშნული ჰიმნი არ არის შვებისა და სიამაყის მომგვრელი. ამავე დროს, მას ქართული დროშის შავი ზოლიც არ მოსდის თვალში. ნერვიულმა ქართველმა სხვა გამოსავალს დაუწყო ძებნა და წარმოიდგინა გარემიქსებული, გაპოპსებული ჰიმნი, რომელსაც გამოზანგებული სულიკო ბიჭები შეასრულებდნენ, მაგრამ გუნება წაუხდა. მას ფანტაზია არ ეყო, თუ როგორ შეიძლება დისკოთეკაზე ჩართული აღნიშნული ჰიმნის რემიქსის გაურკვეველ ტექსტზე კურტუმოები აქნიონ ე. წ. თინეიჯერმა გოგონებმა და ბიჭუნებმა. თანაც... ოჰჰ, ეს ტექსტი! მან ვერაფერი გაიხსენა სიტყვა „დიდების“ გარდა.
ეგზალტირებული ქართველის ფანტაზია იქამდე დაეცა, რომ საქართველოს ჰიმნად „სიყვარული დაფრინავს“ წარმოიდგინა. ამ შემთხვევაში ნერვიული ქართველი ჰიმნს თავისუფლად შეასრულებდა როგორც სტადიონზე, ასევე – ტუალეტშიც. მისი აზრით, ეს ჰიმნი თანაბრად მისაღები შეიძლება გახდეს როგორც ახალი, ისე ძველი ქართველისთვის. მის ტექსტსაც არა უშავს, ადვილად დასამახსოვრებელია. ნერვიული ქართველის აზრით, აღნიშნული სიმღერა თუ ეროვნული ჰიმნი გახდა, მისი გარეპვა და გარემიქსებაც ადვილად მოხდება. თუმცა ქართველმა იგრძო, რომ რაღაც მაინც არ იყო თავის ადგილზე, რომ ეს სიმღერა მაინც ვერ იჰიმნებოდა. მართალია, ამ სიმღერაში „სიყვარული არ დადის“, მაგრამ მუსიკალური ეროვნული ჰერალდიკისთვის უფრო ამაღლებული მოტივებია საჭირო. ნერვიული ქართველი ახლა უკვე მართლა საგონებელში ჩავარდა. მან კიდევ რამდენიმე პოპულარული სიმღერა „მოსინჯა“ ეროვნული ჰიმნის ადგილას, მაგრამ კვლავ გაწბილებული დარჩა. იგი კიდევ უფრო ეგზალტირებული გახდა, თუმცა მაინც ჩაფიქრდა.
„ეროვნული ჰიმნი ეროვნული, ამაღლებული, ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიითა და ტექსტით უნდა იყოს“ – თავის ფიქრებში „აღმოაჩინა“ მამულის სიყვარულით გულანთებულმა ქართველმა და თვალები გაუბრწყინდა. თვალებანთებული უკვე ნაკლებად ეგზალტირებული ქართველი დამშვიდდა და მას თვალწინ წარმოუდგა ომსა და სპორტში გამარჯვებული თანამემამულენი როგორ სიამაყით, სიხარულით თვალცრემლიანები უსმენენ და ასრულებენ თავიანთი ქვეყნის ჰიმნს, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს.
No comments:
Post a Comment