ზურაბ რთველიაშვილისთვის პოეზია ასაფრენი ზოლია
მულტიმედია არტისტს, პოეტ ზურაბ რთველიაშვილს საზოგადოება უფრო ანდერგრაუნდ სივრციდან იცნობს. 90-იან წლებში რთველიაშვილი და მისი მეგობრები არაორდინარულ პერფომანსებსა და აქციებში მონაწილეობდნენ. ლიტერატურული პროცესის გამოცოცხლება სწორედ მათი დამსახურებაა.
გასულ კვირას „კავკასიურმა სახლმა“ ზურაბ რთველიაშვილის ახალი წიგნის – „აპოკრიფის“ პრეზენტაცია მოაწყო. ეს პოეტური კრებული ზურასთვის რიგით მეორეა.
პრეზენტაციაზე ზურაბ რთველიაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრეს მწერლებმა შოთა იათაშვილმა, ნაირა გელაშვილმა, შალვა ბაკურაძემ, გიორგი ბუნდოვანმა (რომელმაც აღნიშნა, რომ „კავკასიურ სახლს“ ბოლო წლებში ამაზე უკეთესი წიგნი არ გამოუშვია) და სხვებმა. რთველიაშვილმა ჩვეული არტისტულობით ახალი კრებულიდან საკუთარი ლექსები წაიკითხა.
პრეზენტაციის შემდეგ გავესაუბრე ავტორს, რომელიც ამბობს: „მე ლექსებს არ ვწერ, უსასრულოდ სტრიქონებს ვკარგავ“...
– როგორ იწერებოდა შენი წიგნი, მაინც როგორ კარგავ უსასრულოდ სტრიქონებს?
– წელიწადში ზოგჯერ ერთ ლექსს ვწერ. ხელოვნების ენა იმდენად მდიდარია, მარტო ვერბალური ფორმებით არ შემოიფარგლება. ამას სხვადასხვა აქციონისტური ნამუშევრებით, პერფომანსით, საუნდპოეზიით ვავსებდი. ჩვენში ეს კულტურა დამკვიდრებული არ არის. დასავლეთისთვის კი ეს უკვე კლასიკაა. აქ აცხადებენ, რომ მე მულტიმედია არტისტი ვარ, მაგრამ ჩემი ბაზისი ყოველთვის პოეზია იქნება. გააჩნია, არტისტი საიდან მოდის. მე პოეზიიდან მოვდივარ. ის ჩემი საფუძველია – ასაფრენი ზოლი.
– როგორ ფიქრობ, რა პროცესები მიმდინარეობს ქართულ მწერლობაში და კერძოდ პოეზიაში თუნდაც ბოლო ათი წლის განმავლობაში?
– საქართველოში მთელი 70 წლის განმავლობაში ინტერესდებოდნენ მხოლოდ კონვენციური პოეზიით. მწერალთა კავშირი მხოლოდ 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანების დასაწყისში მიხვდა, რომ ვერლიბრიც (თეთრი ლექსიც) პოეზია ყოფილა. გასული საუკუნის ოციან წლებში ბოლშევიკურმა ტალღამ ქართულ პოეზიას მსოფლიოს ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან კავშირი გააწყვეტინა. ხელოვნებაში სოციალისტურმა რეალიზმმა გაიდგა ფესვები, რომელმაც გამოდევნა სხვა ექსპერიმენტული ნაკადები. ეს დიდი პაუზა სწორედ 80 – 90-იან წლებში შეივსო. რა თქმა უნდა, 70-იან წლებშიც არსებობდნენ საინტერესო პოეტები.
დღეს იმ კონვენციურ ლექსსაც და ვერლიბრსაც ერთ დონეზე ვაყენებ. გააჩნია, რა პოზიცია აქვს პოეტს. მხოლოდ ერთი-ორ პოეტს შეუძლია საქართველოში ეს კონვენციური ფორმა გამოიყენოს იმ ლექსისთვის, რომელმაც შესაძლოა მიიღოს თანამედროვე იმპულსი, სოციალურად აქტიური სტატუსი. ეს ძალიან კარგი პროცესია, რადგან, ერთი შეხედვით, შეიძლება ჩვენ მთლიანად თავისუფალი ლექსის წერაზე გადავერთეთ, მაგრამ თითქოს დაგვავიწყდა კონვენციური ლექსი, მათ შორის, მეც.
„ცისფერყანწელები“ და გალაკტიონი მხოლოდ იმ თაობის ბუნტი იყო. შემდეგი თაობის პოეტები ძალიან არ მომწონდა. თუმცა არიან გამონაკლისებიც. ამის შემდეგ წამოვიდა ჩვენი ტალღა: ბადრი გუგუშვილი, დათო ჩიხლაძე, კარლო კაჭარავა, ანუ ისინი, ვინც ჩვენს თაობაში თავიანთი ნოვაციებით იყვნენ გამოკვეთილნი.
დღეს საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა ქართულ პოეზიაში. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რაღაც არ შედგა, თუმცა მცდელობები არის. ეს პროცესები არ უნდა გაჩერდეს და უნდა დაფიქსირდეს, რომ XX საუკუნე წარსულს ჩაბარდა. ჩვენ აღნიშნული საუკუნის პროდუქტები ვართ და მას ჩვენი ვალები უნდა გავუსტუმროთ. პირადად მე-20 საუკუნის ენერგეტიკაში ტრიალი აღარ მსურს, მისი ესთეტიკა ჩემთვის მნიშვნელოვანი აღარ არის.
– ზურა, დღეს შენ აღნიშნე, რომ საზოგადოება სოციალურად გააქტიურდა. რაში გამოიხატება ეს?
– სამწუხაროდ, საზოგადოება საბოლოოდ არ არის გააქტიურებული, რადგან ჯერ კიდევ მუშაობს მითები კეთილ პრეზიდენტებზე, მეფეებზე და ა. შ. არაფერი შეიცვლება, თუ ეს მითი არ მოკვდება, არ დაიმარხება და საზოგადოება არ მიხვდება, რომ სახელმწიფოს მისთვის სასიკეთო არაფერი უკეთებია, ჩვეულებრივი მოქალაქეების ჩაგვრისა და დამცირების გარდა. შეიძლება ვიღაც შეიარაღებული სანქციის გარეშე შემოგივარდეს სახლში. გავიხსენოთ თუნდაც „კავკასიურ სახლზე“ ძალოვანი სტრუქტურების მიერ წარმოებული ბოლო სამარცხვინო მოვლენა. ეს მითითება კი, ცხადია, ზევიდან მოდიოდა. აქ ადამიანის უფლებები ყოველნაირად შელახულია. ამ ვითარებაში კი თავისუფალი ნება შენგან უნდა მომდინარეობდეს. სახელმწიფოსთან მიმართებაში თავი არასოდეს არ უნდა ჩავიყენოთ მათხოვრის პოზიციაში. შენ საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატო და საკუთარი კონკრეტული სამყარო, შენი ავტონომიური ზონა თავად უნდა შექმნა. თუკი საზოგადოებაში ავტონომიური ზონები შეიქმნება, ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფო მიხვდეს, რომ ის არავის სჭირდება. როდესაც სახელმწიფო ამას იგრძნობს, დარჩება ვიღაც სახელმწიფო მოხელე, რომელიც უშუალოდ საკუთარ საქმეს გააკეთებს და არაფრით იქნება გამორჩეული რიგითი მოქალაქისგან.
დღეს სახელმწიფოს რატომღაც ვაგრძნობინებთ, რომ ჩვენ ის გვჭირდება და მივმართავთ, როგორც მშობელს. როგორც მეეზოვე ასრულებს თავის სამუშაოს, ისე უნდა მუშაობდეს სახელმწიფო მოხელე. XXI საუკუნისთვის საშინელება, სირცხვილია ის, რაც ჩვენთან ხდება.
– როგორ წარმოგიდგენია ამ რეალობაში „სულით ანარქისტი“ ხელოვანი?
– ხელოვანი არანაირ, თუნდაც პოლიტიკურ ფრთას (სამთავრობოს თუ არასამთავრობოს) არ უნდა მიეკუთვნებოდეს. ხელოვანისათვის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა თვითმიზანი არ უნდა გახდეს. მას თავისი ინდივიდუალიზმი უნდა ჰქონდეს. ეს თავისთავად მის შემოქმედებაში აისახება. ყველაზე საუკეთესო რადიკალად დღეს რატომღაც ლიბერალი იგულისხმება. რუსის თავის ქალას რომ დახედო, მასზე მონღოლთა გენეტიკურ ნიშნებს აღმოაჩენთ. აქ ნებისმიერი პოლიტიკოსის თავის ქალა რომ გადაფხიკო, საუკეთესო შემთხვევაში ლიბერალს იპოვით. საქართველოში არ არსებობს მემარცხენეობა. მემარცხენეობა შესაძლოა ხელოვნებიდან წამოსულიყო. ამის მცდელობა იყო და იქნება, მაგრამ ეს ყოველთვის მცდელობად დარჩება, თუ ამისკენ პრაქტიკული ნაბიჯები არ გადაიდგა. კულტურის გარეშე არ შეიძლება ვიღაც ობივატელმა, რომელიც გუშინ პოლიტიკოსი გახდა, იფიქროს საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
– დღეს ექნება თუ არა აზრი ისეთი წარმოდგენებისა და აქციების მოწყობას, როგორსაც თქვენ ადრე აკეთებდით?
– დღეს ადამიანებში დაღლილობა იგრძნობა. სამწუხაროდ, ადრინდელი ენერგეტიკა აღარ არსებობს, თუმცა ერთიანობის სურვილი არის. საზოგადოებაში ჯანსაღი გაერთიანება აუცილებლად მოხდება, ამის პირობას ვიძლევი და ეს იქნება არა ვიღაც ზეინტელექტუალების, არამედ საღად მოაზროვნეთა ერთობა. ეს პროცესები დაწყებულია. ამას კი მართალია, შეუგნებლად, მაგრამ სახელმწიფოც ხელს უწყობს თავისი ძალისმიერი მეთოდებით. ეს პოლიტიკა აბსოლუტურად მის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.
თუ დღეს ხელოვანი აქტიური არ არის, ძალიან ცუდია (თუმცა სოციალური აქტივობა ყველასთვის აუცილებელი არაა). ხელოვანი ექსტრემისტი უნდა იყოს. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კონკრეტული, გამოკვეთილი პოზიცია.
პარაზიტი
ვარ კრემატორი, ავსებული ხალხთა ცოდვებით,
ვარ საროსკიპო, უდღეურად ამბიციური,
თქვენნაირი ვარ, პარაზიტი, მხდალი, ხორცმეტი,
სხვების დარდი ვარ ძვირფასი და ყოველდღიური.
სხვების სევდაა დაკარგული ჩემი ბავშვობა,
სხვის ტკივილია ჩემი ნიჭი გაცივებული,
ჰობი არა მაქვს, ჩემი სტილი არის გართობა,
გულგრილობაა ჩემი ჩქარი მატარებელი...
ქარაფშუტა ვარ, მფლანგველი ვარ, იდიოტი ვარ,
მთვრალი შფოთი ვარ, ნაძვის ხე ვარ, ყალბი ფიფქებით,
კუჭის მონა ვარ, უწყინარი „კაშალოტი“ ვარ
და პარაზიტი – თქვენს ენაზე დამახინჯებით;
და პარაზიტი, პარაზიტი მწველი ცინიზმით
და იდიოტი, იდიოტი გაუგებრობით,
მაგრამ ვინ იცის, ქვეყანაზე თქვენი მცდელობით,
ანდა ვინ უწყის გარეშემო თქვენი მინიშვნით.
ვარ კრემატორი ავსებული ხალხთა ცოდვებით,
ვარ საროსკიპო, უდღეურად ამბიციური,
თქვენნაირი ვარ, პარაზიტი, ყალბი, ხორცმეტი,
საქონელი ვარ, ჯიხური ვარ – კომერციული...
No comments:
Post a Comment