„ათ წელზე მეტია, ამ დონის პროზაული კრებული არ გამოცემულა“ – ამბობს ბაკურ სულაკაური
ბესო ხვედელიძემ ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, უკვე მოასწრო სამი წიგნის გამოცემა. ბოლო დროს მას საქმეც მოემატა – ლიტერატურულ გაზეთს „სუფთა წერა“ რედაქტორობს. წინა კვირას კლუბ „სარდაფში“ მისი ახალი პროზაული კრებულის „ჯადოს“ პრეზენტაცია მოეწყო. ამჯერად ბესოს წიგნი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ დასტამბა. წიგნში შესულია ავტორის საუკეთესო მოთხრობები, რომელიც 1998-2002 წლებში დაწერილა.
ბაკურ სულაკაურმა პრეზენტაციაზე განაცხადა: „ათ წელზე მეტია, ამ დონის პროზაული კრებული არ გამოცემულა“. მწერალ შოთა იათაშვილის აზრით, ბესოს ძლიერი ლიტერატურული ენერგეტიკა აქვს, ბოლო დროს კი ენობრივი ექსპერიმენტები დაიწყო. „ჯადოს“ ავტორი ჩვენი სტუმარია.
– ბესო, რატომ თვლი, რომ „ჯადო“ ამ წიგნის წამყვანი მოთხრობაა?
– ჩემი მეგობრების აზრით, ამ ნაწარმოებს ყავლი არ გასდის, ანუ დრო ვერაფერს ავნებს. კრებულის პირველმა მოთხრობამ „თამრო“ ბაკურ სულაკაურზე თვალშისაცემი ეფექტი მოახდინა. ეს ძალიან მტკივნეული ამბავია. მასში ნამუსახდილი რეალობაა გადმოცემული. ეს და-ძმის ტრაგედიაა.
– რას ფიქრობ დღევანდელ ქართულ მწერლობაზე და საერთოდ, ლიტერატურულ სივრცეზე?
– როგორც მკითხველი, ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კარგი ნაწარმოებები დაწერილიყოს, მწერლები უფრო პროდუქტიულნი ყოფილიყვნენ. კარგი ნაწარმოების წაკითხვა ჩემთვის ორი-სამი ნაბიჯია ღმერთისკენ. ჩვენ ყველანი უნდა ვეცადოთ ტყიური ცხოვრებიდან გამოსვლას.
– არის თუ არა კარგი პროზაიკოსების დეფიციტი საქართველოში?
– რა თქმა უნდა, ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად, ცოდნისა და განათლების მიღების აუცილებლობამ ფასი დაკარგა. მისი ადგილი თანდათან დაიკავა გარე ძალებისა და მასმედიის მიერ შემოტენილმა მდარე პოპ-კულტურამ, რომელმაც თაობები მშობლიურ ენას ძალიან დააცილა. ეს ძალიან დიდი დარტყმაა ლიტერატურისათვის. ქვეყნის ცხოვრების სპექტრში ეს შეიძლება არ იყოს შესამჩნევი, მაგრამ, ვინც ლიტერატურულ წრეში ტრიალებს, მათთვის კრიზისი ძალიან შესამჩნევი და მტკივნეულია.
– ბაკურ სულაკაურმა აღნიშნა, რომ გაისად შენს რომანსაც დაბეჭედავს. რა რომანზეა საუბარი?
– ამ რომანის წერა 8 წლის წინ დავიწყე და იანვრის ბოლოს მზად იქნება. ის კინოსცენარის სახით შეიქმნა და ერთ-ერთ სასცენარო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა. ამ სცენარის მიხედვით ფილმიც უნდა გადაღებულიყო, მაგრამ სულელური, სუფთა „ქართული“ მიზეზების გამო, ჩაიშალა. ძალიან მენანებოდა და ამიტომ დავიწყე რომანად გარდაქმნა. მისი სამუშაო სათაურია „ლბილი სევდის დედა“, ანუ აბრევიატურით „ელესდე“. რომანში საუბარია რაღაც ცუდის საწყისზე. ვნახოთ, ბაკურს უყვარს სათაურების შეცვლა და რა დარჩება საბოლოოდ. რომანს ალბათ სკანდალური ელფერი გასდევს. რამდენიმე სიუჟეტი ერთდროულად ვითარდება და ბოლოს ერთ კვანძად იკვრება. მასში გადმოცემულია ახალგაზრდა გოგონასა და ბიჭის სიყვარულის ამბავი, რომელთა ურთიერთობაც ინგრევა.
– ჰემინგუეი მძაფრი ემოციებისთვის ომშიც კი მიდიოდა მოხალისედ. ჩვენი გარემო პირობები ნამდვილად არაა სახარბიელო. რამდენად აისახება ეს თუნდაც შენს შემოქმედებაზე? არის თუ არა საქმე საწუწუნოდ?
– არა, საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არა გვაქვს და არც არასდროს მიწუწუნია, რადგან ყოველთვის არსებობდა რაღაც თემები, გარკვეული ადგილები და სივრცეები, სადაც შესაძლებლობა მქონდა შევყუჟულიყავი, იქაურობისთვის ალღო ამეღო, გამეშიფრა და ნაწერის სახით გადმომეღვარა ფურცელზე. ვიყავი აფხაზეთის ომში, როგორც ჟურნალისტი და ორი წლის განმავლობაში მომიწია მის ქაოსში ყოფნამ, რაც ჩემს შემოქმედებაზე აისახა. ფაქტობრივად, რაც ჩემს მოთხრობებშია გადმოცემული, იმ რეალობის მოტანილია, რომელსაც ვეზიარე. ჩემი პერსონაჟების ტყავში ვძვრები და ვალაპარაკებ. ჩემი მოთხრობები, ძირითადად, დოკუმენტურია და ფანტაზია მხოლოდ სიუჟეტის აგებაში მჭირდება.
No comments:
Post a Comment