„თუ ქვეყანაში წესრიგი გვინდა, მუსიკით უნდა დავიწყოთ“
ქართულ მუსიკალურ სცენას, მით უმეტეს, ალტერნატიული მუსიკის სცენას ყოველთვის აკლდა და აკლია შინაარსიანი შოუ, თუნდაც უპრეტენზიო წარმოდგენა, რომელშიც შემსრულებელი უფრო ნათლად წარმოაჩენს საკუთარ თავსა და სათქმელს. როდესაც შოუს ვახსენებ, არავითარ შემთხვევაში რაღაც პომპეზურ წარმოდგენას ან მრავალფეროვან ფოიერვერკებს არ ვგულისხმობ.
გასულ კვირას „თეატრალური სარდაფის“ სცენაზე მუსიკის მოყვარულები მოწმენი გახდნენ ჟორას (დავით ჟორჟოლაძის) მუსიკალური აქციისა „ჟორას აქ ცი(ვ)ა“. პატარა შოუ დაახლოებით საათსა და თხუთმეტ წუთს გაგრძელდა.
ჟორა უკვე დიდი ხანია, რაც ალტერნატიული მუსიკის წიაღში ტრიალებს არა მარტო იმის გამო, რომ მღერის და შესანიშნავ მუსიკას წერს, ის თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო რადიოს – „პირველი რადიოს“ (FM 106.4) მხატვრული ხელმძღვანელი და საავტორო პროგრამის „საღამოს სტუმარის“ წამყვანიცაა. ბოლო აქცია (რაც არ ნიშნავს, რომ იგი რაღაცის წინააღმდეგაა მიმართული) ჟორამ თავის გულშემატკივრებს ზუსტად ორი წლის წინ აჩუქა. მანამდე კი, თბილისის ომის დაწყებამდე, ჟორა ერთ-ერთ თბილისურ ჯგუფში უკრავდა ძირითადად „ბითლზების“ რეპერტუარს. მისი ყველაზე მხცოვანი სიმღერაა „მაისის ბლუზი“, რომელსაც მსმენელი უფრო კარგად იცნობს სახელით „ჩემი გიტარა ეწევა სიგარას“.
თავისი შემოქმედების დასაწყისში ჟორა მონაწილეობდა თბილისელი კონცეპტუალების (მხატვრების, მუსიკოსების) ტუსოვკებში. 30 წლის მუსიკოსსა და რადიოს წამყვანს დამთავრებული აქვს თეატრალური ინსტიტუტის კინომენეჯერის ფაკულტეტი. კინოხელოვნება იმდენად უყვარს, რომ რამდენიმე კინოსცენარი აქვს დაწერილი, მაგრამ ქართულ კინოში შექმნილი სირთულეების გამო, ჯერ ვერც ერთის ეკრანიზაცია ვერ მოახერხა.
ჟორამ ორივე სოლო კონცერტ-აქციისათვის „თეატრალური სარდაფი“ აირჩია. „აქ მე დიდ სითბოს ვგრძნობ. ამ ხალხთან წლები მაკავშირებს. აქაური გარემო ხელს მიწყობს, რომ ყველაფერი ისე გადმოვცე, როგორც საჭიროა“ – ამბობს მომღერალი. ბოლო აქცია „ჟორას აქ ცი(ვ)ა“ მან რკინის ზამბარებიან საწოლზე მწოლიარემ გახსნა. ცისფერ შუქში გახვეულმა ჟორამ, რომელსაც სახის მარცხენა ნაწილი ზებრასავით ჰქონდა შეღებილი, გაიღვიძა, რადიო ჩართო და ბევრი ძებნის შემდეგ იმ არხს მიაგნო, სადაც მისი ძველი სიმღერა „მინდა ვუმზირო მზეს“ ჟღერდა. რადიოს ფონზე ჟორამ გიტარა აიღო და სიმღერის ცოცხლად შესრულება დაიწყო, ოღონდ არა ჩვეული ექსპანსიით, არამედ ძალიან მშვიდად. სიმღერის შესრულებისას მომღერალი ლოგინზე ბორგავდა, თითქოს რაღაც ძალიან ტკიოდა, სციოდა კიდეც.
ამის შემდეგ ცისფერ, ალკოჰოლისფერ შუქში განათებული შემსრულებელი ლოგინიდან წამოდგა და სკამზე დაჯდა. შუა კონცერტისას მან საწოლი ამოაყირავა და რკინის ზამბარებიან გისოსად აქცია. ჟორა გისოსთან დადგა და მაყურებელს მოუყვა აეროდრომზე მოხვედრილი ჟირაფის ამბავი, რომელსაც ძალიან სურდა გაფრენა. აქციის მეორე ნაწილში მუსიკოსი უფრო გრძნობით ამღერდა და თავისი ახალი სიმღერები შეასრულა. ჟორას სიმღერებში საკმაო დოზითაა დეპრესია.
„ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში ადამიანს რაღაც შინაგანი, პირადი პრობლემა აწუხებს, რომელიც დეპრესიაში გადასდის. თუ შესაძლებლობა გაქვს, ამას მუსიკით გამოხატავ. რა თქმა უნდა, გაწუხებს ისიც, რაც გარშემო ხდება. ეს თუ არ შეგეხო, მაშინ სქელკანიანი ხარ. მე კი არა ვარ სქელკანიანი“ – აღნიშნა ჟორამ. მან თქვა, რომ მისი ცხოვრება ზებრას ცხოვრებას აგონებს და ამიტომ სახის ნახევარი ასე შეიღება. „ვინც საკუთარ სახლში ან მეგობრების წრეში უკრავს და 50-მდე სიმღერა მაინც დაუგროვდა, იგრძნობს, რომ ეს ყველაფერი ცოტა ფართე სივრცეში გასვლას ითხოვს“ – აცხადებს მუსიკოსი. მისი აზრით, საქართველოში როკი, თავის აქტუალობას თანდათან კარგავს, ხოლო ასეთი მუსიკა თავის თავში ყველაზე მეტ ბუნებრიობას შეიცავს და, ამავე დროს, ბუნებრივი ცხოვრების სტილიცაა. შემსრულებელი იმედოვნებს, რომ საქართველოს მუსიკალურ სამყაროში ყველაფერი იქით მიბრუნდება, საითაც წესით, უნდა მიბრუნდეს.
საქართველოში არსებულ მუსიკალურ სტილებზე იგი ამბობს: „როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე, მუსიკაში ყველაფერი ერთმანეთშია გადაზელილი. დღეს ამას დაცალკევება კი არა, მუსიკალური სტილების ხელახლა ჩამოყალიბება სჭირდება. მაგალითად, მდინარე მტკვარი უნდა მიედინებოდეს თავის კალაპოტში. თუ ვინმე მტკვრის სხვა კალაპოტში გადაგდებას მოინდომებს, ბუნებრიობის წინააღმდეგ წავა და შესაბამისად, ბუნება თავის მკაცრ რეაგირებას მოახდენს. დღეს ყველაფერი არეულია და დალაგებას საჭიროებს. ჩინელი ბრძენი, კონფუცი ამბობდა, თუ ქვეყანაში წესრიგის დამყარება გინდა მუსიკით დაიწყეო“.
ჟორას რადიო ფსევდონიმი ეულია და იგი მართლაც ეული მუსიკოსია, რადგან თავის სიმღერებს ძირითადად მარტო ასრულებს, არადა, მის ქართულ მუსიკას ძალიან მოუხდებოდა თუნდაც აკადემიური ინსტრუმენტები.
No comments:
Post a Comment